განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
330100119002902626
ინსტანცია
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002902626

საქმე № 1ბ/1649 -19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანმა

 

მსჯავრდებულ ბ----- წ---–-----ის და თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ა------–------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ბ----- წ---–-----ის (დაბადებულის 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის, პ--------------, ნასამართლევის, მცხოვრების: ქ-------–---------------------–--------ში) მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ----- წ---–-----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 11 თებერვალს, ქ-------–--–-------------------–---–-----------------ის მიმდებარედ, ზ------ მიმართულებით ფეხით გადაადგილებისას, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბ----- წ---–-----მა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - თ----- კ-------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თმაში სწვდა, ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე თმით ათრია და ხელ-ფეხი ურტყა. ბ----- წ---–-----ის ძალადობრივ ქმედებათა შედეგად, თ----- კ-------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, ბ----- წ---–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ ბ----- წ---–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2019 წლის 11 თებერვლიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ----- წ---–-----მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

მსჯავრდებული ბ----- წ---–-----ი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არ მოხდა სრულყოფილი გამოძიების ჩატრება, ვიდეოჩანაწერების მოპოვება, რომლითაც დამტკიცდებოდა მისი უდანაშაულობა. მეუღლესთან ჰქონდა სიტყვიერი კონფლიქტი. დაზარალებულმა თ---------–---- მოუწყო პროვოკაცია, ასფალტზე დაიწყო გორაობა და დაისვარა ტანსაცმელი. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენება არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მას არასდროს არ უძალადია ქალზე და არც მეუღლის მიმართ არ განუხორციელებია ძალადობა. მოწმის სახით არ დაკითხულან არც თავისი და არც მეუღლის მეზობლები. 6 ივნისს დაიკითხნენ მოწმეები - ნ-------------–---–-------------------------, რომლებმაც განაცხადეს, რომ ზოგადად არ ახსოვთ, მაგრამ დაზარალებულს ჰქონდა უმნიშვნელო დაზიანება. მის შეკითხვებზე სხვა მოწმეებიც აცხადებდნენ, რომ დაზარალებულს უნდა ჰქონდა დაზიანებები. მისი მხრიდან ძალადობის შემთხვევაში, დარტმებისგან დაზარალებული მიიღებდა ტვინის შერყევას, ან მეხსიერების დაკარგვას. სასმართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება, რომ დაზარალებულს ჰქონდა უმნიშვნელო დაზიანება, რასაც ის ვერ მიაყენებდა, რადგან მის მიმართ ძალა არ გამოუყენებია. ექსპერტიზის დასკვანა გადაეცა 22 მაისს, დაგვიანების მიზეზი მისთვის არ განუმარტავთ. სასამართლოში დაიკითხა მისი მეუღლე, რომლის ჩვენება ეწინააღმდეგება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. გამოძიება არ ჩატარდა სრულყოფილად, სასამართლომაც მის მიმართ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი საქმის გარემოებები, არასწორად იქნა შეფასებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

განაჩენი ასევე გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მოითხოვა მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის - სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, დანაშაულის მომეტებული საფრთხე. ბ----- წ---–-----მა არად ჩააგდო საჯარო ადგილი, ის რომ ძალადობა ხდებოდა ქუჩაში და შეიძლება სხვებსაც შეემჩნიათ. ასეც მოხდა და რომ არა იქვე მყოფი- ზ------------- და ე-–------------–---–ი, რომლებმაც გააშველეს ისინი და გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, არავინ იცის რა შედეგით დასრულდებოდა ბ----- წ---–-----ის მიერ განხორცილებული ძალადობა დაზარალებულისთვის. მნიშვნელოვანია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია თ----- კ-------–--ესთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ. საქმეში არსებული არაერთი პირდაპირი მოწმის ჩვენებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბ----- წ---–-----ის მიერ განხორცილებული ქმედება იყო მაღალი საფრთხის შემცველი და ამასთან ერთად მისი პიროვნებისა და წარსულის გათვალისწინებით, არსებობს დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების საშიშროება. ის გარემოებები, რომ მსჯავრდებული არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის (წარსულში არაერთხელ იყო გასამართლებული განზრახი დანაშულისათვის), მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა საჯარო ადგილას, რა დროსაც მსჯავრდებული იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, მისი მხრიდან დაზარლებულის მიმართ განხორციელბული ძალადობის ინტესივობა, ხაზს უსვამს მსჯავრდებულის საზოგადოებრივ საშიშროებას და მის უარყოფით დამოკიდებულებას მართლწესრიგისადმი. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმდებს იმდაგვარად, რომ განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა ბ----- წ---–-----მა წარმოადგინა განცხადება, რომლის თანახმად, ის არ ეთანხმება პროკურორს და მიაჩნია, რომ მას ბრალი წაუყენეს მასში, რაც არ ჩაუდენია. იგი გამოიყვანეს მოძალადედ, სადისტად და საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებად. პროკურორის ბრალდებას მიიჩნევს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად, რათა თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მიმართოს უკანასკნელ ზომებსაც კი.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ბ----- წ---–-----ისა და პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივარები, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ბ----- წ---–-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბ----- წ---–-----ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატის მიერ მსჯავრდებულ ბ----- წ---–-----ის განმარტება მისი უდანაშაულების თაობაზე, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი:

 

დაზარალებულ თ----- კ-------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბ----- წ---–-----თან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა შემთხვევამდე დაახლოებით ორი თვის მანძილზე. 2019 წლის 10 თებერვალს მეუღლესთან და მაზლთან, ნ-------- წ---–-----თან ერთად იყო სტუმრად, სადაც ბ----- წ---–-----მა მიიღო ალკოჰოლური სასმელი და მთვრალს ჩაეძინა. რადგან მაზლს სახლში წასვლა აგვიანდებოდა, მეუღლე გააღვიძა, რის გამოც ამ უკანასკნელმა ლანძღვა-გინება დაუწყო. ვინაიდან იყო გვიანი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მოძრაობდა, ის, ბ-----ი და ნ-------- წ---–-----ი გ-------–---–-ს გამზირს ზ------ მიმართულებით ფეხით გაუყვნენ. გზაში ბ-----ი კვლავ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ნ-------- წ---–-----ი ბ-----ს ამშვიდებდა. როცა ნ--------ი მათ ჩამორჩა, ბ-----ს სთხოვა, ნ--------ს გაჰყოლოდნენ, რადგან სახლამდე შორი მანძილი ჰქონდათ გასავლელი და სამგზავროდ თანხაც არ ჰქონდათ. ამის გაგონებაზე ბ-----ი უფრო აგრესიული გახდა, ჯერ ტყავის ქურთუკი მოუქნია და დაარტყა, რომელიც ხელში ეჭირა, შემდეგ კი თმაში სწვდა, ძირს დააგდო, მუშტების დარტყმა დაუწყო და რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე ტროტუარზე თმით ათრია. როცა მოახერხა და ბ-----ს ხელიდან გაუსხლტა, გზის მეორე მხარეს გადაირბინა, რა დროსაც ბ-----ი ბენზინგასამართ სადგურთან დაეწია და კვლავ ხელები ურტყა. ბ----- წ---–-----ის ძალადობრივმა ქმედებებმა ფიზიკური ტკივილი მიაყენა. ამ დროს მასთან უცნობი გოგონა მივიდა და დახმარება შესთავაზა, მანვე დარეკა საპატრულო პოლიციაში. ზემოაღნიშნული გოგონას გარდა, ხსენებულ ინციდენტს მისი თანმხლები ახალგაზრდა მამაკაციც შეესწრო, რომელიც, მათი გაშველების მიზნით, ბ-----თან მივიდა. ადგილზე გამოცხადებულმა პატრულ-ინსპექტორებმა დააკავეს ბ----- წ---–-----ი, თავად კი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, რადგან მიღებული დარტყმების გამო მუცლის ტკივილს და თავბრუსხვევას უჩიოდა.

მოწმე ე-–------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 თებერვალს, ღამის საათებში, მეგობარ ზ------------სთან ერთად იმყოფებოდა ქ------–--–-----------–---–-------------- არსებულ სკვერში, რა დროსაც მათი ყურადღება მიიპყრო გოგონას ყვირილმა, რომელიც შველას ითხოვდა. ხმის მიმართულებით რომ გაიხედეს, სკვერის გვერდით დაინახეს ბ----- წ---–-----ი, რომელსაც თმებში ჰქონდა ჩავლებული ხელი წაქცეული გოგონასთვის და მიათრევდა. გარკვეულ მანძილზე გოგონას თრევის შემდეგ, მამაკაცმა წაქცეულს ფეხი გადააბიჯა, თავზე დაადგა და ხელებითა და ფეხებით სცემა. გოგონამ ფეხზე წამოდგომა მოახერხა და ბენზინგასამართი სადგურისაკენ გაიქცა. მამაკაცი მას გაეკიდა, უყვიროდა, აგინებდა და ურტყამდა. ვინაიდან მამაკაცი თავს არ ანებებდა გოგონას, მოწმემ ჯერ საპატრულო პოლიციაში დარეკა და დახმარება ითხოვა, შემდეგ კი მეგობართან ერთად უცნობებთან მივიდა, რა დროსაც მამაკაცმა თავი დაანება გოგონას და მათთან თავის მართლება დაიწყო. გოგონა ტიროდა, სახეზე სიწითლე ეტყობოდა, თმა-გაწეწილი, ტანსაცმელი კი, ძირს თრევის შედეგად, დასვრილი ჰქონდა. მომხდარის შესახებ ჯერ ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უამბეს, მოგვიანებით კი პოლიციის განყოფილებაში მისცეს ჩვენება.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ზ-------------მ, რომელმაც დაკითხვისას, ფაქტობრივად, დაადასტურა ე-–------------–---–ის ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების სიზუსტე.

