განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100118002628739
საქმე №1ბ/1109-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ს-----------------–---–ის
მსჯავრდებულის: ო---------------ის
ადვოკატის: ნ--–----------–----–---–ის
თარჯიმნის: ა---------–--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს-----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ო---------------ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, (პირადი №2----------), დასაოჯახებელის, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ლ----------------------------–------------–-ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო---------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლ----------------------------–------------–-ში, ო---------------ი იმყოფებოდა დის ოჯახში სტუმრად. მას სიძესთან - ს----------------თან შელაპარაკება მოუვიდა. ო---------------მა სცადა, კონფლიქტურ სიტუაციას გარიდებოდა, თუმცა იფიქრა, ს----------------ს მისი დისთვის - ჩ--------------ასთვის რამე არ დაეშავებინა, უკან მობრუნდა და ცდილობდა ს----------------ის დაშოშმინებას. ს----------------ი ო---------------ის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას აგრძელებდა. თავად ო---------------ი ს----------------ს სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აყენებდა. ს----------------ი სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ თავს დაესხა ო---------------ს, რამდენჯერმე მიწაზე წააქცია და ფიზიკურად მასზე ძალადობდა. იქ მყოფი პირები ცდილობდნენ ს----------------ისა და ო---------------ის გაშველებას, თუმცა, ვინაიდან ს----------------ი არის ფიზიკურად ძლიერი, მათ ს-------ის დაწყნარება ვერ შეძლეს. ო---------------მა ს----------------ს მოგერიების მიზნით, ბასრი პირის მქონე საგანი დაარტყა, რის შემდეგაც ს----------------მა მას თავი დაანება. ო---------------ის ქმედების შედეგად ს----------------მა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
ო---------------ს ბრალი ედებოდა მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენით:
ო---------------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლზე.
ო---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1 (ერთი) წელი.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ს-----------------–---–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ო---------------ი ცნობილი იქნას დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელი განესაზღვროს მითითებული კვალიფიკაციის სანქციის ფარგლებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის ს-----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ო---------------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. ო---------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კვალიფიკაციის თვალსაზრისით, განაჩენში არასწორად შეაფასა მტკიცებულებებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პროკურორის მოსაზრებით, ო---------------ის მიერ ს----------------ზე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვაზე მიუთითებს დაზარალებულზე მიყენებული ჭრილობების სიმრავლე, აგრეთვე, ის გარემოება, რომ ეზოდან გასული ო---------------ი, რომელსაც აღარ მისდევდა ს----------------ი, მიტრიალდა უკან, ეზოში, რის შემდეგაც მას ს----------------მა კვლავ დაუწყო ჩხუბი, რა დროსაც დანის გამოყენებით, ამ უკანასკნელს ო---------------მა მიაყენა რამდენიმე ჭრილობა.
სააპელაციო პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ აღნიშნულ მოსაზრებებს არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარებს საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებიდან, ბრალდებულმა ო---------------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ 2018 წლის 11 ივლისს, დასთან იყო სტუმრად. მისი (ბრალდებულის) სიძე ს----------------ი განერვიულებული დაბრუნდა სახლში. ერთად დალიეს ჩაი. ს----------------ი უხეშად მიმართავდა მას (ო---------------ს), მაგრამ ეს უკანასკნელი ყურადღებას არ აქცევდა. შეურაცხმყოფელი მიმართვების შემდეგ მან (ო---------------მა) სთხოვა, შეეწყვიტა ასეთი საქციელი და სტუმრისთვის პატივი ეცა, თუმცა ს-------ი განაგრძობდა შეურაცხყოფას. მან (ო---------------მა) წასვლა დააპირა. ეზოდან გადიოდა, როდესაც ს----------------ი ყვირილით გაჰყვა უკან, - „სად მიდიხარ, ვილაპარაკოთო.“ მან (ბრალდებულმა) გზა გააგრძელა, რადგან საუბარს აზრი არ ჰქონდა, თუმცა შემდეგ უკან მიტრიალდა თავისი დის - ჩ----ის გამო, რომელსაც თავისი ქმარი ს----------------ი ეუბნებოდა, სახლიდან წასულიყო. ს-------ი უმიზეზოდ იყო აგრესიული. ს----------------ი მივიდა მასთან (ბრალდებულთან), მოხვია ხელი, ასწია მაღლა და დაახეთქა ძირს. ს----------------ი სპორტსმენია და მას (ო---------------ს) ძალა არ ეყო წინააღმდეგობის გასაწევად. როგორც იქნა, მშობლებმა გაიყვანეს ს----------------ი, მაგრამ ეს უკანასკნელი კვლავ გაუსხლტათ ხელიდან და კვლავ მისკენ (ო---------------ისაკენ) გაიქცა. მეორედაც წააქცია. მას (ო---------------ს) ს----------------ის მოსაგერიებლად ძალა არ ჰყოფნიდა, თავს ვერ აღწევდა, რის გამოც გადაწყვიტა, თავდაცვის მიზნით, გამოეყენებინა ბასრი პირის მქონე საგანი და ს----------------ს დაარტყა მოგერიების მიზნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ს----------------მა აჩვენა, რომ ო---------------ი მისი ცოლის ძმაა. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. 2018 წლის 11 ივლისს, ო---------------ი მათთან სტუმრად იყო. სახლის ეზოში ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. მას (ს----------------ს) ო---------------თან მოუვიდა შელაპარაკება, რის გამოც ო---------------მა გადაწყვიტა, წასულიყო. იგი (ს----------------ი) ამაზე კიდევ უფრო მეტად გაღიზიანდა და ო---------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაეტაკა ამ უკანასკნელს და ძალის გამოყენებით, ორჯერ მიწაზე დაანარცხა. ამის შემდეგ ო---------------მა მას (დაზარალებულს) რაღაც ბასრი საგანი დაარტყა გვერდში. მას (ს----------------ს) არ დაუნახავს, რა დაარტყა, არც დარტყმის მომენტი გაუგია. მაშინ მიხვდა, რომ დაჭრილი იყო, როდესაც სისხლი დაინახა. ამ ეტაპისთვის მას (ს----------------ს) ო---------------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს - ბავშვობაში დაეჯახა ხარი, რის შედეგადაც მიიღო თავის დაზიანება და ტრავმის გამო ხშირად ვარდება აფექტურ მდგომარეობაში.
მოწმე ე-–---------------მა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ 2018 წლის 11 ივლისს, მეზობელთან ერთად იმყოფებოდა. მათგან დაახლოებით 20 მეტრში, დაინახა, რომ ს----------------ი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ო---------------ს. ს-------მა ორჯერ დაანარცხა ო-----ი მიწაზე. ს----------------ი აგრძელებდა ო---------------ის მიმართ ძალადობას, ხოლო ო-----ი სთხოვდა მას - შეეწყვიტა მოქმედება და ეუბნებოდა - „კმარა, გეყოფაო“, თუმცა ს----------------ი არ ჩერდებოდა. ამის შემდეგ ო---------------მა ს----------------ს ბასრი საგანი დაარტყა და ს----------------ს სისხლი მოსდიოდა. ო---------------ს გაქცევა შეეძლო, თან წასვლას ცდილობდა, თან ს----------------ს სთხოვდა, „გეყოფა, მორჩიო“.
მოწმე ჩ--------------ამ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ 2018 წლის 11 ივლისს, მისი ძმა ო---------------ი მასთან იყო სტუმრად. ჩაის სვამდნენ. მისი (მოწმის) ქმარი ს----------------ი სახლში განერვიულებული დაბრუნდა. ო-----ს და ს-------ს შეკამათება მოუხდათ. ო---------------ი გაერიდა, გავიდა სახლიდან. „თუ გაბუტული მიდიხარ, შენი დაც წაიყვანეო“ - მიაძახა ს----------------მა ო---------------ს და გალანძღა. აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემდეგ ს----------------მა ო---------------ი დაიჭირა მხრებით და დაახეთქა ძირს. ერთხელ გააშველეს. ო-----ი ცდილობდა გარიდებოდა, მაგრამ ს----------------ი წამოეწეოდა ხოლმე და კვლავ აქცევდა მას. დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, დაჭრის შესახებ ს----------------ისგან გაიგო.
მოწმე ჯ---–------------მა (დაზარალებულის მამა) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვისას აჩვენა, რომ 2018 წლის 11 ივლისს, ო---------------ი მათთან სტუმრად მოვიდა. ს----------------ი და ო---------------ი შეკამათდნენ და მან (მოწმემ) გააშველა. ს----------------ი წარსულში მიღებული ტრავმის გამო ადვილად ნერვიულდება. ს-------მა ორჯერ წააქცია ო---------------ი, თუმცა ამის შემდეგაც აგრძელებდა ძალადობას ო---------------ის მიმართ. მას (ჯ---–------------ს) დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. ჭრილობა მას შემდეგ შეამჩნია, რაც შუქზე დაინახა სისხლი.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადასტურებულია, რომ ს----------------ს აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენა მხრივი ტრავმული ჰემო-პნევმოტორაქსი. ეს დაზიანება განვითარებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ნაკვეთი ჭრილობები გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში განვითარებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
ზემოხსენებული მტკიცებულებების გააანალიზებისა და შეფასების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სრულად იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ დასკვნას, რომ ო---------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა აცხადებს, რომ ო---------------მა ჯიბიდან ბასრი პირის მქონე საგანი მას შემდეგ ამოიღო და მოუქნია ს----------------ს, როდესაც ამ უკანასკნელის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობა აშკარა და საშიში გახდა. ო---------------ი, მიუხედავად ამ უკანასკნელის თხოვნისა, თავი დაენებებინა, ს----------------მა რამდენჯერმე მიწაზე დაანარცხა და ფიზიკურად მასზე ძალადობდა. ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლის არსებობაც იწვევს აუცილებელი მოგერიების ფაქტს. ობიექტურად უნდა არსებობდეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა და პირმა თავისი ქმედებით უნდა გადააცილოს მის ფარგლებს. აუცილებელი მოგერიების მდომარეობა მოიცავს სამ ნიშანს: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: 1. სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა; 2. ხელყოფის იმწუთიერობა; 3. ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. სააპელაციო პალატა საქმეში არსებული, ზემოხსენებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, ო---------------სა და ს----------------ს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გარემოებების გათვალისწინებით, მივიდა დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმები სახეზე იყო. შესაბამისად, ო---------------ი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რასაც მივყავართ აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშნამდე – უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებამდე, რომელიც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება და წარმოადგენდეს ადეკვატურ თავდაცვით საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივი სიკეთეთა შესაბამისობის არსებობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. ერთის მხრივ, დაცვის საშუალება უნდა იყოს მოწოდებული, რომ ხელყოფა მყისიერად და საბოლოოდ აღკვეთოს ან მინიმუმ შეასუსტოს, მეორეს მხრივ, თავდამცველი უფლებამოსიალია, აირჩიოს დაცვის ეფექტური საშუალება, ე.ი. მას შეუძლია მისთვის საიმედო, ყველაზე ნაკლებად საშიში საშუალება გამოიყენოს აუცილებელი მოგერიების დროს. და ბოლოს, აუცილებელი მოგერიების დროს პირი უნდა მოქმედებდეს თავდაცვის სურვილით, იქნება ეს საკუთარი, ინდივიდუალური, თუ სხვისი,ზეინდივიდუალური სიკეთის დაცვის სურვილი, მთავარია, რომ ქმედების განმახორციელებელს, უშუალოდ თავდაცვითი ქმედების განხორციელების დროს ჰქონდეს თანაბარი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი. სასამართლო მივიდა დასკვნამე, რომ მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფი ო---------------ის ქმედება წარმოადგენდა უკიდურესობით გამოწვეულ ქმედებას და ის განხორციელებული იყო თავდაცვის სურვილით, კერძოდ, საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ, ფაქტიურად, ო---------------მა თავდამსხმელ ს----------------ის მოსაგერიებლად გამოიყენა თანნაქონი ბასრი პირის მქონე საგანი, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. საგულისხმოა, რომ თავდაპირველად, კონფლიქტის დაწყებამდე, ო---------------მა სცადა აგრესიული ს----------------ის, რომელიც წარსულში მიღებული ტრავმის გამო ადვილად ღიზიანდება, დამშვიდება, სთხოვა თავის დანებება და უთხრა, სტუმრისათვის პატივი ეცა, ნუ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ო---------------მა თავისი ქმედებით გადააცილა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას და ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა შემდეგი გარემოებებზე დაყრდნობით: მტკიცებულებათა გამოკვლევამ აჩვენა, რომ, მართალია, ო---------------ის წინააღმდეგ იყო მასზე ფიზიკურად ძლიერი პირი, რომელმაც მას მიაყენა ჯანმრთლობის დაზიანება (დასტურდება შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით), მაგრამ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი არ იყო იმ ხასიათის, რომ ამგვარი დაზიანების საპირწონედ მივიჩნიოთ დაზარალებულ ს----------------ზე ო---------------ის მიერ მიყენებული სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. მართალია, კანონი პირს აძლევს აუცილებელი მოგერიების უფლებას, მაგრამ მაინც აწესებს პირობით ფარგლებს, კერძოდ, დაუშვებელია ხელყოფისთვის შეუსაბამო მოგერიების საშუალების გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული შეიარაღებული არ ყოფილა, რომ მისგან მომდინარე საფრთხის მოგერიება ბასრი პირის მქონე საგნით გამხდარიყო საჭირო, ამასთან, კონფლიქტი ო---------------სა და ს----------------ს შორის მოხდა გარეშე პირთა თანდასწრებით, შესაძლებელი იყო მათი საშველად მოხმობა და რეალურად, თავდაპირველად, ჯ---–------------მა გააშველა კიდეც მოჩხუბრები. შეაბამისად, მომგერიებლის მიერ მოხდა თავდაცვის აშკარა შეუსაბამო საშუალების გამოყენება მასზე განხორციელებული თავდასხმის ხასიათთან შედარებით, ასეთ შემთხვევაში არ არსებობდა არჩეული დაცვის საშუალების აუცილებლობა. ხელმყოფს აუცილებლობის გარეშე მიადგა ზიანი. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არსებული კონკრეტული სიტუაცია გამორიცხავდა დაცვისთვის იმ საშუალების გამოყენებას, რითაც დაზარალებულს მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. ამით ო---------------ის ქმედება გასცდა საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის ფარგლებს.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ზემოხსენებული მტკიცებულებების გააანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი, ო---------------ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია სწორია. სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ო---------------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ო---------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ო---------------ისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული და პირობითად ჩათვლილი სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი ო---------------ის მიმართ, კვალიფიკაციის თვალსაზრისით, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული და პირობითად ჩათვლილი სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ო---------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს-----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი ო---------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ო---------------ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლზე;
ო---------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ო---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და ო---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ბ-----------–---ის (პირადი N2----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს ლ----------------------------–------–ში, საკადასტრო კოდი №5----------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაუზუსტებელი ფართობი 3------ კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი: საბაზრო ღირებულება შეადგენს 9000 (ცხრა ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
პირობით მსჯავრდებულ ო---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ს----------------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე