განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
330100119002969139
ინსტანცია
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002969139

№1ბ/1650-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

გამართლებული - ზ------- დ---------ი, დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თ---–----------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------–-----------------------------------------.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და გამართლებულ ზ------- დ---------ის დამნაშავედ ცნობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უკანონო და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ნ-----–ი დ---------ის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც შვილმა ზ------- დ---------მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. საქმეზე დაკითხული იქნა ნ-----–ი დ---------ის მეზობელი, ნ-----–ი დ--------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ის 13 მარტს მივიდა ნ-----–ი დ---------თან, რომელიც იყო ცუდად, ვინაიდან წინა დღეს შვილთან ჰქონდა კონფლიქტი. გამოძიებაში ზემოაღნიშნული მოწმე ადასტურებდა ფაქტს, რომ ნ-----–ი დ---------მა მას განუცხადა ზ------- დ---------ის მიერ მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. გამოძიებაში მიცემული ჩვენების სასამართლოში შეცვალა კი ნ-----–ი დ--------–---–მა ახსნა იმ გარემოებით, რომ არ ჰქონდა სათვალე და ვერ წაიკითხა გამომძიებლის მიერ დაწერილი გამოკითხვის ოქმი, თუმცა დაადასტურა, რომ ხელისმოწერა ნამდვილად მას ეკუთვნოდა. გამოძიების ეტაპზე დაიკითხა ყველა მოწმე, რომელიც არსებითად დაადასტურებდა ზემოაღნიშნულ ბრალდებას. საქმის არსებითი განხილვისას ნ-----–ი დ---------მა და პ----- დ---------მა არ მისცეს ჩვენება. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ოჯახში ძალადობასთან, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებას სახელმწიფოს მხრიდან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დანაშაულის ლატენტური ბუნებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კლასიკური ქცევის გათვალისწინებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები მოძალადეების წინაშე დაუცველნი რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები და გარემოებები სასამართლოში დადასტურდა სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის, მტკიცებულებების საფუძველზე. სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა და წარდგენილმა წერილობითმა მტკიცებულებებმა უტყუარად ერთმნიშვნელოვნად მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც იქნა წარმოდგენილი და მიუთითა ზ------- დ---------ის ბრალეულობაზე. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს ზ------- დ---------ი დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დაენიშნოს შესაბამისი სასჯელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, შესაგებელი წარადგინეს, გამართლებულმა ზ------- დ---------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------------ემ, მათ მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

წარდგენილი ბრალდება:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ზ------- დ---------ს, წარედგინა ბრალდება, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა - მუქარა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 19:40 საათზე, ქ. თბილისში, გ-–-----------------------------------------–ში, ზ------- დ---------მა შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიყენა დედას – ნ-----–ი დ---------ს, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, წაავლო თმაში ხელი, მოქაჩა ძლიერად და წააქცია სავარძელზე. ასევე, ზ------- დ---------ი შელაპარაკების დროს ნ-----–ი დ---------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ზ------- დ---------ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ნ-----–ი დ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რითაც მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ------- დ---------ის ბრალეულობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ზ------- დ---------მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ-----–ი დ---------მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე პ----- დ---------მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (ძმის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნ-----–ი დ--------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ნ-----–ი დ---------ის მეზობლად. მან დაზარალებული ნახა 2019 წლის 13 მარტს, როდესაც ნ-----–ი დ---------ს მიაკითხა ლიფტის ფულის შეგროვების მიზნით. ნ-----–ი დ---------ი იყო მწოლიარე მდგომარეობაში და მიზეზად დაუსახელა ის, რომ წინა დღეს შვილთან ჰქონდა კამათი და თავს ცუდად გრძნობდა. მოწმის თქმით, გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში არ უთქვამს, რომ დაზარალებულის გადმოცემით შვილმა სცემა მას. გამოკითხვის ოქმი წაუკითხა გამომძიებელმა, რადგან თავად სათვალე არ ჰქონდა და არ იცის, რატომ წერია გამოკითხვის ოქმში ასეთი არასწორი ინფორმაცია.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს მე–2 განყოფილების თანამშრომლებმა – ა---------– დ---–მა, პ----- ჩ--------–-–---–მა, გ------- გ---------ემ და ს----- მ-----–---–მა სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. ამასთან გამომძიებელმა ს----- მ-----–---–მა განმარტა, რომ მოწმე ნ-----–ი დ--------–---–ის გამოკითხვა ჩატარდა კანონით დადგენილი წესით. მოწმე გაეცნო მისი გამოკითხვის ოქმს და მასში აღწერილი ინფორმაციის სისწორე დაადასტურა ხელმოწერით.

 

2019 წლის 13 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით, 13.03.2019 წ-ს ნ-----–ი დ---------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის საპროექციოდ. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 12.03.2019წ. ექსპერტმა ს-------- ბ--–-----მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე.

