განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2019
საქმის ნომერი
080210019002031276
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210019002031276

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-152-2019 24 სექტემბერი, 2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - მ----- გ-------ე

წარმომადგენელი - ნ--------------ი

მოწინააღმდეგე მხარე - თ----- გ-------ე

წარმომადგენელი - მ--–------------------ე

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ----- გ-------ის სარჩელი თ-----ი გ-------ის მიმართ - ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. დადგენილია, რომ 2011 წლის 21 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მ----- გ-------ეს და თ----- გ-------ეს შორის დაამტკიცა მორიგების აქტი, რომლითაც საამზომველო კომპანია შპს ,,ი-----–-----------------------ი“-ს მიერ ქ. ქუთაისში დ. კ-–----–---–ის მ----–-------ი N10-ში გაიმიჯნა მ-----ი გ-------ის უფლება ნაკვეთ №2-ზე, ხოლო ნაკვეთი №1 გადაეცა თ-----ი გ-------ეს. ნაკვეთი №3 დარჩა საერთო საკუთრებაში. უფლება აღნიშნული ფორმით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 2.2. მოდავე მხარეები (ძმები) - ქ. ქუთაისში დ. კ-–----–---–ის მ----–-------ი N10-ში, მ----- გ-------ე საკუთრების უფლებით ფლობს N2/728.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს. (შენობა -ნაგებობა საერთო ფართით 308.54 კვ.მ. და დამხმარე ნაგებობა - 6.75 კვ.მ). ქ. ქუთაისში დ. კ-–----–---–ის მ----–-------ი N10-ში, თ----- გ-------ე საკუთრების უფლებით ფლობს N1/368.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს. (შენობა -ნაგებობა საერთო ფართით 377.36 კვ.მ. დამხმარე ნაგებობა - 2.40 კვ.მ). 2.3. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ზღუდავს და ცდილობს მოსარჩელე მხარეს ხელი შეუშალოს თანასაკუთრებით სარგებლობაში; კერძოდ, ეზოში ავტომობილით შესვლისას. აგრეთვე ეზოში აწყობს ნივთებს და ზოგჯერ ადგილი აქვს მიკროავტობუსით ეზოს ჩახერგვას. მოსარჩელემ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს 2016 წლის 3 31 მარტს, თუმცა უშედეგოდ. 2.4. მხარეთა შუამდგომლობით ჩატარდა ადგილზე დათვალიერება. ოქმით დადგენილია, რომ მოდავე მხარეები - ქ. ქუთაისში დ. კ-–----–---–ის მ----–-------ი N10-ში, მ-----ი გ-------ე საკუთრების უფლებით ფლობს N2/728.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს. (შენობა -ნაგებობა საერთო ფართით 308.54 კვ.მ. და დამხმარე ნაგებობა - 6.75 კვ.მ). ასევე დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში დ. კ-–----–---–ის მ----–-------ი N10-ში, თ-----ი გ-------ე საკუთრების უფლებით ფლობს N1/368.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს. (შენობა -ნაგებობა საერთო ფართით 377.36 კვ.მ. დამხმარე ნაგებობა - 2.40 კვ.მ). 2011 წლის 21 ივნისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს N2/ბ-537 განჩინებით საერთო საკუთრებაში არსებული N3 ნაკვეთი, წარმოადგენს მოსარჩელის და მოპასუხის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ ეზოს ნაწილს. ადგილზე დათვალიერებისას მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხემ კიბის საფეხურზე ჩაასო ძელები, რაც ხელს უშლის კიბეზე გადაადგილებაში. მისივე განმარტებით, მოპასუხე მომავალში აპირებს საერთო საკუთრების ეზოს გაყოფას. ასევე ბორდიურზე ააკრა გრანიტის ფილები, რაც ხელს უშლის ეზოში ავტომობილით ჩასვლას. მოპასუხემ კატეგორიულად უარყო მოსარჩელის განმარტება და აღნიშნა, რომ მისი მოქმედება არ სცდება თანასაკუთრებით სარგებლობის უფლებას და მოსარჩელე უსაფუძვლოდ ედავება. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. კეთილსინდისიერება და მართლზომიერება აუცილებლად უნდა იქნეს დაცული პირის მიერ უფლებათა განხორციელებისას. მესაკუთრის უფლებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა არა მარტო კანონმდებლობითაა აკრძალული, არამედ მესაკუთრის ზნეობრივი მოვალეობაცაა. 2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც სხვა თანამესაკუთრეს ადგებოდა ზიანი. გამოკვეთილი არ იყო თანამესაკუთრის, მოპასუხე - თ-----ი გ-------ის მხრიდან ისეთი ქმედების განხორციელება, რაც ხელს უშლიდა მეორე მესაკუთრეს, მოსარჩელე, მ-----ი გ-------ეს საკუთრებით სარგებლობაში. აღნიშნულმა ფაქტმა ასევე დადასტურება ვერ ჰპოვა ადგილზე დათვალიერებისას. მოსარჩელის მითითება მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის ფაქტის არსებობის შესახებ არ დადასტურდა და იგი უფრო მოსარჩელის ვარაუდს წარმოადგენდა ვიდრე რეალურ ფაქტობრივ გარემოებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ----- გ-------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. მოპასუხე თ----- გ-------ის მიერ უგულვებელყოფილია სასამართლო განჩინება და კანონი. მოპასუხე მხარე ახდენს საზიარო უფლების თვითნებურად მართვას, რომელიც ხელს უშლის მოსარჩელე მ-----ი გ-------ეს თანაზომიერად საერთო ქონების მართვაში. 3.2. კონკრეტულად კიბის საფეხურებზე ჩაასო ძელები, რაც ხელს უშლის მ----- გ-------ეს თავისუფლად ისარგებლოს კიბის უჯრედით, კერძოდ ხელი ეშლება საყოფაცხოვრებო ნივთების სახლში შეტანაზე და ხელი შეეშლება მოემსახუროს სასწრაფო დახმარება. 3.3. აგრეთვე ბორდიურზე გრანიტის ფილები ააკრა, რომელიც ხელს უშლის ავტომობილის შესვლას. 3.4. მოპასუხე ზღუდავს და ცდილობს მოსარჩელეს ხელი შეუშალოს ეზოში ავტომობილის შესვლისას, აგრეთვე ეზოში აწყობს ნივთებს და ზოგჯერ ადგილი აქვს მიკროავტობუსის ეზოს ჩახერგვას. 3.5. ამის თაობაზე მოსარჩელე მ----- გ-------ემ მიმართა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის და საზიარო ფართში უკანონო ქმედების გამო. პოლიციის მე–2 განყოფილებიდან კი მოსარჩელემ მიიღო პასუხი, რომ აღნიშნული დავა წარმოადგენდა სამოქალაქო დავას. 3.6. ქ. ქუთაისში კ-–----–---–ის მ----–-------ი N10–ში საერთო საკუთრებაში დარჩა N3 ნაკვეთი. ასევე დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით რომ საერთო საკუთრების N3 ნაკვეთის გაყოფა არ ხერხდება, მხარეთა შუამდგომლობით ჩატარდა ადგილზე დათვალიერება, სადაც დადგინდა, რომ მოპასუხე თ----- გ-------ის მიერ ნამდვილად ჰქონდა ხელშეშლას ადგილი მოსარჩელე მ----- გ-------ის მიერ სარჩელში მოთხოვნილი გარემოებები დადასტურდა ადგილზე დათვალიერებით, თუმცა სასამართლომ აღნიშნული გარემოება რა გაითვალისწინა. სამართლებრივი საფუძვლები 3.7. სასამართლოს მიერ გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის მუხლებით დაცული უფლებები დარღვეულია, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე–2 ნაწილი თ----- გ-------ის ქმედება არ ჩათვალა უფლების ბოროტად გამოყენებად, რომლითაც მოსარჩელე მ----- გ-------ეს ადგება ზიანი თავისუფლად ისარგებლოს საერთო საკუთრებით. ასევე დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 0----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მ----- გ-------ეს (მოსარჩელე, აპელანტი). 4.2. 0----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი ეკუთვნის თ----- გ-------ეს (მოპასუხე). 4.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით მხარეთა საერთო საკუთრებაში დარჩა 108,13 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. 4.3.1. ამჟამად, აღნიშნული ნაკვეთის საკადასტრო კოდია 0-----------. 4.4. აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებული არის კიბე, რომლის დასაწყისსა და ბოლოში მოპასუხემ, აპელანტის თანხმობის გარეშე, დაამონტაჟა ლითონის დგარები. 4.5. გარდა ამისა, მოპასუხემ ეზოში არსებულ ბორდიურზე ააკრა გრანიტის ფილები, რომელთა ნაწილიც აპელანტმა მოშალა. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. როგორც აღინიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით ამჟამად 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მხარეთა თანასაკუთრებაა, ე.ი. მხარეებს მასზე საზიარო უფლებები გააჩნიათ. 4.6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 4.6.2. მიწის ნაკვეთზე არსებული, მყარი და მრავალჯერადი გამოყენებისათვის განკუთვნილი კიბე და ბორდიური ამ ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია, ჩვეულებრივ, ისინი ცალკე უფლების ობიექტი არ არის და მიწის ნაკვეთზე არსებული უფლებები მათზეც ვრცელდება. 4.6.3. ამის შესაბამისად, სადავო კიბესა და ბოდრიურზეც მხარეებს თანაბარი უფლებები გააჩნიათ. 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 955-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას. 4.7.1. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 4.7.2. ამ ნორმათა შესაბამისად, მოპასუხეს შეეძლო ესარგებლა საზიარო საგნით, მათ შორის, მოეწყო მასზე გრანიტის ფილები და დაემონტაჟებინა ლითონის დგარები, თუ ამით აპელანტის სარგებლობას ზიანი არ მიადგებოდა. 4.8. თუმცა, ამავდროულად, ამავე კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას 4.9. როგორც აღინიშნა, მოპასუხემ საზიარო საგანი აპელანტის ნების საწინააღმდეგოდ შეცვალა. 4.9.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 29 აგვისტოს დასკვნით დგინდება, რომ კიბეზე ლითონის დგარების დამონტაჟების შედეგად კიბის ქვედა ნაწილში დგარიდან მოაჯირამდე მანძილი შემცირდა 1.08 მ-მდე, ხოლო ზედა ნაწილში - 1.13 მ-მდე. 4.9.2. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებით დამტკიცებული „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ 1009.4 პუნქტის შესაბამისად, გზა-კიბეების სიგანე უნდა განისაზღვროს 1005.1 ქვეთავის მიხედვით, მაგრამ ასე განსაზღვრული სიგანე არ უნდა იყოს 1.1 მ-ზე ნაკლები. 4.9.3. ეს ნიშნავს, რომ დგარების დამონტაჟების შედეგად კიბის სიგანე, ქვედა ნაწილში, დადგენილებით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნასაც კი არ აკმაყოფილებს, ხოლო ზედა ნაწილში - მცირედით აღემატება. 4.9.4. ნებისმიერ შემთხვევაში, უდავოა, რომ დგარებმა კიბის სასარგებლო ფართობი შეამცირა და ამ ეტაპზე, მათ არავითარი ფუნქციონალური დანიშნულება არ გააჩნიათ. 4.10. ამის შესაბამისად, დგარები აპელანტს ქონებით შეუზღუდავად სარგებლობაში ხელს უშლის, რაც მას, როგორც თანამესაკუთრეს ზიანს აყენებს. 4.10.1. აღნიშნული დგარების მიმართ კანონით დაცული, უპირატესი ინტერესის არსებობა მოპასუხემ ვერ დაამტკიცა. 4.11. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე იგი ვალდებულია პირვანდელი მდომარეობა აღადგინოს, ე.ი. მოახდინოს მის მიერ დამონტაჟებული ლითონის დგარების დემონტაჟი. 4.12. პალატა არ ეთანხმება მოპასუხეს, რომ აღნიშნული დგარები მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განჩინების გამოტანამდე მოაწყო. 4.12.1. პირველ ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ ამ ფაქტობრივი გარემოების თაობაზე მას შესაგებელში არ მიუთითებია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კი პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. 4.12.2. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, აპელანტმა სარჩელში მითითებული ფაქტები, ე.ი. ვალდებულების არსებობა დაამტკიცა. 4.12.3. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების არსებობის გამომრიცხავი ფაქტების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა. 4.12.4. მას კი თავისი პოზიციის დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 ივლისის დასკვნის დანართ 1-ში ლურჯი ხაზით ნაჩვენებია ფაქტიურად მოწყობილი გრანიტის ფილების მდებარეობა. 4.13.1. ნახაზის და დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით, გრანიტის ფილების ძირითადი ნაწილი მოწყობილია მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კედელზე. გრანიტის ფილების კიდიდან მოპირდაპირე მხარეს არსებულ საყრდენ კედლამდე მინიმალური მანძილი კი 4,7 მ-ია. 4.14. პალატის აზრით, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სტანდარტული მსუბუქი ავტომობილის სიგანე 2 მ-ს არ აღემატება, დიდი მოცულობის მქონე სტანდარტული სატვირთო ავტომობილის სიგანე კი 2,5 -მ-ზე მეტი არ არის. 4.14.1. ამის გამო, პალატისათვის გაუგებარია, თუ რატომ და როგორ უშლის ხელს გრანიტის ფილები აპელანტს ავტომობილით სარგებლობაში. 4.14.2. მითუმეტეს, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ეს ფილები აკრული არის ბორდიურზე, რომლის დემონტაჟსაც აპელანტი არ ითხოვს. 4.14.3. ეს კი ნიშნავს, რომ ფილების დემონტაჟით მანძილი ბორდიურსა და ნაკვეთის საზღვარს შორის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით გაიზრდება. 4.15. აღსანიშნავია ისიც, რომ აპელანტმა გრანიტის ფილების ის ნაწილი, რომელიც, მისი თქმით, ავტომობილით მანევრირებაში ხელს უშლიდა, უკვე მოშალა. 4.16. ამ ვითარებაში, პალატის აზრით, აპელანტის მოთხოვნა გრანიტის ფილების დემონტაჟის თაობაზე მისი დარღვეული უფლების დაცვას არ ემსახურება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, უსაფუძვლოა. 4.17. პალატამ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი უნდა გაუქმდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ გადაწყვიტა, რომ მ----- გ-------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და მ----- გ-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა მოხდეს 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საერთო საკუთრებაში არსებული კიბის დასაწყისსა და დასასრულში დამონტაჟებული ლითონის დგარების დემონტაჟი. მ----- გ-------ის სარჩელი გრანიტის ფილების დემონტაჟის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, თ----- გ-------ეს მ----- გ-------ის სასარგებლოდ უნდა აპელანტის მიერ ორივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახემწიფო ბაჟის ნაწილის, 140 ლარის ანაზღაურება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. მ----- გ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. მ----- გ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მოხდეს 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საერთო საკუთრებაში არსებული კიბის დასაწყისსა და დასასრულში დამონტაჟებული ლითონის დგარების დემონტაჟი;

5. მ----- გ-------ის სარჩელი გრანიტის ფილების დემონტაჟის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

6. თ----- გ-------ეს მ----- გ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 140 ლარის გადახდა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე