განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2019
საქმის ნომერი
330100119003157108
ინსტანცია
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003157108

საქმე №1ბ/1704-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ დ----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

დ----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 28 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №4-----------, რეგისტრირებულის ქ. თბილისი, უ----------------–--–-------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ს--------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

დ----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

დ----------–---–ი და ო-–-----–---------ი წელიწადნახევრის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, დაახლოებით 03:00 საათზე, თბილისში, ვ---------–-------------------------------------------ში, ო-–-----–---------თან სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დ----------–---–ი, რომელმაც ამ უკანასკნელს ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, მუჭებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის სახეში, ასევე წააქცია და ზევიდან დარტყა მუჭი რამდენჯერმე სახის მარჯვენა მხარეს და თავის არეში. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიიღო მრავლობითი დაზიანებები.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ----------–---–ისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს განაჩენი არ არის სამართლიანი, ვინაიდან დ----------–---–ის მიმართ დანიშნულია აშკარად მკაცრი სასჯელი და ის არ შეესაბამება ბრალდებულის პიროვნებას და ასევე არ ემსახურება სასჯელის დანიშვნის მიზნებს. სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალურ ზღვარს მხოლოდ 6 თვე მოაკლო. აპელანტის აზრით, გაუგებარია სასამართლოს შეფასება, რომ დ----------–---–მა უმოწყალოდ ცემა დაზარალებული, რაც დამამძიმებელ გარემოებადაა მითითებული განაჩენში, მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, რომ მსუბუქი დაზიანებაც არ იყო სახეზე. აპელანტს ასევე არასწორად მიაჩნია სასამართლოს მიერ გაკეთებული კიდევ ერთი შეფასება დ----------–---–ის ნასვამ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ეს იყო ქმედების ჩადენის მაპროვოცირებელი. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ქმედების მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაგანი დამოკიდებულება, ამასთან, კოდექსის შესაბამისი მუხლი არ მიიჩნევს ნასვამ მდგომარეობაში ამ დანაშაულის ჩადენას დამამძიმებელ გარემოებად. აპელანტმა დაასკვნა, რომ მსგავსი არასამართლიანი შეფასებების საფუძველზე სასამართლომ მიიღო აშკარად მძიმე გადაწყვეტილება ბრალდებულისათვის და შეუფარდა მას შეუსაბამოდ მკაცრი სასჯელი.

აპელანტი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას, რომ დ----------–---–ს არ გააჩნია შემამსუბუქებელი გარემოებები, რადგან, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა წარდგენილი ბრალდება, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. დ----------–---–ი არ ყოფილა წარსულში ნასამართლევი და არასოდეს ჰქონია კონფლიქტი კანონთან. ამასთან, დაზარალებულმა ხელწერილით განაცხადა, რომ დ----------–---–ის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია და თანახმაა, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. გარდა ამისა, დ----------–---–ი დაავადებულია ქრონიკული ავადმყოფობით, მას აქვს აივ/შიდსი, სტადია 3, ასევე ქრონიკული B ჰეპატიტი დელტა აგენტის გარეშე. ის იმყოფება აღრიცხვაზე შიდსის ცენტრში 2005 წლის 1 აპრილიდან და იღებს მრავალ პრეპარატს და მის მიმართ ანტირეტროვირუსული თერაპია უნდა გაგრძელდეს უწყვეტად მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამ მდგომარეობის ფონზე, დაცვის მხარემ მიიჩნია, რომ დიდი ხნით ციხეში ყოფნა დ----------–---–ისთვის იქნება ტანჯვა და მისი ჯანმრთელობისათვის მძიმე შედეგის მომტანი.

მსჯავრდებულ დ----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ------------ის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------ემ, რომელმაც საჩივრის მოთხოვნის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ო-–-----–---------ის, მოწმეების - ა-–------–-----ის, ე-----–--------–--–---–ის, ლ---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულის სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმით თანდართულ ფოტოსურათებთან ერთად და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ----------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დ----------–---–ისათვის 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე, ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მხედველობაში მიიღო დაზარალებულის პოზიცია, ასევე დაზარალებულზე განხორციელებული ძალადობის ინტენსივობა და მასშტაბი, ის ფაქტი, რომ ადგილი არ ჰქონია დანაშაულის სრულ აღიარებას, დ----------–---–მა მაქსიმალურად შეამცირა ძალადობის მასშტაბი და ხერხი, გამორიცხა რა მისი მხრიდან მრავალჯერადად მუშტების დარტყმა სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატის აზრით, სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი მას უნდა შეუმცირდეს 4 თვით და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 2 თვის ვადით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

დ----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით დ----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 11 ივლისიდან.

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს აღებული ანაწმენდი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე