განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.06.2019
საქმის ნომერი
330210117001910058
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001910058

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5659-18 11 ივნისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები - თამარ ალანია

ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - სს“დ------“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ზ------ ჭ----–-–---–-, ზ------ კ----–-–---–- (დირექტორი)

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ''ო-------- ქ----------–---'' (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ლ-–- ც---–----, გ--- გ--------- (დირექტორი)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეს დაეკისროს 59 726.35 ლარის გადახდა.

1.2. დავალიანების ძირ თანხაზე, 59 726.35 ლარზე წლიური 8.5% სარგებლის გადახდა 2017 წლის 22 მარტიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2018წ. გადაწყვეტილებით:

1. შპს ''ო-------- ქ----------–---ს'' სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. მოპასუხე სს ''დ------ს'' მოსარჩელე შპს ''ო-------- ქ----------–---ს'' სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 59 726.35 ლარის გადახდა.

3. მოპასუხე სს ''დ------ს'' მოსარჩელე შპს ''ო-------- ქ----------–---ს'' სასარგებლოდ 2017 წლის 22 მარტიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის - 59 726.35 ლარის წლიური 7%-ს სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 348 ლარს.

 

3.1. 2017 წლის 8 თებერვალს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და გამოთქვა მზადყოფნა შეთანხმების შემთხვევაში დაეფარა დავალიანება შეთანხმებული პირობების შესაბამისად. 2017 წლის 01 მარტს, მოპასუხემ მის წერილობით პასუხში განუმარტა მოსარჩელეს, რომ თუ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მოსარჩელე დაფარავდა მოპასუხის სახელზე რიცხულ სასესხო დავალიანების ძირითად თანხებს და მასზე დარიცხულ პროცენტს, მაშინ მოპასუხე მოუხსნიდა დარიცხულ ჯარიმას და ამავდროულად დაუყოვნებლივ მოხსნიდა იპოთეკას სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთულ შენობა-ნაგებობებზე.

 

3.2. მოსარჩელის სესხის სახით არსებული დავალიანება ლარში მოპასუხის მიმართ შეადგენდა - 2 286 281.95 ლარს, ხოლო სესხის სახით არსებული დავალიანება აშშ დოლარში - 186 153.16 აშშ დოლარს.

 

3.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 1 მარტს, მოსარჩელემ მოპასუხის სალიკვიდაციო ანგარიშზე სს ''თ-------------ს'' მეშვეობით გადაიხადა - 896 792.17 აშშ დოლარი. საგადასახადო დავალებაში მითითებულია, რომ გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსი აშშ დოლარსა და ლარს შორის შეადგენდა - 2.5494 ერთეულს, გადარიცხული თანხა გადარიცხვის დღეს ზუსტად შეადგენდა - 2 286 281.95 ლარს. გადარიცხული თანხა იმავე დღეს აისახა მოპასუხის კუთვნილ ანგარიშზე, რაც მოპასუხე მხარე ადასტურებს და სადავოდ არ ხდის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვალდებულების აშშ დოლარში შესრულება შეთანხმებული იყო მხარეთა შორის, რასაც მოპასუხე მხარე ეთანხმება და აღნიშნული დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ მოპასუხემ სესხის სახით ლარში არსებული დავალიანების შესასრულებლად მოსარჩელე მხარისაგან შესრულება მიიღო აშშ დოლარში და რაიმე სახის პრეტენზია მასზედ არ გამოუთქვამს.

 

3.4. 2017 წლის 1 მარტს, მოსარჩელემ მოპასუხის სალიკვიდაციო ანგარიშზე სს ''თ-----------ს'' მეშვეობით გადაიხადა სესხის სახით არსებული დავალიანების აშშ დოლარში დასაფარად - 186 153.16 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულება აღნიშნულ ნაწილში მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს.

 

3.5. 2017 წლის 20 მარტს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ მას ერიცხებოდა სასესხო დავალიანება - 59 726.35 ლარის ოდენობით და იპოთეკისა და გირავნობის გაუქმება მხოლოდ ამ თანხის სრულად დაფარვის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი.

 

3.6. მოსარჩელემ 2017 წლის 21 მარტს გადაიხადა მოპასუხის მიერ მითითებული თანხა - 59 726.35 ლარის ოდენობით, მხოლოდ ამის შემდგომ განთავისუფლდა მოსარჩელის კუთვნილი ქონება იპოთეკის და გირავნობისგან.

 

3.7. 2017 წლის 23 მარტს, მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით განუმარტა, რომ მის მიერ 2017 წლის 1 მარტს აშშ დოლარში გადახდილი თანხა, გადახდის დღეს არსებული კურსის მიხედვით ზუსტად შეესაბამებოდა მოპასუხის მიერ განსაზღვრულ სესხის ჯამურ ოდენობას ლარში. თანხა იმავე დღეს აისახა მოპასუხის ანგარიშზე. მოსარჩელემ მოპასუხისაგან ასევე მოითხოვა დასაბუთება მასზედ, თუ რატომ არ მოიხსნა მის კუთვნილ ნივთებზე იპოთეკა და გირავნობა და რატომ ''აიძულა'' მოსარჩელე გადაეხადა დამატებითი თანხა.

 

3.8. 2017 წლის 10 აპრილს მოპასუხემ თავის წერილობით პასუხში დაადასტურა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის 1 მარტს გადარიცხული თანხა მოპასუხის სალიკვიდაციო ანგარიშზე ჩაირიცხა იმავე დღეს - 2017 წლის 1 მარტს, თუმცა მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული განხორციელდა სამუშაო საათების შემდეგ, რის გამოც აშშ დოლარში მიღებული თანხის დაკონვერტირება ლარში ბანკის მიერ განხორციელდა - 2017 წლის 2 მარტს. მოპასუხის განმარტებით, სწორედ 02 მარტსა და 01 მარტის გაცვლით კურსებს შორის არსებულმა სხვაობამ წარმოშვა დავალიანება - 59 726.36 ლარის ოდენობით.

 

3.9. 2016 წლის 2 სექტემბრიდან დაწყებულია მოპასუხის ლიკვიდაციის პროცესი.

 

3.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ კრედიტორმა განაცხადა თანხმობა ვალდებულების შესრულების სხვა ვალუტაში მიღებასთან დაკავშირებით და არ იყო ამის წინააღმდეგი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სწორედ მოპასუხის კუთვნილ სალიკვიდაციო ანგარიშზე განხორციელდა თანხის ჩარიცხვა - 2017 წლის 1 მარტს და აღნიშნული სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს. ეს შესრულება მიღებულ იქნა კრედიტორის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ლიკვიდატორის მიერ და მისი მხრიდან აღნიშნულის გაპროტესტება არ მომხდარა. შესაბამისად, დგინდება, რომ მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულება კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას მასზედ, რომ თანხა ანგარიშზე ჩაირიცხა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების დროდ ვერ ჩაითვლება 2017 წლის 1 მარტი, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ფაქტი გავლენას არ ახდენს ვალდებულების შესრულების დროზე, რამდენადაც მოპასუხე წარმოადგენს კომერციულ ბანკს, რომელსაც თანხა ჩაერიცხა საკუთარ ანგარიშზე, მას თანხის ფლობის, წვდომის და განკარგვის საშუალება წარმოეშვა უშუალოდ - 2017 წლის 1 მარტს, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შიდა ინსტრუქციები და მათ საფუძველზე მოქმედება გავლენას ვერ მოახდენს მესამე პირთან ურთიერთობაში, თანაც იმ პირობებში, როდესაც შეთანხმების შესაბამისად ხდება მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება, როდესაც, სულ მცირე კრედიტორმა იცოდა შესრულების დღე და დრო, ვალუტა და სურვილი იმისა, რომ მოვალე ვალდებულებას უსრულებდა სრულად, საგადასახადო დავალება მოიცავდა სწორედ მოვალის სურვლს დაეფარა დავალიანება სრულად, რადგან მის მიერ გადარიცხულია ლარში არსებული დავალიანების შესაბამისი ექვივალენტი აშშ დოლარში და სწორედ ამ სახით მიიღო კრედიტორმა შესრულება 2017 წლის 1 მარტს და მხოლოდ 2017 წლის 20 მარტს აცნობა მოვალეს ვალდებულების ნაწილობრივი შესრულების თაობაზე. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას და განმარტავს, რომ ვალუტის კურსის ცვლილების რისკი თანხის ჩარიცხვის მომენტიდან (2017 წლის 1 მარტი) უნდა გადავიდეს მოპასუხის მხარეზე, რამდენადაც, დავალიანება - 59 726.36 ლარის ოდენობით წარმოშვა 2017 წლის 1 მარტსა და 2 მარტს არსებულ გაცვლით კურსებს შორის სხვაობამ. აღნიშნული მიდგომა თანხვედრაშია ნომინალიზმის პრინციპთან, რომლის თანახმად, როდესაც ვალდებულება განსაზღვრულია ერთ რომელიმე ვალუტაში, ხოლო გადახდა ხორციელდება მისგან განსხვავებულ ვალუტაში გადახდა უნდა განხორციელდეს გადახდის დღეს არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის მიხედვით, ხოლო კურსთა შორის სხვაობიდან წარმოშობილი შესაძლო რისკი, კრედიტორზე გადადის იმ მომენტიდან როდესაც მის ანგარიშზე მოხდა თანხის ჩარიცხვა, ანუ ფულადი ვალდებულების შესრულება. ამგვარ მიდგომას კი საფუძვლად უდევს ნომინალიზმის პრინციპის ქვაკუთხედი, რომელზეც დგას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა. დადგენილია, რომ მოსარჩელის ვალდებულება განისაზღვრა 2 286 281.95 ლარის ოდენობით. მან გადახდა განახორციელა აშშ დოლარში და გადახდის დღეს არსებული კურსის გამოყენებით, რომლის შედეგადაც გადახდილმა თანხამ შეადგინა 896 792.17 აშშ დოლარი, თანხა იმავე დღეს 2017 წლის 1 მარტს აისახა მოპასუხის სალიკვიდაციო ანგარიშზე, ამდენად, დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად და კეთილსინდისერად მხარეთა შორის შეთანხმებულ დროს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს არ გამოუთქვამს პრეტენზია, რომ ვალდებულება შესრულდა აშშ დოლარში და არა ეროვნულ ვალუტაში, მხარემ მიიღო შესრულება, ხოლო ვალდებულების შესრულების დღეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა აშშ დოლარში სრულად ფარავდა კრედიტორის მიმართ არსებულ დავალიანებას ეროვნულ ვალუტაში, ამდენად, მომდევნო დღის ვალუტის კურსის ცვლილება გავლენას ვერ მოახდენს შესრულებული ვალდებულების ოდენობაზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას დამატებით მოეთხოვა მოსარჩელისაგან კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკლისის შევსება.

 

3.11. სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად, თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას შეეძლო მიეღო მეურნეობის სათანადოდ გაძღოლის შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. ფულად ვალზე გადახდილ უნდა იქნეს პროცენტი. საგნიდან მიღებული შემოსავალი უნდა დაბრუნდეს.

 

კანონის ნორმა იმპერატიულად მოითხოვს, რომ ფულად ვალზე გადახდილ უნდა იქნეს პროცენტი. აღნიშნული იმპერატიულობა დაკავშირებულია ამ (ფულის) ქონების თავისებურებებთან, რაც უნდა განვასხვავოთ სხვა ქონებრივი ურთიერთობების ობიექტებისაგან, კერძოდ, როდესაც ყურადღებას ვამახვილებთ ფულად საშუალებებზე (ფულზე) მხედველობაში უნდა მივიღოთ ამ ქონების უნიკალური თვისება, რაც ნიშნავს იმას, რომ ფულადი სახსრები, როგორც საყოველთაო ეკვივალენტი, შესაძლებელია, გაცვლილ იქნეს ქონებრივი ურთიერთობების თითქმის ნებისმიერ ობიექტზე, რომლებიც ატარებენ სასყიდლიან ხასიათს ანუ ფულადი სახსრების საშუალებით შეიძლება დაიფაროს თითქმის ყველა ვალი. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას შეეძლო აღნიშნული თანხა განეთავსებინა ანაბარზე და მიეღო შემოსავალი მინიმუმ წლიური 8.5%- ის ოდენობით, რის დაკისრებასაც იგი ითხოვს მოპასუხისათვის, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას ამ თანხის დაუბრუნებლობით მიადგა ზიანი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 7%-ს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 59 726.35 ლარზე წლიური 7%-ი სარგებლის გადახდა, 2017 წლის 22 მარტიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2018წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

4.1. გადაწყვეტილებაში ნახსენები არ არის მოწმე რ---- ც-–--–---–-- ჩვენება, როგორც მოსარჩელის მოთხოვნათა უსაფუძვლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლოს არ ჰქონდა მოწმის მიერ დადასტურებული ფაქტების გასაბათილებელი კონტრარგუმენტი. მოწმის მიერ მოყვანილი სრული სურათი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოა.

 

4.2. ვალდებულების ჯეროვან შესრულებას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე წარმოადგენდა არაკეთილსინდისიერ და ვალდებულების უხეშად დამრღვევ მსესხებელს, რომელსაც მიუხედავად ბანკის მხრიდან გაწეული არაერთი შეღავათისა, კრედიტის მოქმედების პერიოდში - 2015 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრამდე, არ განუხორცილებია სესხის ძირითადი თანხის დაფარვისკენ მიმართული არც ერთი გადახდა.

 

სასამართლომ სწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლზე, რომელშიც საუბარია მოვალის მიერ კრედიტორის ანგარიშზე ჩარიცხვით ფულადი ვალდებულების შეასრულებაზე, თუმცა დაუშვა სამართლებრივი შეცდომა და მიუთითა მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების არსებობაზე თანხის აშშ დოლარში გადახდის შემთხვევაში კურსის ცვლილების რისკთან დაკავშირებით.

 

საკრედიტო ხელშეკრულებებისა და მათზე დართული გრაფიკების თანახმად, განსაზღვრულ ვალუტაში აღებული სესხი კლიენტის მიერ უნდა დაფარულიყო იმავე ვალუტაში, რაც მსესხებლის მიერ არ შესრულდა. მსესხებელმა ხელშეკრულების პირობების საწინააღმდეგოდ მოითხოვა ლარში აღებული სესხის დაფარვა აშშ დოლარში, რასაც გამონკლისის სახით დაეთანხმა ლიკვიდატორი, თუმცა, იმთავითვე ცხადი იყო, რომ თანხის კონვერტაციასთან დაკავშირებული ყველა რისკი თავად მსესხებელს უნდა აეღო თავის თავზე. არანაირ საწინააღმდეგო შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, ვინაიდან ასეთი შეთანხმებები იდება წერილობით და წერილობით თანხმდება ეროვნული ბანკის შესაბამის სამსახურებთან. ზეპირი ფორმით დადებულ ასეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებზე საუბარი არასერიოზულია.

 

ბანკის ლიკვიდატორის №--- წერილით მოსარჩელეს განემარტა დარჩენილი დავალიანების წარმოშობის მიზეზი. კერძოდ, ის ფაქტი, რომ მსესხებლის სხვა ვალუტაში განხორციელებული გადარიცხვა ეროვნულ ბანკში მივიდა სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ და შემოსული თანხა ბანკის სალიკვიდაციო ანგარიშზე აისახა 2017 წლის 1 მარტს, თუმცა ანგარიშის ამონაწერი ბანკის მიერ მიღებულ იქნა 2 მარტს დილის 11 საათსა და 36 წუთზე. ვინაიდან თანხა იყო აშშ დოლარში, კონვერტაცია განხორციელდა 2017 წლის 2 მარტის კურსით - 1 აშშ დოლარი = 2,4828 ლარი.

 

4.3. სამოქალაქო კოდექსის კომენტარის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით გამორიცხულია უკუმოთხოვნა, თუ შემსრულებელმა იცოდა, რომ იგი ვალდებული არ იყო განეხორციელებინა შესრულება. ვინც შესრულებისას უკვე იცის, რომ შესრულების ვალდებულება არ არსებობს, მას არ უნდა ჰქონდეს შესრულების უკუმოთხოვნის უფლება. უსაფუძვლოა მოსარჩელის ბრალდება, თითქოს ბანკმა ისარგებლა იმ გარემოებით, რომ მსესხებლის ქონება იპოთეკით/გირავნობით იყო დატვირთული. ბანკის ლიკვიდატორმა 20.03.2017წ. წერილით მოსარჩელეს უბრალოდ აცნობა, რომ მის მიერ გადმორიცხული თანხა კონვერტაციის შემდეგ არ აღმოჩნდა საკმარისი ბანკის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების სრულად შესრულებისათვის და მას კვლავ ერიცხება დავალიანება 59 726,35 ლარის ოდენობით. უსაფუძვლოა მტკიცებაც, თითქოს მოსარჩელე "იძულებული გახდა", გადაეხადა დარჩენილი თანხა იმის გამო, რომ "რისკის ქვეშ არ დაეყენებინა მისი ძვირადღირებული ქონება"; მოსარჩელეზე არანარი ზეწოლა თუ ზემოქმედება არ ყოფილა ბანკის მხრიდან და მან გადახდა განახორციელა ნებაყოფლობით.

 

"კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის ლ1 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო დღე არის კომერციული ბანკის მიერ დადგენილი საბანკო დღის დროის გარკვეული მონაკვეთი, რომლის შემდგომ ბანკის მიერ კლიენტისგან მიღებული დავალებები ითვლება მეორე საბანკო დღეს მიღებულად. მოპასუხე ბანკის შიდა ნორმატიული აქტის - "იურიდიული პირების საოპერაციო მომსახურების წესების" მე-15 მუხლის თანახმად, ბანკის საოპერაციო დღე იწყება 10 საათზე და მთავრდება 18 საათზე.

 

4.4. დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა თანხაზე პროცენტის მოთხოვნის თაობაზე. არ არსებობს ბანკის მხრიდან რაიმე დავალიანების არსებობა და შესაბამისად, მასზე პროცენტის დარიცხვაც გამორიცხულია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6. საქმის მასალებით დგინდება და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ შპს ''ო-------- ქ----------–---ს“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სასესხო დავალიანება სს ''კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს“ (ამჟამად სს „დ------ი“ (შემდგომში „მოპასუხე“)) მიმართ ლარში შეადგენდა - 2 286 281.95 ლარს, ხოლო აშშ დოლარში - 186 153.16 აშშ დოლარს (ტ.1, ს.ფ. 30, 280, 290-302).

 

7. მოსარჩელე საწარმოში პარტნიორთა ცვლილების და მათი ნების გათვალისწინებით დირექტორმა 08.02.2017წ. წერილობით მიმართა მოპასუხეს და გამოთქვა მზადყოფნა მოსარჩელეს დაეფარა დავალიანება სესხის ძირი თანხის და პროცენტის სახით, თუ მოპასუხე გაათავისუფლებდა დარიცხული ჯარიმისგან და თუ კრედიტორი აიღებდა ვალდებულებას უძრავ ნივთზე უზრუნველყოფის უპირობო მოხსნის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 29).

 

ამდენად, მოსარჩელის მიზანს წარმოადგენდა უზრუნველყოფის უპირობოდ გაუქმება.

 

მოპასუხის ლიკვიდატორმა მოსარჩელეს 01.03.2017წ. წერილით განუმარტა, რომ თუ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში დაფარავდა სასესხო დავალიანების ძირითად თანხებს და მასზე დარიცხულ პროცენტს, მოუხსნიდა დარიცხულ ჯარიმას და გააუქმებდა უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულ იპოთეკას (ტ.1, ს.ფ. 30).

 

ამდენად, მოპასუხისათვის ცნობილი იყო ვალდებულების ძირის და პროცენტის ერთიანად დაფარვის შესახებ მოსარჩელის ნების თაობაზე.

 

8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ვალდებულების აშშ დოლარში შესრულება შეთანხმებული იყო მხარეთა შორის (იხ.: შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.149; გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 280, სააპელაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ. 295). მოპასუხე ადასტურებს, რომ მსესხებელმა მოითხოვა ლარში აღებული სესხის აშშ დოლარში დაფარვა, რასაც დაეთანხმა კრედიტორი (ტ.1, ს.ფ.149, 295). იგივე განაცხადა თავის ჩვენებაში მოწმის სახით დაკითხულმა ბანკის ლიკვიდატორმა რ---- ც-–--–---–მა (იხ.: 10.07.2018წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 15:21:07-15:21:56).

 

9. 01.03.2017წ. მოსარჩელემ მოპასუხის სალიკვიდაციო ანგარიშზე სს ''თ-------------ს'' მეშვეობით გადარიცხა - 896 792.17 აშშ დოლარი. საგადახდო დავალებაში მითითებულია, რომ გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსი აშშ დოლარსა და ლარს შორის შეადგენდა 2.5494 ერთეულს (ტ.1, ს.ფ.32).

 

საგადახდო დავალებაში მითითებული ვალუტის კურსის მხედველობაში მიღებით დგინდება და არც მხარეთა შორის გამხდარა სადავო, რომ გადარიცხული თანხა გადარიცხვის დღეს, კერძოდ, 01.03.2017წ. ზუსტად შეადგენდა 2 286 281.95 ლარს (ტ.1, ს. ფ. 32; გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.280).

 

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ არის, რომ გადარიცხული თანხა იმავე დღეს, კერძოდ, 01.03.2017წ. აისახა მოპასუხის კუთვნილ ანგარიშზე (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.280, სააპელაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ. 296).

 

მოპასუხეს, რომლისთვისაც ცნობილი იყო მოსარჩელის ნება ძირი თანხის სრულად დაფარვით უზრუნველყოფის გაუქმების თაობაზე (იხ.: პუნქტი 7), მაშინვე არ განუცხადებია პრეტენზია კურსთა შორის სხვაობის გამო თანხის არასაკმარისობის შესახებ.

 

11. მოსარჩელემ ასევე დაფარა დოლარში აღებული სესხი 186 153.16 აშშ დოლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ.31).

 

12. მხოლოდ 20.03.2017წ. მოპასუხის ლიკვიდატორმა მოსარჩელეს აცნობა, რომ მას ერიცხებოდა სასესხო დავალიანება - 59 726.35 ლარის ოდენობით და იპოთეკისა და გირავნობის გაუქმებას ბანკი უზრუნველყოფდა მხოლოდ აღნიშნული დავალიანების გადახდის შემდეგ (ტ.1, ს.ფ. 33). იგივე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ბანკის ლიკვიდატორმა რ---- ც-–--–---–მა (იხ.: 10.07.2018წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 15:14:54-15;15:16).

 

ამდენად, თანხის გადახდიდან მხოლოდ მეოცე დღეს მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი ძირითადი მოთხოვნა - უზრუნველყოფის გაუქმება - მიღწეული ვერ იქნებოდა დამატებითი თანხის გადახდის გარეშე.

 

13. 21.03.2017წ. მოსარჩელემ გადაიხადა მოპასუხის მიერ მითითებული თანხა - 59 726.35 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 34).

 

14. 30.03.2017წ. წერილით მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა დასაბუთება, თუ რატომ არ მოიხსნა მის კუთვნილ ნივთებზე იპოთეკა და გირავნობა და რატომ გახდა იგი იძულებული გადაეხადა დამატებითი თანხა (ტ.1, ს.ფ.35).

 

15. 10.04.2017წ. წერილში მოპასუხის ლიკვიდატორმა განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ 01.03.2017წ. განხორციელებული ჩარიცხვა ეროვნულ ბანკში მივიდა 01 მარტს, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ და მოპასუხის სალიკვიდაციო ანგარიშზე აისახა 2017 წლის 01 მარტის თარიღით, ხოლო ანგარიშის ამონაწერი მხარემ მიიღო 2017 წლის 2 მარტს, 11:36 საათზე. ლიკვიდატორმა განმარტა, რომ ვინაიდან სასესხო დავალიანება იყო ლარში, ხოლო ჩარიცხვა განხორციელდა დოლარში, 02.03.2017წ. არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით (1 აშშ დოლარი = 2.48.28 ლარს) წარმოიშვა სასესხო დავალიანება 59 726,35 ლარი (ტ.1, ს.ფ. 37).

 

16. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 59 726.36 ლარის გადახდა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ გადახდილი თანხა გადახდის დღეს არსებული კურსის მიხედვით ზუსტად შეესაბამებოდა სესხის ჯამურ ოდენობას ლარში და არ არსებობდა 59 726.36 ლარის დამატებით გადახდის სამართლებრივი საფუძველი. მოსარჩელის განმარტებით, იგი იძულებული იყო გადაეხადა სადავო თანხა, რამეთუ მოპასუხე უსაფუძვლოდ აცხადებდა უარს იპოთეკა მოეხსნა მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უძრავ ნივთზე (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 3,4).

 

მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ, მართალია, 896 792.17 აშშ დოლარი 01.03.2017წ. აისახა მოპასუხის სალიკვიდაციო ანგარიშზე, თუმცა ჩარიცხვა განხორციელდა სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ, შესაბამისად, ვალუტის კონვერტაცია განხორციელდა მეორე დღეს და სწორედ 02 მარტსა და 01 მარტის ვალუტის გაცვლით კურსებს შორის არსებულმა სხვაობამ წარმოშვა დავალიანება - 59 726.36 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 147-157).

 

17. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

პალატა მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება, მიუხედავად ვალდებულების წარმოშობის საფუძვლისა, წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. როგორც წესი, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარეები მხედველობაში ღებულობენ კონტრაჰენტის პიროვნებას. ვალდებულების შესრულების სუბიექტები არიან ის პირები, რომლებიც ასრულებენ ვალდებულებას ან იღებენ შესრულებას.

 

ფულადი ვალდებულება შეიძლება განისაზღვროს, როგორც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ორიენტირებულია ფულის, როგორც გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთის გადაცემაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია.

 

უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილი იქნება ის საბანკო დაწესებულება, სადაც ხდება ფულადი თანხის გადარიცხვა. გადარიცხვების დროს პრაქტიკული მნიშვნელობისაა საკითხი, თუ რა მომენტიდან ჩაითვლება შესრულება განხორციელებულად. ვალდებულება ასეთ შემთხვევაში შესრულების გზით შეწყვეტილად ითვლება მხოლოდ იმ მომენტიდან, როცა ფული აისახება კრედიტორის ანგარიშზე და მას შესაძლებლობა ექნება განკარგოს ეს თანხა. ,,უნიდროას” პრინციპები ფულადი ვალდებულებების შესრულების ადგილთან მიმართებით აგრეთვე ითვალისწინებს ასეთ მიდგომას, კერძოდ, 6.1.8-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ გადარიცხვის გზით ფულადი ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად, როდესაც მოხდება კრედიტორის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა (სუსგ.:№ას-1003-924-2017; 01.12.2017წ.).

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ:

- ლარში არსებული ვალდებულების აშშ დოლარში შესრულება შეთანხმებული იყო მხარეთა შორის;

- 896 792.17 აშშ დოლარი კრედიტორის კუთვნილ სალიკვიდაციო ანგარიშზე ჩარიცხვის დღისათვის (01.03.2017წ.) ზუსტად შეადგენდა - 2 286 281.95 ლარს;

- კრედიტორმა იცოდა შესრულების დღე, დრო და სურვილი იმისა, რომ მოვალე ვალდებულებას უსრულებდა სრულად;

- მხოლოდ მოწმის განმარტებით, რომ კონვერტაცია მეორე დღეს შეძლო, უტყუარად ვერ დგინდება ბანკის სალიკვიდაციო ანგარიშზე ასახულ თანხებზე წვდომის შემზღუდველი რაიმე ობიექტური გარემოება (იხ.: მოწმის ჩვენება, 10.07.2018წ. სხდომის ოქმი CD დისკზე);

- მოპასუხე ვალდებულების შესრულების მომენტში წარმოადგენდა კომერციულ ბანკს, რომელსაც თანხა ჩაერიცხა საკუთარ ანგარიშზე და მას თანხის ფლობის, წვდომის და განკარგვის საშუალება წარმოეშვა უშუალოდ - 01.03.2017წ..

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა შესრულებით 01.03.2017წ..

 

აპელანტი უთითებს კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონის პირველი მუხლის „ლ1“ მუხლს, რომლის თანახმადაც, საოპერაციო დღედ ითვლება კომერციული ბანკის მიერ დადგენილი საბანკო დღის დროის გარკვეული მონაკვეთი, რომლის შემდგომ ბანკის მიერ კლიენტისგან მიღებული დავალებები ითვლება მეორე საბანკო დღეს მიღებულად. გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე დავაში საუბარია ვალდებულების შესრულების მომენტზე და არა ბანკისათვის მიცემულ რაიმე დავალებაზე, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება აპელანტის მიერ მითითებული წესი. თანხა აისახა ბანკის ანგარიშზე, რომელზე წვდომაც ჰქონდა ბანკის ლიკვიდატორს, რომლის ხელშიც იყო აკუმულირებული სალიკვიდაციო პროცესში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი ფუნქციები, ანუ ის იყო მთელს ამ პროცესებზე პასუხისმგებელი პირი და სწორად მას ჰქონდა გამოხატული თანხმობა ლარში გაცემული სესხის დოლარში დაფარვის შესახებ.

 

შესაბამისად, დადგენილია, რომ გადარიცხვა გახორციელდა 01.03.2017წ. და კრედიტორს - ბანკს (წარმოდგენილ ლიკვიდატორის სახით) იმავე დღეს შეეძლო, სურვილის შემთხვევაში, განეკარგა ფულადი თანხები იმგვარად, როგორც ამას შეძლებდა, თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით რომ მიეღო.

 

რაც შეეხება ვალუტის ცვლილებას, რაც საფუძვლად დაედო მხარეთა შორის დავის წარმოშობას, გათვალისწინებით იმისა, რომ დადგენილია 01.03.2017წ. მოვალის მიერ სადავო ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი, ის გარემოება, რომ 2017 წლის 1 მარტსა და 2 მარტს არსებულ გაცვლით კურსებს შორის სხვაობა შეადგენს 59 726.36 ლარი, გავლენას ვერ მოახდენს უკვე შესრულებით შეწყვეტილ სამართლებრივ ურთიერთობაზე. პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ კრედიტორის ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან ვალუტის კურსის ცვლილების რისკი გადადის მოპასუხის მხარეზე, რომლის ფაქტობრივ გამგებლობაში 01.03.2017წ. ვალდებულების შესრულების შედეგად გადავიდა თანხა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი მოეთხოვა მოსარჩელისაგან კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკლისის შევსება.

 

18. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ამდენად, კონდიქციური სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა დადგინდეს: რამდენად ჰქონდა მოსარჩელეს თანხის გადახდის ვალდებულება და არსებობდა თუ არა მოპასუხის მხრიდან შესრულების მიღების საფუძველი. ანუ კანონი ადგენს ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას, მაგრამ თუ დადგინდა ასეთი ვალდებულების არარსებობა, ვალდებულების გარეშე შესრულება სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის საფუძველზე (ვითომ კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები) ექვემდებარება დაბრუნებას. რაც შეეხება ფაქტს მოსარჩელის მიერ სადავო თანხის ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე, მოსარჩელე აღნიშნულს ხსნის იმით, რომ მოპასუხე 59 726.36 ლარის ოდენობით თანხის გადახდამდე უარს აცხადებდა იპოთეკისგან გაეთავისუფლებინა მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მქონე უძრავი ქონება (ტ.1, ს.ფ.4). ის გარემოება, რომ მოპასუხე უარს ამბობდა თანხის სრულად გადახდამდე გაეუქმებინა იპოთეკა და გირავნობა, დადასტურებულია მოპასუხის ლიკვიდატორის 20.03.2017წ. წერილითაც (ტ.1, ს.ფ.33), რის შემდგომ, 21.03.2017წ. მოპასუხემ გადაიხადა მოთხოვნილი თანხა - 59 726.35 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 34). შესაბამისად, ასეთი გადახდა არ შეიძლება სამართლებრივად შეფასდეს ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში ნებაყოფლობით ვალდებულების შესრულებად და ამ გზით მისი შედავების კანონისმიერი უფლების შეზღუდვის საფუძვლად. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

ვინაიდან დადგენილია მოპასუხის მიერ მოსარჩელისგან შესაბამისი საფუძვლის გარეშე 59 726.35 ლარის მიღების ფაქტი, მიღებული თანხა ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას და არ არსებობს ამ თანხის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

19. მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეეძლო აღნიშნული თანხა განეთავსებინა ანაბარზე და მიეღო შემოსავალი მინიმუმ წლიური 8.5%- ის ოდენობით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 24 აპრილის მდგომარებით, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი პროცენტი შეადგენდა 8.5%-ს (ტ.1, ს.ფ.42).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ვალდებულების წარმოშობისა და ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

პალატა მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. იმის გათვალისწინებით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას (აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკასთან იხ.: სუსგ Nას 84-2019, 25.04.2019წ.). პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გონივრული, სამართლიანი ანაზღაურების სახით და მოვალისათვის სავარაუდო ზიანად მართებულად მიიჩნია სადავო თანხის წლიური 7 % და მოპასუხეს სწორად დააკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 59 726.35 ლარზე წლიური 7% სარგებლის გადახდა 2017 წლის 22 მარტიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა.

 

20. აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

21. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 303, ტ.2, ს.ფ. 9).

 

22. აპელანტის მოწინააღმდეგ მხარე შუამდგომლობს აპელანტს დაეკისროს სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯის ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილია 20.11.2018წ. მოსარჩელის მიერ შპს „ე-----–---“-თვის იურიდიული მომსახურების ღირებულების სახით 4 011.15 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აპელანტის მოწინააღმდეგ მხარის წარმომადგენლი ლ-–- ც---–---- არის შპს „ე-----–---“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი (იხ.: 12.03.2019წ,. სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის საგნის ფასი ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელზე განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 59 726.35 ლარის გადახდა; ასევე, 2017 წლის 22 მარტიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა, დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის - 59 726.35 ლარის წლიური 7%-ს სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად არის - 348 ლარი. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 59 726.35 ლარს დამატებული ყოველთვიურად გადასახდელი პროცენტი სამ წელზე - 12528 ლარი (348*12*3), რაც ჯამში არის 72 254,35 ლარი. აღნიშნული თანხის 4% კი შეადგენს 2890,17 ლარს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯის სახით დაეკისრა 1900 ლარის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დავის საგნის ღირებულების ფარგლებში აპელანტს დამატებით უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯის ანაზღაურება 990.17 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს“დავუდის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3. სს „დ------ს“ შპს ''ო-------- ქ----------–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 990.17 ლარის ოდენობით.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები: თამარ ალანია

 

ქეთევან მესხიშვილი