განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/2573-19, 330310019003162024
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბე--- ქვრიშვილი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბე--- ქვ-----–-ილის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბე--- ქვ-----–-ილის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება - 7000 ლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
მოსარჩელე ბე--- ქვ-----–-ილსა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2009 წლის 16 თებერვალს, 4 წლის ვადით დაიდო კონტრაქტი ,,კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’.
მოსარჩელე ბე--- ქვ-----–-ილსა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2013 წლის 16 თებერვალს, 4 წლის ვადით დაიდო ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’კონტრაქტი, რომელიც შეუწყდა ვადის გასვლის გამო და მითითებული ვადის გასვლისთანავე - 2017 წლის 16 თებერვალს მხარეთა შორის კვლავ გაფორმდა ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ კონტრაქტი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ, 2007 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა №560 ბრძანება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”. აღნიშნული ბრძანების 471-ე პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472-ე პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ა” ან ,,ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8 წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ.
მითითებული ბრძანების 472-ე პუნქტის მიხედვით, 471-ე პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით: ა) ორ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან; ბ) ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან; გ) რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან; დ) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვა წლიანი კონტრაქტის შემდგომ რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი.
მითითებული ნორმების ლოგიკური, სიტყვა-სიტყვითი და სისტემური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად, სასამართლომ განმარტა, რომ ერთჯერადი გასაცემლის ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ბე--- ქვ-----–-ილსა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2013 წლის 16 თებერვალს 4 წლის ვადით დაიდო ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’კონტრაქტი. შესაბამისად, 2009 წლის 1 მარტის შემდგომ, მოსარჩელე ბე--- ქვ-----–-ილმა, კონტრაქტის საფუძველზე, 4 წლის ვადით კვლავ გააგრძელა სამხედრო სამსახური, რომლის ვადაც ამოიწურა 2017 წლის 16 თებერვალს.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე ბე--- ქვ-----–-ილს 2017 წლის 16 თებერვალს წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 10 მარტიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მოცემულ შემთხვევაში ვალდებულებაზე.
სასამართლომ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, უკუძალა დადგენილი არ არის.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელთა მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მითითებული კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, მოსარჩელე ბე--- ქვ-----–-ილისთვის აენაზღაურებინა ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით, წარმოიშვა 2017 წლის 16 თებერვალს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე, რამდენადაც მან 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც გაფორმდა 2009 წლის 1 მარტის შემდგომ, 4 წლით გაიარა სამხედრო სამსახური და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი და მეორე კონტრაქტი შეწყდა ვადის გასვლით. შესაბამისად, მოსარჩელეს, აღნიშნული ვალდებულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების ფარგლებში და იგი არ შეიძლება გაუქმდეს, როგორც ზემოთ აღინიშნა მისი წარმოშობის შემდგომ გამოცემული ნორმატიული აქტით.
სასამართლო მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 404-ე მუხლზე, რომელთა მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ხოლო იმავე კოდექსის მე-400 მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლისა და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ბე--- ქვ-----–-ილის სარჩელი, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე ერთჯერადი დახმარების - 7000 ლარის ანაზღაურების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალების თაობაზე საფუძვლიანია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი მის ანაზღაურებაზე ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არ არის ის სამართლებრივი ნორმები, რომლებზე დაყრდნობითაც მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება.
აპელანტი მიუთითებს, რომ ბე--- ქვ-----–-ილსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 16.02.2009 წელს გაფორმდა კონტრაქტი ”კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" 4 წლის ვადით); 16.02.2013 წელს თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა კონტრაქტი ”სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების, მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" ასევე, 4 წლის ვადით); * 16.02.2017 წელს ასევე გაფორმდა კონტრაქტი ”სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების, მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" ასევე, 4 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ 16.02.2013 წელს გაფორმებული კონტრაქტი არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემას.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და €ატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 471 პუნქტის თანახმად: ”ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მწვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი ლივის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე: ა.დ) ამ პუნქტის „ა.ა” ან „ა.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებულმა სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა მე 4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8-წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ. 472 პრიმა პუნქტის თანახმად, 47 პრიმა პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით: ა) ორ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან; გ) ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან; გ) რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან; 2) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვა წლიანი კონტრაქტის შემდგომ რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი”.
აპელანტის მოსაზრებით საქალაქო სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა სასარჩელო განცხადება. ერთჯერადი გასაცემლისათვის სავალდებულოა სახეზე იყოს შემდეგი წინაპირობები: სამხედრო მოსამსახურე, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ იქნა გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით) (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ) და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ამ სახის კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამგვარი დახმარების გაცემის ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში გაიცემა დახმარება 7 000 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბე--- ქვ-----–-ილსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 16.02.2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სამხედრო მოსამსახურისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აპელანტი მიუთითებს გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული იყო ”სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების, მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" და არა მინისტრის 27.02.2009 წლის N122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი "კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ", რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ერთჯერადი თანხის გაცემას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის შეფასებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატა.
სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირების უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. ამავე კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. სტატუსის შეწყვეტის საფუძველია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა. მითითებული კანონის 4.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანებაზე. აღნიშნული ბრძანების 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472-ე პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ა” ან ,,ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8 წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ.
მითითებული ბრძანების 472 პუნქტის თანახმად, 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით: ა) ორ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან ბ) ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან გ) რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან დ) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვა წლიანი კონტრაქტის შემდგომ რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბე--- ქვ-----–-ილსა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2009 წლის 16 თებერვალს, 4 წლის ვადით დაიდო კონტრაქტი ,,კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’. მოსარჩელე ბე--- ქვ-----–-ილსა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2013 წლის 16 თებერვალს, 4 წლის ვადით დაიდო ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ კონტრაქტი, რომელიც შეუწყდა ვადის გასვლის გამო და მითითებული ვადის გასვლისთანავე - 2017 წლის 16 თებერვალს მხარეთა შორის კვლავ გაფორმდა ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ კონტრაქტი.
პალატა მიუთითებს, რომ ბე--- ქვ-----–-ილსა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2013 წლის 16 თებერვალს 4 წლის ვადით დაიდო ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’კონტრაქტი.
ამდენად, უდავოა, რომ 2009 წლის 1 მარტის შემდგომ, მოსარჩელე ბე--- ქვ-----–-ილმა კონტრაქტის საფუძველზე, 4 წლის ვადით კვლავ გააგრძელა სამხედრო სამსახური.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ზურაბ ასლამაზაშვილს, 2017 წლის 16 თებერვალს გაფორმებული კონტრაქტის შემდგომ წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.2017წ. №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში. ბრძანებას დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 10 მარტიდან.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მოცემულ შემთხვევაში - ვალდებულებაზე, ვინაიდან „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს უკუძალა დადგენილი არ არის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, მოსარჩელე ბე--- ქვ-----–-ილისთვის აენაზღაურებინა ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით, წარმოიშვა 2017 წლის 16 თებერვალს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე, რამდენადაც მან 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე (რომელიც გაფორმდა 2009 წლის 1 მარტის შემდგომ), 4 წლით გაიარა სამხედრო სამსახური და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული ვალდებულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების ფარგლებში და იგი არ შეიძლება გაუქმდეს, მისი წარმოშობის შემდგომ გამოცემული ნორმატიული აქტით. ამასთან, არარელევანტურია აპელანტის მითითება კონტრაქტში სადავო თანხის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ ჩანაწერის არარსებობაზე, რამეთუ ეს ვალდებულება განსაზღვრული იყო არა მხარეებს შორის დაებული კონტრაქტით, არამედ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით, რომლის მიმართაც ბე--- ქვ-----–-ილს გააჩნდა კანონიერი ნდობა, რომ მას დანაპირები თანხა სრულად აუნაზღაურდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ ბე--- ქვ-----–-ილის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იზელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: დავით ახალბედაშვილი