განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 130210117002151437
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2193- 18 11 ივნისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტები - ა-–---- ვ--------–---–ი, ი--- ვ--------–---–ი, თ----- ვ--------–---–ი, მ------- ვ--------–---–ი (მოპასუხეები)
წარმომადგენელი - თ------ ტ-–-–--- (ა-–---- ვ--------–---–ის წარმომადგენელი)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „კ------- ბ----“ (მოსარჩელე )
წარმომადგენელი - გ------- ა---–--–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 20.02.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ი---, თ----- და მ------- ვ--------–---–ების მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო ა-–---- ვ--------–---–ისთვის 1800 ლარის დაკისრება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 10 721 ლარი და 35 თეთრი, საიდანაც 8 370.18 ლარი ძირი თანხაა, 1 836.70 ლარი - პროცენტი, 298.30 ლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 155.11 ლარი - პირგასამტეხლო, 61.6 ლარი - საკომისიო.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხე ა-–---- ვ--------–---–მა სარჩელი ცნო 1 955 ლარისა და 11 თეთრის მოთხოვნის ნაწილში, საიდანაც 1800 ლარი თანხის ძირია, 155 ლარი და 11 თეთრი - პირგასამტეხლო (25.01.2018წ. სხდომის ოქმი, 16:38:47 – 16:39:46). მოპასუხის განმარტებით, პროცენტი ზედმეტად გადაახდევინეს, რადგან გადახდის გრაფიკში აღნიშნულია ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 1,45%, გადახდა კი ხდებოდა ხელშეკრულების მიხედვით, სადაც ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთად მითითებულია 2,43% (25.01.2018წ. სხდომის ოქმი, 17:05:05-17:05:20).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 20.02.2018წ. გადაწყვეტილებით:
1. სარჩელი დაკმაყოფილდა:
1.1. ა-–----, ი---, თ----- და მ------- ვ--------–---–ებს სოლიდარულად გადახდათ სააქციო საზოგადოება ,,კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ 10 721 ლარი და 35 თეთრი საიდანაც 8 370 ლარი და 18 თეთრი ძირი თანხაა, 1 836 ლარი და 70 თეთრი - პროცენტი, 298 ლარი და 30 თეთრი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 155 ლარი და 11 თეთრი - ჯარიმა, 61 ლარი და 6 თეთრი - საკომისიო;
3.1. 18.11.2015წ. შპს ,,მ------------------------------–-- კ-------ს“ და ა-–---- ვ--------–---–ს შორის დადებული ხელშეკრულებით, ა-–---- ვ--------–---–მა მიიღო სესხი 15 000 ლარი 36 თვით, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა ყოველთვიურ 2,43%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მსესხებლის მიერ სიცოცხლის დაზღვევა, ასევე - პირგასამტეხლო ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0,27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებიდან მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში, ამასთან, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2%-ის, მაგრამ არანაკლებ 2 ლარის დარიცხვით, ასევე - საკომისიო;
3.2. 2015 წლის 6 ნოემბერს ი---, თ----- და მ------- ვ--------–---–ებთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ა-–---- ვ--------–---–ის დავალიანება, მაშინაც კი, თუ მის მიმართ ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას. ხელშეკრულებით მხარეეებმა ზუსტად განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა - მაქსიმუმი 23 850 ლარი;
3.3. შპს ,,მ-----------------------------–-- კ-------“ გარდაიქმნა სს ,,კ------- ბ----დ“.
3.4. ძირითად მსესხებელს 2017 წლის აგვისტოს შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია.
3.5. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეთა ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მისგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში ა-–---- ვ--------–---–სა და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რითიც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი და 2017 წლის აგვისტოს შემდეგ, თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ა-–---- ვ--------–---–ის და სხვა მოპასუხეებისაგან, რომლებიც თავდებად დაუდგნენ კრედიტორის წინაშე ა-–---- ვ--------–---–ს და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად; მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და აღნიშნა, რომ ის ძირი თანხიდან - 8370,18 ლარიდან გამომდინარეა (2018 წლის 25 იანვრის მოსამზადებელი სხდომის ოქმი: 16:40:05-16:41:30). სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ სარჩელით მოთხოვნილი ძირი თანხის ოდენობა 8370,18 ლარიც ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარეა, მაგრამ ის უნდა შემცირდეს 1 800 ლარამდე, რადგან ამ საქმეზე მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიებით, რაც შემდეგ გაუქმდა, განიცადა ზიანი დაახლოებით 6 000 ლარი - იძულებული გახდა ოქროს ნივთები გაეყიდა, ვეღარ აიღეს ხელფასი, პენსია - 2000 ლარი, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ, ყადაღის მოხსნაში 300 ლარი გადაიხადა (2018 წლის 5 თებერვლის მთავარი სხდომის ოქმი: 15:01:15-15:04:20); აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიური 2,43%, რაც თანხის ყოველი შეტანისას უნდა შემცირებულყო და ბოლოს, დარჩებოდა 1,45% - რაც გადახდის გრაფიკშია აღნიშნული (ს.ფ. 23) ამ გარემოებაზე მიუთითა მოსარჩელის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ გადახდის გრაფიკის მიხედვით, თანხის პირველი შეტანისას პროცენტის ოდენობაა 552 ლარი, ბოლო შეტანისას 1,45% - 14,94 ლარი, ამიტომაა მითითებული გადახდის გრაფიკში ყოველთვიურ საპროცენტო სარგებლად 1,45% (2018 წლის 5 თებერვლის მთავარი სხდომის ოქმი:15:07:10-15:08:30), რასაც სასამართლო იზიარებს, - გადახდის გრაფიკში მითითებული 1,45% გამომდინარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2,43%- დან, რომლის ოდენობაც სადავოდ არ გამხდარა. ამ მსჯელობის საწინააღმდეგო არგუმენტი მოპასუხეს არ წარმოუდგენია. გრაფიკში აღნიშნული ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 1,45%, ხელშეკრულებაში აღნიშნული ყოველთვიური კლებადი საპროცენტო განაკვეთიდან - 2,43%- დან გამომდინარეა;
მოპასუხე აღნიშნავს, რომ სარგებელს ზედმეტად ახდევინებდნენ - 2,43%-ს ოდენობით - როგორც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და არა - 1,45% ოდენობით - როგორც გრაფიკშია აღნიშნული, მაგრამ სადავოდ არ ხდის ძირი თანხის ოდენობას 8 370,18 ლარს, ეს თანხა კი დარჩა 2017 წლის სექტემბრამდე შეტანილი თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით განაწილებით; მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოთხოვნილი ძირი თანხის ოდენობას, - რომ ის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარეა, აღნიშნულის, ხელშეკრულების შინაარსის, გადახდის გრაფიკის (ს.ფ. 23), გადახდის ისტორიის (ს.ფ. 35) გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისია; მხარეთა შორის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მოპასუხისაგან ყველა ვალდებულების ვადამდე შესრულება, ასევე - ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება (ს.ფ. 20-21); მოცემულ შემთხვევაში, მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულება 2017 წლის სექტემბრიდან, რაც უფლებას აძლევს მოსარჩელეს მოითხოვოს მოპასუხეებისაგან ვადამდე დაფარვა იმ თანხებისა, რაც ხელშეკრულების მოქმედების მთლიანი ვადისათვის იყო გათვალისწინებული და ზიანის ანაზღაურება.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 20.02.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ი---, თ----- და მ------- ვ--------–---–ების მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო ა-–---- ვ--------–---–ისთვის 1800 ლარის დაკისრება. აპელანტები აღნიშნავენ რომ:
4.1. თავდებობის ხელშეკრულებები გაფორმდა 06.11.2015წ., რომლებშიც არ არის მითითებული კონკრეტულად რა ოდენობის თანხა, რა პირობებით, რა ვადით და როდის გაიცემოდა მსესხებელზე. მსესხებელზე სესხი გაიცა 12 დღის შემდეგ და მოსარჩელეს თავდებებისათვის არც შემდეგ უცნობებია სესხის ოდენობა და პირობები. ამდენად, თავდებებისთვის უცნობი იყო პირობების დარღვევის შედეგები და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის ფარგლები.
4.2. სასამართლომ სადავო გარემოებად მიიჩნია, რომ სარგებლის გადახდევინება არასწორად ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური 2,43%-ის ოდენობით, მაშინ როდესაც გადახდის გრაფიკში ყოველთვიურ საპროცენტო სარგებლად აღნიშნულია 1,45%. სასამართლომ აღნიშნული გარემოება არასწორად ახსნა მოსარჩელის სასარგებლოდ, მისსავე განმარტებებზე დაყრდნობით იმდაგვარად, რომ სარგებლის კლებადობის პრინციპიდან გამომდინარე 2.43% საბოლოოდ შემცირდებოდა 1.45%-მდე. მსგავსი შეფასება არაობიექტურია და არ გამომდინარეობს საქმის გარემოებებიდან.
4.3. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა და მისი გამოყენებით აპელანტებს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი. სასამართლომ არ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლზე, რომელიც მხარეს აკისრებს ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას.
4.4. სასამართლომ აპელანტებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებით დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რომლითაც სასამართლოს შეუძლია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების/ უცვლელად დატოვების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
6. 06.11.2015წ. ი--- ვ--------–---–თან, თ----- ვ--------–---–თან, მ------- ვ--------–---–თან (შემდგომში „მოპასუხე“, „თავდები“) დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა ა-–---- ვ--------–---–ის (შემდგომში „მოპასუხე“, „მსესხებელი“) მომავალი სასესხო ვალდებულებები (ტ.1, ს.ფ. 25-33).
2.1 პუნქტის თანახმად, თავდები იღებს ვალდებულებას სოლიდარულად აგოს პასუხი გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებებზე. კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ გამსესხებელსა და მსესხებელს შორის სამომავლოდ ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 (ორი) თვის ვადაში მოხდება სესხის ხელშეკრულების გაფორმება მაქსიმალურ თანხაზე 15 000 ლარამდე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - მაქსიმუმ 8 000 ლარი, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე - 700 ლარი, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადებზე - 150 ლარი, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგინოს 23 850 ლარი. იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, თავდები პასუხისმგებელი იქნება როგორც ზემოთმოცემული ძირითადი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის და შესაძლო ჯარიმების, სადაზღვევო პრემიის და პირგასამტეხლოზე (რაც გათვალისწინებული იქნება სამომავლო სესხის ხელშეკრულებით) სრულ ანაზღაურებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
მართალია, სამომავლო და პირობითი ვალდებულება არ არსებობს კონკრეტული ვადის ან პირობის დადგომამდე, თავდებობის ხელშეკრულება მაინც ნამდვილია, თუმცა თავად თავდებობა, თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება ვადის ან პირობის დადგომამდე არ წარმოიშობა.
7. თავდებობების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 18.11.2015წ. შპს „მ------------------------------–-- კ-------ს" (ამჟამად სს „კ------- ბ----“) (შემდგომში „მოსარჩელე“, „გამსესხებელი“) და მოპასუხე მსესხებელს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. შესაბამისად, ამ ვადას უკავშირდება თავდებთა ვალდებულებების იურიდიული ლეგიტიმაცია.
მსეხებელმა 36 თვის ვადით ისესხა 15 000 ლარი. სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა ყოველთვიურ 2,43%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მსესხებლის მიერ სიცოცხლის დაზღვევა და საკომისიო (ტ.1, ს.ფ. 20,21).
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში (3.15 პუნქტი) (ტ.1, ს.ფ. 20).
შესაბამისად, სესხი გაიცა სწორედ იმ თანხის ოდენობით, რომლის უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს თავდებობები. თავდებების ინფორმირება მოხდა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემდეგაც (ტ.1, ს.ფ.37-39). მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა სარჩელის აღძვრა (ტ.1, ს.დ.2).
8. უდავოა და საქმის მასალებით დგინდება, რომ მსესხებელს 2017 წლის აგვისტოს შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია (ტ.1, ს.ფ. 35).
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამდენად, მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი.
პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელემ საპროცენტო სარგებელი დაარიცხა არასწორად. პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულებით სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია ყოველთვიურად 2,43%-ის ოდენობით (ტ.1, ს.ფ.20). მისი შემცირების წესი კი კარგად ჩანს ყოველთვიურად გაწერილ გრაფიკში (ტ.1, ს.ფ.23), რომლითაც პროცენტი ბოლოს იქნებოდა თვეში 14,94 ლარი. გრაფიკი წარმოადგენდა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს.
რაც შეეხება გრაფიკში პროცენტის სახით პირველ გადახდად დაფიქსირებულ 552 ლარს (ტ.1, ს.ფ.23), მოსარჩელის წარმომადგენლმა მიუთითა, რომ აღნიშული თანხა წარმოადგენს ძირ თანხაზე - 15 000 ლარზე ყოველთვიურად დარიცხულ საპროცენტო სარგებელს 2,43%-ს, თუმცა არა ერთი თვის, არამედ სესხის გაცემიდან - 18.11.2015წ.-დან თანხის პირველ გადახდამდე - 03.01.2016წ. პერიოდზე, რაც დაახლოებით 46 დღეს შეადგენს. შესაბამისად, პროცენტის სახით პირველ გადასახდელად მითითებულია სწორედ აღნიშნული წესით გამოთვლილი თანხის ოდენობა (11.06.2019წ. სხდომის ოქმი 17:12:27 -17:15:14).
10. აპელანტი ასევე უთითებს წინამდებარე დავის ფარგლებში გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებულ ზიანზე და ზიანის სასესხო დავალიანების ხარჯზე კომპენსირების შესახებ (ტ.1, ს.ფ.168,169). პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების სპეციალურ სახეს წარმოადგენს და იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის გამოყენებული უნდა იყოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; ეს ღონისძიება უნდა იყოს გაუმართლებელი; უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად უნდა არსებობდეს ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ამ ფაქტების მითითება და მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ როგორც ეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილშია მითითებული, უსაფუძვლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იარსებებს მითითებული მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული შემადგენლობა. შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული აპელანტის მსჯელობა მოცემული დავის ფარგლებში ამავე დავაში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის და აღნიშნული ზიანის სასესხო დავალიანების ხარჯზე კომპენსირების თაობაზე.
11. სოლიდარული თავდებობის არსებით პირობად სსკ-ის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული შინაარსი მიიჩნევს შეთანხმების მიღწევას თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრულ მაქსიმალურ (ზღვრულ) თანხაზე. ზემოაღნიშნული ნორმის ამგვარი მოთხოვნა თავდების ფინანსური ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან, ზღვრული თანხის მითითება გამორიცხავს თავდების პასუხისმგებლობის ზრდის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილ მოთხოვნას ერიცხება პროცენტი ან/და პირგასამტეხლო (საურავი). ნორმა იმპერატიულია, საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია, როგორც კანონსაწინააღმდეგო (მართლსაწინააღმდეგო) გარიგება (სსკ-ის 54-ე მუხლი). მიუხედავად უზრუნველყოფილი ვალდებულების ზრდისა, თავდები ყველა შემთხვევაში, პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და თავდების განცხადებაში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (898. I მუხლი) (სუსგ.ას-1172-2018, 08.02.2019წ.). სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
თავდებობის ხელშეკრულებების 2.1 პუნქტში თავდების პასუხისმგებლობა განსაზღვრულია შემდეგნარად: მაქსიმალურ თანხა 15 000 ლარი, მასზე დარიცხულ პროცენტი მაქსიმუმ 8 000 ლარი, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელი - 700 ლარი, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადები 150 ლარი, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგინოს 23 850 ლარი. აქვე მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, თავდები პასუხისმგებელი იქნება როგორც ზემოთმოცემული ძირითადი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის და შესაძლო ჯარიმების, სადაზღვევო პრემიის და პირგასამტეხლოზე (რაც გათვალისწინებული იქნება სამომავლო სესხის ხელშეკრულებით) სრულ ანაზღაურებაზე.
ამდენად, დგინდება, რომ თავდებობის ხელშეკრულებაში კონკრეტულად, რაოდენობრივადაა გაწერილი ძირ თანხაზე (15 000 ლარი), პროცენტზე (8 000 ლარი), სადაზღვევო პრემიაზე (700 ლარი), მომსახურების ყოველწლიური გადასახადებზე (150 ლარი) თავდებების პასუხისმგებლობის ზღვარი და პასუხისმგებლობის ჯამურ ოდენობადაც მითითებულია სწორედ აღნიშნული თანხების ჯამი - 23 850 ლარი. რაც შეეხება პირგასამტეხლოს (ჯარიმას), თავდებობის ხელშეკრულებებში მითითებული არა არის პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ნაწილში თავდებთა პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა. ამგვარ მითითებად სასამართლო ვერ მიიჩნევს ხელშეკრულების იმ ჩანაწერს, რომლის მიხედვით თავდების პასუხისმგებლობად მიეთითა ძირითადი თანხაზე დარიცხული შესაძლო ჯარიმების, პირგასამტეხლოს ანაზღაურება. პალატა მიუთითებს, რომ ნორმის დანაწესი, რომლის მიხედვით ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა, სწორედ კონკრეტული ოდენობის თანხის მითითების ვალდებულებას გულისხმობს და არა, ზოგადად აბსტრაქტულ ციტირებას პასუხისმგებლობის ფარგლებთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, ნორმის აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიულია და მისი შეუსრულებლობა უკავშირდება შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის წარმოუშობლობას და მაშასადამე, თავდებობის არარასებობას (სუსგ.ას-1172-2018, 08.02.2019წ.).
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს თანხასთან მიმართებაში არ არსებობს სსკ-ის 892-ე მუხლით გათვლისწინებული წინაპირობები, პალატას მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს გადახდაზე განხორციელებულად არაა მიჩნეული ამავე კოდექსის 891-ე მუხლით გათვალისწინებული პირადი (პიროვნული) პასუხისმგებლობის ფორმა - თავდებობა და ამდენად, პირგასამტეხლოს თავდებებისთვის დაკისრების ნაწილში არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
12. რაც შეეხება მსესხებლისთვის ჯარიმის (პირგასამტეხლოს) სახით დაკისრებულ 155.11 ლარს, პალატა მიუთითებს ამ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო (იხ.: 25.01.2018წ. სხდომის ოქმი, 16:38:47-16:39:45). მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა, გულისხმობს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო-სამართლებრივი უფლებების განკარგვას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.
13. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. გათვალისწინებით იმისა, რომ ა-–---- ვ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ კმაყოფილდება, ხოლო ი---, თ----- და მ------- ვ--------–---–ების სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება მხოლოდ ჯარიმის სახით 155 ლარის და 11 თეთრის დაკისრების ნაწილში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა-–---- ვ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ი---, თ----- და მ------- ვ--------–---–ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება ი---, თ----- და მ------- ვ--------–---–ებისათვის ჯარიმის სახით 155 ლარის და 11 თეთრის დაკისრების ნაწილში.
4. დანარჩენ ნაწილში ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ზამბახიძე