განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2019
საქმის ნომერი
150100119003172765
ინსტანცია
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119003172765

საქმე #1ბ/1681-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ვ--–------------------–--ის, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ.-----–---–--–------------–-----–----------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–---–--–----------–-----------------–-------------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვპუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--–------------------–--ემ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე, ვ--–------------------–--ე, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, იმყოფებოდა ახალქალაქის ყოფილი პირველი სამხედრო დასახლების ეზოში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკებისას ხელი დაარტყა სახის არეში ა-----------------ს, შემდეგ კი წაქცეულს ხელებითა და ფეხებით სცემა სხეულის სხვადასხვა ადგილას. მანვე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა-----------------ის დასახმარებლად მისულ ა------------------ს, კერძოდ, მუშტი დაარტყა ერთხელ სახის არეში, რის გამოც ეს უკანასკნელი დაეცა მიწაზე. ვ--–------------------–--ის ქმედებებით ა-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ა------------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით:

 

ვ--–------------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის საფუძველზე, ვ--–------------------–--ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ვ--–------------------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 24 სექტემბრიდან.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–---------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ვ--–------------------–--ის მიმართ გამოტანილ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის მიზნით.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ლ-–---------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ვ--–------------------–--ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ--–------------------–--ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულებისა და მოწმეების - ა-----------------ის, ა------------------ის, მ-----------------ის, ს-------------ის, რ------–---------–---–ისა და კ-----------------ის გამოკითხვის ოქმების, ვ--–------------------–--ის გამოკითხვის ოქმების და მის მიერ დანაშაულის აღიარების, სამედიცინო ექსპერტიზის N5--------- დასკვნის, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-----– დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ--–------------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ვ--–------------------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სააპელაციო საჩივრის ავტორი სასჯელის დამძიმების არგუმენტად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ორი პირის მიმართ (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ--–------------------–--ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სააპელაციო პალატას მიაჩნია, ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ორი პირის მიმართ, აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნებია, რომლის გარეშეც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის წარსულში ნასამართლობას, რაზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში სასჯელის გასამკაცრებლად, საქმეში არსებული, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 20 ნოემბრის №------ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ პირობით მსჯავრდებულ ვ--–------------------–--ის მიმართ გაუქმდა პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლობა. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა არ მიიღება მხედველობაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ვ--–------------------–--ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის და ასევე დამატებითი სასჯელის - ჯარიმის განსაზღვრის შესახებ. ვ--–------------------–--ემ გამოძიების ეტაპზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, ვ--–------------------–--ემ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, დაზარალებულები შერიგებული არიან მასთან და მის მიმართ არ გააჩნიათ რაიმე პრეტენზია, აგრეთვე, ვ--–------------------–--ემ სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ--–------------------–--ისათვის დანიშნულ ძირითად და დამატებით სასჯელებს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელთა დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ვ--–------------------–--ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო მისთვის დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელების სახე და ზომა არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ--–------------------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ვ--–------------------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ვ--–------------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის საფუძველზე, ვ--–------------------–--ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ვ--–------------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ.კახეთელიძე