განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003117040
საქმე №1ბ/1702-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნ----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 24 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ. თბილისი, ს---–--------------–---–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ბ------------–--–---------------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ნ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ნ----------ე და ს-----------------ა 2018 წლის თებერვლიდან იმყოფებიან რეგისტირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ქ. თბილისში, ბ------------–--–---------------------------------------ში. თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის ივლისის თვიდან 2019 წლის 20 ივნისამდე, ნ----------ე სისტემატურად ახორციელებდა ს-----------------ას შეურაცხყოფას, კერძოდ, ნ----------ე აგინებდა და ლანძღავდა ს-----------------ას, რაც ამ უკანასკნელის ტანჯვას იწვევდა. ამასთან, 2019 წლის 16 ივნისს დაახლოებით 03:00 საათზე ქ. თბილისში, ბ------------–--–---------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ----------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ს-----------------ას, კერძოდ, ხელ-ფეხი მრავალჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა დამძიმების კუთხით და ნ----------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს, არსებულ მტკიცებულებებს და ნ----------ის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა მსუბუქი სახის სასჯელი, რადგან ნ----------ე დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის, სასამართლოს მიერ სასჯელის შეფარდებისას არ იქნა გათვალისწინებული ნ----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ინტენსივობა. აპელანტის აზრით, ნ----------ის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივი ქმედების ხასიათთან და არ არის უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, უპირველესად, პრევენციული მიზანი.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ნ----------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უდავოდ მიჩნეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულ ნ----------ის აღიარებით, დაზარალებულ ს-----------------ას და მოწმეების - ს-----------–-----ას, რ--------–----------–----ის და მ------–-----------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერით, პაციენტის სამედიცინო ბარათით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ----------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, დანაშულის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სააპელაციო პალატა, ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას და შესაბამისად, არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი სასჯელის გამკაცრების შესახებ შეიცავს მხოლოდ ზოგადი ხასიათის მსჯელობას და არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებზე სასჯელის ნაწილში განაჩენის საუარესოდ შეცვლისათვის. აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ ნ----------ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, საფუძვლად ვერ დაედება სასჯელის გამკაცრების გადაწყვეტილებას. ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენა გახდა სწორედ, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ნ----------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და შემდგომში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ნ----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის საკმარისად მკაცრი სასჯელის მიზნების მისაღწევად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს განაჩენის საუარესოდ შებრუნებისათვის რაიმე სახის დასაბუთებულ პრეტენზიას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო რა ნ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე, მისი პიროვნება, ის ფაქტი, რომ ნ----------ეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი, მას დაუნიშნა ისეთი სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ნ----------ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი ნ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ნ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ნ----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 30 ივნისიდან - 2019 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით.
მსჯავრდებულ ნ----------ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე