განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.11.2019
საქმის ნომერი
330310017002226860
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002226860

საქმე №3ბ/2371-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ს----- ბ-------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ----- ს-----------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ლ----- ს-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №-- დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის №-- სხდომის ოქმი (მოსარჩელის ნაწილში); მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უწყებათაშორის კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება 2013 წლის 1 მარტიდან მიუღებელი თანხის ანაზღაურება.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. ს----–--ის სახ. შახტისადმი 1970 წლის 28 დეკემბრის №--- ბრძანებით ლ----- ს-----------ეს დაენიშნა სარჩო მარჩენალი მეუღლის გარდაცვალების გამო. ლ----- ს-----------ის მეუღლემ - გ. ს-----------ემ შახტაში მუშაობისას მიიღო ტრავმა და გარდაიცვალა 1970 წლის 15 აგვისტოს.

 

ტყიბულის რაიონის სასამართლოს 1998 წლის გადაწყვეტილებით, მოპასუხე - სს „ტ------–---–---ს“ დაეკისრა მოპასუხე - ლ----- ს-----------ის სასარგებლოდ 1994 წლის 1 იანვრიდან 1998 წლის 1 იანვრამდე ერთდროულად - 776 ლარის, ხოლო 1998 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად 20 ლარის ანაზღაურება მდგომარეობის შეცვლამდე (ს.ფ. 17-18; 22-24).

 

1.2.2. 2007 წლის 23 თებერვალს, სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სარჩელით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ლ----- ს-----------ის და სს „ტ------–---–---ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე უსაფუძვლოდ გაცემული თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის №2/63 გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; უარი ეთქვა მოსარჩელე სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოპასუხე ლ----- ს-----------ის მიმართ სარჩოს დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მარჩენალის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურების სახით სარჩოს დანიშვნის შესახებ.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 სექტემბრის №2/ბ-805-07 განჩინებით უცვლელად დარჩა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლის №ას-850-1163-07 განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 სექტემბრის განჩინებაზე (ს.ფ. 26-39).

 

1.2.3. 2017 წლის 13 ივლისს, ხოლო განმეორებით 2017 წლის 3 ოქტომბერს ლ----- ს-----------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, დახმარების დანიშვნისა და აუნაზღაურებელი დახმარების გაცემის მოთხოვნით.

 

„შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №-- დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის №-- სხდომის ოქმით, ლ----- ს-----------ეს (პ/ნ: 4----------) უარი ეთქვა დახმარების დანიშვნაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №-- დადგენილების შესაბამისად, რადგან მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და კომისიის ხელთ არსებული მასალები არ აკმაყოფილებდა დახმარების დანიშვნის პირობებს (ვერ სრულდებოდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №-- დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული პირობები).

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 ნოემბრის №0------- წერილით ლ----- ს-----------ის წარმომადგენელს 2017 წლის 13 ივლისის და 3 ოქტომბრის განცხადებებთან დაკავშირებით ეცნობა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების (ოქმის) თაობაზე (ს.ფ. 42, 80-84, 111-112, 114).

 

1.2.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 დეკემბრის №-------- წერილით დგინდება, რომ ლ----- ს-----------ეს (პ/ნ: 4----------) უფიქსირდება „ს-----–---ის“ დეპარტამენტის შახტებში, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენალის დაკარგვის გამო ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩო“ - 160,75 ლარი (ს.ფ. 225).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №-- დადგენილებით დამტკიცდა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების მიმღებ პირთა წრეს, დახმარების ოდენობებს, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს დახმარების ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ამავე წესის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დახმარება არის პირის ფულადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით.

 

აღნიშნული „წესის“ მე-3 მუხლის თანახმად, დახმარების ადმინისტრირების ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომლის უფლება-მოვალეობებია: ა) დახმარების გაცემის ორგანიზება; ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს); გ) დახმარების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირება.

 

ამავე წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ბენეფიციარის (საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ამ წესის შესაბამისად დანიშნული აქვს დახმარება - აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი) უფლება-მოვალეობები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბენეფიციარს უფლება აქვს: ა) მიიღოს დახმარება ამ წესით დადგენილი პირობებით; ბ) დამატებით მიიღოს სხვა არაფულადი სარგებელი ან/და სხვა ფულადი გასაცემლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბენეფიციარი ვალდებულია: ა) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს დახმარების გაცემის შეწყვეტა; ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ დახმარების მიმღებ პირთა წრეს, ოდენობებს და დაფინანსების წყაროს განმარტავს ზემოაღნიშნული წესის მე-5 მუხლი. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება; ბ) სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება. ამავე მუხლის მე-22 პუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება ასევე დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „ს-----–---ის“ დეპარტამენტის შახტებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე.

 

სასამართლოს განმარტებით, დავის არსებითი გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე დახმარების მიღების უფლების მქონე პირს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს----–--ის სახ. შახტისადმი 1970 წლის 28 დეკემბრის №--- ბრძანებით ლ----- ს-----------ეს დაენიშნა სარჩო მარჩენალი მეუღლის გარდაცვალების გამო. ლ----- ს-----------ის მეუღლემ - გ. ს-----------ემ შახტაში მუშაობისას მიიღო ტრავმა და გარდაიცვალა 1970 წლის 15 აგვისტოს. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ტყიბულის რაიონის სასამართლოს 1998 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხე სს „ტ------–---–---ს“ დაეკისრა მოპასუხე ლ----- ს-----------ის სასარგებლოდ 1994 წლის 1 იანვრიდან 1998 წლის 1 იანვრამდე ერთდროულად 776 ლარის, ხოლო 1998 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად 20 ლარის ანაზღაურება, მდგომარეობის შეცვლამდე. 2007 წლის 23 თებერვალს, სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სარჩელით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების: ლ----- ს-----------ის და სს „ტ------–---–---ის“ წინააღმდეგ, სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და უსაფუძვლოდ გაცემული თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების მოთხოვნით. ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის №2/63 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; უარი ეთქვა მოსარჩელე - სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოპასუხე - ლ----- ს-----------ის მიმართ სარჩოს დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მარჩენალის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურების სახით სარჩოს დანიშვნის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №-- დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესით“ გათვალისწინებულ ბენეფიციარს, რომელიც უფლებამოსილი იყო ისარგებლა დახმარების მიღების უფლებით ამავე წესის მე-5 მუხლის მე-22 პუნქტის შესაბამისად. კერძოდ, მას დანიშნული ჰქონდა მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩო და სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების კანონიერება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არის დადგენილი.

 

1.3.2. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №-- დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის №-- სხდომის ოქმი უკანონოა გასაჩივრებულ ნაწილში და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

1.3.3. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ასევე მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უწყებათაშორისი კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოხდება 2013 წლის 1 მარტიდან მიუღებელი თანხის ანაზღაურება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უკანონოდ იქნა ცნობილი „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №-- დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის №-- სხდომის ოქმი, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის 1 მარტიდან გაუცემელი სოციალური დახმარების ანაზღაურება. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უწყებათაშორის კომისიას უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება 2013 წლის 1 მარტიდან მიუღებელი თანხის ანაზღაურება.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” N45 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი ყოველთვიური დახმარება შეიძლება დაენიშნოს: 1) საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება; ბ) სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება; 2) ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება სს „ჭ-----------------ში” ან „ს-----–---ის“ დეპარტამენტში მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის 2 2. პუნქტის თანახმად, დახმარება შეიძლება ასევე დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „ს-----–---ის“ დეპარტამენტის შახტებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილების საფუძველზე.

 

აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და კომისიის ხელთ არსებული მასალები არ აკმაყოფილებდა დახმარების დანიშვნის პირობებს. „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. N45 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადებას ყველა საჭირო დოკუმენტებით იხილავს და გადაწყვეტილებას დახმარების დანიშვნის/არ დანიშვნის თაობაზე იღებს უწყებათაშორისი კომისია. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და მაძიებელი აკმაყოფილებს დახმარების დანიშვნის პირობებს, მიიღება გადაწყვეტილება დახმარების დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში, მიიღება გადაწყვეტილება დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე. დახმარება ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, დახმარების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე. შესაბამისად, სააგენტოს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, განეხილა საკითხი, რომელიც შეეხება 2008 (04/09-14500 2008 წლის 1/07/2008 წერილი) წლიდან 2017 წლამდე გასაცემლის (სარჩოს) ანაზღურების მოთხოვნას და აღნიშნულზე, 129.2 მუხლის შესაბამისად, უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ვადა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან.

 

აპელანტის განმარტებით, ადრე მოქმედი საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილების 1.4 მუხლის შესაბამისად, 2007 წლის პირველი მარტის შემდეგ არ შეიძლებოდა დაწესებულიყო ახალი გასაცემლები „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულების იმ დებულებების საფუძველზე, რომლებიც არეგულირებდნენ უფლებამონაცვლის არარსებობის პირობებში გასაცემლების დანიშვნის საფუძვლებს, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობდა თუ არა ამ საკითხზე სამართალწარმოება სასამართლოებში. ლ. ს-----------ეს არ შეწყვეტია დახმარება, ამასთანავე, დახმარება არ დანიშნულა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილების საფუძველზე. ამდენად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

3.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №-- დადგენილებით დამტკიცებულ “შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესზე”. აღნიშნული „წესის“ მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი უფლებამოსილებაა დახმარების გაცემის ორგანიზება. ამავე „წესის“ 5.22 მუხლის თანახმად, ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „ს-----–---ის“ დეპარტამენტის შახტებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს----–--ის სახ. შახტის უფროსის 28.12.1970წ. №--- ბრძანებით ლ----- ს-----------ეს დაენიშნა სარჩო, მარჩენალი მეუღლის - გ. ს-----------ის მიერ შახტაში მუშაობისას მიღებული ტრავმით 15.08.1970წ. გარდაცვალების გამო. ასევე დადგენილია, რომ ტყიბულის რაიონის სასამართლოს 1998 წლის გადაწყვეტილებით, სს „ტ------–---–---ს“ ლ----- ს-----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 1994 წლის 1 იანვრიდან 1998 წლის 1 იანვრამდე ერთდროულად 776 ლარის, ხოლო 1998 წლის 1 იანვრიდან - ყოველთვიურად 20 ლარის ანაზღაურება, მდგომარეობის შეცვლამდე. 23.02.2007წ. სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სარჩელით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების: ლ----- ს-----------ის და სს „ტ------–---–---ის“ მიმართ, სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და უსაფუძვლოდ გაცემული თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების მოთხოვნით. ტყიბულის რაიონული სასამართლოს 25.04.2007წ. №2/63 გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

სააპელაციო პალატა, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 01.03.2013წ. №-- დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესით“ გათვალისწინებულ ბენეფიციარს, რომელიც უფლებამოსილი იყო, ესარგებლა დახმარების მიღების უფლებით, „წესის“ 5.22 მუხლის შესაბამისად, კერძოდ, მას დანიშნული ჰქონდა სარჩო მარჩენალის გარდაცვალების გამო. ამასთანავე, სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების კანონიერება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არის დადგენილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ გასაჩივრებული 01.11.2017წ. N30 საოქმო გადაწყვეტილება უკანონოა მოსარჩელის ნაწილში და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

3.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ნაწილში უკანონოდ იქნა ცნობილი დახმარების დანიშვნაზე უარის შესახებ უწყებათაშორისი კომისიის 01.11.2017წ. №-- სხდომის ოქმი, კანონიერია მოთხოვნა, 2013 წლის 1 მარტიდან გაუცემელი სოციალური დახმარების მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების თაობაზე. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უწყებათაშორის კომისიას უნდა დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეს აუნაზღაურდება 2013 წლის 1 მარტიდან მიუღებელი თანხა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ნანა ჭიჭილეიშვილი