განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2019
საქმის ნომერი
080100117002143225
ინსტანცია
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002143225

საქმე №1/ბ-206-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვერა დოლიძე

მოსამართლეები: მარინა სირაძე

მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ----- შ---------ის

მსჯავრდებულის – ლ-–- ქ-------ს

ადვოკატის – ვ--–---- კ-------–---ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ლ-–- ქ-------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–---- კ-------–---ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ლ-–- ქ-------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------–---------- რაიონში, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლევის, მცხოვრების დ----------------–---------–--–----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (სამი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ-–- ქ-------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა ლ-–- ქ-------მ, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განაჩენით გასამართლებული იყო ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, 2017 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ--------–----------------------–-------------ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელბორკილის მოხსნის მიზნით მასთან დეესკალაციის ოთახში შესულ ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს, მ--------- ი------ეს, კერძოდ, სახის არეში დაარტყა ხელი, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მანვე, პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში, 2017 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 19:04 საათზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ექიმთან ერთად მასთან დეესკალაციის ოთახში შესულ, ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს, მ------ ბ-----–--ეს, კერძოდ, მარჯვენა ფერდის არეში ორჯერ დაარტყა ფეხი, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მანვე, პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელბორკილის მოხსნის მიზნით მასთან დეესკალაციის ოთახში შესულ ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს, მ------ ბ-----–--ეს, კერძოდ, მარჯვენა მხარეს ბარძაყის, წელის და ორივე ხელის მიდამოებში რამდენჯერმე დაარტყა ფეხი, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ზემოაღნიშნულის გამო ლ-–- ქ-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (სამი ეპიზოდი).

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენით:

 

ლ-–- ქ------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 12 ივლისის, 13 ივლისის და 14 ივლისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2017 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–- ქ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ლ-–- ქ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების დღიდან _ 2018 წლის 10 მაისიდან.

 

ლ-–- ქ-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ერთი ცალი დაზიანებული ონკანი, რომელიც ინახება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში _ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ოთხი ცალი დაზიანებული ტყავის ლეიბი, რომლებიც ინახება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში _ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალები (23.07.2017; 23.04.2017; 24.05.2016; 24.05.2017; 24.05.2017) _ 3 (სამი) ცალი DVD დისკი და 1 (ერთი) ცალი CD დისკი, დალუქული 1 პაკეტად, ასევე, სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული (23.05.2017; 23.04.2017; 24.05.2016; 24.05.2017; 24.05.2017; 12.07.2017; 13.07.2017; 14.070.2017) ვიდეომასალები _ 2 (ორი) ცალი CD დისკი და 6 (ექვსი) ცალი DVD დისკი, დალუქული 1 პაკეტად, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს საქმეში და შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

3.სააპელაციო საჩივრების არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ-–- ქ-------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ--–---- კ-------–---მა.

 

მსჯავრდებულმა ლ-–- ქ-------მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. მსჯავრდებულის მითითებით, ის არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. მის საქმეზე არ დაკითხულან მისი თანასაკნელები და დაწესებულების სხვა პატიმრები, რომლებიც მიუთითებდნენ მის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ასევე მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არ დაკითხულან მის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირები _ №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი მ-----– კ------–--ი და ამავე დაწესებულების დირექტორის პირველი მოადგილე ბ--- გ------, რომლებმაც მის მიმართ შექმნეს ისეთი სიტუაცია, რომ მას ბრალი წარდგენოდა. მათი მიზანი იყო მისი პასუხისგებაში მიცემა და ფიზიკური განადგურება, ვინაიდან, იგი პერიოდულად ითხოვდა სამედიცინო მომსახურებას, მაგრამ ისინი არ ასრულებდნენ და დღესაც არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანის შესახებ.

 

მსჯავრდებულ ლ-–- ქ-------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ--–---- კ-------–---მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ლ-–- ქ-------ს გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო განხილვისას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ლ-–- ქ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქმეში არსებული მტკიცებულებები არაა საკმარისი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. როგორც ლ-–- ქ------- მიუთითებს, ის არის წამების და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. ბრალად შერაცხული ქმედებების დროს ის იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში, განიცდიდა ტკივილებს და მას სათანადოდ არ ექცეოდა დაწესებულების პერსონალი. ისინი დასცინოდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურ ტკივილს, მას არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნა სამედიცინო მომსახურების საჭიროების თაობაზე. ლ-–- ქ------- წლების მანძილზე ითხოვდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №3 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის ყურადღებას და სათანადო მოპყრობას, კერძოდ, მედპერსონალის მხრიდან დროულ და კვალიფიციურ მკურნალობას, რაც დაწესებულების მხრიდან სრულიად უსაფუძვლოდ იქნა იგნორირებული. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები _ დაზარალებულთა და მოწმის სახით დაკითხულ, №3 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩვენებები ნათლად ვერ ასახავენ შექმნილ სიტუაციას, ისინი არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები და მათი უმეტესობა დღესაც აგრძელებს სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობას, აქედან გამომდინარე, ისინი ვერ იქნებიან ობიექტური პირები. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერების სახით წარმოდგენილ მასალას, მათი მოპოვება მოხდა კანონდარღვევით, მონაცემები სასამართლოს განჩინების მიღებამდე იქნა დაარქივებული, რაზეც მიუთითა გამომძიებელმა თავის ჩვენებაში. აღნიშნულ ჩანაწერებზე არ ჩატარებულა არანაირი საექსპერტო კვლევა, არ მომხდარა მათში აღბეჭდილი პირების იდენტიფიცირება კომპეტენტური პირების მიერ. სასამართლო სხდომაზე დისკების დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ არც გასახსნელ პაკეტზე და არც ამოღების ოქმში არ იქნა დაფიქსირებული, თუ რითი მოხდა კონკრეტული დისკის იდენტიფიცირება, არცერთ დოკუმენტში არ აღნიშნულა CD დისკის უნიკალური მრავალციფრიანი კოდი, შესაბამისად, არ არის გამორიცხული მისი შეცვლის ალბათობა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ლ-–- ქ-------მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ--–---- კ-------–---მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა დ----- შ---------ემ ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლ-–- ქ-------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–---- კ-------–---ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ-–- ქ-------ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილია საპროცესო ნორმათა დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ-–- ქ-------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების (სამი ეპიზოდი) ჩადენას, კერძოდ:

 

2017 წლის 12 ივლისს, №3 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის _ გ------- შ--------ს მიერ, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის _ მ--------- ი------ის, ამავე განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის _ დ----- დ------ის და საექიმო სამედიცინო პუნქტის მორიგე ექიმის _ ი--- ც-–--–--ის მონაწილეობით შედგენილი ოქმის თანახმად, 2017 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, დაწესებულების მეორე კორპუსის №231 დეესკალაციის ოთახში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ლ-–- ქ-------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს, მ--------- ი------ეს, კერძოდ, მუჭი დაარტყა სახის მარცხენა მხარეს ყვრიმალის არეში, რის გამოც, მ--------- ი------ეს აღენიშნებოდა დაზიანება, ჰიპერემია და შეშუპება.

 

დაზარალებულ მ--------- ი------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს №3 პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის მთავარ ინსპექტორად და ყოველ მესამე დღეს უწევს მორიგეობა. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 12 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და თანამშრომლებთან _ ზ---- შ-----სთან, ა---------– მ–------ესთან და დ----- დ------ესთან ერთად იმყოფებოდა დაწესებულების მეორე სართულზე. ამ დროს №231 დეესკალაციის ოთახში წესრიგის დარღვევისათვის მოთავსებული იყო მსჯავრდებული ლ-–- ქ-------. იგი იმუქრებოდა თვითდაზიანებით, აბრახუნებდა საკნის კარებზე და ხმაურობდა, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული იქნა ხელბორკილი და შინაგანაწესის თანახმად, მოთავსებული იქნა დეესკალაციის ოთახში, სადაც, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ორი საათის გასვლის შემდეგ, დაწესებულების ექიმთან _ ი--- ც-–--–--ესთან ერთად შევიდა მისთვის ხელბორკილის მოსახსნელად. ლ-–- ქ-------მ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზნით გაიწია ი--- ც-–--–--ისკენ, რისი საშუალებაც მან არ მისცა. ის და მასთან ერთად მყოფი დაწესებულების თანამშრომლები მოუწოდებდნენ ლ-–- ქ-------ს დაწყნარებულიყო. ამ დროს ლ-–- ქ-------მ აგინა მას, მარჯვენა ხელის მუშტი მოუქნია და დაარტყა სახის მარცხენა მხარეს, რის გამოც ისევ დაადეს ხელბორკილი. დაზარალებულ მ--------- ი------ის განმარტებით, დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და როდესაც საკნიდან გამოსულმა სარკეში ჩაიხედა, დაინახა, რომ სახეზე მიღებული ჰქონდა დაზიანება, რის გამოც შემთხვევიდან მეორე დღეს ჩაუტარდა ექსპერტიზა. დაზარალებულის განმარტებით, შინაგანაწესის თანახმად, როდესაც მსჯავრდებულს დადებული აქვს ხელბორკილი, მის მოხსნას უნდა ესწრებოდეს დაწესებულების ექიმი, რის გამოც იქნა ექიმი ი--- ც-–--–--ე შეყვანილი მსჯავრდებულ ლ-–- ქ-------სთან საკანში, რომელმაც სცადა მასზე ფიზიკური დაზიანების მიყენება. მისივე განმარტებით, ხელბორკილი მსჯავრდებულს დადებული უნდა ჰქონდეს ორი საათის განმავლობაში და მათ მიერ აღნიშნული ვადა არ დარღვეულა.

 

მოწმის სახით დაკითხული №3 პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორის, ზ---- შავაძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ივლისს იმყოფებოდა დაწესებულების მეორე სართულზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ამავე სართულზე არსებული №231 დეესკალაციის ოთახიდან, სადაც მოთავსებული იყო მსჯავრდებული ლ-–- ქ-------, მოესმა ბრახუნის ხმა. მას მოუწოდეს სიმშივიდისკენ, მაგრამ იგი კვლავ აგრძელებდა ხმაურს. ამის გამო დაწესებულების თანამშრომელთან ერთად შევიდა საკანში და ლ-–- ქ-------ს დაადეს ხელბორკილი. ვინაიდან, ხელბორკილის მოსახსნელად საჭიროა ექიმის დასწრება, დაახლოებით 2 საათის შემდეგ ექიმთან და დაწესებულების თანამშრომლებთან _ მ--------- ი------ესთან, დ----- დ------ესთან და ა---------– მ–------ესთან ერთად მივიდა ლ-–- ქ-------ს საკანთან, მისთვის ხელბორკილის მოსახსნელად. თვითონ შესასვლელ კარებთან დადგა, ხოლო დანარჩენები საკანში შევიდნენ. როდესაც ლ-–- ქ-------ს მოხსნეს ხელბორკილი, იგი გაიწია ექიმისკენ და ცდილობდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რისი საშუალებაც არ მისცეს. ამ დროს ლ-–- ქ------- სახეში აფურთხებდა მ--------- ი------ეს და ხელი დაარტყა მას თვალის არეში, რის გამოც თვითონაც შევიდა საკანში და ისევ დაადეს ხელბორკილი მსჯავრდებულს. საკნიდან გამოსვლის შემდეგ შენიშნა, რომ მ--------- ი------ეს სახის არეში აღენიშნებოდა სიწითლე.

 

მოწმის სახით დაკითხული №3 პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორის, დ----- დ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში და იყო მორიგე თანამშრომლებთან _ მ--------- ი------ესთან, ზ---- შ-----სთან და ა---------– მ–------ესთან ერთად. ხსენებულ დღეს №231 დეესკალაციის საკანში მოთავსებული იყო მსჯავრდებული ლ-–- ქ-------, რომელსაც ხელბორკილი ჰქონდა დადებული წესრიგის დარღვევისათვის. მისთვის ხელბორკილის მოსახსნელად ექიმთან _ ი--- ც-–--–--ესთან ერთად შევიდნენ საკანში, რა დროსაც ლ-–- ქ-------მ ხელის დასარტყმელად გაიწია ი--- ც-–--–--ისაკენ. მათ შეაჩერეს იგი და მოუწოდეს დამშვიდებულიყო. მიუხედავად ამისა, ლ-–- ქ------- იგინებოდა და იფურთხებოდა. ამ დროს მან მარჯვენა ხელი დაარტყა სახის მარცხენა მხარეს იქვე მყოფ დაწესებულების თანამშრომელს _ მ--------- ი------ეს, რის შემდეგაც მას ისევ დაადეს ხელბორკილი და დატოვეს დეესკალაციის ოთახში. მოწმის განმარტებით, მათი მხრიდან მსჯავრდებულ ლ-–- ქ-------ს მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რის გამო იყო იგი აღელვებული და რატომ გამოხატა მათ მიმართ აგრესია, მისთვის უცნობია.

 

მოწმის სახით დაკითხული №3 პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორის, ა---------– მ–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას. დღის განმავლობაში ახორციელებდა პატიმრებზე მეთვალყურეობას. №231 დეესკალაციის საკანში, დაწესებულების შინაგანი წესრიგის დარღვევისათვის მოთავსებული იყო მსჯავრდებული ლ-–- ქ-------, რომელიც იგინებოდა ადმინისტრაციის უფროსის მისამართით და ამტვრევდა კარებს, რის გამოც მას 18 საათზე დაადეს ხელბორკილი. დაახლოებით 20:00 საათზე, ის და მისი თანამშრომლები, ექიმთან _ ი--- ც-–--–--ესთან ერთად შევიდნენ დეესკალაციის საკანში, რათა ხელბორკილი მოეხსნათ ლ-–- ქ-------სთვის, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ხელის დასარტყმელად გაიწია ექიმისკენ, რისი საშუალებაც მას არ მისცეს და დაუწყეს დაწყნარება. ამ დროს ლ-–- ქ-------მ საკანში მყოფ მ--------- ი------ეს სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მას შეწითლებული ჰქონდა სახის მარცხენა მხარე. მოწმის განმარტებით, მისი მორიგეობის დროს დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ლ-–- ქ-------ზე რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და მისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. ლ-–- ქ------- მოითხოვდა ექიმის თავის დროზე მიყვანას, რასაც უსრულებდნენ კიდეც.

 

მოწმე ი--- ც-–--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ივლისს მუშაობდა №3 პენიტენციური დაწესებულების მორიგე ექიმად და მორიგეობა უწევდა დილის 10 საათიდან მეორე დღის 12 საათამდე. შემთხვევის დღეს ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაწესებულების თანამშრომლებთან _ მ--------- ი------ესთან, ა---------– მ–------ესთან, დ----- დ------ესთან და ზ---- შ-----სთან ერთად მივიდა დეესკალაციის ოთახში, სადაც მოთავსებული იყო მსჯავრდებული ლ-–- ქ-------, რათა დასწრებოდა ამ უკანასკნელისთვის ხელბორკილის მოხსნას და შეემოწმებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როდესაც შევიდა საკანში, ლ-–- ქ-------მ მის მიმართ გამოხატა აგრესია და მიმართა უწმაწური სიტყვებით, თან ხელის დასარტყმელად გაიწია მისკენ, რის გამოც მან უკან გადადგა ნაბიჯი და ლ-–- ქ------- შეაჩერეს იქვე მყოფმა დაწესებულების თანამშრომლებმა. ამ დროს მან მუშტი დაარტყა სახის არეში მ--------- ი------ეს, რომელსაც დარტყმის შემდგომ სახეზე აღენიშნებოდა შეშუპება და სიწითლე. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია ლ-–- ქ-------ს მიერ მის მიმართ გამოხატული აგრესიის მიზეზი, მათი მხრიდან ლ-–- ქ-------ს მიმართ რაიმე შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მისივე განმარტებით, იგი ყოველთვის შედიოდა საკანში ლ-–- ქ-------სთან, როდესაც ეს უკანასკნელი ითხოვდა მასთან შეხვედრას და სამედიცინო დახმარებას, აძლევდა მას შესაბამის წამლებს და გადაჰყავდა გეგმიურ გამოკვლევაზე.

 

გარდა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებისა, მ--------- ი------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადასტურებს ასევე მის სხეულზე არსებული დაზიანება, კერძოდ: სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ მ--------- ი------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი სახის არეში, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოყოლია. დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- ფ----------ემ.

 

დაზარალებულ მ--------- ი------ისა და მოწმეთა მიერ აღწერილი გარემოებები შეესაბამება ასევე №3 პენიტენციური დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახის სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერსა და კომპაქტ დისკის დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად, ვიდეო გამოსახულებაზე დატანილია თარიღი 2017-12-07, საათი წამზომით და წარწერა №231 საკანი. ვიდეო გამოსახულება იწყება 19:50:00 საათზე და მასზე ასახულია პ/დ-ის №3 დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის მეორე სართულის №231 დეესკალაციის საკანი. ვიდეო გამოსახულების დაწყებისას, 19:50:00 საათზე, მასზე ჩანს მსჯავრდებული ლ-–- ქ-------, რომელიც ზის საკნის სარკმელის ქვემოთ იატაკზე და დადებული აქვს ხელბორკილი. 19:50 საათზე ის დგება ფეხზე და მიდის სარკმელთან და ეყრდნობა გათბობის მილს. 20:00 საათზე მასთან საკანში შედიან დაწესებულების თანამშრომლები მ--------- ი------ე, დ----- დ------ე, ა---------– მ–------ე და დაწესებულების მორიგე ექიმი ი--- ც-–--–--ე. მ--------- ი------ე ხსნის ლ-–- ქ-------ს ხელბორკილს, ექიმი მიდის ახლოს ლ-–- ქ-------სთან და უთვალიერებს მარჯვენა ხელზე ხელბორკილის დადების ადგილს, რა დროსაც ლ-–- ქ------- იწევს ექიმისაკენ და ცდილობს მას მიაყენოს ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ თანამშრომლები არ აძლევენ ამის საშუალებას. ექიმი ი--- ც-–--–--ე გადის საკნიდან. დ----- დ------ე აკავებს ლ-–- ქ-------ს, რა დროსაც იგი აფურთხებს სახეში მ--------- ი------ეს. თანამშრომლები ნელ-ნელა გადიან საკნიდან, ხოლო ლ-–- ქ------- მიჰყვება მათ უკან და ისევ აფურთხებს სახეში მ--------- ი------ეს. თანამშრომლები ბრუნდებიან უკან და ცდილობენ ლ-–- ქ-------ს დაწყნარებას, რა დროსაც, 20:01 საათზე ის მარჯვენა ხელის მუჭს ურტყამს სახეში მარცხენა მხარეს მ--------- ი------ეს. თანამშრომლები ცდილობენ მის გაკავებას, რა დროსაც ლ-–- ქ------- რამდენიმეჯერ აფურთხებს სახეში მ--------- ი------ეს. საკანში შედის ინსპექტორ-კონტროლიორი ზ---- შ-----, რომელიც ეხმარება მათ ლ-–- ქ-------ს გაკავებაში და მ--------- ი------ე ადებს ლ-–- ქ-------ს ხელბორკილს. 20:02 საათზე თანამშრომლები გადიან საკნიდან და მარტო ტოვებენ ლ-–- ქ-------ს.

 

№3 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ დ----- ვ---–----ის მიერ 2017 წლის 13 ივლისს შედგენილი ოქმის თანახმად, 2017 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 19:04 საათზე, №3 დაწესებულების მე-2 კორპუსის №231 დეესკალაციის ოთახში მოთავსებულ მსჯავრდებულთან, ლ-–- ქ-------სთან შეყვანილი იქნა ექიმი-ფსიქიატრი, რა დროსაც მსჯავრდებულმა გამოხატა აგრესია და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს, მ------ ბ-----–--ეს მარჯვენა ფერდის არეში ორჯერ ჩაარტყა ფეხი. ასევე დ----- ვ---–----ის მიერ 2017 წლის 14 ივლისს შედგენილი ოქმის თანახმად, 2017 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 03:36 საათზე, №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ლ-–- ქ-------მ ხელბორკილის მოხსნის შემდეგ მოულოდნელად გამოხატა აგრესია და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს, მ------ ბ-----–--ეს დაარტყა ფეხი მარჯვენა ბარძაყზე, წელზე და მარცხენა ხელზე.

 

დაზარალებულ მ------ ბ-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის აპრილის თვიდან მუშაობდა №3 პენიტენციურ დაწესებულებაში. შემთხვევის დროს მუშაობდა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 13 ივლისს, დილის 10 საათიდან ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და იყო მორიგე. ამ დროს დაწესებულების №231 დეესკალაციის საკანში იმყოფებოდა მსჯავრდებული ლ-–- ქ-------, რომელიც იყო აგრესიული, რის გამოც მას დადებული ჰქონდა ხელბორკილი. მისთვის ხელბორკილის მოხსნის მიზნით, იგი დაწესებულების ექიმთან _ ს------ ც------სთან და თანამშრომლებთან ერთად შევიდა დეესკალაციის საკანში, რა დროსაც ლ-–- ქ-------მ მათ მიმართ გამოხატა აგრესია და ემუქრებოდათ, რის გამოც ისევ დაადეს ხელბორკილი. გარეთ გამოსვლის დროს ლ-–- ქ-------მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ფეხი წელის არეში მარჯვენა მხარეს, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები. 2017 წლის 14 ივლისს, მსჯავრდებულ ლ-–- ქ-------სთვის ხელბორკილის მოხსნის მიზნით, №3 დაწესებულების თანამშრომლებთან _ ბ------ კ---–--–--ესთან, დ----- ვ---–----ესთან, რ----- კ---–--–--ესთან და ამავე დაწესებულების ექიმთან, დ----- ბ-----ესთან ერთად შევიდა №231 დეესკალაციის ოთახში, რა დროსაც ლ-–- ქ-------მ რამდენჯერმე დაარტყა ფეხი მარჯვენა მხარეს ბარძაყის, წელისა და ორივე ხელის მიდამოში, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი და მიადგა ფიზიკური ზიანი, რაც დადასტურდა ექსპერტიზის შედეგად.

 

მოწმე ლ---- კახაბ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2011 წლის 14 მარტიდან მუშაობდა №3 პენიტენციურ დაწესებულებაში ინსპექტორ-კონტროლიორად. 2017 წლის 13 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას სარეჟიმო კორპუსის მეორე სართულზე. დაახლეობით 19:00 საათზე, დაწესებულების თანამშრომლებთან _ რ----- კ---–--–--ესთან, დ----- ვ---–----ესთან, მ------ ბ-----–--ესთან და დაწესებულების ექიმ-ფსიქიატრ ს------ ც------სთან ერთად მივიდა დეესკალაციის ოთახთან, სადაც მოთავსებული იყო მსჯავრდებული ლ-–- ქ-------. მისი თანმხლები პირები შევიდნენ საკანში, ხოლო თვითონ იქვე კარებთან დადგა. ლ-–- ქ-------მ უარი განაცხადა მასთან შესული ექიმის კონსულტაციაზე და გამოხატა აგრესია. მას სიმშვიდისკენ მოუწოდა საკანში მყოფმა მ------ ბ-----–--ემ, რომელსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლ-–- ქ-------მ და სხეულის არეში ორჯერ დაარტყა ფეხი, რა დროსაც თვითონ საკნის შესასვლელ კარებთან იდგა და კარგად ხედავდა ყველაფერს, რაც საკანში ხდებოდა.

 

მოწმე დ----- ვ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს №3 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორად და პერიოდულად უწევს მორიგეობა. ერთ-ერთი მორიგეობის დროს კორპუსიდან ისმოდა ხმაური და როდესაც მივიდა საკანთან, ნახა, რომ მსჯავრდებულ ლ-–- ქ-------ს მოტეხილი ჰქონდა საკანში არსებული წყლის ონკანი და ფეხებს ურტყამდა საკნის კარებს. იგი შევიდა საკანში, ამოიღო დაზიანებული ონკანი და დალუქა. ვინაიდან, ლ-–- ქ------- აგრძელებდა ხმაურს, ის გადაყვანილი იქნა დეესკალაციის ოთახში, სადაც დააზიანა საწოლის ლეიბი, რომელიც ასევე ამოღებული იქნა მის მიერ და დაილუქა. ლ-–- ქ-------ს მისცეს მეორე ლეიბი, მაგრამ მაინც არ დაწყნარდა და ისიც დააზიანა. 2017 წლის 13 ივლისს, მსჯავრდებულ ლ-–- ქ-------სთან მიყვანილი იქნა ექიმი, რომლის მიმართაც გამოხატა აგრესია. დაწესებულების თანამშრომელი მ------ ბ-----–--ე მოუწოდებდა დაწყნარებულიყო, რომლისთვისაც საკნიდან გამოსვლის დროს ლ-–- ქ-------ს დაურტყამს ფეხი, რის შესახებაც მის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე, იგი დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად შევიდა ლ-–- ქ-------ს საკანში მისთვის ხელბორკილის მოსახსნელად, რა დროსაც ლ-–- ქ-------მ შეაფურთხა სახეში და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ, რის გამოც ისევ დაადეს ხელბორკილი. როდესაც საკნიდან გამოდიოდნენ, ლ-–- ქ-------მ მ------ ბ-----–--ეს რამდენჯერმე დაარტყა ფეხი მარჯვენა ბარძაყისა და ხელის არეში. ამ ფაქტს შეესწრნენ მასთან ერთად მყოფი №3 დაწესებულების თანამშრომლები _ რ----- კ---–--–--ე, ბ------ კ---–--–--ე და ამავე დაწესებულების ექიმი დ----- ბ-----ე. მოწმის განმარტებით, ლ-–- ქ-------მ მას სახეში იმ დროს შეაფურთხა, როდესაც ხელზე შეხსნა ხელბორკილი, რომელიც დადებული ჰქონდა მისივე უსაფრთხოების მიზნით. თუ რაზე იყო იგი გაღიზიანებული, მისთვის უცნობია.

 

მოწმის სახით დაკითხული №3 პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორის, რ----- კ---–--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 13 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით დილის 11 საათზე, თავის თანამშრომელთან ერთად, დაწესებულების ექიმი ს------ ც------ შეიყვანა მსჯავრდებულ ლ-–- ქ-------სთან, კონსულტაციის მიზნით. მსჯავრდებულმა საკანში შესვლისთანავე დაუწყო მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ხოლო საკნიდან გამოსვლის დროს რამდენჯერმე დაარტყა ფეხი მ------ ბ-----–--ეს. მეორე დღეს, 2017 წლის 14 ივლისს, თანამშრომლებთან _ დ----- ვ---–----ესთან, მ------ ბ-----–--ესთან, ბ------ კ---–--–--ესთან და დაწესებულების ექიმთან, დ----- ბ-----ესთან ერთად, ისევ მივიდა დეესკალაციის ოთახში მოთავსებულ მსჯავრდებულ ლ-–- ქ-------სთან, მისთვის ხელბორკილის მოსახსნელად, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დათო ვ---–----ეს შეაფურთხა სახეში. ამის გამო მას ისევ დაადეს ხელბორკილი. როდესაც საკნიდან გამოდიოდნენ, ლ-–- ქ-------მ მ------ ბ-----–--ეს სამჯერ დაარტყა ფეხი წელის არეში.

 

მოწმე ბ------ კ---–--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2000 წლიდან მუშაობდა №3 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის თანამდებობაზე. 2017 წლის 13 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ამ დროს მსჯავრდებული ლ-–- ქ------- იმყოფებოდა დეესკალაციის საკანში, იყო აღელვებული და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაწესებულების თანამშრომლებს. მოწმის განმარტებით, იგი უშუალოდ შეესწრო 2017 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ლ-–- ქ-------მ მასთან საკანში ხელბორკილის მოხსნის მიზნით შესულ დ----- ვ---–----ეს შეაფურთხა სახეში და იგინებოდა დაწესებულების თანამშრომლების მისამართით, რის გამოც ისევ დაადეს ხელბორკილი. მანვე დაწესებულების თანამშრომელს, მ------ ბ-----–--ეს საკნიდან გასვლის დროს რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი წელისა და ხელის არეში.

 

მოწმე ს------ ც------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლიდან მუშაობდა №3 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმ-ფსიქიატრად და მის მოვალეობაში შედიოდა მსჯავრდებულებისათვის ამბულატორიული დახმარების გაწევა. იგი დაწესებულებაში შედიოდა კვირაში ერთხელ, რა დროსაც ხვდებოდა პაციენტების სია და ამოწმებდა მათ ჯანმრთელობას. 2017 წლის 13 ივლისს ნახა, რომ ამ სიაში შეყვანილი იყო მსჯავრდებული ლ-–- ქ-------, რის გამოც დაახლოებით 19:00 საათზე, კონსულტაციის მიზნით ინახულა იგი. მასთან საკანში შევიდა დაწესებულების ორ თანამშრომელთან ერთად. ამ დროს ლ-–- ქ-------ს ედო ხელბორკილი და წელს ზემოთ შიშველი იყო. მას შესთავაზა სამედიცინო კონსულტაციის გაწევა, რაზედაც უარი მიიღო. ლ-–- ქ-------მ საკანში ყოფნის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, ხოლო მ------ ბ-----–--ეს მიაყენა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორჯერ დაარტყა ფეხი მარჯვენა მხარეს, ფერდის არეში. ლ-–- ქ-------ს წინააღმდეგობის გამო მათ გაუჭირდათ საკნის კარების დაკეტვა, თუმცა საბოლოოდ მაინც მოახერხეს.

 

მოწმე დ----- ბ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლიდან მუშაობდა №3 პენიტენციურ დაწესებულებაში მორიგე ექიმად. 2017 წლის 13 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით იყო მორიგე. 2017 წლის 14 ივლისს იგი გამოძახებული იქნა მსჯავრდებულზე ხელბორკილის მოსახსნელად №231 საკანში. მასთან ერთად აღნიშნულ საკანში შევიდნენ დაწესებულების თანამშრომლები _ მ------ ბ-----–--ე, დ----- ვ---–----ე, ბ------ კ---–--–--ე და რ----- კ---–--–--ე. საკანში ყოფნის დროს მსჯავრდებულმა ლ-–- ქ-------მ გამოხატა აგრესია თანამშრომლების მიმართ და დ----- ვ---–----ეს შეაფურთხა სახეში, რის გამოც იქვე მყოფმა მ------ ბ-----–--ემ ისევ დაადო მას ხელბორკილი. ამ დროს აღელვებულმა ლ-–- ქ-------მ მ------ ბ-----–--ეს რამდენჯერმე ამოარტყა ფეხი, რომელიც ამ უკანასკნელს ხელზე და ბარძაყზე მოხვდა.

 

გარდა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებისა, მ------ ბ-----–--ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადასტურებს ასევე მის სხეულზე არსებული დაზიანებები, კერძოდ: სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ მ------ ბ-----–--ეს აღენიშნებოდა ნაჭდევები მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე და მარცხენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე, რომლებიც განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ღ-------- უ-----–---–მა.

 

დაზარალებულ მ--------- ი------ისა და მოწმეთა მიერ აღწერილი გარემოებები შეესაბამება №3 პენიტენციური დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახის სამეთვალყურეო კამერის 2017 წლის 13 ივლისის ვიდეოჩანაწერსა და კომპაქტ დისკის დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად, ვიდეო გამოსახულებაზე დატანილია თარიღი: 2017-13-07, საათი წამზომით და წარწერა №231 დეესკალაციის საკანი. ვიდეო გამოსახულება იწყება 18:30 საათზე და მასზე ასახულია პ/დ-ის №3 დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის მეორე სართულის №231 დეესკალაციის საკანი. ვიდეო გამოსახულების დაწყებისას, 18:00 საათზე, მასზე ჩანს მსჯავრდებული ლ-–- ქ-------, რომელიც წევს საკნის სარკმელთან კუთხეში არსებულ ლეიბზე. 18:34 საათზე ის დგება ლეიბიდან და მიდის საკნის კარებთან. 18:39 საათზე ის ბრუნდება ლეიბთან, ხევს მას, იღებს მასში მოთავსებულ ბამბას და ყრის საკანში იატაკზე. 18:43 საათზე მასთან საკანში შედიან დაწესებულების თანამშრომლები მ------ ბ-----–--ე, ლ---- კ----------, გ------ ყ------- და დ----- ვ---–----ე, რომლებიც აკავებენ ლ-–- ქ-------ს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს მათ. ლ---- კ---------- ადებს მას ხელბორკილს. 18:45 საათზე თანამშრომლები გადიან საკნიდან და მარტო ტოვებენ ლ-–- ქ-------ს, რომელიც აწვება საკნის კარებს და არ აძლევს თანამშრომლებს მისი დაკეტვის საშუალებას, მაგრამ ისინი მაინც ახერხებენ საკნის კარების დაკეტვას. ლ-–- ქ------- რჩება საკნის კარებთან და წიხლებს ურტყამს მას. ის პერიოდულად შორდება კარებს, შემდეგ ისევ ბრუნდება კარებთან და აგრძელებს კარებზე წიხლების დარტყმას. 19:04 საათზე საკანში შედიან მ------ ბ-----–--ე და ექიმი-ფსიქიატრი ს------ ც------. ლ-–- ქ------- ამ დროს იატაკზეა, იგი დგება იატაკიდან და იწევს წიხლების დასარტყმელად საკნის კარებთან მდგარ ინსპექტორ-კონტროლიორ რ----- კ---–--–--ისაკენ. მ------ ბ-----–--ე აკავებს მას და ცდილობს არ მიუშვას კარებთან. ექიმი და მ------ ბ-----–--ე გადიან საკნიდან, რა დროსაც ლ-–- ქ------- მარცხენა ფეხს ურტყამს ორჯერ მარჯვენა ფერდში მ------ ბ-----–--ეს და არ აძლევს მას საკნის კარების დაკეტვის საშუალებას, მაგრამ მ------ ბ-----–--ე მაინც ახერხებს საკნის კარების დაკეტვას. ლ-–- ქ------- მარტო რჩება საკანში.

 

დაზარალებულ მ--------- ი------ისა და მოწმეთა მიერ აღწერილი გარემოებები ასევე შეესაბამება №3 პენიტენციური დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახის სამეთვალყურეო კამერის 2017 წლის 14 ივლისის ვიდეოჩანაწერსა და კომპაქტ დისკის დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად, მასში მოთავსებულია 2 ვიდეოფაილი. პირველ ვიდეო გამოსახულებაზე დატანილია თარიღი: 2017-14-07. ვიდეო გამოსახულება იწყება 02:30:00 საათზე და მასზე ასახული პ/დ-ის №3 დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის მეორე სართულის დერეფანი. ვიდეო გამოსახულების დაწყებისას, 02:30:00 საათზე, ჩანს №231 საკნის მიმდებარე დერეფანი, სადაც დგას დაწესებულების თანამშრომელი მ------ ბ-----–--ე, რომელიც მიყრდნობილია კედელზე და დაწესებულების მუშა-პატიმარი, რომელიც გვის დერეფნის იატაკს. მ------ ბ-----–--ე პერიოდულად მოძრაობს დერეფანში. 03:34 საათზე №231 საკანთან მიდის ისევ მ------ ბ-----–--ე, ინსპექტორ-კონტროლიორები ბ------ კ---–--–--ე, რ----- კ---–--–--ე და დაწესებულების მორიგი ექიმი დ----- ბ-----ე, რომლებიც საუბრობენ ერთმანეთში. მათთან მიდის უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი დ----- ვ---–----ე. 03:34 საათზე ბ------ კ---–--–--ე აღებს №231 საკნის კარს და საკანში შედიან მ------ ბ-----–--ე, რ----- კ---–--–--ე და დ----- ვ---–----ე, ხოლო საკნის კარებთან დგანან ექიმი დ----- ბ-----ე და ბ------ კ---–--–--ე. 03:34 საათზე ისინი სწრაფად გამოდიან საკნიდან, ხურავენ საკნის კარებს და ყველანი ერთად ტოვებენ დერეფანს. მეორე ვიდეო გამოსახულებაზე დატანილია თარიღი: 2017-14-07, საათი წამზომით და წარწერა №231 საკანი. ვიდეო გამოსახულება იწყება 02:30:00 საათზე და მასზე ასახულის პ/დ-ის №3 დაწესებულების №231 დეესკალაციის საკანი, რომელშიც მოთავსებულია მსჯავრდებული ლ-–- ქ-------, რომელსაც ხელი მიაქვს უკან და დადებული აქვს ხელბორკილი. ის დგას საკნის კარებთან და პერიოდულად ჯდება საკნის იატაკზე, დგება ისევ და მოძრაობს საკანში. 03:35 საათზე მასთან საკანში შედიან მ------ ბ-----–--ე, რ----- კ---–--–--ე და დ----- ვ---–----ე. მ------ ბ-----–--ე ხსნის ლ-–- ქ-------ს ხელბორკილს, რა დროსაც იგი აფურთხებს სახეში დ----- ვ---–----ეს და ისევ ადებენ ხელბორკილს. ამ დროს ლ-–- ქ------- უწევს მათ წინააღმდეგობას, მისდევს საკნის კარებამდე და მარჯვენა ფეხს ურტყამს რამდენჯერმე მ------ ბ-----–--ეს და თვითონ ეცემა იატაკზე. ცოტა ხნის შემდეგ ის დგება ფეხზე და მოძრაობს საკანში.

 

სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ ლ-–- ქ-------ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა _ ემოციურად არამდგრადი პერსონალური აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, კერძოდ, 2017 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე; 2017 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 19:04 საათზე და 2017 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 03:37 საათზე მას აღენიშნებოდა ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა, მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადია)... ლ-–- ქ------- იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. ლ-–- ქ-------ს აქვს ფსიქიკური ნაკლი... იგი არანებაყოფილობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა მ------ ფ------–--ემ, ვ------- ჟ----–---–---მა და დ----- მ-------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 09 ოქტომბრის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განაჩენებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის განჩინებით დასტურდება, რომ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის დროს ლ-–- ქ------- მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;109-ე მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის).

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული ლ-–- ქ-------ს მიერ, №3 პენიტენციურ დაწესებულებაში, 2017 წლის 12 ივლისს, 13 ივლისს და 14 ივლისს, ამავე დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები უტყუარად დასტურდება: დაზარალებულების _ მ--------- ი------ის და მ------ ბ-----–--ის, ასევე დანაშაულის ფაქტის თვითმხილველი მოწმეების (№3 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების) ჩვენებებით, რომლებმაც დეტალურად აღწერეს, თუ რა ვითარებაში მიაყენა მსჯავრდებულმა ლ-–- ქ-------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მ--------- ი------ეს და მ------ ბ-----–--ეს; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, რომელთა თანახმად, დაზარალებულ მ--------- ი------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი სახის არეში, ხოლო დაზარალებულ მ------ ბ-----–--ეს აღენიშნებოდა ნაჭდევები მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე და მარცხენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე; №3 პენიტენციური დაწესებულების №231 დეესკალაციის ოთახის სამეთვალყურეო კამერის 2017 წლის 12 ივლისის, 2017 წლის 13 ივლისის და 2017 წლის 14 ივლისის ვიდეოჩანაწერებითა და კომპაქტ დისკების დათვალიერების ოქმებით, რომლებზეც ასახულია ლ-–- ქ-------ს მიერ მ--------- ი------ისთვის და მ------ ბ-----–--ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–---- კ-------–---ის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაზარალებულების და მოწმის სახით დაკითხული №3 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებები არასარწმუნოა, ვინაიდან, ისინი არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები და აღნიშნავს, რომ საქმეზე დაკითხული დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და ურთიერთშესაბამისია, მათში არ შეინიშნება რაიმე წინააღმდეგობა საქმის გარემოებებთან მიმართებით და არანაირი საფუძველი აღნიშნულ ჩვენებებში ეჭვის შეტანისა, სააპელაციო პალატას არ გააჩნია. სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერების კანონდარღვევით მოპოვების თაობაზე, ვინაიდან, საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად რაიმე არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევა არ გამოვლენილა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ-–- ქ-------ს მიერ თავის სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებას, რომ მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არ დაკითხულან მისი თანასაკნელები და სხვა პატიმრები, ასევე №3 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობა, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა. ისინი თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. შესაბამისად, დაცვის მხარე უფლებამოსილი იყო, საჭიროების შემთხვევაში თავად გამოეკითხა ხსენებული პირები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად ლ-–- ქ-------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ-–- ქ-------სთვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რადგან მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციულია.

 

ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენი ლ-–- ქ-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–---- კ-------–---ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.მსჯავრდებულ ლ-–- ქ-------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–---- კ-------–---ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენი ლ-–- ქ-------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ლ-–- ქ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (2017 წლის 12 ივლისის, 2017 წლის 13 ივლისის და 2017 წლის 14 ივლისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2017 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2017 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2017 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი და საბოლოოდ, ლ-–- ქ-------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

5.მსჯავრდებულ ლ-–- ქ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს პატიმრობის შეფარდების დღიდან _ 2018 წლის 10 მაისიდან.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ-–- ქ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ერთი ცალი დაზიანებული ონკანი, რომელიც ინახება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში _ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს; ოთხი ცალი დაზიანებული ტყავის ლეიბი, რომლებიც ინახება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში _ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო DVD და CD დისკები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმეში და შენახული იქნას მისი შენახვის ვადით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ. დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ. სირაძე/

 

/მ.იმერლიშვილი/