განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310118002296005
საქმე N3ბ/1799-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
20 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - მ--- ყ---–--ე;
წარმომადგენელი - ი-----------------ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - შ-----------------–---–ი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის №8------------17 გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 დეკემბრის №8------------19 გადაწყვეტილება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის №8------------21 გადაწყვეტილება.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 იანვრის №1---- გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ).
1.5. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისში, ვ---------–ის მეურნეობის ტერიტორიაზე არსებულ 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (2017 წლის 07 სექტემბრის N8----------- განაცხადის საფუძველზე) მოსარჩელის - მ--- ყ---–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ--- ყ---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. დადგენილია, რომ 1992 წლის 23 სექტემბერს გ--------ის რაიონის ვ---------–ის სახელმწიფო მეურნეობის დირექტორს განცხადებით მიმართეს მოქალაქეებმა ა. ყ---–--ემ, უ-----–---–-ა, წ---–-----ემ და ვ-----მ და მოითხოვეს მიწის რეფორმასთან დაკავშირებით ქალაქელთათვის დაწესებული ნორმის ფარგლებში, მიწის ფართობის გამოყოფა. ვ---------–ის მეხილეობის მევენახეობის ს/მეურნეობის 1992 წლის 24 სექტემბრის აქტით დგინდება, რომ მიწის განაწილების კენჭისყრის შედეგად ა.ყ---–--ეს შეხვდა N6- მიწის ნაკვეთი 1500 კვადრატი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული არქივის მიერ 2012 წლის 31 იანვარს გაცემული N-------------03 საარქივო ცნობით დგინდება, რომ გ--------ის არქივს წარედგინა მ--- ყ---–--ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია ა---------– ი-–-------ის ძე ყ---–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ 1992-1--- წლებში ვ---------–ის მეურნეობის დასახლების მიწის მფლობელთა სიების მიხედვით, ცნობის მომზადება - გაცემა.
2011 წლის 02 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ ა---------– ყ---–--ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილი იქნა პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე - მ--- ყ---–--ე (ს.ფ 19; 21; 25-27; 134).
4.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 07 სექტემბერს მ--- ყ---–--ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, დ---- ლ--–--, ვ---------–ის მეურნეობა 1500 კვ.მ. განცხადებასთან ერთად წარადგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სატყეო ფონდი, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა, თანხმობა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნის თაობაზე და მედიატორის დანიშვნაზე, ელექტრონული ვერსია, ქვითარი, სახელმწიფო კომიტეტის 23.09.92 წერილი, აქტი 24.09.92, სიტუაციური გეგმა.
4.3. 2017 წლის 13 სექტემბერს და 2017 წლის 02 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა N8------------03 და N8------------03 გადაწყვეტილებები, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ვინაიდან წარდგენილი ნახაზი იყო დაზიანებული. 2017 წლის 26 სექტემბერს და 4 ოქტომბერს განმცხადებლის მიერ დამატებით წარდგენილი იქნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმითი/აზომვითი ნახაზის ელ.ვერსიები.
4.4. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 10 ოქტომბერს და 19 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია 1--- წლის 18 ნოემბერს გარდაცვლილი ა---------– ყ---–--ის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ. ხოლო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვიტარების სააგენტოს 2017 წლის 13 ოტომბრისა და 2017 წლის 23 ოქტომბრის წერილებით დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა ა---------– ყ---–--ის გარდაცვალების თარიღისა და ადგილის დაზუსტება, ვინაიდან მოცემული მონაცემებით ბაზაში არ იძებნება.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 26 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს და სსიპ შემოსავლების სამსახურს და სთხოვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიწოდება გ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ლ--–--ში ა---------– ი-–-------ის ძე ყ---–--ის კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის), მასზე რიცხული ქონებისა და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ, 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით. ასევე, ეთხოვათ მათთან დაცული, ა---------– ი-–-------ის ძე ყ---–--ეზე გაცემული სხვა დოკუმენტაციის (მიწის გადანაწილების სია და სხვა) მიწოდება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბერის N8------------11 გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ საკითხზე კომლის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით, მარეგისტრირებელმა ორ---ომ N4----- მომართვით გამოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 ოქტომბრის წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ გ--------ის მუნიციპალიტეტში, დ---- ლ--–--ს საკრებულოში, ვ---------–ის მეურნეობაში 1999, 2001, 2003 წლებში ფიქსირდება ,,ყ---–--ე ა---------–ი“ მამის სახელის გარეშე, მიწის ნაკვეთის ფართობი 0,15 ჰა, ხოლო სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 09 ნოემბრის წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქვემო ქართლის რეგიონალურ არქივში დაცულ გ--------ის რაიონის დ---- ლ--–--ს საკრებულოს სოფელ დ---- ლ--–--ს 1996 - 2000, 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში, გ--------ის რაიონის ლ--–--ს მევენახეობის საზოგადოებრივი მეურნეობის მიერ 1992 წლის 18 იანვარს N48 დადგენილებით განაწილებული მიწის ნაკვეთების სიაში არ მოიძებნა ჩანაწერი ა---------– ი-–-------ის ძე ყ---–--ის კომლის შემადგენლობისა და კომლის პირად საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების შესახებ. გ--------ის რაიონის დ---- ლ--–--ს საკრებულოს სოფელ დ---- ლ--–--ს 1992-1995, 2007 წლების საკომლო წიგნები, 1992-2007 წლების ზონარგაყრილი წიგნები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის მიღება - ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების (სარეფორმო), მებაღეობის (მიმაგრების ტალონი) და საგადასახადო სიები ქვემო ქართლის რეგიონალურ არქივში დაცვაზე არ შესულა.
2017 წლის 15 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მასზედ, რომ საქართველოს მასშტაბით (მათ შორის გარდაბანში) არის ან იყო თუ არა რეგისტრირებული პირი (ან რამდენი), რომლის სახელი და გვარია ,,ა---------– ყ---–--ე“ (დაბადების თარიღი და მამის სახელი არ არის განსაზღვრული), ხოლო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 21 ნოემბრის წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს მაშტაბით ა---------– ყ---–--ის სახელით რეგისტრირებულია თხუთმეტზე მეტი პირი, ხოლო გ--------ის რაიონში ა---------– ყ---–--ის რეგისტრაციის შესახებ მონაცემები არ იძებნება (ს.ფ 126-136; 145-156).
4.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის N8------------17 გადაწყვეტილებით (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ) დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარდგენილ მიღება - ჩაბარების აქტზე ფიქსირდება კომისიის წევრის მხოლოდ ერთი ხელმოწერა, რის გამოც იგი ვერ იქნება განხილული რეგისტრაციის დროს. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის N-------------- პასუხში ,,ა---------– ყ---–--ე“ ფიქსირდება მამის სახელის გარეშე, ხოლო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პასუხის მიხედვით, ,,ა---------– ყ---–--ის“ სახელით საქართველოს მასშტაბით (მათ შორის გ--------ის რაიონში - არცერთი) რეგისტრირებულია თხუთმეტზე მეტი პირი, რის გამოც ვერ ხერხდება პირის იდენტიფიცირება მამკვიდრებელთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს ეცნობა, რომ საკითხზე წარსადგენია სასამართლოს გადაწყვეტილება კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ ან პირადი განცხადება დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გაგზავნის თაობაზე (ს.ფ 157).
4.6. 2017 წლის 21 დეკემბერს მ--- ყ---–--ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 7 აპრილით დათარიღებული N409 დადგენილების ასლი ა---------– ი-–-------ის ძე ყ---–--ის საქართველოს რესპუბლიკის კ---------------------–------–------–---–---------------------------–ედ დანიშვნისთან დაკავშირებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 დეკემბრის N8------------19 გადაწყვეტილებით (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ) დაინტერესებულ პირს ეცნობა 2017 წლის 28 ნოემბრის N8------------17 გადაწყვეტილების ანალოგიური გადაწყვეტილება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის №8------------21 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა (163; 166-167).
4.7. 2016 წლის 06 დეკემბერს მ--- ყ---–--ემ №6-0848/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2016 წლის 31 ოქტომბრის №8------------17 გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 იანვრის №1---- გადაწყვეტილებით 2017 წლის 06 დეკემბრის №6-0848/17 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 36-41).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, დაცულია აქტების მომაზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები და წინააღდეგობაში არ მოდის მათთან, რის გამოც არ არსებობს საქრათველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე და დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
6. მ--- ყ---–--ის სააპელაციო მოთხოვნა:
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6.2. მ--- ყ---–--ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, მიიჩნევს, რომ სასამართლომ კონკრტულად არ მიუთითა, თუ რა შემხებლობა გააჩნია სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულ პრაქტიკას მოცემულ დავასთან, ყურადღებას ამახვილებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს რომ იდენტურია წარდგენილ მიღება - ჩაბარების აქტში და საგადასახადო სიაში ასახული როგორც მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ასევე მისი კვადრატულობა და ასევე მესაკუთრის/მართლზომიერი მფლობელის ვინაობა (მითითებული სახელი და გვარი).
საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარდგენილ მიღება - ჩაბარების აქტის გაცემის საფუძვლად არსებულ, საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის №4------- წერილზე (გ--------ის რაიონის, ვ---------–ის სახელმწიფო მეურნეობის დირექტორისადმი), სადაც მიწის ნაკვეთის გადაცემის მსურველ სხვა პირებთან ერთად დასახელებულია ქალაქ თბილისში ნ--–-----ის ქუჩა №17-ში მცხოვრები ა---------– ყ---–--ე. ასევე აპელირებს საქმეში წარდგენილ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 7 აპრილის №409 დადგენილებაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ ნებართვაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტები ადასტურებს ა---------– ი-–-------ის ძე ყ---–--ის დანიშვნას საქართველოს რესპუბლიკის კ---------------------–------–------–---–---------------------------–ედ, მასზე გაცემულია იარაღის ტარების ნებართვა და აღნიშნული პირი ცხოვრობს ქალაქ თბილისში ნ--–-----ის ქუჩა №17-ში. ამდენად, წარმომადგენელი დადსტურებულად მიიჩნევს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის №4------- წერილში, ასევე მიღება - ჩაბარების აქტში და შესაბამისად, საგადასახადო სიაში მოხსენიებული პირი წარმოადგენს ა---------– ი-–-------ის ძე ყ---–--ეს, ხოლო აღნიშნული პირი რომ მოსარჩელე მ--- ყ---–--ის მეუღლე და მამკვიდრებელია, აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წელს ჭ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ რ---ში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული რეგისტრაციით.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის არც ერთი ნორმა არ ითვალისწინებს საგადასახადო სიაში სავალდებულო წესით მამის სახელის მითითებას, მამის სახელის მითითების შემთხვევაშიც (ადმინისტრაციული ორ---ოს ლოგიკის გაყოლით) შესაძლებელია ეჭვის შეტანა დაინტერესებული პირის და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მოხსენიებული პირის იდენტიფიცირების საკითხში, რადგან შესაძლებელია რამდენიმე პირი არსებობდეს ერთნაირი საიდენტიფიკაციო მონაცემებით. წარმომადგენლის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც 90-იან წლებში შედგენილი/გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეიცავს პირად ნომერს და აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში მოცემულია მხოლოდ პირის სახელი და გვარი, მარეგისტრირებელმა ორ---ომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გონივრული განსჯის და დამატებითი დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სხვა შემთხვევაში საერთოდ შეუძლებელი ხდება ზოგადად უფლების რეგისტრაცია.
აპელანტის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ მარეგისტრირებელი ორ---ოს მხრიდან იმგვარი საგადასახადო სიების საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელებას, სადაც ფიქსირდება მხოლოდ მესაკუთრის (მართლზომიერი) მფლობელის სახელი და გვარი და მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორ---ოს მხრიდან მიღებული სადავო გადაწყვეტილებები, ასევე კანონშეუსაბამოა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 და მე-8 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლებით, ადმინისტრაციული სამართლის ისეთი პრინციპების უგულებელყოფით, როგორიცაა კანონის წინაშე პირთა თანასწორობის და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპი.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველყოვლისა, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ მხარის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს, მართლზომიერი მფლობელობის საფუძველზე, სახლმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
აქვე, პალატა მიუთითებს, რომ დავის საგანს წარმოადგენს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის №8------------17 (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების) გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 დეკემბრის №8------------19 (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების) გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის №8------------21 (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის) გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 იანვრის №1---- გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ). ასევე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, ქ.თბილისში, ვ---------–ის მეურნეობის ტერიტორიაზე არსებულ 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (2017 წლის 07 სექტემბრის N8----------- განაცხადის საფუძველზე) მ--- ყ---–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
7.2. საკითხზე მსჯელობის მიზნით, პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია: 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა - დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორ---ოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორ---ოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია(საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორ---ოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
7.3. მეტი სიცხადისთვის პალატა მიუთითებს საქმის განხილვის დროს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქმეში წარამოდგენილი 1992 წლის 23 სექტემბრის N4------- წერილით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახალხო კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გ--------ის რაიონის ვ---------–ის სახელმწიფო მეურნეობის დირექტორს აცნობა მოქალაქეების ა. ყ---–--ის, რ.ა უ-----–---–ის, თ.თ წ---–-----ის და ი.შ. ვ----ის განცხადების შინაარსი, რომლითაც ითხოვდნენ მიწის რეფორმასთან დაკავშირებით ქალაქელთათვის დაწესებულ ნორმის ფარგლებში, მიწის ფართობის გამოყოფას (ს.ფ 21).
საქმეში წარმოდგენილი ვ---------–ის მეხილეობის მევენახეობის ს/მეურნეობის 1992 წლის 24 სექტემბრის აქტით, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მიწის განაწილების კენჭისყრის შედეგად ა. ყ---–--ეზე განაწილდა N6- მიწის ნაკვეთი 1500 კვადრატი (ს.ფ 19).
პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს სალაროს შესავლის N761 ქვითარზე, რომლითაც დადგენილად მიიჩნევს, რომ N421 მიწის ნაკვეთზე, კონკრეტულად კი N6- მიწის ნაკვეთზე თანხის გადამხდელია ა---------– ყ---–--ე. აღნიშნული ქვითარი დამოწმებულია საქ. სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის, აგროსამრეწველო კომბინატის, გ--------ის ვ---------–ის მეხილეობა მევენახეობის ს/მეურნეობის ბეჭდით (ს.ფ 20).
პალატა ყურადღებას ამახვილებს 1993 წელს გაცემულ, ა---------– ყ---–--ის სამსახურეობრივ მოწმობაზე N1901, რომლითაც დგინდება, რომ საქ. რესპ. სოფლის მ-----------------------------–---–---------------ის მოადგილის ა---------– ი-–-------ის ძე ყ---–--ის საცხოვრებელი მისამართია - ქ. თბილისი, ნ--–-----ის ქN17.
საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების (N627) აქტით, პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ჭ--------ის რაიონის, სოფელ რ---ის საკრებულოს 1995 წლის 10 მარტის დადგენილების საფუძველზე, ა---------– ი-–-------ის ძე ყ---–--ეს გადაეცა სარგებლობაში გამოყოფილი 0,15 ჰექტარი 2 ნაკვეთად.
პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას 1992 წლის 23 სექტემბრის N4------- წერილზე, სადაც ა. ყ---–--ის მასამართად ასევე ფიქსირდება - ქ. თბილისი, ნ--–-----ის N17.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ ა---------– ი-–-------ის ძე ყ---–--ე გარდაიცვალა 1--- წლის 1------------–ს. ხოლო საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ოქტომბრის N420842 წერილით დგინდება, რომ სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა 1--- წლის 1-----------ს გარდაცვლილი ა---------– ყ---–--ის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაც ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული ორ---ოს მიზანი - მოეხდინა მამკვიდრებლის (ა---------– ყ---–--ის) პიროვნების იდენტიფიკაცია, ვერ მიიღწეოდა მცდარად ფორმულირებული მოთხოვნის პასუხად მიღებული ინფორმაციით (ს.ფ 145; 296).
საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 ოქტომბრის წერილით, პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ გ--------ის მუნიციპალიტეტში (საკრებულო დ---- ლ--–--, ვ---------–ის მეურნეობა), სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის გადასახადის გადამხდელად (1999,2001,2003) მითითებულია ა---------–ლ ყ---–--ე (მამის სახელი არ ფიქსირდება) (ს.ფ 151).
საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2012 წლის 31 იანვრის N-------------03 სააქრივო ცნობით დგინდება, რომ გ--------ის არქივში დაცული ვ---------–ის მეხილეობა - მევენახეობის მიწის მფლობელთა სიების მიხედვით, ა---------– ყ---–--ეს ერიცხება მიწის ნაკვეთი 0.15 ჰა, ნაკვეთი N6- (ს.ფ 134).
პალატა დადგენილად მიიჩნევს და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ--- ყ---–--ე არის 1--- წლის 1------------–ს გარდაცვლილი ა---------– ყ---–--ის პირველი რიგის მემკვიდრეა - მეუღლე. 2011 წლის 2 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით ასევე დგინდება, რომ მ--- ყ---–--ემ მიიღო სამკვიდრო ქონება სამკვიდროში შემავალი აქტივებით და პასივებით (ს.ფ 109 - 113).
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს, ადმინისტრაციული ორ---ოს მიერ წარმოდგენილ სიტუაციურ ნახაზზე, რომლითაც დგინდება, რომ საკადასტრო კოდზე - 88201465456-, 2019 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით გადაფარვა არ ფიქსირდება.
7.4. პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის საფუძველზე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ითვლება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორ---ოს გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე – თუ არ დგინდება სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) მიწების განაწილების სიის დამტკიცების ფაქტი.
პალატა მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ - დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორ---ოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით/დოკუმენტით დასტურდება, რომ სწორედ ა---------– ი-–-------ის ძე ყ---–--ეს, რომლის საცხოვრებელი მისამართი იყო ქ. თბილისი, ნ--–-----ის ქ.N 17, მიწის რეფორმასთან დაკავშირებით, ქალაქელთათვის დაწესებულ ნორმის ფარგლებში გამოეყო გ--------ის მუნიციპალიტეტში (საკრებულო დ---- ლ--–--, ვაკეთილის მეურნეობა) სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი N6-, ა---------– ყ---–--ე ასევე ფიქსირდება მფლობელთა სიებში და ასევე დადასტურებულია მის მიერ N6- მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადახდის ფაქტი. საქმის მასალებით ასევე დასტურდება მიღება - ჩაბარების აქტში და საგადასახადო სიაში ასახული როგორც მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ასევე მისი კვადრატულობა და მესაკუთრის (მართლზომიერი მფლობელის) ვინაობა (მითითებულია სახელი და გვარი). ამდენად, ცალსახაა, რომ 1992 წლის 23 სექტემბრის N4------- წერილში, მიღება - ჩაბარების აქტში და საგადასახადო სიაში მითითებულ პირს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ნ--–-----ის ქN17-ში მცხოვრები ა---------– ი-–-------ის ძე ყ---–--ე. ხოლო ის ფაქტი, რომ მ--- ყ---–--ე წარმოადგენს ა---------– ყ---–--ის პირველი რიგის მემკვიდრეს, უდავოა. პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა ცალსახად იძლევა მ--- ყ---–--ის, როგორც ა---------– ყ---–--ის პირველი რიგის მემკვიდრის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირებისა და ა---------– ყ---–--ის მიერ მისი მართლზომიერად ფლობის ფაქტში დარწმუნების საფუძველს და პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტები/გარემოებები, ადმინისტრაციული ორ---ოსათვისაც - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარმოადგენდა იმ ხარისხის მტკიცებულებას, რაც სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღრიხვის საკანონმდებლო საფუძველია.
საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა კონკრეტულად ჩამოთვლილი/დასახელებული დოკუმენტებისა, შეიძლება იყოს სხვა დოკუმენტიც. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკითხის გადაწყვეტისას ძირითადად ყურადღებას აქცევს იმას, სარეგისტრაციოდ წარდგენილია თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული დოკუმენტი, თუმცა უგულებელყოფს ცნება „სხვა დოკუმენტს“, მასში ჩადებულ კანონმდებლის მიზანსა და განზრახულობას; მას განმარტავს ვიწროდ, სიტყვასიტყვით და მასში მოიაზრებს მხოლოდ ერთ კონკრეტულ დოკუმენტს. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მიდგომას და განმარტავს, რომ სიტყვათა კონსტრუქცია „სხვა დოკუმენტი“ განმარტებული უნდა იქნეს ფართოდ და მასში მოაზრებული უნდა იქნეს არა მხოლოდ კონკრეტული დოკუმენტი, არამედ ფაქტობრივი გარემოებებისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაც, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, უტყუარად ადასტურებენ მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის ფაქტს. აღნიშნული განმარტება სრულიად ლოგიკურია საქართველოში მიწის რეფორმის დროს წარმოშობილი უამრავი პრობლემის, გადასაწყვეტი საკითხისა და მიწების განაწილების პროცესის სპეციფიკის გათვალისწინებით. ეს პროცესი განპირობებული იყო ქვეყნის ერთი საზოგადოებრივ - ეკონომიკური ფორმაციიდან სხვა ფორმაციაზე გადასვლით, კომუნისტური წყობილებიდან (სადაც არ არსებობდა მიწაზე კერძო საკუთრება) დემოკრატიულ წესწყობილებაზე/საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით (სადაც კერძო საკუთრების უფლება ერთ - ერთი უმთავრესია უფლებათა შორის). სწორედ ამ ისტორიული რეალობისა და მასთან დაკავშირებული სპეციფიური გარემოებების, ამ ისტორიულ - პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც სიახლითა და ბუნდოვანებით გამოირჩეოდა, ამ ბუნდოვანების გამო მომავალში შესაძლო გაუგებრობის, მიწის პრივატიზაციის პროცესის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელმა ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმაში გაითვალისწინა შესაძლებლობა, რომ მართლზომიერი მფლობელობა (სარგებლობა) შეიძლებოდა დადასტურებულიყო როგორც ნორმაში სახელდებით მოხსენიებული კონკრეტული დოკუმენტით, ასევე „სხვა დოკუმენტითაც“, რომელშიც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ცალსახად უნდა მოვიაზროთ სხვადასხვა დოკუმენტების, ფაქტების, გარემოებებისა და ა.შ. ერთობლიობა, რაც საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ პირს შეუქმნის რწმენას, რომ კონკრეტული პირი მართლზომიერად ფლობდა კონკრეტულ უძრავ ნივთს.
პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების პროცესში უფლებამოსილმა ორ---ომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ამ უფლების ეფექტურ რეალიზებას და არ უნდა დაუშვას მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით აღიარებაზე უარის თქმა. ასეთი მიდგომით შესაძლოა მივიღოთ შედეგი, როდესაც ერთის მხრივ ფორმალურად არსებობს მ--- ყ---–--ის (ა---------– ყ---–--ის) საკუთრების უფლება, ხოლო მეორე მხრივ კი იგი ვერ ახერხებს აღნიშნული უფლების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას - საჯარო რეესტრში საკუთრების აღრიცხვას, რაც იმ ხარისხით ზღუდავს საკუთრების უფლებას, რომ შინაარსს უკარგავს მას. დასახელებული გარემოება კი, საბოლოო ჯამში, ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს საკუთრებასთან დაკავშირებით, საკუთრების უფლება კი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს აპელანტის იმ განმარტებას, რომ მოქმედი კანონმდებლობის არც ერთი ნორმა არ ითვალისწინებს საგადასახადო სიაში სავალდებულო წესით მამის სახელის მითითებას. იმ პირობებში, როდესაც 90-იან წლებში შედგენილი/გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეიცავს პირად ნომერს და აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში მოცემულია მხოლოდ პირის სახელი გვარი, აპელანტმა მართებულად განმარტა, რომ მარეგისტრირებელმა ორ---ომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გონივრული განსჯის და დამატებითი დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ყოველივე ზემოთმითითებულიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და იმ განმარტებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები 2017 წლის 28 ნოემბრის №8------------17 გადაწყვეტილება, 2017 წლის 26 დეკემბრის №8------------19 გადაწყვეტილება, 2017 წლის 29 დეკემბრის №8------------21 გადაწყვეტილება, შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. ასევე ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ დაცულია აქტების მომაზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები და წინააღდეგობაში არ მოდის მათთან.
7.5. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მსჯელობას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 იანვრის №1---- გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ნაწილშიც და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინსტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის, მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ისე უთხრა უარი განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ ფაქტობრივად არც გამოუკვლევია საქმეში არსებული უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები და იმ გარემოებაზე არგუმენტირება, რომ 1992 წლის 24 სექტემბრით დათარიღებული ვ---------–ის მეხილეობა - მევენახეობის ს/მეურნეობის აქტით არ დასტურდება, რომ იგი გაცემულია მიწის რეფორემის კომისიის მიერ (არ არის მითითებული კომისიის 2 წევრის ხელმოწერა და ბეჭედი) და ასევე დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების დამადასტურებელი სასამართლო გადაწყვეტილების წარდგენის აუცილებლობა, პალატას მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებლად მიაჩნია და განმარტავს, რომ წარმოების ფარგლებში მრავლად არსებული მტკიცებულების/გარემოების გაუთვალისწინებლობით ადგილი ჰქონდა საკითხისადმი ფორმალურ მიდგომას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორ---ო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორ---ომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
პალატა მიიჩნევს, რომ დასახელებული გარემოებები/პალატის მიერ შეფასებული თითოეული დოკუმენტი, ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების მიღების დროს ადმინისტრაციული ორ---ოს მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან ადმინისტრაციული ორ---ოს მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრული გამოკვლევის გარეშე.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება, მ--- ყ---–--ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის №8------------17 გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 დეკემბრის №8------------19 გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის №8------------21 გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 იანვრის №1---- გადაწყვეტილება, (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისში, ვ---------–ის მეურნეობის ტერიტორიაზე არსებულ 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (2017 წლის 07 სექტემბრის N8----------- განაცხადის საფუძველზე) მოსარჩელის - მ--- ყ---–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. სართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება მ--- ყ---–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ--- ყ---–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. მ--- ყ---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ნოემბრის №8------------17 გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 დეკემბრის №8------------19 გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის №8------------21 გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 იანვრის №1---- გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ).
5. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისში, ვ---------–ის მეურნეობის ტერიტორიაზე არსებულ 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (2017 წლის 07 სექტემბრის N8----------- განაცხადის საფუძველზე) მოსარჩელის - მ--- ყ---–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
6. მ--- ყ---–--ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარის ანაზღაურება დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -