განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2019
საქმის ნომერი
080100119002896537
ინსტანცია
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002896537

საქმე №1/ბ-697-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) თ------ ნ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების წ---–--------------–----–----------------–--------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი :

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ------ ნ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის სექტემბერში, საღამოს საათებში, წ---–--------------------------–--------–- მდებარე სახლში, თ------ ნ--------ემ იძალადა ორსულ მეუღლეზე _ ნ-----–-- შ------ზე, რომელსაც ფეხი ჩაარტყა მუცელში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში, წ---–--------------------------–--------–- მდებარე სახლში, თ------ ნ--------ემ იძალადა მეუღლეზე _ ნ-----–-- შ------ზე და ცემა იგი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 11:30 საათზე, წ---–--------------------------–--------–- მდებარე სახლში, თ------ ნ--------ემ იძალადა მეუღლეზე _ ნ-----–-- შ------ზე და ცემა იგი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნულის გამო თ------ ნ--------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენით:

 

თ------ ნ--------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

თ------ ნ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ თ------ ნ--------ეს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- გ----------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და თ------ ნ--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოში საქმის განხილვისას დაკითხულმა გამომძიებლებმა ვ------- ა------ემ და გ------- გ----–--ემ აჩვენეს, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული შეტყობინების საფუძველზე, 2019 წლის 30 იანვარს დაიწყო გამოძიება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულმა პოლიციის თანამშრომლებს მოუყვა თუ როგორ ძალადობდა მეუღლე მასზე. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა მოწმე რ------- ტ-------, რომელმაც ნ-----–-- შ------სგან გაიგო, რომ მას დაზიანებები მიაყენა თ------ ნ--------ემ. ამ უკანასკნელმა კი რ------- ტ-------სთან საუბარში აღიარა, რომ მართლა სცემა მეუღლე, რადგან იგი ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნ-----–-- შ------ს სხეულზე აღენიშნებოდა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. ნ-----–-- შ------მ ექსპერტს განუმარტა, რომ 2019 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 11:30 საათზე, წ---–----------------------------–--------–-, მეუღლემ _ თ------ ნ--------ემ მიაყენა სხეულის დაზიანება თმებში მოქაჩვით, თავის კედელზე მინარცხებითა და ხელების დარტყმით, მანვე თმებით დაჭერილი ათრია ოთახში, რის გამოც განიცდიდა ტკივილს. მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა შ----- თ------ემ სრულად დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ------ ნ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

გამართლებულ თ------ ნ--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--- შ-----–-ამ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს თ------ ნ--------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს თ------ ნ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:

 

დაზარალებულმა ნ-----–-- შ------მ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა მეუღლის, თ------ ნ--------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ტ------- მ--–-–---მ აჩვენა, რომ თ------ ნ--------ე და მისი მეუღლე ნ-----–-- შ------ არიან მისი მეზობლები. როგორც ნ-----–--სგან შეიტყო, მას მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ თავად ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს. ამ საფუძვლით თ------ ნ--------ემ ერთხელ სახლიდანაც გამოაგდო მეუღლე და ერთი კვირის მანძილზე ნ-----–-- მასთან ცხოვრობდა. მოწმის განმარტებით, როდესაც ნ-----–-- შ------მ უამბო, რომ მეუღლემ სცემა, თან სხეულზე არსებული სილურჯეც აჩვენა. შემდეგ კი უთხრა, რომ მისი მონაყოლი არ შეესაბამებოდა რეალობას და მან მოიგონა მეუღლეზე განაწყენების გამო. მოწმემ ტ------- მ--–-–---მ განმარტა, რომ პირადად არასოდეს შესწრებია თ------ ნ--------ის მიერ ნ-----–-- შ------სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე რ------- ტ-------მ აჩვენა, რომ 2018 წლის აგვისტოს თვეში ნ-----–-- შ------ მასთან ბინაში ატარებდა სარემონტო სამუშაოებს. მან ზედიზედ რამდენიმე დღე გააცდინა და შემდეგ როდესაც მივიდა, უთხრა, რომ მეუღლესთან _ თ------ ნ--------ესთან ჰქონდა კონფლიქტი. მას თვალბუდის არეში აღენიშნებოდა დალურჯებები. აღნიშნულის გამო გადაწყვიტა დალაპარაკებოდა თ------ ნ--------ეს, რომელმაც განუცხადა, რომ ნ-----–-- სულ სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს, რაც მისთვის მიუღებელი იყო. შემდეგ ეს ამბავი სხვებთანაც მოიკითხა და დაუდასტურეს, რომ ნ-----–-- ხშირად სვამდა. მოწმის განმარტებით, იგი პირადად არ შესწრებია ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტს და ზემოაღნიშნული იცის ნ-----–-- შ------სგან გადმოცემით.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა შსს წ---–-------------------–--------------–--ს გ-------- პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლებმა ვ------- ა------ემ და გ------- გ----–--ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

ბრალდებულმა თ------ ნ--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ისარგებლა კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 2019 წლის 30 იანვარს ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ნ-----–-- შ------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევის სახით, რომლებიც განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს თ------ ნ--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა თ------ ნ--------ის მიერ თავისი მეუღლის, ნ-----–-- შ------ს მიმართ ძალადობის ფაქტები.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ------ ნ--------ისათვის წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა დაზარალებულ ნ-----–-- შ------ს მიერ გამოძიების სტადიაზე მიცემულ ჩვენებას, რომელიც ამხელდა თავის მეუღლეს _ თ------ ნ--------ეს ძალადობაში, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ნ-----–-- შ------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება კი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა თ------ ნ--------ის მიერ 2018 წლის სექტემბრის თვეში, 2018 წლის 23 ნოემბერს და 2019 წლის 29 იანვარს ნ-----–-- შ------ს მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება მოწმეების _ ტ------- მ--–-–---ს და რ------- ტ-------ს (ასევე სხვა მოწმეების) ჩვენებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, აღნიშნული მოწმეები არ არიან ძალადობის ფაქტის თვითმხილველები და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ ნ-----–-- შ------ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

საქმეზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა იძლევა ინფორმაციას მხოლოდ იმის შესახებ, რომ ნ-----–-- შ------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევის სახით და ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს მისთვის ამ დაზიანებების თ------ ნ--------ის მიერ მიყენების ფაქტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არც სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები ნ-----–-- შ------მ თ------ ნ--------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მიიღო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება თ------ ნ--------ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ თ------ ნ--------ის მიმართ 2019 წლის 21 აგვისტოს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენი თ------ ნ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.თ------ ნ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 1261 პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ნოემბრის და 2019 წლის 29 იანვრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ თ------ ნ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5.გამართლებულ თ------ ნ--------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/