განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2019
საქმის ნომერი
330100118002769419
ინსტანცია
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002769419

საქმე №1ბ/803-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოსსახელით

05 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ა------–------ის

ადვოკატ - თ-------–-----–---–ის

 

მონაწილეობით,გამართლებულ - ნ-----–--------------ის მონაწილეობის გარეშე

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ნ-----–--------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 30 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ზ-------–---–-------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამრთლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენით ნ-----–--------------ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ-----–--------------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის.

 

ნ-----–--------------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განაჩენით, ნ-----–--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.

2018 წლის 12 ნოემბერს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ზ-------–---–----------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, უმნიშვნელო მიზეზით, მეუღლის მიმართ ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ნ-----–--------------მა 11 წლის არასრულწლოვან შვილს - მ----------------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმავდროულად, ხელი ჰკრა, ძირს დააგდო და სამჯერ ძლიერად დაარტყა ხელი თავის არეში.

 

აღნიშნული ქმედებისათვის ნ-----–--------------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ-----–--------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, არ იყო წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ნ-----–--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პროკურორმა ა------–------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ-----–--------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, ნ-----–--------------ის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა დასტურდება პატრულ-ინსპექტორების - რ-----------------–---–ის და გ--------------–---–ის ჩვენებებით და დაზარალებულ მ----------------ისა და მოწმე შ--------------–-–---–ის მიერ წინასწარი გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციით. მართალია, სასამართლო პროცესზე მ----------------მა და შ--------------–-–---–მა უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, თუმცა, აპელანტის აზრით, აღნიშნული უფლების გამოყენება არ მიუთითებს ნ-----–--------------ის უდანაშაულობაზე. აპელანტმა აღნიშნა, რომ ბრალდებულის დედა - მ----------------ი, დაინტერესებულია შვილის ბედით. ასევე, ო----–----------–---სა და ფ------------------ს ბინა აქვთ ნაქირავები ნ-----–--------------ისა და მ----------------ისაგან, ამდენად, თითოეული მათგანი დაინტერესებულია ნ-----–--------------ის ბედით და არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს მათი ჩვენებები.

აპელანტის მითითებით, ნ-----–--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი ასევე დასტურდება დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, პატრულ-ინსპექტორ გ--------------–---–ის პატაკით, 2019 წლის 12 ნოემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განაჩენით. ბრალდების მხარის მითითებით, აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო უნდა დარწმუნებულიყო, რომ საქმის ირგვლივ შეკრებილია უტყუარი მტკიცებულებები. სასამართლომ, ნ-----–--------------ის ქმედებას არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეულ იქნა არაერთი მტკიცებულება, რომელთა ერთობლიობა აშკარად და დამაჯერებლად მიუთითებდა, რომ ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ნ-----–--------------მა ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილის - მ----------------ის მიმართ ძალადობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულ ნ-----–--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-------–-----–---–მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს ნ-----–--------------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ-----–--------------ის მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს. აპელანტის მიერ ნ-----–--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად მიჩნეული საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებენ ნ-----–--------------ის ბრალეულობას.

 

ნ-----–--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ პირდაპირ მტკიცებულებას, როგორიცაა არასრულწლოვან დაზარალებულ მ----------------ის გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმი, რომელიც ნ-----–--------------ს ამხელდა მის მიერ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მამის − ნ-----–--------------ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ამასთან, მართალია მოწმე შ--------------–-–---–ის არ იყო ნ-----–--------------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების თვითმხილველი, თუმცა მანაც უარი განაცხადა ყოფილი მეუღლის - ნ-----–--------------ის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

 

აპელანტი განმარტავს, რომ არასრულწლოვანი დაზარალებულისა და ყოფილი მეუღლის მხრიდან მათთვის მინიჭებული პროცესუალური უფლებით სარგებლობის მიუხედავად, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მათ მიერ გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაციის შინაარსით. პალატა მიუთითებს, რომ ასეთი მსჯელობა მხოლოდ თეორიულ ხასიათს ატარებს, რაც თანხვედრაში არაა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან, რომელიც განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ სტანდარტს და ადგენს მტკიცებულებათა გაზიარების წესს. კერძოდ, აღნიშნული საკითხი მოწესრიგებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით იმგვარად, რომ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის შეფასება მხოლოდ მისი უდავო მტკიცებულებად მიჩნევის დროსაა შესაძლებელი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საპროცესო კანონმდებლობის ამგვარი დანაწესი, მტკიცებულებით საფუძველს აცლის მოწმეთა მიერ წინასწარი გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას და შესაბამისად, მათზე დაყრდნობით სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

აპელანტი განმარტავს, რომ დაზარალებულისა და მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებობს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა ანალიზის საფუძველზე დასტურდება ნ-----–--------------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, კერძოდ, ბრალდების მხარემ მიუთითა დანაშაულის შესახებ შეტყობინებაზე, პატრულ-ინსპექტორ გ--------------–---–ის პატაკზე, 2019 წლის 12 ნოემბერს გამოცემულ შემაკავებელ ორდერზე, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განაჩენზე და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე. პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული მტკიცებულებები მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული და მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ დასახელებულ მტკიცებულებათაგან არც ერთი პირდაპირ არ მიუთითებს უშუალოდ ნ-----–--------------ის მიერ თავის არასრუწლოვან შვილზე ძალადობის ფაქტზე.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს პატრულ-ინსპექტორების რ-----------------–---–ისა და გ--------------–---–ის ჩვენებებზე, რომელთა მიხედვით დასტურდება, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს რადიოსადგურ ცენტრ 112-ის საშუალებით მიიღეს შეტყობინება, რომლის თანახმად, ბეგიაშვილის ქუჩაზე ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. ისინი გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ არასრულწლოვანი მ----------------ი, მშობელთან - ნ-----–--------------თან და ბებიასთან - მ----------------თან ერთად. დაზარალებულ მ----------------ის განმარტებით, მამამ, ნ-----–--------------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და რამდენჯერმე ხელი დაარტყა თავის არეში, რის შედეგად განიცადა ძლიერი ტკივილი. ამდენად, არც დასახელებული გამომძიებლები არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი ასევე არ დაუნახავს მოწმე ო----–----------–---ს, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს ბრალდებულ ნ-----–--------------ის მეზობლად და მან შემთხვევის დღეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისაგან შეიტყო, რომ ნ-----–--------------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია არასრულწლოვანი შვილის - მ----------------ისათვის. ჩვენების შინაარსის გათვალისწინებით, ირიბ მოწმეს წარმოადგენს მოწმე გ---------------–--ე, რომელმაც მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე და ადგილზე მისვლისას არასრულწლოვანმა მ----------------მა განუცხადა, რომ მამამ - ნ-----–--------------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში.

 

საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დასაბუთებულად იმსჯელოს ნ-----–--------------ის მიერ არასრუწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე, რაც საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით არაა დადასტურებული.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ნ-----–--------------მა განახორციელა ძალადობა თავისი არასრუწლოვანი შვილის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში საკმარისია ნ-----–--------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ნ-----–--------------ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ნ-----–--------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ნ-----–--------------ის ბრალეულობის დასადგენად, ისინი ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციონაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და

დაადგინა:

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამრთლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

ნ-----–--------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, ნ-----–--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

გამართლებულ ნ-----–--------------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე