განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100118002518871
საქმე №1/ბ-688-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--- მ-----–-ს ასული ბ--------–ის მიმართ დაბადებული: 198- წლის 22 ი------ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული გ---–-----ში, სოფელი ბ---–--–თა, ფაქტობრივად მცხოვრები: სამტრედია, დაბა კ---–-ში, რ-------–--ის ქ. N5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
მ--- ბ--------–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 08:00 საათზე, მ--- ბ--------–მა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: სამტრედიის რაიონი, დაბა კ---–-ში, რ-------–--ის ქუჩა N5-ში ფიზიკურად იძალადა დედაზე - მ----- ჭ-------ე, კერძოდ ორივე ხელი მოუჭირა კისრის არეში და ასევე გადაუგრიხა მარცხენა ხელის მტევანი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენით მ--- ბ--------–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ--- ბ--------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გამართლებულ მ--- ბ--------–ს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ მ--–--- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მ--- ბ--------–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითად განხილვისას დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მახარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდებამ მ--- ბ--------–ის ბრალდების სს საქმეზე დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვის მიღმა სტანდარტის შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ, მოწმე გ-----------–---–----–------------------------------–--–---- გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რითაც არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ მ--- ბ--------–ის ახლო ნათესავმა კერძოდ, დედამ - დაზარალებულმა მ----- ჭ-----მ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
მოწმის სახით დაკითხული გ--- მ------–---–ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში. 2018 წლის 20 მაისს მ----- ჭ-----სგან შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რომელიც მიუთითებდა, რომ მის მიმართ იძალადა მისმა ქალიშვილმა და მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. მოცემულ საქმეზე გამოკითხულ იქნა მ----- ჭ-----, რომელმაც განმარტა, რომ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკებისას მარცხენა ხელის მტევნის გადაგრეხვით და ასევე ყელში ხელის მოჭერით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება მისმა ქალიშვილმა მ--- ბ--------–მა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აგრეთვე აღნიშნულზე მის მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზა, მისივე თანხმობითა და მონაწილეობით ჩატარებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა საწოლზე, სადაც მოხდა მისი ცემა, აგრეთვე მის მიერ მ--- ბ--------–ის მიმართ წარდგენილი იქნა ბრალი.
2018 წლის 31 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით ექსპერტიზაზე წარმოდგენილია შპს „ჯ-------------–ს“-ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საიდანაც ირკვევა: მოქ. მ----- ჭ-----მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 20.05.2018 წელს 08:40 საათზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 12:00 საათზე. ჰქონდა ჩივილები: ტკივილი მარჯვენა მტევნის მე-3, 4 თითების არეში და წვის შეგრძნება. არის ოჯახის წევრების მიერ ნაცემი. სახის არეში აღენიშნება სისხლნაჟღენთები. აღენიშნებოდა ერთი თითის ძირითადი ფალანგის თავის ხანდაზმული კონსოლიდირებული მოტეხილობა. უჩიოდა ტკივილს მარცხენა ხელის მიდამოში. მარცხნივ და მარჯვნივ ყვრიმალისა და ლოყის არეში, ნიკაპის წინა ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი სხვადასხვა ზომისა და ფორმის მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევები მაქსიმალური ზომით: 4.5X0.5სმ და მინიმალური ზომით: 0.5X0.3სმ, მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 3.0X2.0სმ. ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე მ----- ჭ-----ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვეთრი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით მ--- ბ--------–ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა მ----- ჭ-----მ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ--- ბ--------–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის. რაც შეეხება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ საკითხს, რომ მ----- ჭ-----ს აღენიშნებოდა დაზიანებები, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება მ----- ჭ-----ს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, მ--- ბ--------–ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით მ--- ბ--------–ის მსჯავრდება, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ--- ბ--------–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ--- ბ--------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გამართლებულ მ--- ბ--------–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მაკა გორგოძე