განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100118002533485
საქმე №1/ბ-698-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ გ------ მ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო----- რ-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------ მ----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), არასრული საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ----–-----------–---–--------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------ მ----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 06 ივნისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ--–------–-----------–---–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------ მ----ეს ყოფით საკითხზე კონფლიქტი მოუვიდა დედასთან _ ვ----–---- მ----ესთან, რა დროსაც კონფლიქტის განმუხტვის მიზნით მას სიმშვიდისკენ მოუწოდა ამავე სახლში მცხოვრებმა მისი ძმის ცოლმა ი----------მ. აღნიშნულით განაწყენებულმა გ------ მ----ემ სახეში ხელის დარტყმის გზით ძალადობა განახორციელა ი----------ზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზემოაღნიშნულის გამო გ------ მ----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენით:
გ------ მ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, გ------ მ----ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ გ------ მ----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 08 ივნისიდან 2018 წლის 18 ივნისის ჩათვლით.
გ------ მ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა _ 2000 (ორი ათასი) ლარი, რომელიც შეტანილია საქართველოს ბანკში აღსრულების ეროვნული ბიუროს №G--------------------- ანგარიშზე, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს _ მ--- მ-----–--ს (პ/ნ 3----------).
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------ მ----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო----- რ-----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გ------ მ----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------ მ----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
აპელანტის მითითებით, საქმეში არსებობს მხოლოდ დაზარალებულ ი----------ს ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ, თითქოს, გ------ მ----ემ მას დაარტყა ხელი. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ძალადობის ჩადენას, საქმეში არ მოიპოვება. სასამართლოში დაკითხულ არცერთ მოწმეს არ დაუდასტურებია გ------ მ----ის მიერ ი----------სათვის ხელის დარტყმის ფაქტი. საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა კი წარმოადგენს გ------ მ----ის უდანაშაულობის დამადასტურებულ მტკიცებულებას, ვინაიდან, აღნიშნული დასკვნის თანახმად, ი----------ს სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ------ მ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო----- რ-----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში გაკეთებულ დასკვნებს გ------ მ----ის ბრალეულობის თაობაზე, რადგან აღნიშნული დასკვნები არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს, რომლებიც დაცული უნდა იყოს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას და მისი დამნაშავედ ცნობისას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა გ------ მ----ის მიერ ი----------ს მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი, კერძოდ:
დაზარალებულ ი----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ------ მ----ე არის მისი მაზლი. სახლი, რომელშიც ის ცხოვრობს ორ სართულიანია და გაყოფილია ორ ნაწილად. პირველ სართულზე ცხოვრობს თვითონ დედამთილთან _ ვ----–---- მ----ესთან, მეუღლესთან _ მ--–---- მ----ესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ხოლო მეორე სართულზე ცხოვრობს გ------ მ----ე მეუღლესთან _ მ--- მ-----–--სთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად. 2018 წლის 06 ივნისს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ეზოდან მოესმა, რომ გ------ მ----ე ეკამათებოდა დედამისს, ვ----–---- მ----ეს წიწილების თაობაზე. როდესაც გ------ სახლში შევიდა, უთხრა, რომ თავი დაენებებინა ვ----–----სთვის, რადგან წნევა ჰქონდა და შეუძლოდ იყო. ამის გამო გ------ მ----ე განაწყენდა და სახის არეში დაარტყა ხელი, რაც ეტკინა და ტირილი დაიწყო. ამ დროს მისი დედამთილი ვ----–---- მ----ე გარეთ იმყოფებოდა. იგი ხმაურზე შევიდა ოთახში და გ------ს უსაყვედურა _ რატომ დაარტყიო. შემდეგ სახლში შევიდა გ------ს მეუღლე მ--- მ-----–--, რომელმაც მოჰკიდა მას ხელი და გარეთ გაიყვანა. დაზარალებულ ი----------ს განმარტებით, გ------ მ----ის მიერ მისთვის ხელის დარტყმის მომენტი არავის დაუნახავს.
მოწმე ვ----–---- მ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ქ----–------------–---–---------–-, შვილებთან _ მ--–---- და გ------ მ----ეებთან, რძლებთან და შვილიშვილებთან ერთად. 2018 წლის 06 ივნისს მას და მის შვილს, გ------ მ----ეს შელაპარაკება მოუვიდათ წიწილების თაობაზე. მისმა რძალმა, ი----------მ უთხრა გ------ს _ გაჩუმდი, თავი დაანებე დედაშენს, წნევა აქვს, რის გამოც ისინი შეეკამათდნენ. ამ დროს თვითონ გარეთ იყო და ესმოდა, რომ გ------------- ჩხუბობდნენ, უყვიროდნენ ერთმანეთს. შემდეგ ი-- უთხრა, რომ გ------ს ხელი დაურტყამს მისთვის. როდესაც სახლში შევიდა, ნახა, რომ იგი ტიროდა და სახეზე ოდნავ სიწითლე ეტყობოდა. ამ დროს გ------ს ცოლიც შევიდა სახლში და გარეთ გაიყვანა თავისი ქმარი. მოწმე ვ----–---- მ----ის განმარტებით, მას გ------ მ----ის მიერ ი----------სთვის ხელის დარტყმის მომენტი პირადად არ დაუნახავს.
მოწმე გ------------------ ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შ-------------------–-------------–--–- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 06 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, როდესაც 112-ის სამსახურიდან შევიდა შეტყობინება ქ----–-----------–---–--------–- ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას დახვდათ გ------ მ----ე მეუღლესთან _ მ--- მ-----–--სთან ერთად, იქვე იმყოფებოდნენ გ------ მ----ის დედა ვ----–---- მ----ე და რძალი ი----------. ამ უკანასკნელის განმარტებით, მას სიტყვიერი შელაპარაკებისას თავისმა მაზლმა, გ------ მ----ემ სახის არეში დაარტყა ხელი. იგი ხელს იკიდებდა სახეზე და ამბობდა, რომ განიცდიდა ტკივილს. აღნიშნულის გამო მის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი გ------ მ----ის მიმართ, რომელსაც ასევე ჩამოერთვა ორ ლულიანი სანადირო თოფი.
იგივე გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა შ-------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ვ----–-- ჭ-------მ და დ----- ა------ემ.
თავად ბრალდებულმა გ------ მ----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია და ი----------სთვის ხელი არ დაურტყამს. ეს უკანასკნელი დაინტერესებული იყო მისი დასჯით, რადგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ სანამ მის ძმას ცოლად გაჰყვებოდა, ი----------ს ჰყოლია შვილი, რაც დაუმალა მეუღლეს, ხოლო როდესაც მისმა ძმამ გაიგო ამის შესახებ, ი----------მ უთხრა, რომ ამას არ აპატიებდა და აღნიშნული ძალადობის ფაქტიც მის მიერ იქნა ინსცენირებული.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების ბარათი №62-ის ასლი) მონაცემებისა, მოქ. ი----------ს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია 2018 წლის 06 ივნისს, რა დროსაც დაესვა დიაგნოზი: ნევროტულობა. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მოქ. ი----------ს სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის. 2018 წლის 07 ივნისს, 03:02-03:10 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქ. ი----------ს სხეულზე გარეგნულად თვალით ხილულ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა გ------ მ----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას დადასტურებულად არ მიიჩნევს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------ მ----ის მიერ დანაშაულის ჩადენას. საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება _ დაზარალებულ ი----------ს ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ 2018 წლის 06 ივნისს გ------ მ----ემ მას ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------ მ----ის მიერ თავისი რძლის _ ი----------ს მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს, სასამართლოში არ წარმოუდგენია, რისი გათვალისწინებითაც, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება საკმარისი არ არის გ------ მ----ის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეების _ ვ----–---- მ----ის, გ------------------, დ----- ა------ის და ვ----–-- ჭ------ის ჩვენებების იმ ნაწილს, რომელშიც ისინი გადმოსცემენ ი----------ს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას გ------ მ----ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი----------ს სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ------ მ----ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო----- რ-----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო გ------ მ----ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.მსჯავრდებულ გ------ მ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო----- რ-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2.გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი გ------ მ----ის მიმართ.
3.გ------ მ----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4.გამართლებულ გ------ მ----ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5.ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ------ მ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტან პირს _ მ--- მ-----–--ს (პ/ნ 3----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა _ 2000 (ორი ათასი) ლარი.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/