 

2019 წლის 12 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ნ-----–ი დ---------ის სახლიდან ამოღებულ იქნა სათვალის ორი ცალი მინა და სათვალის ნაწილი. ამავე ოქმში აღინიშნა, რომ ნ-----–ი დ---------ის განმარტებით, აღნიშნული სათვალე დაუმტვრია მისმა შვილმა ზ------- დ---------მა, როდესაც ხელი გაარტყა, სათვალე ეკეთა და დაიმტვრა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის შეტყობინების რეგისტრაციის ფურცლის თანახმად, 2019 წლის 12 მარტს ნ-----–ი დ---------მა დახმარების თხოვნით თავად მიმართა სსიპ ,,112“-ის სამსახურს მასზედ მითითებით, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ შვილთან ჰქონდა კონფლიქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ზ------- დ---------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა - სიოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05, 45553/05, 35680/05, 36085/05, 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10, 31/).

 

სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ზ------- დ---------მა 2019 წლის 12 მარტს, დედას - ნ-----–ი დ---------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგად, ნ-----–ი დ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის შედეგადაც, ნ-----–ი დ---------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდგომ დარჩა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და მტკიცებულებები, რომლებიც არ ადასტურებს ზ------- დ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. კერძოდ: დაზარალებულმა ნ-----–ი დ---------მა და მოწმე პ----- დ---------მა, ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და უარი თქვეს, ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; ზ------- დ---------მა თავი დამნაშავედ არ ცნო და უარყო მისი მხრიდან ნ-----–ი დ---------ის მიმართ ძალადობის და მუქარის არსებობის ფაქტი; 2019 წლის 13 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, მართალია დადგენილია, რომ 2019 წლის 13 მარტს ნ-----–ი დ---------ს პირადი გასინჯვით, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის საპროექციოდ. დაზიანება განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა 2019 წლის 12 მარტს, მაგრამ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია სწორედ ზ------- დ---------ის მიერ; 2019 წლის 12 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა სათვალის ორი ცალი მინა და სათვალის ჩარჩოს ნაწილი. ამავე ოქმით, დათვალიერებისას ნ-----–ი დ---------მა განმარტა, რომ აღნიშნული სათვალე დაიმტვრა, როცა ზ------- დ---------მა მას ხელი გაარტყა. თუმცა, აღნიშნული განმარტება არ დაადასტურა სასამართლოში ნ-----–ი დ---------მა, სხვა მტკიცებულება კი, რაც დაადასტურებდა ზ------- დ---------ის მხრიდან, ნ-----–ი დ---------ის მიმართ, ძალადობის განხორციელების ფაქტი გახდა სათვალის დაზიანების მიზეზი, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია; მოწმე ნ-----–ი დ--------–---–ის ინფორმაცია პირველ რიგში წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ამასთან გამოძიებასა და სასამართლოში მიცემული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციით სრულად დაეკარგა მას ღირებულება, ირიბია მოწმე ს----- მ-----–---–ის ჩვენებაც, მან ინფორმაცია მიიღო გამოძიების მომენტში ნ-----–ი დ---------ისგან, რომელმაც სასამართლოში არ დაადასტურა ძალადობისა და მუქარის არსებობის ფაქტი. პალატა განმარტავს, ირიბ ჩვენებას არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი ღირებულება, როცა ინფორმაცია მიღებულია მხოლოდ ერთი წყაროდან, წყარო არ ადასტურებს მას და შეუძლებელია მისი გადამოწმება და დადასტურება სხვა მტკიცებულებებით.

 

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ძალადობის შედეგადა განცდილი ფიზიკური ტკივილი შეიძლება დადგინდეს როგორც ჩვენებებით, ასევე სხვადასხვა ობიექტური კრიტერიუმებითაც, თუმცა ბრალდების მხარის წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებებში არ არსებობს არც სუბიექტური და არც ობიექტური ნიშნები, რომლის საფუძველზეც სასამართლო დაასკვნიდა, რომ 2019 წლის 12 მარტს ნ-----–ი დ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ანალოგიურად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალდების მხარეს კი რაიმე მტკიცებულება, რაც დადასტურებდა, რომ ზ------- დ---------ი დაემუქრა ნ-----–ი დ---------ს და მან ეს აღიქვა რეალურად, გაუჩნდა შიში, დაერღვა სიმშვიდე ან აფორიაქდა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არათუ ირიბი ჩვენებების ერთობლიობა, არამედ ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე, მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).

 

პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ზ------- დ---------ის ბრალეულობას. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ზ------- დ---------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ------- დ---------ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენი ზ------- დ---------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის მარიამ გიგაურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენი ზ------- დ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ზ------- დ---------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზ------- დ---------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზ------- დ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ზ------- დ---------ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ კომპაქტურ დისკზე – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული გატეხილი სათვალის ნაწილები, რომელიც ინახება საქართველოს შსს გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში – დაუბრუნდეს ნ-----–ი დ---------ს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე