განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002655983
საქმე №3ბ/1305-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
წარმომადგენლები - ზ-------------–-–---–ი, ნ-----------–------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ვ----------------–---–ი
წარმომადგენელი - მა---------–--–--–---–ი
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
წარმომადგენელი - ხ-----------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ვ----------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის N2438-01 გადაწყვეტილება ,,ვ----------------–---–ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში“, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 31 ივლისის N2617-01 გადაწყვეტილება ,,ვ----------------–---–ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში“, დაევალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ვ----------------–---–ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე (თანამდებობრივი სარგო 2400 ლარი) აღდგენის შესახებ; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა ვ----------------–---–ისთვის სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
მოსარჩელე ვ----------------–---–ი 2013 წლიდან მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ხოლო 2017 წლის 13 იანვრიდან იგი დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის პროექტის მენეჯერის (კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული ქსელის უზრუნველყოფის მიმართულებით) თანამდებობაზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის 30 ივნისის Nპ/351 ბრძანებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობა 2017 წლის 01 ივლისიდან გარდაიქმნა პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობად. ამავე დეპარტამენტის 2018 წლის 29 იანვრის Nპ/39 ბრძანებით, ვ----------------–---–ის თანამდებობა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის პროექტის მენეჯერი - განისაზღვრა დეპარტამენტის საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობად. ვ----------------–---–ს თანამდებობრივი სარგო განესაზღვრა თვეში 2300 ლარის ოდენობით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის N1/ნ ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება. აღნიშნული დებულების მე-11 მუხლი განსაზღვრავს საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის ძირითად ამოცანებს, მათ შორის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“, ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სამსახურის უფლებამოსილებებს წარმოადგენდა დეპარტამენტის შიდა კომპიუტერული ქსელის უზრუნველყოფა, ასევე, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, დეპარტამენტის სატელეფონო ქსელის და ქვესადგურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის №10/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის 40/ო ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურში განსაზღვრული იყო პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სულ 1 საშტატო ერთეული, თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 2300 ლარს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, 2018 წლის 8 მაისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც დაადგინა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა განხორციელებულიყო რეორგანიზაცია თანამდებობათა შემცირებით. აღნიშნული ბრძანება იმავე დღე გაეცნო მოსარჩელე ვ----------------–---–ს. ამასთან, 2018 წლის 4 ივლისს, მოსარჩელე ვ----------------–---–ს წერილობით ეცნობა რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო, თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N94/ო ბრძანებით, დამტკიცდა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურა საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, 2018 წლის 8 აგვისტოს, შტატების შემცირების საფუძვლით, გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ვ----------------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და რეზერვში ჩარიცხვის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 27-45, 54-88, 209-217, 228);
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის N385 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება, რომლითაც განისაზღვრა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათ შორის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანად განისაზღვრა სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, ასევე, სამინისტროში ელექტრონული მონაცემთა ბაზების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და მათი გამართულად მუშაობა.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრუქტურის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №86/ო ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საშტატო ნუსხა, რომელთაგანაც ერთერთი არის საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტი, სადაც განისაზღვრა პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული, თანამდებობრივ სარგოდ განისაზღვრა თვეში 2400 ლარის ოდენობით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს N37/ნ ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის დებულება. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის მიხედვით დეპარტამენტის უფლებამოსილებებია სამინისტროს მათ შორის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შიდა კომპიუტერული, სატელეფონო ქსელის და ქვესადგურის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სამინისტროს ბალანსზე რიცხული კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება და მათი გამართულად მუშაობა, საჭიროების გათვალისწინებით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სათანადო პროგრამებით უზრუნველყოფა (ტ.1, ს.ფ. 46-53, 89-105);
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 09 ივლისის N7051-2-01 წერილით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ეცნობა „საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 8 მაისის №119 ბრძანების საფუძველზე შემცირებულ შტატებზე მომუშავე პირების შესახებ, მათ შორის იყო საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ვ----------------–---–ი. სამინისტროს აღნიშნული წერილით ეთხოვა, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,პროფესიულ საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განეხილა წერილში მითითებული პირების შიდა მობილობის საკითხი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის N2438-01 გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უარი ეთქვა მის მიერ 2018 წლის 09 ივლისის N7051-2-01 წერილში მითითებული პირების დასაქმებაზე, მათ შორის ვ----------------–---–ის დასაქმებაზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივლისის N7792-2-01 წერილით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს კვლავ ეცნობა შტატგარეშე დარჩენილი პირების დასაქმების განხილვის საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მოსარჩელე ვ----------------–---–ზე. 2018 წლის 31 ივლისის N2617-01 წერილით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კვლავ უარი განაცხადა ზემოაღნიშნულ წერილში მითითებული პირების დასაქმებაზე (ტ.1, ს.ფ. 177-184);
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N01/3127 წერილით, ვ----------------–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტში ვაკანტურია პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა (ტ.1, ს.ფ. 140);
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ----------------–---–ი 2013 წლიდან მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ხოლო 2017 წლის 13 იანვრიდან იგი დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის პროექტის მენეჯერის (კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული ქსელის უზრუნველყოფის მიმართულებით) თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო სამსახურში პროფესიულ საჯარო მოხელეს და მისი სამსახურიდან განთავისუფლება უნდა შეფასდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების და სხვა უწყებისადმი დაქვემდებარების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება (საქმის ნომერი ბს-449-442 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სწორედ ასე განმარტა აღნიშნული საკითხი კერძოდ, მითითებულ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება- მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობის იდენტურობის დადგენი მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში, ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად დ) ზოგიერთ შემთხვევაში შრომის ანაზღაურება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად საშტატო ნუსხა არ ითვალისწინებდა საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, ამასთან, სამსახურის გაუქმებით, მის ბაზაზე შექმნილი ახალი სტრუქტურული ერთეული (ქვედანაყოფი) - ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც არ ითვალისწინებდა მოსარჩელის საშტატო ერთეულს.
,,პროფესიულ საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით დამტკიცებული წესი განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს, ასევე, არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები. ამასთან, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის სტრუქტურულ ერთეულის გაუქმება, რომელიც კანონის საფუძველზე განხორციელდა ფორმალური თვალსაზრისით ქმნიდა მოსარჩელე ვ----------------–---–ის კადრების განკარგულებაში აყვანისა და შემდგომ მისი თანამდებობიდან განთავისუფლების სამართლებრივ საფუძველს, თუმცა სასამართლო აღნიშნულ რეორგანიზაციას განიხილავს არა მხოლოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის გაუქმების, არამედ მისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაქვემდებარების ნაწილში ერთიანად, ვინაიდან ერთი მხრივ, აღნიშნული დაწესებულებები წარმოადგენენ საჯარო მმართველოს ერთ სფეროს, ხოლო მეორე მხრივ, ფუნქცია, რომლითაც მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული იყო დატვირთული ერთი დაწესებულებიდან გადავიდა მეორეში, რის გამოც კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მოვალეობები შესაბამისად ნაწილდება, როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურზე, ისე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 08 აგვისტოს №პ/277 ბრძანება მოსარჩელე ვ----------------–---–ის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე გამომდინარეობს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და იგი ფორმალურ-სამართლებრივად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, თუმცა აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ, სამართლებრივი ტვირთი, მოსარჩელე ვ----------------–---–ის შესაბამის (იგივე) თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ეკუთვნის მოპასუხე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რამდენადაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილებას სცილდება სხვა უწყებაში პირის თანამდებობაზე დანიშვნა. შესაბამისად, მოსარჩელე ვ----------------–---–ის სამსახურიდან დათხოვნა რეალურად განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მის დანიშვნაზე უარის თქმით და არა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 08 აგვისტოს №პ/277 ბრძანებით, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში სამართლებრივად უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მითითებით, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის N385 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება, რომლითაც განისაზღვრა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათ შორის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანად განისაზღვრა სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, ასევე, სამინისტროში ელექტრონული მონაცემთა ბაზების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და მათი გამართულად მუშაობა.
ამასთან, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრუქტურის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №86/ო ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საშტატო ნუსხა, რომელთაგანაც ერთერთი არის საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტი, სადაც განისაზღვრა პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული, თანამდებობრივ სარგოდ განისაზღვრა თვეში 2400 ლარის ოდენობით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე უდავოდ არის დადგენილი ის გარემოება, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს N37/ნ ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის დებულება. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის მიხედვით დეპარტამენტის უფლებამოსილებებია სამინისტროს მათ შორის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შიდა კომპიუტერული, სატელეფონო ქსელის და ქვესადგურის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სამინისტროს ბალანსზე რიცხული კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება და მათი გამართულად მუშაობა, საჭიროების გათვალისწინებით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სათანადო პროგრამებით უზრუნველყოფა.
ამრიგად, მოსარჩელე ვ----------------–---–ი, სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა რეორგანიზაციის საფუძვლით იმ პირობებში, როდესაც საშტატო ერთეულმა, რომელსაც იგი იკავებდა, არ გაუქმებულა და იმავე ფუნქციით განაგრძო არსებობა, სხვა დაწესებულების დაქვემდებარებაში, თუმცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის N2438-01 და 31 ივლისის N2617- 01 გადაწყვეტილებებით მას უარი ეთქვა დასაქმებაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი აქვს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის N2438-01 და 31 ივლისის N2617- 01 გადაწყვეტილებები ,,ვ----------------–---–ის დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ“.
სასამართლოს მითითებით, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უარი მოსარჩელე ვ----------------–---–ის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ეწინააღმდეგება კანონს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა მისი თანამდებობაზე აღდგენა და მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება განთავისუფლების დღიდან მისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენამდე ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი ითვალისწინებს მობილობის პროცესს, რომელიც უფრო დეტალურად მოწესრიგებულია ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით. კანონის აღნიშნული მუხლითა და ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაძლებლობას და არა - ვალდებულებას, რომ შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო დაწესებულება, სადაც მიმდინარეობს რეორგანიზაცია იმავე საჯარო დაწესებულებაში ან მის სისტემაში ახორციელებს ე.წ. შიდა მობილობას, ხოლო ასეთი მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ჩართულობით იწყება ე.წ. გარე მობილობა საჯარო სამსახურის სისტემაში. ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში შედის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები (ე.წ. სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტები), სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება (ამ შემთხვევაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო).
შესაბამისად, დეპარტამენტმა შიდა მობილობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმართა არამხოლოდ სამინისტროს, არამედ - სამინისტროს სისტემას, რომელიც შედგება ზემოაღნიშნული უწყებებისაგან. თუმცა როგორც მოსარჩელის, ისე სასამართლოს ყურადღების საგანი გახდა მხოლოდ სამინისტროს წერილები და დასაბუთება, თუ რატომ არ იქნა მიჩნეული სხვა ანალოგიური სტატუსისა და შინაარსის წერილები გახნილვის საგნად, სასამართლოს არ აქვს დასაბუთებული.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოხელის მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. აპელანტის მითითებით, როგორც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისე - ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილება არსად მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული თანხმობა, თავისი ბუნებით, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (განსხვავებით, სხვა რეგულაციებისა, სადაც ამის შესახებ კანონი პირდაპირ აკეთებს მითითებას). აღნიშნული ვერც იქნებოდა კანონმდებლის მიზანი, რადგან საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული დამოუკიდებლობის მახასიათებლის გათვალისწინებით, ვერ დაავალდებულებს სხვა საჯარო დაწესებულებას მოახდინოს პირის დასაქმება, შესაბამისი სურვილის გარეშე. ფაქტობრივად, მობილობა, როგორც ხელახალი დასაქმების მექანიზმი, აძლევს საჯარო დაწესებულებებს შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში, მოახდინონ პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმება, მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს ვალდებულებას, მათ შორის, არც უარის თქმის დასაბუთების ვალდებულებას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. ეს უკანასკნელი კიდევ გამორიცხვს მისი, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტად აღქმის შესაძლებლობას. შესაბამისად, სამინისტროს ზემოაღნიშნული წერილები, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შიდაორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც არ ხდება სამართლებრივი შედეგის წარმოშობა, არამედ - ისინი წარმოადგენს მხოლოდ აქტის მიღების საფუძველს, რომელიც თავის მხრივ არ არის დამოუკიდებელი აქტი (მაგალითად, როგორც სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა არ არის აქტი, არამედ აქტი არსი აღნიშნული დასკვნის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება). მოსარჩელის მიმართ შედეგი წარმოშვა მის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებამ და არა - საჯარო სამსახურის სისტემაში ჩართული უწყებების წერილებმა მობილობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. აპელანტის მითითებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მსჯელობა სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის №2438-01 და 31 ივლისის №2617-01 წერილების, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებად მიჩნევა ,,ვ----------------–---–ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში“ არის დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს.
,,sაქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის, როგორც საქვეუწყებო დაწესებულება, წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებელ დაწესებულებას. შესაბამისად, დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება განეხორციელებინა რეორგანიზაცია და ამ მიზნით, დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ, 2018 წლის 8 მაისს გამოიცა №119 ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ“.
აპელანტის მითითებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემობა მნიშვნელოვანია, რადგან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 104-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ინიციირება ხდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი - აღნიშნულ შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხაზი უნდა გაესვას აღნიშნული განკერძოების საკითხის, სამინისტროს და დეპარტამენტს, როგორც დამოუკიდებელ საჯარო უწყებებს შორის აღრევა თან სდევს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ დეპარტამენტიდან საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის გაუქმება, რომელიც კანონის საფუძველზე განხორციელდა, ფორმალური თვალსაზრისით ქმნიდა ვ----------------–---–ის კადრების განკარგულებაში აყვანისა და შემდგომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს, თუმცა ეს რეორგანიზაცია განხილული უნდა იქნეს არა მხოლოდ დეპარტამენტში აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის გაუქმების, არამედ მისი სამინისტროს დაქვემდებარების ნაწილში ერთიანად, ვინაიდან ერთი მხრივ ეს დაწესებულებები წარმოადგენენ საჯარო მმართველობის ერთ სფეროს, ხოლო მეორეს ის ფუნქცია, რომლითაც მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული იყო დატვირთული, დეპარტამენტიდან გადავიდა სამინისტროში, რის გამოც კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მოვალეობები შესაბამისად ნაწილდება როგორც დეპარტამენტის საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურზე, ისე სამინისტროზე. სასამართლოს განმარტებით დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/277 ბრძანება ვ----------------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გამომდინარეობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და იგი ფორმალურ-სამართლებრივად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, თუმცა აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ მოსარჩელის შესაბამის (იგივე) თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით სამართლებრივი ტვირთი ეკუთვნის სამინისტროს, რამდენადაც დეპარტამენტის უფლებამოსილებას სცილდება სხვა უწყებაში პირის თანამდებობაზე დანიშვნა. ამ განმარტებებიდან გამომდინარე სასამართლო საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება რეალურად განხორციელდა არა დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/277 ბრძანებით, არამედ სამინისტროს მიერ მის დანიშვნაზე უარის თქმით.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, ეწინააღმდეგება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსს. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ ის ფუნქცია, რომლითაც მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული იყო დატვირთული, დეპარტამენტიდან გადავიდა სამინისტროში. სასამართლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 გვერდზე თავადვე აღნიშნავს და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული დეპარტამენტის დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის უფლებამოსილებას წარმოადგენდა დეპარტამენტის შიდა კომპიუტერული ქსელის უზრუნველყოფა, ასევე დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, დეპარტამენტის სატელეფონო ქსელის და ქვესადგურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. შესაბამისად ცალსახაა, რომ ვ----------------–---–ის სამსახურებრივი ფუნქციები შემოიფარგლებოდა მხოლოდ დეპარტამენტით, ხოლო მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს №37/ნ ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის დებულების მე-2 მუხლის მიხედვით ამ დეპარტამენტის უფლებამოსილებებია „სამინისტროს შიდა კომპიუტერული, სატელეფონო ქსელის და ქვესადგურის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სამინისტროს ბალანსზე რიცხული კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება და მათი გამართულად მუშაობა, საჭიროების გათვალისწინებით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სათანადო პროგრამებით უზრუნველყოფა“, ანუ სამინისტროს ამ დეპარტამენტის ფუნქციები არ ვრცელდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტზე. შესაბამისად, დეპარტამენტიდან სამინისტროში არავითარ ფუნქციის გადასვლას და სტრუქტურული ერთეულის დაქვემდებარების შეცვლას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე სრულიად დაუსაბუთებულია და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ თითქოსდა მოსარჩელე სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლდა იმ პირობებში, როდესაც საშტატო ერთეული, რომელსაც იგი იკავებდა არ გაუქმებულა და იმავე ფუნქციით განაგრძო არსებობა სხვა დაწესებულების დაქვემდებარებაში და რომ თითქოსდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება რეალურად განხორციელდა არა დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/277 ბრძანებით, არამედ სამინისტროს მიერ მის დანიშვნაზე უარის თქმით. აპელანტის მითითებით, მნიშვნელოვან გარემობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სამინისტროში საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტი შეიქმნა 2018 წლის 1 აგვისტოდან, ხოლო ვ----------------–---–ის მობილობაზე უარის თქმის წერილები თარიღდება 2018 წლის 16 ივლისითა და 31 ივლისით, ანუ მანამდე, სანამ ეს დეპარტამენტი შეიქმნებოდა. შესაბამისად, არანაირ სამართლებრივ საფუძველს ან ლოგიკას არ ექვემდებარება სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სამინისტრო ვალდებული იყო დაესაქმებინა ვ----------------–---–ი იმ თანამდებობაზე, რომელიც არ არსებობდა და აღნიშნული უარი ჩაითვალოს მისი გათავისუფლების საფუძვლად.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რაც ქმნის გადაწყვეტილების მხოლოდ აღნიშნულ ნაწილში გადამოწმების საფუძველს.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღარ მიუთითებს მათზე.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის ძირითად საგანს წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის N2438-01 გადაწყვეტილებისა და ამავე სამინისტროს 2018 წლის 31 ივლისის N2617-01 გადაწყვეტილებების კანონიერება ვ----------------–---–ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული აქტებით შეიზღუდა მოსარჩელის შრომითი უფლება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის თანახმად, შრომა თავისუფალია. დასახელებული ნორმით დაცულია არა მარტო უფლება პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007).
იმავე რედაქციის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პალატამ უნდა იმსჯელოს ნინო ბუთხუზის სამსახურიდან გათავისუფლებას ჰქონდა თუ არა კანონისმიერი საფუძვლები. ამგვარი საფუძვლების არარსებობის პირობებში, მოსარჩელე ექვემდებარებადარღვეულ უფლებებში აღდგენას.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, გათავისუფლებამდე ვ----------------–---–ის მიერ დაკავებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო მოძარაობის რეგულირების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა და ახლადაშექმნილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა წარმოადგენს თუ არა ტოლფასოვან თანამდებობებს და აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა თუ არა ახლად შექმნილ თანამდებობაზე ვ----------------–---–ის გადაყვანის ვალდებულება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ რეორგანიზაციის ფაქტი. გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამასთანავე, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება (იხ.სუსგ 08.12.2015. საქმე Nბს-449-442(კ-15)).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ----------------–---–ი 2017 წლის 13 იანვრიდან დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის პროექტის მენეჯერის (კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული ქსელის უზრუნველყოფის მიმართულებით) თანამდებობაზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის 30 ივნისის Nპ/351 ბრძანებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობა 2017 წლის 01 ივლისიდან გარდაიქმნა პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობად. ამავე დეპარტამენტის 2018 წლის 29 იანვრის Nპ/39 ბრძანებით, ვ----------------–---–ის თანამდებობა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის პროექტის მენეჯერი - განისაზღვრა დეპარტამენტის საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობად. ვ----------------–---–ს თანამდებობრივი სარგო განესაზღვრა თვეში 2300 ლარის ოდენობით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის N1/ნ ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება. აღნიშნული დებულების მე-11 მუხლი განსაზღვრავს საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის ძირითად ამოცანებს, მათ შორის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“, ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სამსახურის უფლებამოსილებებს წარმოადგენდა დეპარტამენტის შიდა კომპიუტერული ქსელის უზრუნველყოფა, ასევე, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, დეპარტამენტის სატელეფონო ქსელის და ქვესადგურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის №10/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის 40/ო ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურში განსაზღვრული იყო პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სულ 1 საშტატო ერთეული, თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 2300 ლარს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, 2018 წლის 8 მაისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც დაადგინა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა განხორციელებულიყო რეორგანიზაცია თანამდებობათა შემცირებით. აღნიშნული ბრძანება იმავე დღე გაეცნო მოსარჩელე ვ----------------–---–ს. ამასთან, 2018 წლის 4 ივლისს, მოსარჩელე ვ----------------–---–ს წერილობით ეცნობა რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო, თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N94/ო ბრძანებით, დამტკიცდა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურა საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად საშტატო ნუსხა არ ითვალისწინებდა საგზაო მოძრაობის რეგულირების სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, ამასთან, სამსახურის გაუქმებით, მის ბაზაზე შექმნილი ახალი სტრუქტურული ერთეული (ქვედანაყოფი) - ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახური, ასევე არ ითვალისწინებდა მოსარჩელის საშტატო ერთეულს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავოდ არ ქცეულა ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის N385 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება, რომლითაც განისაზღვრა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათ შორის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანად განისაზღვრა სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, ასევე, სამინისტროში ელექტრონული მონაცემთა ბაზების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და მათი გამართულად მუშაობა.
ამასთან, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრუქტურის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №86/ო ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საშტატო ნუსხის შესაბამისად, ერთ-ერთ დეპარტამენტად ჩამოყალიბდა საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტი, სადაც შეიქმნა პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული, თანამდებობრივ სარგოდ კი განისაზღვრა ანაზღაურება თვეში 2400 ლარის ოდენობით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს N37/ნ ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის დებულება. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის მიხედვით დეპარტამენტის უფლებამოსილებებია სამინისტროს შიდა კომპიუტერული, სატელეფონო ქსელის და ქვესადგურის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სამინისტროს ბალანსზე რიცხული კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება და მათი გამართულად მუშაობა, საჭიროების გათვალისწინებით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სათანადო პროგრამებით უზრუნველყოფა, ასევე მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვ----------------–---–ის მიერ დაკავებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო მოძარაობის რეგულირების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა მინისტრის ბრძანებით გამოყოფილ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან და მიუერთდა უშუალოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კერძოდ გახდა ახლადშექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის საშტატო ერთეული, თუმცა თანამდებობას იერარქიული საფეხური, ძირითად უფლებამოსილებათა წრე, შრომის ანაზღაურება და თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული მოთხოვნები შეუნარჩუნდა უცვლელად. ამდენად, ვახტანგ ბარნაბუშვილის მიერ დაკავებული შტატი არსებითად იქნა შენარჩუნებული, იგი არ გაუქმებულა, მხოლოდ იქნა გადატანილი საქვეუწყებო დაწესებულებიდან უშუალოდ სამინისტროს შემადგენლობაში.
სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს N37/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის დებულების მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის შესაბამისად ახლადშექმნილ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტს დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება დაევალა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართაც, ვინაიდან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. შესაბამისად, აპელანტთა პოზიცია, რომ ახლადშექმნილი თანამდებობა განსხვავდება ვ----------------–---–ის მიერ დაკავებული თანამდებობისაგან შესასრულებელ ფუნქციათა თვალსაზრისით, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული დაუსაბუთებლობის გამო.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,პროფესიულ საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით დამტკიცებული წესზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს, ასევე, არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები. ამასთან, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საშტატო ერთეული, რომელსაც ვ----------------–---–ი იკავებდა, არ გაუქმებულა და იმავე ფუნქციით განაგრძო არსებობა, იმ დაწესებულების დაქვემდებარებაში, რომელიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად წარმოადგენს საჯარო მმართველოს ერთ სფეროს, ამასთან ახლადშექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის განსაზღვრული სამართლებრივი მოვალეობები ვრცელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტზეც, ასევე იმ პირობებში როდესაც აღნიშნული ახლადშექმნილი თანამდებობა იყო ვაკანტური, მოსარჩელეს უკანონოდ ეთქვა უარი დასაქმებაზე.
სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ის ფაქტი, რომ სამინისტროში საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტი შეიქმნა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრუქტურის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №86/ო ბრძანებით, ხოლო ვ----------------–---–ის მობილობაზე უარის თქმის წერილები თარიღდება 2018 წლის 16 ივლისითა და 31 ივლისით, ვერ იქნება მიჩნეული ვ----------------–---–ის მობილობაზე უარის თქმის კანონიერების დამადასტურებელ გარემოებად. სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა ვ----------------–---–ის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქციურ მნიშვნელობას საჯარო დაწესებულებისათვის, განმარტავს, რომ აღნიშნული თანამდებობის გაუქმება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, განპირობებულ იქნა იმ მოტივით, რომ აღნიშნული შტატის სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაში გადატანა იგეგმებოდა, რომელსაც დებულებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში შესასრულებელი სამუშაოს შესრულებაც დაეკისრებოდა; და არა იმ გარემოებით, რომ მსგავსი ფუნციის მქონე საშტატო ერთეული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აღარ ესაჭიროებოდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უდავოდ ცნობილი იყო ივლისიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვ----------------–---–ის მიმართ მობილობის პროცედურების განხორციელება არ დაიწყებოდა. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საშტატო ნუსხა დამტკიცებულ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N94/ო ბრძანებით, ხოლო ვ----------------–---–ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 08 აგვისტოს Nპ/277 ბრძანებით, ამდენად ვ----------------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე, 2018 წლის 01 აგვისტოს, უკვე შექმნილი იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრუქტურაში ვ----------------–---–ის მიერ დაკავებული თანამდებობის იდენტური საშტატო ერთეული, რომელიც იყო ვაკანტური და ადმინისტრაციულ ორგანოს ვ----------------–---–ის გათავისუფლებამდე შეეძლო განეხილა აღნიშნულ თანამდებობაზე მისი გადაყვანის საკითხი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო პალატა ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც მართებულად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის N2438-01 და 31 ივლისის N2617- 01 გადაწყვეტილებები ,,ვ----------------–---–ის დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ“. აღნიშნულიდან გამომდინარე ასევე მართებულად დაევალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოსარჩელე ვ----------------–---–ის სამსახურში აღდგენა და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება, განთავისუფლების დღიდან მისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენამდე ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან .
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა).
მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი