განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
820100119003072369
ინსტანცია
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100119003072369

საქმე №1/ბ-720-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) რ----- გ------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, ფაქტობრივად მცხოვრების ხ--–----------------–----–----------------–-------------–-------------------–-----–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 სექტემბრის განაჩენით:

 

რ----- გ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

რ----- გ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, რ----- გ------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, რ----- გ------ეს 2019 წლის 18 მაისიდან 2019 წლის 20 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, შეუმცირდა სასჯელის ზომა და განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

რ----- გ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა - 2000 (ორი ათასი) ლარი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს, ნ-------- ჩ-----ს (პ/ნ 6----------).

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ნამსხვრევები უნდა განადგურდეს, ხოლო მაისური და პირსახოცი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- გ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 03 ნოემბრიდან - 2019 წლის 18 მაისამდე პერიოდში, ხ--–----------------–----–----------------–-------------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, რ----- გ------ე მის მიერვე დაწყებული კონფლიქტისას და შელაპარაკებისას, სისტემატურად შეურაცხყოფდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, აშანტაჟებდა და ამცირებდა თავისი ოჯახის წევრს - დას, ნ---- გ------ეს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

რ----- გ------ემ 2019 წლის 18 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხ--–----------------–----–----------------–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მის მიერვე დაწყებული კონფლიქტისას და შელაპარაკებისას, მისივე ოჯახის წევრს - დას, ნ---- გ------ეს თავის არეში ესროლა ჭიქა და ლამბაქი, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ----- გ------ისათვის, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის მაქსიმალური ვადის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ცხოვრების გათვალისწინებით, რ----- გ------ისთვის დანიშნული სასჯელი _ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ვერ შეამცირებს მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

მსჯავრდებულმა რ----- გ------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- ა--–---მ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვეს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- გ------ის, მოწმეების _ თ--------- წ---–-----ის, ა------ ტ----ის, დ----- ი------ის, ნ----- გ-------ის და ნ------- მ-------------ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ----- გ------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს რ----- გ------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია სასჯელის სამართლიანობაზე საუბარი, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: რ----- გ------ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი. საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების თანახმად, დაზარალებული ნ---- გ------ე შეურიგდა რ----- გ------ეს, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა მასზე გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით რ----- გ------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.

 

ამდენად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 სექტემბრის განაჩენი რ----- გ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 სექტემბრის განაჩენი რ----- გ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.რ----- გ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ----- გ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რ----- გ------ეს, 2019 წლის 18 მაისიდან 2019 წლის 20 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ რ----- გ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს, ნ-------- ჩ-----ს (პ/ნ 6----------) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა _ 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნამსხვრევები განადგურდეს, ხოლო მაისური და პირსახოცი დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/