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების - ი------–-----ის და გ---------------ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდნენ სამსახურში და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ქ-------–--–-----------–---–-----------------თან მიმდინარე ძალადობის ფაქტის შესახებ. მისვლისას ადგილზე დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბ----- წ---–-----ი და შეშინებული და ატირებული თ----- კ-------–--ე. თ----- კ-------–--ემ განაცხადა, რომ მეუღლემ, ბ----- წ---–-----მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თმით ათრია, წაქცეული ხელებითა და ფეხებით სცემა და რომ არა გამვლელების, უცნობი გოგონას და ბიჭის ჩარევა, ძალადობა უფრო სავალალო შედეგით დასრულდებოდა. დაზარალებულს გარეგნულადაც ეტყობოდა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო, სახე - აწითლებული, თმა - აჩეჩილი, ტანსაცმელი კი დასვრილი ჰქონდა. ადგილზევე მოხდა გამოძიების ინიციატორ გოგონასთან და მის თანმხლებ ბიჭთან გასაუბრება, მათ დაადასტურეს ბ----- წ---–-----ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი, რომელსაც თავად შეესწრნენ. ბ----- წ---–-----ი ადგილზევე იქნა დაკავებული ბრალდებულის სახით, თ----- კ-------–--ისთვის დახმარების გასაწევად კი გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

სსიპ ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმის, მ-----------------ის, მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ გამოძახების საფუძველზე, ქ-------–--–-----------–---–--------------თან გამოცხადებისას ადგილზე დახვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და თ----- კ-------–--ე, რომელმაც განაცხადა, რომ რამდენიმე წუთის წინ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ათრია თმით. დაზარალებული უჩიოდა მუცლისა და თავის ტკივილს, რის გამოც მას ადგილზევე გაეწია შესაბამისი დახმარება, შემდეგ კი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ თ----- კ-------–--ეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე - ზემო მესამედში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. აღნიშნული დაზიანება განვითარებული იყო რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს -11.02.2019წ.

ამავე დასკვნის თანახმად, შესამოწმებელი პირი ექსპერტის მიერ დაფიქსირებულ, ზემოაღნიშნულ დაზიანებას უკავშირებდა მეუღლის მიერ მისი ცემის ფაქტს.

პირველი ინსტანციის სასმართლო სხდომაზე ბ----- წ---–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და ითხოვა გამართლება.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ბ----- წ---–-----ის სააპელაციო საჩივარში მითითებულ პოზიციას, რომ საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დაზარალებულმა და მოწმეებზე სასამართლოზე მისცეს არასწორი ჩვენება, ვინაიდან მათი ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც საკმარისი იქნებოდა მათი ჩვენებების გაუზიარებლობისთვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

დაზარალებული თ----- კ-------–--ე პირდაპირ ამხელს მეუღლეს, ბ----- წ---–-----ს მის მიმართ ძალადობაში, რაც, ძირითადში, თმით მის თრევასა და ცემაში გამოიხატა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის ჩვენება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე უტყუარად დასტურდება გარეშე პირების, მოწმეების - ე-–------------–---–ის და ზ-------------ს ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც, ისინი უშუალოდ შეესწრნენ ინციდენტს და მისი სიმწვავიდან გამომდინარე, დაზარალებულის დასახმარებლად, საპატრულო პოლიციისთვის ფაქტის შეტყობინების გადაწყვეტილება მიიღეს. დაზარალებული თ----- კ-------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი დგინდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, ინციდენტიდან მეორე დღეს თ----- კ-------–--ეს მარჯვენა მხარზე აღენიშნებოდა დაზიანება და იგი ხანდაზმულობით შეესაბამებოდა შემთხვევის თარიღს; ასევე, - შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმის ჩვენებებით, რომლებიც ინციდენტის შესახებ დაზარალებულისა და შემთხვევის თვითმხილველ მოწმეთა მიერ გაცხადებული ფაქტების გარდა, ასევე შეიცავს ინფორმაციას თ----- კ-------–--ის მდგომარეობის (ფსიქო-ემოციური და ვიზუალური) შესახებ, რომელიც, პალატის შეფასებით, ცალსახად მიუთითებდა მცირე ხნით ადრე მასზე განხორციელებულ ძალადობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია პირდაპირი მოწმის, დაზარალებულ თ----- კ-------–--ის ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს, ქ-------–--–-------------------–---–-----------------ის მიმდებარედ, ზ------ მიმართულებით ფეხით გადაადგილებისას, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბ----- წ---–-----მა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სააპელაციო პალატას დაზრალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ ბ----- წ---–-----ის მსჯავრდების მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ასევე პირდაპირი მტკიცებულებები, მოწმეების -ზ-------------ს და ე-–------------–---–ის ჩვენებები, რომლებიც ინციდენტის შემთხვევითი თვითმხილველები და დაზარალებულისა და მსჯავრდებულისათვის უცნობი პირები არიან, რაც თავისთავად ზრდის მათი, როგორც ინფორმაციის პირველწყაროს, სანდოობის ხარისხს, რადგან რაიმე მოტივს ბ----- წ---–-----ისათვის დაებრალებინათ დანაშაული, გამორიცხავს. სისხლის სამართლის საქმეში ასევე წარმოდგენილია მოწმეთა -ი------–-----ის, გ---------------ის, მ-----------------ის ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებეულებები, რაც აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან საქმეში მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულება. ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. დაცვის მხარეს, მსჯავრდებულ ბ----- წ---–-----ს, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების თანახმად, თავად ჰქონდა უფლება მოეპოვებინა მტკიცებულებები, ეს იქნება მოწმეთა დაკითხვა, თუ სხვა მტკიცებულები, რომლის გამოკვლევა სურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ან ახალი მტკიცებულება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დაცვის მხარის პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო, წარმოედგინა სააპელაციო სასამართლოში. დაცვის მხარის მიერ ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. სამართალწარმოების პროცესის შეჯიბრებითობიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ თუ რომელ მტკიცებულებას წარადგენენ სასამართლოში და რომელს არა და ამ მხრივ მათ კანონმდებლობა რაიმე შეზღუდვას არ უწესებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოსაზრებას, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა მოეპოვებინა ბრალდების მხარეს.

 

სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის განმარტება, იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ სამართალწარმოების პროცესში არასწორად შეფასებულმა მტკიცებულებებმა გამოიწვია მისი დამნაშავედ ცნობა, ვერ იქნება გაზიარებული. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ბ----- წ---–-----ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ, ასევე საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ-ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთიმეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს, რომ ბ----- წ---–-----მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი ბ----- წ---–-----ის მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა საფუძველი გახდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბ----- წ---–-----ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატას არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე და მიაჩნია, რომ ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორის ა------–------ის სააპელაციო საჩივარი და განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს სასჯელის ნაწილშიც, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით. კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

პალატა მსჯავრდებულ ბ----- წ---–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვიებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

პალატა მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ბ----- წ---–-----მა დაზარალებულის მიმართ განხორციელა ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა,სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ბ----- წ---–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების, წარსულის, მის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული, იძლევა საფუძველს, ვარაუდისთვის რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას, ვინაიდან მიუხედავად მსჯავრდებული ბ----- წ---–-----ის პიროვნული მახსიათებლებისა, იგი წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი ძალადობრივი ან ოჯახური დანაშაულისათვის.

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ის რომ ბ----- წ---–-----ი იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის (წარსულში არაერთხელ იყო გასამართლებული განზრახი დანაშულისათვის), მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა საჯარო ადგილას, რა დროსაც მსჯავრდებული იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, მისი მხრიდან დაზარლებულის მიმართ განხორციელბული ძალადობის ინტესივობა, ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ----- წ---–-----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ასევე დაცულია საქართველოს სსკ-ის 17-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სსკ-ის 58 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ----- წ---–-----ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ბ----- წ---–-----ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ა------–------ის და მსჯავრდებულ ბ----- წ---–-----ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ----- წ---–-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ა------–------ის და მსჯავრდებულ ბ----- წ---–-----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ბ----- წ---–-----ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

ბ----- წ---–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ბ----- წ---–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 თებერვლიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი