განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2019
საქმის ნომერი
110100119002845993
ინსტანცია
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100119002845993

საქმე №1/ბ-676-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--- მ--–----ის ძე წ-----ის მიმართ დაბადებული: 198- წლის 14 ს----------ს, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი მ------ ს-----; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

გ--- წ-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------ ს----ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ--- წ-----ემ, განაწყენების ნიადაგზე, ხელისა და ცხვირის არეში ფეხი დაარტყა დედას - მ---- წ-----ეს, რის შედეგადაც მ---- წ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენით გ--- წ-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გ--- წ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გამართლებულ გ--- წ-----ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ------- ნ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და გ--- წ-----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და მკაცრი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებობს უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა გონივურ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ--- წ-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის ჩადენას. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ გ--- წ-----ის სს საქმე წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ სწორედ იმ გამონაკლის შემთხვევას, რომელიც არ გამორიცხავს ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას, ვინაიდან ბრალდების მხარის აზრით არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელი აღმოჩნდა იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და ვინაიდან ეს აუცილებელიც არის მართლმსაჯულების ინტერესიდან გამომდინარე, კერძოდ, ბრალდებულის დედამ დაზარალებულმა მ---- წ-----ემ არ ისურვა ჩვენების მიცემა ბრალდებულის წინააღმდეგ, გამოიყენა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება. ვ----– გ---–---–-ს და შ----- კ----–-–---–-ს ჩვენებები, გარკვეულწილად ემყარება მ---- წ-----ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შემოწმებულია სასამართლოს მიერ და ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ეს ჩვენებები სანდო და სარწმუნოა, არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძვლები. ასევე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესი და ბრალდებულის მიერ ოჯახის წევრების კეთილგანწყობით სარგებლობის თუ მათი დაშინების გამო არ უნდა შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ გ--- წ-----ის მიერ განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით დაზარალებულში ობიექტურად გამოიწვევდა ტკივილს. იმ ფაქტს რომ გ--- წ-----ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად მ---- წ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ადასტურებს სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მ---- წ-----ეს მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რაც თავისივე განმარტებით იყო გ--- წ-----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა მ---- წ-----ემ და მოწმე ა--- ჯ------–-ა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო, ბრალდებულმა გ--- წ-----ემ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება.

 

მოწმის სახით დაკითხულ შ----- ღ-----ის ჩვენების თანახმად, ის ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------ ს----ში, გ--- წ-----ის მეზობლად. 2019 წლის 13 იანვარს, შუადღის შემდეგ, უბანში ნახა გ--- წ-----ე, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და მიიყვანა სახლში, თვითონ კი წავიდა. რამდენიმე ხანში, გ---ს სახლიდან გაიგონა ხმაური. გადავიდა და დააწყნარა გ.წ-----ე. მისთვის უცნობია რა მოხდა გ.წ-----ესთან სახლში, ვინაიდან თავად არაფერს შესწრებია.

 

მოწმის სახით დაკითხულ შ----- კ----–-–---–-ს ჩვენების თანახმად, ს-----ს პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 13 იანვარს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ვ----– გ---–---–თან ერთად გამოცხადდა ზესტაფონის რაიონის სოფელ მ--- ს----ში, მ---- წ-----ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მ---- წ-----ემ განუცხადა, რომ შვილმა - გ--- წ-----ემ, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ადგილზე ყოფნისას, გ--- წ-----ე, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მ---- წ-----ეს.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ს-----ს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ვ----– გ---–---–მა.

 

ლევან სამხარაულის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 14.01.2019წ. 06:12სთ-06:25სთ-ზე. ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ---- წ-----ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნება დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,5X0,8სმ.).

დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2019 წლის 14 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------ ს----ში და წარმოადგენს გ--- წ-----ის საცხოვრებელ სახლს..... აღნიშნულ ადგილზე მიუთითა ანა ჯ------–-ა და განმარტა, რომ მისმა მეუღლემ, გ--- წ-----ემ, დედამისს - მ---- წ-----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამსხვრია ჭურჭელი.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით, გ--- წ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 23 დეკემბრიდან, 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა საბოლოოდ გ--- წ-----ეს მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, გ--- წ-----ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენით, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ.ნ------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 4 თებერვლის N---- მიმართვით დასტურდება, რომ გ--- წ-----ეს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან (ჯარიმა 1000 ლარი), გადახდილი აქვს 28.04 ლარი, დავალიანება შეადგენს 971.96 ლარს და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.

 

იმერეთის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 8 თებერვლის N---------- მიმართვით დასტურდება, რომ გ--- წ-----ემ, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 150 საათის ოდენობით შესრულება დაასრულა 11.05.2018 წელს.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით გ--- წ-----ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა მ---- წ-----ემ და მოწმემ ანა ჯ------–-ა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ--- წ-----ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის. რაც შეეხება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში მითითებულ საკითხს, რომ მ---- წ-----ეს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება მ---- წ-----ეს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, გ--- წ-----ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.

 

როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით გ--- წ-----ის მსჯავრდება, რის გამოც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ--- წ-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გ--- წ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გამართლებულ გ--- წ-----ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სსიპ 112-ის ჩანაწერი ,,CD’’ დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ,,CD’’ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჩაიდნის თავსახური, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

მომწვანო ფერის მინის ნამსხვრევები და ქოთნის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე