განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/840-19 10 სექტემბერი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან გვარამია
აპელანტი – მ----- ს------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე – მ----- გ--–---;
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება;
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ----- გ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ----- ს------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მ----- გ--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისში, ქ--–-----ს ქუჩა N1-ში, სართული N6-ში, ბინა N-- (საკადასტრო კოდით: 0----------------------) და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს მ----- გ--–---ს.
გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით მ----- ს------–---–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:
2.1. 2018 წლის 12 ნოემბერს 10:30 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მ----- ს------–---–ი, რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2018 წლის 29 ოქტომბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომა მოპასუხის 2018 წლის 29 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე გადაიდო, რის შესახებაც მ----- ს------–---–ს ეცნობა პირადად სატელეფონო შეტყობინებით და შედგა შესაბამისი სატელეფონო აქტი (ს.ფ. 66).
2018 წლის 09 ნოემბერს მოპასუხემ იგივე საფუძვლით განცხადებით მომართა სასამართლოს და კვლავ იშუამდგომლა სასამართლო სხდომის გადადება, ვინაიდან სურდა წარმომადგენლის მონაწილეობით საქმის განხილვა. თუმცა სასამართლოს მიერ არ იქნა აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული, ვინაიდან სარჩელი სასამართლოში შემოსულია 2017 წლის 06 ოქტომბრს, ხოლო შესაგებელი 2017 წლის 24 ნოემბერს და მითითებული საფუძვლით ერთხელ უკვე გადადებული იქნა სხომა. მოპასუხეს საკმარისი დრო ქონდა იმისთვის, რომ უზრუნველყო საქმეში წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის მიღება. მოპასუხის ქმედება მიმართულია მიმართულია საქმის განხილვის გაჭიანურებისკენ, რითიც ირღვევა მოსარჩელის ინტერესები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.
სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის ივნისის თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე მოსარჩელემ შეიძინა ბინა მდებარე: ქალაქი თბილისში, ქ--–-----ს ქუჩა N1-ში, სართული N6-ში, ბინა N-- (საკადასტრო კოდით: 0----------------------). მესაკუთრის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე მხარე დღემდე უკანონოდ ფლობს ზემოხსენებულ უძრავ ნივთს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მერებ გ--–--- წარმოადგენს უძრავი ნივთის, მდებარე: ქალაქი თბილისში, ქ--–-----ს ქუჩა N1-ში, სართული N6-ში, ბინა N-- (საკადასტრო კოდით: 0----------------------), მესაკუთრეს და მოპასუხე მ----- ს------–---–ი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მითითებულ ნივთს.
ამასთან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით განჩინებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ:
2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქცეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი გარემოებების დადასტურება, რომელიც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოდგენის შეუძლებლობის ან სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით აღიარებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული პრინციპით უდავოდ აღიარებულია მხარის უფლება თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება თავისი უფლებების დაცვის თაობაზე და აირჩიოს ამ უფლებათა დაცვის კანონით გათვალისწინებული ფორმა, რაც გულისხმობს, რომ თავად მხარეზეა დამოკიდებული თავისი უფლებების განხორციელება. სასამართლო სხდომაზე მხარის გამოცხადებაც მხარის უფლებების დაცვის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე არ იქნა გამოცხადებული 2018 წლის 12 ნოემბერს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რაც წარმოადგენდა მის ვალდებულებას. ამასთან, მხარისთვის უდავოდ ცნობილი იყო სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები ე.ი. მხარე აცნობიერებდა, რომ მოცემული ქმედების შედეგად მის მიმართ შესაძლოა დამდგარიყო არასასურველი შედეგი. სასამართლოს ერთადერთ მოვალეობას წარმოადგენს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა, კერძოდ, მხარეებისათვის საქმის მასალების გადაცემა, მხარეების სასამართლო სხდომაზე მოწვევა, რაც აღნიშნულია კიდეც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით. თავის მხრივ, ისარგებლებს, თუ, არა მხარე კანონმდებლობით აღიარებული უფლებებზე, დამოკიდებულია მხოლოდ მის ნებაზე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი იძულების წესით მონაწილეობა მიაღებინოს მხარეს საქმის განხილვაში.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული სატელეფონო აქტით დასტურდება, რომ მოპასუხე მ----- ს------–---–მა სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით პირადად (ს.ფ. 66). 2018 წლის 09 ნოემბერს სასამართლოს საქმის განხილვის გადადების შესახებ შუამდგომლობით მომართა მოპასუხემ და განმარტა, რომ იურიდიული დახმარები მიზნით მიმართული ქონდა იურიდიული დახმარების სამსახურისთვის, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია არ დასრულებულა და 12 ნოემბრისთვის ის ვერ შეძლებს დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენას. მოცემულ განცხადებაში არ იქნა წარმოდგენილი ასევე გამოუცხადებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც ქმნის ვარაუდს იმისას, რომ მხარე ცდილობს საქმის განხილვის გაჭიანურებას. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ სასამართლო პროცესი მოცემულ საკითხის გამო ერთხელ უკვე იქნა გადადებული მოპასუხის განცხადების საფუძველზე 2018 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომა.
ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 16 იანვარს დანიშნულ საჩივრის განხილვის დღეს მოპასუხე მხარე კვლავ არ გამოცხადებულა სასამართლო პროცესზე.
სასამართლო, ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას სასამართლოში გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უთითებს იმას, რომ მას ქონდა სხდომის გადადების თაობაზე შემოტანილი განცხადება. სასამართლო ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ განცხადებას არ ერთვის გამოუცხადებლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, მითითებული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება კი სასამართლოს უქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ მოპასუხე მხარის ქმედება მიმართულია საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობისკენ.
მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი ვერ უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე - 241-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებზე, რის გამოც ვერ მოხდა მისი 2018 წლის 12 ნოემბერს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადება და რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება უნდა განახლდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია საჩივრის ავტორის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ, მან სასამართლოს შეატყობინა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არ გააჩნდა სათანადო ცოდნა სამართლისა და სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. მას, ასევე, არ გააჩნია საკმარისი ფულადი საშუალებები კერძო ადვოკატის მომსახურების მისაღებად, რის გამოც იურიდიული დახმარების მიღების მიზნით მიმართა იურიდიული დახმარების სახელმწიფო სამსახურს. ამასთან, ამ სამსახურში განცხადებასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესწავლასა და ადვოკატის გამოყოფას გარკვეული პერიოდი ესაჭიროება, რა დროშიც მოხდა სასამართლო საქმის განხილვის დასრულება.
3.2. აპელანტი, ასევე, უთითებს, რომ როგორც მისთვის ცნობილია სარჩელში მითითებული დოკუმენტები არ ამართლებს სარჩელში დაყენებულ მოთხოვნას, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ის წარმოადგენს სადავო ქონების მესაკუთრე.
4.გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
4.1. 2017 წლის 6 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ----- გ--–---მ მოპასუხე მ----- ს------–---–ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. (ტ. I, ს.ფ. 1-12).
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით 2018 წლის 29 ოქტომბერს 16:30 საადზე დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა. (ტ. I, ს.ფ. 54).
4.3. 2018 წლის 29 ოქტომბერს სასამართლოს სხდომის გადადების წერილობითი ფორმით შედგენილი შუამდგომლობით, მიმართა მ----- ს------–---–მა. სხდომის გადადების საფუძვლად მხარე უთითებდა, იმ გარემოებას, რომ ამ საქმეზე გააჩნდა მნიშვნელოვანი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ასაბუთებდნენ სარჩელის უსაფუძვლობას, თუმცა მას არ ჰქონდა სათანადო იურიდიული ცოდნა რაც აუცილებელი იყო უფლების დასაცავად. მხარემ, აღნიშნა, რომ შესაბამისი დახმარების მიზნით მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურს. შუამდგომლობას თანდართული აქვს აპელანტის განცხადების ასლი. (ტ. I, ს.ფ. 57, 58).
4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხე - მ----- ს------–---–ი არ გამოცხაადა სხდომაზე მისი შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა და სასამართლო სხდომა გადაიდო 2018 წლის 12 ნოემბერს 10:30 საათზე. (ტ. I, ს.ფ. 62-63).
4.5. მ----- ს------–---–ს 2018 წლის 12 ნოემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2018 წლის 2 ნოემბერს. (ტ. I, ს.ფ. 66).
4.6. 2018 წლის 9 ნოემბერს მ----- ს------–---–მა წერილობითი ფორმით შედგენილი შუამდგომლობით კვლავ მიმართა სასამართლოს და იმავე საფუძვლით რაც მითითებული იყო 2018 წლის 29 ოქტომბერს შედგენილ შუამდგომლობაში მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება. (ტ. I, ს.ფ. 67).
4.7. 2018 წლის 12 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. (ტ. I, ს.ფ. 68-75).
4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. ამასთან, ამავე კანონით, კერძოდ 233-ე მუხლით, განსაზღვრულია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მხარის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად, დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ეს საფუძვლებია თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები, ასევე 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოპასუხე მოწვეული იყო მითითებული კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კონკრეტულ შემთხვევაში კვლევის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, არსებობდა თუ არა სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდნენ თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 215-ე მუხლი ადგენს საპატიო მიზეზთა ჩამონათვალს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოები, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას.
პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს მხარის უფლებას სასამართლოში თავისი ინტერესების დაცვის მიზნით ისარგებლოს წარმომადგენლის (ადვოკატის) დახმარებით, თუმცა აქვე ხაზს უსვამს რომ მითითებული წარმოადგენს მხოლოდ უფლებას, კანონმდებლობით არ არის დაწესებული შეზღუდვა და ნებისმიერი მხარე უზრუნველყოფილია თავად განახორციელოს მისი ინტერესების დაცვა.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის გონივრული ვადით გადადებას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ვადა გაგრძელებულ უნდა იქნას დაუსრულებლად და უსაფუძვლოდ. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები. (ი.ხ. სუსგ №ას-508-508-2018, 6 ივლისი, 2018 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მ----- ს------–---–ს სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა 2017 წლის 11 ნოემბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, კი მიღებულ იქნა 2018 წლის 12 ნოემბერს. ამდენად, მხარეს ჰქონდა საკმაოდ დიდი პერიოდი (ერთი წელი) შესაბამისი დახმარების მოპოვების მიზნით. (ტ. I, ს.ფ. 37). საგულისხმოა, ასევე, რომ მხარის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე სასამართლოს მიერ ერთხელ იყო დაკმაყოფილებული და სხდომა გადაიდო 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 2018 წლის 12 ნოემბერს. ამდენად, რომ პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის ქმედება ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას და დაუსაბუთებლად ლახავდა მოწინააღმდეგე მხარის ინტერესს რაც დაუშვებელია. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ 2018 წლის 12 ნოემბერს მართებულად არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე და მართებულად მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
4.9. პალატა დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსამართლეს სურს, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. (სუს 15.04.2015წ.-ის განჩინება საქმე №ას-104-97-2015; სუს 16.06.2014წ.-ის Nას-299-281-2014 განჩინება).
მ----- გ--–--ის მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია მოპასუხის მხრიდან მისი კუთვნილი ნივთის უკანონო მფლობელობა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე უდავოდ მიუთითებს მასზე, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება მისი უფლება სადავო ნივთთან მიმართებით.
შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სახეზე იყო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან დადგენილია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ყველა საფუძველი უცვლელი უნდა დარჩელის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდილია წინასწარ
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ----- ს------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე /ლევან გვარამია/