განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210017002096854
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-789-2019 24 სექტემბერი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - შპს ჯ-----–ი
წარმომადგენელი - კ--------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ო
წარმომადგენელი - მ----------–-–---–-----–-------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს სარჩელი შპს ,,ჯ-----–ის’’ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე - შპს ,,ჯ-----–ის’’ ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისრა 20 157 (ოცი ათას ას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელე ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს მიერ 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობის №139 განკარგულებით დამტკიცებული ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომლის ფარგლებშიც, შპს ,,ჯ-----–ზე’’ 2015 წლის 16 მარტს გაფორმდა შეთანხმება მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე. მოპასუხესა და სს ,,პ--------- ბანკს’’ შორის 2015 წლის 16 მარტს გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად მოპასუხე შპს ,,ჯ-----–ის’’ წარმომადგენელ გ-------–-----–-----სთან შედგა შეთანხმება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ბანკსა და ბენეფიციარს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, სააგენტოს თანადაფინანსებით თანხა შეადგენდა 27996.49 დოლარი. 2.2. 2016 წლის 27 დეკემბერს №5/2238 წერილით შპს ,,ჯ-----–ის’’ დირექტორს გ-------–-----–-----ს ეცნობა, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს განხორციელდა ა(ა)იპ ,,ს-----–-------------------------------------------------ოს’’ პროექტების საველე მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი, რა დროსაც ადგილზე არ იქნა წარდგენილი სესხის მიზნობრივი ხარჯვის ამსახველი დოკუმენტაცია და სააგენტოსთვის საბუთების მიწოდების მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა 2016 წლის 10 დეკემბერი. 2.3. 2015 წლის 13 ოქტომბერს განხორციელდა შპს ,,ჯ-----–ის’’ მონიტორინგი სესხის მიზნობრივად ხარჯვის თაობაზე. 2016 წლის 30 ნოემბერს განხორციელდა სესხის მიზნობრივად ხარჯვის მეორადი მონიტორინგი. სესხის მიზნობრივად ხარჯვის მეორადი მონიტორინგისას (პირველადი მონიტორინგის შემდგომ სესხიდან ასათვისებელი თანხა შეადგენდა 40 000 დოლარს) მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება დარჩენილი 40 000 აშშ დოლარის სრულად, შეთანხმებისა და პროექტების შესაბამისად ხარჯვის ფაქტი: კერძოდ, 34.838 ლარი გაწეულია ისეთ ხარჯებზე რაც არ შეესაბამება სესხის მიზნობრიობას, ხოლო 15 600 აშშ დოლარის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტაცია მოპასუხეს საერთოდ არ წარმოუდგენია. 2.4. 2017 წლის 28 თებერვლის ა(ა)იპ ,,ს-----–-------------------------------------------------ოს’’ პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის სხდომის №2 ოქმში მითითებულია, რომ ,,პირველი მონიტორინგის შემდეგ (13.10.2015წ.) ასათვისებელი ნაშთის სახით დარჩენილი იყო 40000 აშშ დოლარი, რომლის ოდენობამ კონვერტაციის შედეგად (ბენეფიციარის ინფორმაციით) შეადგინა 90000 ლარი (აშშ დოლარი-2.25 ლარი. კონვერტაციიის დოკუმენტი არ იქნა წარმოდგენილი. აგროკრედიტის ათვისების პერიოდისათვის ეროვნული ბანკის გაცვლითი საშუალო კურსი 1 აშშ დოლარი - 2.22 ლარი). ბენეფიციარის განმარტებით აღნიშნული თანხით განხორციელდა: ზეთის სახდელი და ჩამოსასხმელი აპარატების მიღებული ზეთის შესანახი რეზერვუარების შესყიდვები; ზეთის ფილტრაციის აპარატის დამზადება; შესყიდული დანადგარების მონტაჟი, ზეთის სახდელი საწყობის და საოფისე ოთახების სამშენებლო სარემონტო სამუშაოები. ბენეფიციარმა მონიტორინგის ადგილზე ვერ წარმოადგინა სესხიდან დარჩენილი თანხის ხარჯვის დამადასტურებელი საბუთები. ამისათვის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 10 დეკემბრამდე. 2016 წლის 9 დეკემბერს მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, აგროკრედიტის თანხა მოხმარდა: 20335 ლარი - საწარმოს ძირითადი დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენას (წარმოდგენილია ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო დავალება;) 14997 ლარი - სამშენებლო - სარემონტო მასალებისა და სხვა დამხმარე ტექნიკის შეძენას (წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო დავალება, სალარო აპარატის ჩეკები, შედარების აქტები და სალაროს აპარატის ჩეკები; 5 513 ლარი - ხის მასალების და ტექნოლოგიური ხაზების გამყოფი ტიხრების შეძენას (წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო დავალება, შესყიდვის აქტი და სალარო აპარატის ჩეკები;) 3 504 ლარი - სამშენებლო სარემონტო და სამონტაჟო პროცესების საწარმოებლად ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები) 10836 ლარი - სამშენებლო სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მუშახელის ანაზღაურების (წარმოდგენილია ხელშეკრულებები, საგადასახადო დავალება, მიღება ჩაბარების აქტები და სალაროს გასვლის ორდერები).’’ აღნიშნულ სხდომაზე კომისიამ გადაწყვიტა და შპს ,,ჯ-----–ს’’ შეუწყდა სააგენტოს თანადაფინანსება და მოეთხოვა სააგენტოს მიერ სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის - 8188.82 დოლარი - დაბრუნება. 2.5. 2017 წლის 19 აპრილის ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მენეჯერის გ-------------–--ის №1/381 წერილით მოპასუხეს - შპს ,,ჯ-----–ს’’ ეცნობა თანადაფინანსების შეწყვეტისა და სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის - 8188.82 დოლარი სააგენტოსთვის დაბრუნების თაობაზე. 2.6. 2017 წლის 11 სექტემბერის №3-1/4224 ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის’’ მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის ლ---–-----------ს სასამსახურო ბარათში მითითებულია, რომ 2013 წლიდან 2017 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით, სააგენტოს მონიტორინგის შედეგების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის’’ 221 (244 სესხზე) ბენეფიციარს შეუწყდა სესხზე სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება (მათ შორის 114 ბენეფიციარს შეღავათიანი აგროკრედიტის არამიზნობრივად ხარჯვის გამო, 83 ბენეფიციარს სესხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სააგენტოში წარმოუდგენლობის გამო, ხოლო 24 ბენეფიციარს სესხის გამცემი ბანკის მიერ პროექტის პირობების დარღვევით სესხის გაცემის გამო). შეღავათიანი აგროკრედიტის არამიზნობრივად ხარჯვის გამო, 83 ბენეფიციარს სესხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სააგენტოში წარმოუდგენლობის გამო, ხოლო 24 ბენეფიციარს სესხის გამცემი ბანკის პროექტის პირობების დარღვევით სესხის გაცემის გამო. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა მხოლოდ განსაზღვრული მიზნობრიობით, ხოლო სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ბანკთან ან მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, განახორციელოს მსესხებლის მიერ მიღებულის სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. ამასთან, თუკი მონიტორინგისას დადგინდება, რომ კრედიტის მიმღებმა დაარღვია შეთანხმების (ხელშეკრულების) მიზნობრიობა სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს მსესხებლის მიზნობრივი თანადაფინანსება, და აღნიშნულის შესახებ აცნობებს ბანკს, ასევე სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმღებს გადაცემული თანხების უკან დაბრუნება. ,,შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების მეორე მუხლით ბენეფიციარი არის პირი/მხარე, რომელიც მატერიალური სარგებლის მიმღებია, ხოლო კრედიტის მიზნობრიობა არის კონკრეტულ პროდუქტზე, პროექტის მიხედვით წინასწარ დადგენილი სესხის გაცემის მიზანი. სესხის მიზნობრივი თანადაფინანსება განმარტებულია როგორც - სააგენტოს მიერ პროექტის ფარგლებში გადახდილი მიზნობრივი თანხები. ამავე განკარგულებით სესხი/კრედიტი განიმარტება, როგორც საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული ფულადი სახსრები წინასწარ განსაზღვრული ვადით, პროცენტით და მიზნობრიობით. შპს ,,ჯ-----–ზე’’ გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა ტექნოლოგიური ხაზის შეძენა მცენარეული ცხიმების, კერძოდ ზეთის საწარმოებლად არსებული შენობის მოწყობა, რემონტი. აგროკრედიტის მიზნობრიობის მონიტორინგი სააგენტომ განახორციელა და დაადგინა მიზნობრიობის დარღვევა. 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” პუნქტის თანახმად კი არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება. 2.9. ,,შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების მე-8 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, სააგენტო მონიტორინგს უწევს კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. მონიტორინგის განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ. პროექტით განსაზღვრული პირობების ან/და მიზნობრიობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს საფინანსო ინსტიტუტებსა და ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული და სააგენტოში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ამავე განკარგულების 24-ე პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს თანადაფინანსება შეწყდება მსესხებლის მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში. ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოსა და შპს ,,ჯ-----–ს’’ შორის 2015 წლის 16 მარტს გაფორმებული შეთანხმებების მესამე პუნქტის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წინასწარ შეტყობინების გარეშე განახორციელოს ბანკის მიერ გაცემული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. თუ მონიტორინგის შედეგად სააგენტო დაადგენს ბენეფიციარის მიერ მიზნობრიობის დარღვევას შეწყვეტს ბენეფიციარის თანადაფინანსებას. სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს ბენეფიციარს მიღებული თანხების უკან დაბრუნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტომ კანონიერად შეწყვიტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე შპს ,,ჯ-----–ის’’ თანადაფინანსება, სესხის მიზნობრიობის დარღვევის გამო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს ჯ-----–მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლო გადაწყვეტილებაში ფაქტობრივი გარემოებები არასრულყოფილადაა მითითებული, კერძოდ არაა აღნიშნული მხარეებს შორის ურთიერთობის მარეგულირებელი რომელი ნომრით დგინდება შეთანხმებული პირობების დარღვევა და ამ პირობებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები სრულადაა შესრულებულია, დადგეგმილი ქარხანა ამუშავებულია, დასაქმებული არიან ადამიანები და უშვებს პროდუქციას. ასევე ბანკის მიმართ არსებული დავალიანება სრულად გასტუმრებულია. სესხად მიღებული თანხა სრულად არ იქნა გამოყენებული და ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 2017 წლის 28 მარტს ბანკს სრულად დაუბრუნდა სესხად მიღებულია 70 000 აშშ დოლარი. შესაბამისად ხელშეკრულების ძირითადი პირობები შესრულებულია, უთანხმოება მხარეებს შორის გამოიწვია იმან, რომ ზოგიერთი დოკუმენტი, რომელიც შექმნილი იყო ბანკისაგან სესხად მიღებული თანხის ხარჯვაზე შემოწმებისას არ აღმოჩნდა სათანადო, ასევე ხარჯების ნაწილი არ იქნა სააგენტოს მიერ მიჩნეული მიზნობრივად. 3.3. არამიზნობრივი ხარჯი რეალურად არის ძალიან მცირე, კერძოდ ელექტროენერგიის ხარჯი და საპოხი და დამხმარე ნივთიერებები, საუბარია სესხით შეძენილი დანადგარებისათვის ტექნიკური ზეთის შეძენაზე. ასევე ნაწილობრივ სადაო საკითხი შეეხება შენობის მოწყობაზე დაკავშირებულ ხარჯს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებულ პროექტში და ხარჯთაღიცხვაში შეთანხმებული იყო მაინც არამიზნიბრივად იქნა მიჩნეული. 3.4. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილში ხარჯვას, ეს ხარჯი გაწეულია მიზნობრივად მაგრამ სააგენტოს მიაჩნია, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულია 3.5. სასამართლო გადაწყვეტილებაში არაა აღნიშნული მხარეებს შორის ურთიერთობის მარეგულირებელი რომელი ნორმით დგინდება შეთანხმებული პირობების დარღვევა, მაგალითად - რას ნიშნავს მიზნობრივი ხარჯი ან/და რა სახის დოკუმენტაცია ჩაითვლებოდა სათანადოდ. 3.6. ასევე არ იქნა სასამართლოს მიერ გათვალისწინებული ის, რომ სესხის გაცემისას სავალუტო კურსის მიხედვით - 1 დოლარი შეადგენდა დაახლ. 1,65 ლარს. სესხის მიღებისთანავე განხორციელდა კონვერტაცია, რის შედეგადაც სესხად მიცემულმა 70 000 აშშ შეადგინა 115 500 ლარი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. 2015 წლის 16 მარტს შპს ჯ-----–ს (აპელანტი), სს პ--------- ბანკსა (ბანკი) და ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს (მოსარჩელე, სააგენტო) შორის დაიდო შეთანხმება „ინდ. მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე (ძირითადი საშუალებების კომპონენტისთვის)“ (შეთანხმება). 4.2. ამ შეთანხმების საფუძველზე, აპელანტმა ტექნოლოგიური ხაზის შესაძენად და ზეთის საწარმოებლად არსებული შენობის მოწყობა-რემონტისათვის ბანკისაგან სესხად აიღო 70000 აშშ დოლარი. 4.3. სესხი გაიცა 84 თვის ვადით, წლიური 13% სარგებლით. აქედან, სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენდა 27996,49 აშშ დოლარს. 4.3.1. ე.ი. შეთანხმების მიზნის მისაღწევად სააგენტოს 27996,49 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა (იხ. 2015 წლის 16 მარტის შეთანხმება - „სააგენტოს თანადაფინანსება: 27996,49 თანხა დოლარი ვალუტა“ - ს.ფ. 17). 4.4. 2015 წლის 13 ოქტომბერს და 2016 წლის 30 ნოემბერს სააგენტომ ჩაატარა პროექტის ფარგლებში აპელანტის მიერ შესრულებული სამუშაოსა და გაწეული ხარჯების მონიტორინგი (ს.ფ. 19-22). 4.5. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ: 4.5.1. 2015 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით აღებული სესხიდან გაწეული იყო - „შემდეგი ხარჯები: 1$=2,25 ლარი. 1. ხორბლის წისქვილი (უკრაინის წარმოების) – 13 000$ - 29295 ლარი; 2. სამშენებლო სამუშაოებისათვის (შენობის რემონტი) და წისქვილის მონტაჟის (საკისრები, ქანჩი...) 3288 ლარი=1460$; 3. მუშახელის ანაზღაურებაზე გაცემული - 6000 ლარი - 2660$“. აპელანტმა სააგენტოს წარუდგინა ზემოხსენებული დანახარჯების დოკუმენტაცია - 17 120 $ და დარჩენილი იყო 52 880$. აპელანტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დარჩენილი თანხიდან 15 000$ მინდობილობით მიცემული ჰქონდა თავის თანამშრომელზე უკრაინიდან ზეთის სახდელი მოწყობილობის დანადგარის ჩამოსატანად, ხოლო დანარჩენილი თანხის ჩვენებისგან აპელანტმა თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ისინი გადანაწილებული ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებით, ამ პროექტთან დაკავშირებით. აპელანტის განმარტებით, ზეთის სახდელი დანადგარის შეძენა-მონტაჟს და ექსპლუატაციაში გაშვებას იგი დაამთავრებდა 20 ნოემბრისათვის (ს.ფ. 20). 4.5.2. 2016 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით აპელანტმა: 1) შეიძინა 2 დანადგარი - ზეთის სახდელი და ჩამომსხმელის და დაამზადა ფილტრაციის დანადგარი; 2) შეისყიდა ზეთის რეზერვუარები; 3) მოაწყო ზეთის სახდელი ოთახი; 4) მოაწყო საწარმოს ოფისის ოთახი და საწყობი; 5) დაამონტაჟა დანადგარები. ჩატარებული სამუშაოები ნახა და დაასურათა სააგენტოს წარმომადგენელმა (ს.ფ. 22). 4.5.3. ამავე აქტის მიხედვით, წინა მონიტორინგის, ე.ი. 2015 წლის 13 ოქტომბრის შემდგომ აპელანტს შესასრულებელი ჰქონდა 40 000 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო, რომელიც „2015 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვიდან დღემდე საშულო გაცვლითი კურსით 2,25 ლარი=1 აშშ დოლარი = 90000 ლარს“. 4.6. 2017 წლის 28 თებერვალს შედგა სააგენტოს პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის სხდომა. 4.6.1. ოქმის თანახმად: „30/11/2016-ში განმეორებითი მონიტორინგი განხორციელდა... პირველი მონიტორინგის შემდეგ (13.10.2015 წელი) ასათვისებელი ნაშთის სახით დარჩენილი იყო 40 000 აშშ დოლარი, რომლის ოდენობამ კონვერტაციის შედეგად (ბენეფიციარის ინფორმაციით) შეადგინა 90 000 ლარი“. 4.6.2. ბენეფიციარის, ე.ი. აპელანტის განმარტებით ზემოაღნიშნული თანხით განახორციელა: ა. ზეთის სახდელი და ჩამოსასხმელი აპარატების, მიღებული ზეთის შესანახი რეზერვუარების შესყიდვები და ბ. ზეთის ფილტრაციის აპარატის დამზადება; შესყიდული დანადგარების მონტაჟი; ზეთის სახდელი, საწყობის და საოფისე ოთახების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. 4.6.3. ოქმის მიხედვით, საწარმო განლაგებული იყო ერთსართულიან შენობაში, რომელიც ეკუთვნოდა აპელანტის 100%-იანი წილობრივი მონაწილოებით დაფუძნებულ საწრმოს. 4.6.3. ოქმით დგინდება, რომ აპელანტმა სააგენტოს წარუდგენა სულ 89 823 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა აქედან, სააგენტოს პოზიციით, სესხის მიზნობრიობას შეესაბამებოდა, მხოლოდ, 54 985 ლარი ანუ 24 437 აშშ დოლარი, ხოლო 34 838 ლარი კი ასახავდა ისეთ ხარჯებს, რომელთაგან ზოგიერთის დაფინანსებას პროექტი არ ითვალისწინებდა (ელექტროენერგიის მიმდინარე დავალიანების დაფარვა, საპოხი და დამხმარე ნივთიერებების შეძენა), ხოლო ზოგიერთში (მაგ. სახელფასო უწყისები) არ იყო ასახული ხარჯვის დანიშნულება (არ იყო წარდგენილი ნარდობის ხელშეკრულებები, შესრულებული სამუშაოს აღწერილობები, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები). 4.7. ამის შესაბამისად, ცხადია, რომ 2017 წლის 28 თებერვლის ოქმი ასახავდა იმ სამუშაობს, რომლების აპელანტმა „ზემოაღნიშნული თანხით“, ე.ი. 2015 წლის 13 ოქტომბრის შემდეგ დარჩენილი 90 000 ლარით განახორცილა და აღნიშნული ოქმი იმ სამუშაოებს, რომლებიც 2015 წლის 13 ოქტომბრის მონიტორინგის შედეგად მიღებული იყო, არ მოიცავდა. 4.8. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ აპელანტმა შეთანხმების პირობები ჯეროვნად შეასრულა - ტექნოლოგიური ხაზი შეიძინა, ხოლო შენობა მოაწყო და გაარემონტა. აპელანტის მიერ შესრულებული სამუშაოები მოსარჩელის წარმომადგენლებმა „ნახეს და დაასურათეს“ კიდეც (2016 წლის 30 ნოემბრის აქტი - ს.ფ. 22). 4.8.1. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გარემოება სააგენტოს სადავოდ არც გაუხდია. 4.8.2. მას თანადაფინანსების სახით გადახდილი თანხის დაბრუნება აპელანტის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო არ მოუთხოვია. 4.8.3. მოსარჩელემ თანხის დაბრუნება მოითხოვა იმიტომ, რომ აპელანტმა სამუშაოს შესრულების დროს სესხად აღებული თანხის ნაწილი ელექტროენერგიის მიმდინარე დავალიანების დასაფარად, საპოხი და დამხმარე ნივთიერებების შესაძენად გამოიყენა, ხოლო ნაწილი კი გასცა ხელფასის სახით. 4.9. უდავოა, რომ 70 000 აშშ დოლარიდან აპელანტს შეთანხმების მიზნებისათვის გახარჯული ჰქონდა: ა) 2015 წლის 13 ოქტომბრისათვის 17 120 აშშ დოლარი, ბ) 2015 წლის 13 ოქტომბრის შემდეგ - 24437 აშშ დოლარი, ე.ი. სულ - 41 557 აშშ დოლარი და ამ ხარჯებთან დაკავშირებით სააგენტოს მისთვის პრეტენზია არ წაუყენებია. 4.10. სააგენტოს პოზიციით, სესხად აღებული თანხიდან აპელანტმა არამიზნობრივად გახარჯა 15563 აშშ დოლარი (შდრ. 2017 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი - ს.ფ. 28, ასევე - მოსარჩელის 2017 წლის 19 აპრილის წერილი N1/381 - ს.ფ. 31). 4.10.1. საყურადღებოა, რომ 2017 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმის თანახმად აღნიშნული თანხა მიღებული არის შემდეგი გზით - ე.წ. პირველი მონიტორინგის შედეგად დარჩენილ 40 000 აშშ დოლარს გამოკლებული მეორე მონიტორინგის შედეგად უდავო 54 985 ლარი, ე.ი. 54 985/2,25=24 437 აშშ დოლარი - 40 000-24 437=15 563. 4.10.2. მაშინ, როცა იმავე ოქმის მიხედვით, სააგენტომ არამიზნობრივად 34 838 ლარის ხარჯი მიიჩნია. 34 838/2,25=15 483,5, რაც 15 563-ზე ნაკლებია. 4.10.3. საინტერესოა, რომ 2016 წლის 27 დეკემბრის N5/2238 წერილით სააგენტომ სადავოდ 15 600 აშშ დოლარის ხარჯვის მიზნობრიობა გახადა. 4.10.4. გარდა ამისა, ოქმის მიხედვით, პირველი მონიტორინგის შედეგად აპელანტს გასაწევი ჰქონდა 40 000 აშშ დოლარის ოდენობის ხარჯი. ეს კი ნიშნავს, რომ სააგენტომ 70000-40000=30000 აშშ დოლარის ხარჯი მიიღო. 4.10.5. 2015 წლის 13 ოქტომბრის მონიტორინგის აქტიდან კი ჩანს, რომ, სინამდვილეში, აპელანტმა მოსარჩელეს მხოლოდ 17120 აშშ დოლარის ხარჯვის დოკუმენტაცია წარუდგინა, ხოლო 52880 აშშ დოლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კი წარუდგენელი იყო (17120+52880=70000). 4.10.6. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ სააგენტოს პოზიცია სრული და დასაბუთებული არ არის. 4.10.7. 2017 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა არამიზნობრივად 15 483,5 აშშ დოლარის დახარჯა. 4.11. დადგენილია, რომ, თავის მხრივ, სააგენტომ 27996,49 აშშ დოლარის ნაცვლად, თანადასაფინანსებლად, მხოლოდ 8188,82 აშშ დოლარი გადაიხადა (სს თიბისი ბანკის 2017 წლის 29 აგვისტოს წერილი N2285/106-23 - ს.ფ. 35), ხოლო შეთახმების მიზანი კი მიღწეულ იქნა. 4.12. 2017 წლის 28 მარტს აპელანტმა ზემოხსენებული სესხი სრულად დაფარა (ს.ფ. 70). სამართლებრივი დასაბუთება 4.13. პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებისა (განკარგულება) და დადებული „შეთანხმების“, ე.ი. ხელშეკრულების საფუძველზე. 4.13.1. 2015 წლის 16 მარტის მდგომარეობით მოქმედი რედაქციით ზემოხსენებული განკარგულების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებდნენ ორი სახის შეღავათიან კრედიტს: ა) შეღავათიანი აგრო კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის; ბ) შეღავათიანი აგრო კრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის. 4.13.2. ამავე დანართის მე-2 მუხლის „ჰ17“ ქვეპუნქტის მიხედვით, ძირითადი საშუალებად ითვლება მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია. 4.14. აპელანტის თანადაფინანსების მიზანი ძირითადი საშუალებების შეძენა იყო. 4.14.1. ამრიგად, თანადაფინანსების ფარგლებში სესხად მიღებულ თანხას აპელანტი ელექტროენერგიის მიმდინარე დავალიანების დასაფარად და საბრუნავი საშუალებების შესაძენად ვერ გამოიყენებდა. 4.15. ამის მიუხედავად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტს სააგენტოსათვის თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნია. 4.15.1. 2015 წლის 16 მარტის „შეთანხმების“ მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მონიტორინგის შედეგად სააგენტო დაადგენს ბენეფიციარის მიერ მიზნობრიობის დარღვევას... სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს ბენეფიციარს მიღებული თანხების უკან დაბრუნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4.15.2. ზემოხსენებული ბრძანების დანართი 1-ის მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კი როდესაც ძირითადი საშუალებებისთვის დაფინანსებისთვის აღებული სესხით ხდება საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, ბენეფიციარს შეუწყდება სააგენტოს თანადაფინანსება სესხის თანხის იმ ნაწილზე, რომელიც გამოიყენა საბრუნავი საშუალებებისთვის და მოეთხოვება თანადაფინანსების სახით გადახდილი თანხის სააგენტოსთვის დაბრუნება. 4.15.3. პალატის აზრით, „შეთანხმების“ ზემოხსენებული ტექსტის პირდაპირი მნიშვნელობით გაგება შეუძლებელია. 4.15.4. სიტყვასიტყვით, ეს შეთანხმება ბენეფიციარს უშუალოდ მის მიერ მიღებული თანხის დაბრუნებას ავალდებულებს; თუმცა, სინამდვილეში, სააგენტო თანხას არა აპელანტს, არამედ საკრედიტო დაწესებულებას უხდიდა. 4.15.5. ამის შესაბამისად, ზემოხსენებული ტექსტის სიტყვასიტყვით განმარტების შემთხვევაში, აპელანტს მესამე პირისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულება საერთოდ არ წარმოეშობოდა, ეს კი მხარეთა ნებას აშკარად ეწინააღმდეგება. 4.15.6. გარდა ამისა, შეთანხმების თანახმად, აპელანტს თანხის დაბრუნება ეკისრებოდა არა უპირობოდ, არამედ „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ე.ი. იმ წესითა და მოცულობით, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებდა. 4.15.7. ამის გამო, პალატის აზრით, შეთანხმების მე-3 პუნქტი ზემოხსენებული ნორმატიული აქტის დანაწესის საფუძველზე უნდა განიმარტოს. 4.15.8. ეს ნორმა კი თანადაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს არა მთელ სესხზე სრულად, არამედ, მხოლოდ, მის არამიზნობრივად გამოყენებულ ნაწილზე. 4.15.9. პალატა აღნიშნავს, რომ განკარგულების მე-3 მუხლის 1 პუნქტის თანახმად, პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით. 4.15.10. ამის შესაბამისად, ბუნებრივია, რომ როგორც სააგენტოს თანადაფინანსება, ისე თანხის დაბრუნების ვალდებულება ამ მიზნებს უნდა შეესაბამებოდეს. 4.15.11. სესხის არამიზნობრივად გამოყენებით ბენეფიციარი არღვევს, როგორც ზემოხსენებულ მიზანს, ისე იღებს გაუთვალისწინებელ სარგებელს. სწორედ ამიტომ უნდა დააბრუნოს მან თანადაფინანსებისათვის გადახდილი თანხა. 4.15.12. ამის შესაბამისად, „შეთანხმების“ მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ „მიღებულ თანხაში“ შეიძლება იგულისხმებოდეს მხოლოდ ის პროცენტი, რომელიც არამიზნობრივად გამოყენებული სესხისათვის იქნა გადახდილი, ანუ რომლიდანაც ბენეფიციარმა ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამო სარგებელი მიიღო. 4.15.13. აქედან გამომდინარეობს, რომ მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში, აპელანტს სააგენტოსათვის არა სრული, არამედ, მხოლოდ, სესხის არამიზნობრივად გამოყენებული ნაწილის თანადასაფინანსებლად გადახდილი თანხა უნდა დაებრუნებინა. 4.16. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს დამრღვევი მხარის პასუხისმგებლობის მოცულობის დადგენა დაევალა. 4.16.1. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასების თანახმადაც, აპელანტის მიერ ვალდებულების დარღვევა, თავისთავად, მოსარჩელისათვის თანხის სრული მოცულობის დაბრუნების ვალდებულებას არ იწვევდა. 4.16.2. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამრღვევი მხარის პასუხისმგებლობის მოცულობა იმთავითვე დადგენილი იქნებოდა და დამატებით ამ საკითხის კვლევა აზრს დაკარგავდა. 4.17. როგორც აღინიშნა, სესხად აღებული 70 000 აშშ დოლარით აპელანტს ტექნოლოგიური ხაზი უნდა შეეძინა და ამისთვის საჭირო შენობა მოეწყო და გაერემონტებინა. 4.17.1. ამ მიზნის შესასრულებლად სააგენტოს 27996,49 აშშ დოლარი, ე.ი. სესხად აღებული თანხის 27 996,49/70 000X100=39,99% უნდა გადაეხადა უნდა გადაეხადა. 4.18. აპელანტის განმარტებით, მან ხელშეკრულების საფუძველზე, სულ 50 438 აშშ დოლარის ხარჯი გასწია. 4.18.1. აქედან, სააგენტომ ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ 15 563 აშშ დოლარი მიიჩნია. 4.18.2. ამის შესაბამისად, ცხადია, რომ, აპელანტის პოზიციის გათვალისწინებით, მის მიერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გაწეული ხარჯი 50 438-15 563=34 875 აშშ დოლარს შეადგენდა. 4.18.3. 34 875X39,99%=13 946,51 აშშ დოლარს. 4.18.4. ამის შესაბამისად, აპელანტის პოზციის გაზიარების შემთხვევაში, მის მიერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გაწეული ხარჯის პროპორციულად სააგენტოს 13 946,51 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა, რაც 8 188,82 აშშ დოლარზე მეტია. 4.19. როგორც აღინიშნა, თავად სააგენტომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გაწეულ ხარჯად 41 557 აშშ დოლარი მიიჩნია. 4.19.1. ამ შემთხვევაში, კი მის მიერ თანადასაფინანსებლად გადასადელი თანხა 41 557X39,99%=16 618,64 აშშ დოლარს შეადგენდა. 4.20. აპელანტის მიერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გაწეულ ხარჯად, მხოლოდ, 2017 წლის 28 თებერვლის ოქმით უტყუარად აღიარებული 24 437 აშშ დოლარიც რომ მიგვეჩნია, სააგენტოს მიერ თანადასაფინანსებლად გადასახდელი თანხა 24437X39,99%=9772,23 აშშ დოლარი, ე.ი. მაინც 8 188,82 აშშ დოლარზე მეტი იქნებოდა. 4.21. ეს ნიშნავს, რომ აპელანტმა, პროპორციულად, ხელშეკრულების მიზნებისათვის, მოსარჩელის მიერ თანადაფინანსებულზე მეტი მოცულობის სესხი გამოიყენა; ე.ი. მას სააგენტოს თანადაფინანსება არამიზნობრივად არ გამოუყენებია, ამიტომ, არც „მიღებული თანხების უკან დაბრუნება“ არ ეკისრება. 4.22. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მხარეთა შეთანხმება შეცდომით განმარტა, ამას კი შედეგად მცდარი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. 4.22.1. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს ჯ-----–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს შპს ჯ-----–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 806,28 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. შპს ჯ-----–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს შპს ჯ-----–ის სასარგებლოდ დაეკისროს 806,28 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი