განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2019
საქმის ნომერი
330100119003094791
ინსტანცია
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003094791

საქმე №1ბ/1699-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ნ--–----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 15 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №2----------- ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თიანეთის რაიონი, ს------–-----------–-- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ნ--–----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით (2019 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 08:55 საათზე, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილზე, ნ--–----------------მა, რომელიც მართავდა ავტომობილ „რენაუტ ლაგუნას“, სახელმწიფო ნომრით I------ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა. დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე დაეჯახა კ-------------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილ „მიცუბიშს“, სახელმწიფო ნომრით B--------- ეს უკანასკნელი თავის მხრივ გადავიდა სავალი გზის საპირისპირო მხარეს და დაეჯახა ა-–---------------------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილ „ივეკოს“ სახელმწიფო ნომრით I--------- მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ა-–---------------------მა, კ-------------მა და მისმა მგზავრმა - ა-–-----------–---–-----მა მიიღეს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო რ----------------მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ი------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ--–----------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, თუმცა გამოიყენა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქმეზე დაზარალებულად ცნობილ კ-------------ს, ა-–-----------–---–-----ს, ა-–---------------------სა და რ----------------ს მიადგათ ფიზიკური და მორალური ზიანი, რაც უგულვებელყოფილ იქნა ბრალდებულის მიერ და არც კი გამოუთქვამს სურვილი მათთვის დახმარების გაწევისა. აპელანტმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, ლმობიერი და დამნაშავის პიროვნებასთან შეუსაბამო, რის გამოც იგი უნდა შეიცვალოს სასჯელის დამძიმების კუთხით. აპელანტის განმარტებით, სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, იმის გათვალისწინებით, რომ ნ--–----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული არის საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი, მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი და სასამართლოს მხრიდან არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული სანქციის მინიმალური ზღვარი.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ა-–---------------------ის, კ-------------ის, ა-–-----------–---–-----ის, რ----------------ის და მოწმე ნ---------–--------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ცნობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ ოქმით და თანდართული სქემით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, იგი არ არის ნასამართლევი, დაზარალებულებს, რ----------------ის გარდა, მის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ, ნ--–----------------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მას სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ ნ--–----------------ს დაუნიშნა სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა და მისი პიროვნებისა და მის მიერ განხორცილებული ქმედებისათვის შესაბამისი ზომა - 3 (სამი) წელი.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ნ--–----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება გაუფრთხილებელ დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს და იგი წარსულში ნასამართლევი არ არის. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ--–----------------ისათვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის ნაწილში.

 

გარდა ამისა, აპელანტი არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებზე სასჯელის ნაწილში განაჩენის საუარესოდ შეცვლისათვის. აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ დაზარალებულებს მიადგათ ფიზიკური და მორალური ზიანი და რომ ნ--–----------------ს არ გამოუთქვამს სურვილი მათთვის დახმარების გაწევისა, არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რაც გახდებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძველი. ამასთან, დაზარალებულებს უფლება აქვთ იდავონ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ნ--–----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის საკმარისად მკაცრი სასჯელის მიზნების მისაღწევად, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნ--–----------------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენი ნ--–----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ნ--–----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით (2019 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ნ--–----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

მსჯავრდებულ ნ--–----------------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-ელექტრონული დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

-ავტომანქანა „რენაუტ ლაგუნა“, სახელმწიფო ნომრით I------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე