განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 330100118002667881
საქმე N 1ბ/879-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19.11.2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე, მერი ლაბარტყავა
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე: თ-- გ--------ე, დ----- მ---------–---–ი
დაცვის მხარე: გ------- გ--–------ი
გამართლებული: ფ--------- ე--------ი (პ/ნ 0----------), დაბადებული 1--- წლის 3-----–--ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, დ-------------, მე------------–-----------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენით:
ფ--------- ე--------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა თ-- გ--------ემ და ითხოვა ფ--------- ე--------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ფ--------- ე--------ის მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ფ--------- ე--------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების, კონტროლირებადი მიწოდების ოქმით, გამოთხოვის ოქმებოთ და გამოთხოვილი ინფორმაციებით, დათვალიერების ოქმებით, ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, ამოღებული ნივთიერებებით, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ქმნის გამამტყნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ა-–---------- ჩ-----–--ის ჩვნება და თავად ფ--------- ე--------ის ჩვენება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, შესაბამისად სასამართლომ სრულყოფილად უნდა შეაფასოს განსახილველ საქმეში არსებული პირდაპირი სახის მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ფ--------- ე--------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობს ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი‘‘. 2018 წლის 18 ივლისს თბილისში, დ-------------, 1-ლი კვარტალი, მე-3ა კორპუსის მიმდებარედ ჩატარებული, ფ--------- ე--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 10 ცალ ნახატზე არსებულ ხის ბისერებიან ჩარჩოებში მოთავსებული, სხვადასხვა ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში შეფუთული, მოგრძო ფორმის, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო- მომწვანო პლასტიკური მასა, საერთო წონით 989,46 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს‘‘, საერთო წონით 98,8470 გრამს.
2018 წლის 18 ივლისს ფ--------- ე--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ, 10 ცალ ნახატზე არსებული, ხის ბისერებიან ჩარჩოებში მოთავსებული, სხვადასხვა ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში შეფუთული, მოგრძო ფორმის, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო-მომწვანო პლასტიკური მასა და ნიმუშის სახით 2018 წლის 11 ივლისს აღებული პლასტიკური მასა ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა. 2018 წლის 11 ივლისს აღებული პლასტიკური მასა უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში შეფუთული, სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი გრძელი ფორმის პლასტიკური მასა, წონით 7,7526 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს‘‘, 0,7752 გრამის ოდენობით.
სამართლომ დაადგინა:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
პალატამ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით დაადგინა: ფ--------- ე--------ის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, შესაბამისად, ფ--------- ე--------ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში იგი უნდა გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად; შესაბამისად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ თ-- გ--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი ფ--------- ე--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, მოწმე ი-----–- ნ---------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 ივლისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ა-–---------- ჩ-----–--ე იყო ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი და სისტემატურად ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მან ნეპალის რესპუბლიკაში შეიძინა ნივთები, გამოიწერა, რომელშიც დამალული იყო ნარკოტიკული საშუალებები. ეს ნივთები უნდა ყოფილიყო აღმაშენებლის გამზირზე მდებარე T---ს ფოსტაში. აღნიშნულის შესახებ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საფოსტო ქსელ T---ს დირექტორის, მოწმე ნ---- მ-----–-–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, წინასწარ იღებენ ინფორმაციას, თუ რა ტვირთი უნდა მიიღონ მომდევნო დღეს, თუმცა მიღებამდე არ იციან, რა დევს მასში, იდენტიფიცირება ხდება სატრანსპორტო ზედნადების უნიკალური ნომრით. ზაფხულში დარეკა კლიენტმა ა-–---------- ჩ-----–--ემ, რომელმაც დაასახელა გზავნილის ნომერი და იკითხა, თუ როდის ჩამოვიდოდა თბილისში. უპასუხეს, რომ ამ დღეებში ელოდებოდნენ და როცა ტვირთი ჩამოვიდოდა, დაუკავშირდებოდნენ. მისი ამანათი მიიღეს მეორე დღეს, რაც პირადად აცნობა და ჰკითხა, რა მისამართზე უნდა მიეწოდებინათ. ა-–---------- ჩ-----–--ემ უპასუხა, რომ ამას მოგვიანებით აცნობებდა, რის შემდეგაც აღარ დაურეკავს. რამდენიმე ხანში კლიენტების მომსახურების პორტალზე მიიღეს მეილი, რომლითაც ა-–---------- ჩ-----–--ე ოპერატორთან აზუსტებდა, რომ ტვირთი ბათუმში, კონკრეტულ მისამართზე, გადაეგზავნათ, რასაც დათანხმდნენ. დარეკვამდე უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ტვირთი კანონსაწინააღმდეგო იყო. ტვირთი იდენტიფიცირებული იყო, რადგან საზღვარზევე ფიქსირდება, როდესაც გზავნილში საეჭვო შემადგენლობაა. მათთან მივიდა გამომძიებელი, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ტვირთი ხუთ კილოგრამს შეადგენდა, ადრესატი კი ა-–---------- ჩ-----–--ე იყო. გამომძიებელმა გამოიძახა ჯგუფი, გაიხსნა ტვირთი, რომელსაც მოჰყვებოდა ინვოისი. გზავნილი იყო აზიური ტიპის ხალიჩების, პატარა კედელზე დასაკიდი დეკორაციები, ნაჭრის სურათები, რომლებსაც მძივებით გაფორმებული ჩარჩო ჰქონდა, ჩარჩოებში კი ჩადებული იყო უკანონო ნივთიერება. ამანათს სპეციფიკური სუნიც ჰქონდა. უცხოს რომ გაეხსნა, შიგთავსს ვერ შეამჩნევდა. გადაუღეს ფოტოსურათები, დალუქეს სპეციალურ პარკში და წაიღეს. ვინაიდან თავდაპირველი პარკი დაზიანებული იყო, გამომძიებელმა მათი ლოგოიანი პარკი ითხოვა. პარკი წებოვანი ლენტით იკვრება, რომლის გახსნის შემთხვევაში მეორედ დაწებება შეუძლებელია. ისე არ იხსნება, რომ არ შეეტყოს, უნდა გაიხეს. ამ ტვირთთან დაკავშირებით ფ--------- ე--------ს არ დაურეკავს, არც ა-–---------- ჩ-----–--ე მისულა მასთან ფოსტაში. მოწმის განმარტებით, აქვთ ზარების მონიტორინგი, რის თაობაზეც ინფორმაცია მიაწოდეს გამომძიებელს, უთხრეს, რომ იწერებოდა სამი თვის ზარები. შესაბამისად, ჩვენების მიცემიდან რამდენიმე დღეში გამომძიებელს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასცეს ჩანაწერი, სადაც ა-–---------- ჩ-----–--ის ზარი ფიქსირდებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, მოწმე ლ---- კ-----ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 ივლისს, სამსახურში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამომძიებელ გ-------– კ------–---–თან ერთად, T---ს ფოსტის უფლებამოსილი პირისგან ამოიღო ფუთა. ექსპერტ-კრიმინალისტების თანდასწრებით გაიხსნა ფუთა, რომელშიც აღმოჩნდა 10 ცალი სურათი, რომლებსაც გვერდებში ხის ნაწილები და თვლები ჰქონდა. ნიმუშად ამოიღეს ერთ-ერთი ნაწილი და ნახეს, რომ ხეებს შუა იყო პლასტელინისმაგვარი ყავისფერი სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება. დასურათდა ექსპერტების მიერ და ამოღებულ იქნა მათივე თანდასწრებით. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა შესაბამისი შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები. მონაწილეობა აქვს მიღებული დიღმის მასივში მდებარე, ფ--------- ე--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტ-კრიმინალისტების, მოწმეების - ვ----– ვ-–----ისა და შ--–-- გ-------ის ჩვენებებით, 2018 წლის 11 ივლისს საფოსტო ოფის T---დან ამოიღეს ამანათი, რაც პოლიეთილენის პარკში იყო შეფუთული, შეკრული იყო ფერადი დასაწებებელი ლენტით, ე.წ. სკოჩით. პარკში აღმოჩნდა 10 ცალი პოლიეთილენის პარკში ჩადებული ნახატი, სამკუთხედი ჩარჩოებით და თვლებით, თითოეული ცალ-ცალკე იყო მოთავსებული. ერთ-ერთი სურათის ჩარჩოში გახსნისას აღმოჩნდა მრგვალი, გრძელი ფორმის მოყავისფრო პლასტიკური ნივთიერება, რომელიც, ჩარჩოს გახსნის გარეშე, მის გადაწევამდე არ ჩანდა. გამომძიებელმა გახსნილი ჩარჩო ისევ დაადო ერთმანეთს და ისე შეფუთა. მოწმის განმარტებით, ყველაფერი იატაკზე გაშალეს, დაასურათეს და ამანათი, პარკებთან და დოკუმენტაციასთან ერთად დალუქეს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------– კ------–---–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა, ამასთან, განმარტა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ერთ-ერთი შრომატევადი და სპეციფიკურად გამოსაძიებელი საქმე იყო. რამდენჯერმე შეიცვალა ნეპალიდან გზავნილის ადრესატი და მისამართი. როცა დადგინდა, რომ გზავნილი ნარკოტიკულ საშუალებას შეიცავდა, დავალებები გაიცა ოპერატიული ჯგუფების კონტროლირებადი მოწოდების ფარგლებში ჩართვაზე, რომ მათ როგორც ფოსტის თანამშრომლებს, ფარულად განეხორციელებინათ ნარკოტიკული საშუალებების გადატანა ადრესატამდე, რითაც უკვე გამოძიებისთვის ნათელი გახდებოდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა. ამასთან, დამნაშავის მხრიდან ეჭვის გამოსარიცხად, ექსპერტების მონაწილეობით, მოხდა ექსპერტიზის დალუქული ამანათის კვლავ გახსნა და პირვანდელი სახით გადალუქვა საფოსტო კომპანია T---ს ამანათების პარკში. ასეთი დალუქული წარუდგინეს სასტუმროში თ----–- ლ----ას. იმავდროულად, თ----–- ლ----ას WhatsApp-ში წერდა პიროვნება და ეუბნებოდა, რომ იქ ჩასულ ამანათს აიღებდა, თუმცა იგი არ მივიდა და გზავნილი თბილისში გადაამისამართებინა, უთხრა, რომ მძღოლს იქ დახვდებოდა ფ--------- ე--------ი, ვინც ამანათს მიიღებდა. სწორედ მასთან ჰქონდა კონტროლირებადი მოწოდების ფარგლებში ზ------ ტ------–---–ს ახალი ნომრით კონტაქტი. ფ--------- ე--------ი რეკავდა ნომრით 5-----------, რომელიც გაფორმებულია ორგანიზაციაზე. მართალია, თავიდან საუბარი იყო ა-–---------- ჩ-----–--ეზე, მაგრამ ვინაიდან არაერთხელ მოხდა მიმღები ადრესატის შეცვლა, ჯერ თ----–- ლ----ა აღმოჩნდა, შემდეგ აღმოჩნდა ფ--------- ე--------ი, გამოძიება შევიდა ჩიხში, თან ფ--------- ე--------მა სრულიად სხვა ადამიანი დაასახელა დანაშაულის ჩამდენად. შესაბამისად, მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ა-–---------- ჩ-----–--ესთან ფიზიკურად ვერ ჩაატარებდნენ მოქმედებებს, რადგან ის საერთოდ არ იყო ამ დანაშაულთან შემხებლობაში. ფ--------- ე--------მა მხოლოდ მას შემდეგ ითანამშრომლა გამოძიებასთან, რაც ა-–---------- ჩ-----–--ემ დატოვა საქართველოს ტერიტორია. მოწმის განმარტებით, ნომერი, რომლიდანაც პიროვნება ნეპალიდან ამყარებდა კავშირს, ვერ გადამოწმდებოდა, რადგან, როგორც იცის, ქართულ ნომერს არ წარმოადგენდა. მისივე ინფორმაციით, შესაძლებელია, საქართველოში ადამიანმა ისარგებლოს უცხოური ნომრით, მაგალითად, დაარეგისტრიროს როგორც უცხოური და მოიწეროს, თითქოს, უცხოეთიდანაა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტ-კრიმინალისტების, მოწმეების - ი-----–- ზ------ისა და რ----- ნ--------–---–ის ჩვენებებით, გამომძიებლის ოთახში, მისივე მონაწილეობით, დაათვალიერეს დალუქული ფუთა, რომლის შიგთავსში იყო კედლის სურათები. ამოიღეს და დაასურათეს. ჩარჩოები არ გაუხსნიათ. შემდეგ დალუქეს T---ს ფოსტის პარკში, რაც გამომძიებელს ჰქონდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სასტუმრო ,,ს--–----------ის‘‘ ადმინისტრატორის, მოწმე თ----–- ლ----ას ჩვენების მიხედვით, ნეპალიდან დაუკავშირდა ადამიანი და უთხრა, რომ ადრე ისვენებდა მათ სასტუმროში, მოეწონა და კვლავ უნდოდა ოჯახით ჩამოსვლა. შემდეგი დაკავშირებისას უთხრა, რომ ბარგი წინასწარ ჰქონდა გამოგზავნილი და რომ მიიღებდნენ, მისთვის დაჯავშნილ ნომერში შეენახათ. სანამ ფოსტა იმ ადამიანის ბარგის მიწოდებას მოახდენდა, დღეში 10-ჯერ უკავშირდებოდა, მიმოწერა ჰქონდათ WhatsApp-ის საშუალებით, სთხოვდა, როცა ბარგი მივიდოდა, დაკავშირებოდა. მისი დავალებით, თვითონაც რეკავდა ფოსტაში, კითხულობდა, სად იყო და როდის მიიღებდნენ ბარგს. ბოლოს თვითონ დაურეკა და აცნობა, რომ ამანათი მათკენ მიდიოდა. ამანათი მიიტანეს, ის უკვე პოლიციის თანამშრომლებს ჰქონდათ, რადგან კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებას შეიცავდა. პოლიციის თანამშრომლებისთვის სასტუმროში ერთი ოთახი ჰქონდათ გამოყოფილი და იმ ადამიანის ლოდინში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მათი იქ ყოფნის პერიოდში სულ ჰქონდა საუბარი იმ ადამიანთან, ეუბნებოდა, რომ ჯერ ვერ ჩამოდიოდა, ვიზასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა, შემდეგ კი სთხოვა, ბარგი თბილისში გაეგზავნა, მძღოლთან უნდა მიეტანა, მონაცემები კი ეცნობებინა იმ ადამიანისთვის, ვინც ბარგს თბილისში დახვდებოდა. მანვე უთხრა, დამხვედრის ვინაობა - ფ--------- ე--------ი და ტელეფონის ნომერი. როდესაც ფ--------- ე--------ს დაუკავშირდა, ის საქმის კურსში იყო. შეფუთულ ამანათს სურათი გადაუღო და ნეპალში გაუგზავნა, ხოლო ფ--------- ე--------ისთვის არაფერი გაუგზავნია. თ----–- ლ----ას გამოკითხვისა და, ექსპერტების თანდასწრებით, მისგან ინფორმაციის ამოღების ირგვლივ პირველი ინსტანციის სასამართლოს ჩვენებები მისცეს მოწმეებმა - ბ------ მ-----–-–---–-ა და გ------- ბ--------ემ. ამ უკანასკნელის განმარტებით, უცხოური ნომრით შესაძლებელია საქართველოში მყოფმა ადამიანმაც ისარგებლოს. ნამდვილად ნეპალიდან უკავშირდებოდა თუ არა პიროვნება თ----–- ლ----ას, აღნიშნულის გადამოწმების მიზნით, მისთვის შეტყობინება არ გაუგზავნია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------ ტ------–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მას შემდეგ, რაც თ----–- ლ----ას WhatsApp-ში დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც უთხრა, რომ ამანათი თბილისში გაეგზავნა და გადაეცა ფ--------- ე--------ისთვის, თან მისი ტელეფონის ნომერი მისცა, კონსპირაციის მიზნით, იყიდა ახალი ნომერი. ეს ნომერი თ----–-მ ფ--------- ე--------ს მიწერა, როგორც მძღოლის ნომერი, ვინც ამანათს თბილისში ჩაიტანდა. კ------------- გ-------ესთან ერთად, ჩაჯდა მიკროავტობუსში, მძღოლის გვერდით, და ამანათი თბილისში მისთვის გადასაცემად წამოიღეს. ამანათი გადაეცათ ბათუმში, ვარდისფერი პარკით, ე.წ. სკოჩით დალუქული, რაც არ გაუხსნიათ და ასეთივე წამოიღეს თბილისში. ფ--------- ე--------ს დაუკავშირდა როგორც მძღოლი, უთხრა, რომ ამანათი მიჰქონდა, შემდეგ მან რამდენჯერმე დაურეკა სხვადასხვა ნომრით. მცხეთას რომ მიუახლოვდნენ, აცნობა, რომ დიღმის მასივში, 1-ელ კვარტალში, გაჩერებასთან დახვდებოდა. ადგილზე კ------------- გ-------ემ ჰკითხა, ვინ იყო, მან თავისი სახელი და გვარი უთხრა, ასევე, უთხრა, რომ ამანათს ელოდებოდა. ფ--------- ე--------ს გადასცეს ამანათი, მან შეამოწმა, ჩახედა, რა იყო, მადლობა გადაუხადა და წავიდა. მის თვალწინ ფ--------- ე--------ს ამანათი არ გაუხსნია. მოწმის განმარტებით, ფ--------- ე--------მა იცოდა თუ არა, რომ ამანათში ნარკოტიკული ნივთიერება იყო, არ იცის. ამასთან, მისივე განმარტებით, ამანათი ადვილად არ გაიხსნებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე კ------------- გ-------ემ, რომელმაც განმარტა, რომ დიღმის მასივში გაჩერდა სამარშრუტო ტაქსი, რომელთანაც მივიდა ფ--------- ე--------ი, გაეცნო და უთხრა, რომ ამანათს ელოდებოდა, მიაწოდეს ჩანთა, რაშიც ამანათი იყო. ამანათი შეფუთული იყო, ფ---------მა ჩანთა გახსნა, ჩაიხედა, თუმცა რა ტვირთი იყო, ვერ გაერკვეოდა, მადლობა გადაუხადა და წავიდა. ამის შემდეგ ფ--------- ე--------ი მიკროავტობუსის გაჩერების ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრში დააკავეს, რაშიც მას მონაწილეობა არ მიუღია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- მ---------ის ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 18 ივლისს ბათუმიდან მომავალ სამარშრუტო ტაქსში იმყოფებოდა მათი ორი თანამშრომელი - ბ---- გ-------ე და ზ------ ტ------–---–ი, მძღოლის საფარქვეშ. ა-–---------- ჩ-----–--ემ დაასახელა ბათუმიდან გამოგზავნილი ტვირთის დამხვედრი პირის ვინაობა და მისი ტელეფონის ნომერი. მგზავრობის პერიოდში ფ--------- ე--------ი მათ თანამშრომლებს უკავშირდებოდა სხვადასხვა ნომრით. დაიგეგმა ღონისძიება, რომლის ფარგლებში, შ----- ხ--–-–---–თან და კ------- ბერიშვილთან ერთად, იყო ჯგუფში. ფ--------- ე--------ი იცოდნენ ფოტოსურათით, რათა ვიზუალური კონტროლის ქვეშ ჰყოლოდათ. გაჩერდნენ იმ ადგილას, სადაც დაახლოებით წინასწარ იყო ცნობილი, რომ გაჩერდებოდა სამარშუტო ტაქსი. მის მოსვლამდე ცოტახნით ადრე დაინახეს ფ--------- ე--------ი. მალევე სამარშრუტო ტაქსი მოვიდა, თანამშრომლები მძღოლის გვერდით ისხდნენ, მათ გადასცეს პაკეტი ფ--------- ე--------ს. პაკეტის აღების შემდეგ ფ--------- ე--------ი დაიძრა კორპუსის მიმართულებით, თვითონაც გაჰყვა, მისგან დაახლოებით 10-15 მეტრით იყო დისტანცირებული, უკვე სიბნელე იყო, დაინახა, რომ ფ--------- ე--------ი დაიხარა, გახსნა ამანათი და ჩაიხედა, ისევ დაკეცა და გააგრძელა გზა, არ დაუნახავს, რომ რამე ამოეღოს. უკვე უბანში შესვლას რომ აპირებდა, წარუდგნენ და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ასევე, მოხდა პარკში შეფუთული ამანათის გახსნა-დათვალიერება. ამანათში იყო ნახატები დრეკად მასალაზე, რომელსაც ჩარჩოები მარტო კუთხეებში ჰქონდა, ჩარჩოებს შუა იყო მოშავო პლასტელინისმაგვარი ნივთიერება.
ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინტანციის სასამართლოს მოწმე შ----- ხ--–-–---–-ა, რომელმაც განმარტა, რომ უკვე სიბნელე იყო, როდესაც ფ--------- ე--------მა მათ თანამშრომელს პარკი გამოართვა, გაიარა რამდენიმე მეტრი, გაჩერდა, გახსნა, პაკეტიც გახსნა და ჩაიხედა შიგნით, დაინტერესდა, რა იყო, თუმცა ზუსტად არ ახსოვს, რით გახსნა, იყურებოდა შიგნით, ძალიან ცოტა ხანი დასჭირდა ამ ყველაფრისთვის. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ წარუდგნენ და გაჩხრიკეს. ამოუღეს პირადი ნივთები, ჩანთა და T---ს პარკი გახსნილ მდგომარეობაში. პარკში ოთხი ფურცელი და კედლის ათი ცალი დეკორი ეწყო, რაც დაათვალიერეს, მოხსნეს ჩარჩოები, სადაც მოთავსებული იყო პლასტელინისმაგვარი მასა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ------- ბ----–---–-აც ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ფ--------- ე--------ის მიმართ ჩატარებული ღონისძიების ირგვლივ. ამასთან, განმარტა, რომ შეჩერდა სამარშრუტო ტაქსის გაჩერებიდან დაახლოებით 20-25 მეტრში. თვითონ აღმაშენებლის ძეგლის მხარეს იდგა, შ----- ხ--–-–---–ი და გ------- მ---------ე - უფრო დიდუბის მხარეს, თუმცა ქუჩის ერთ მხარეს იდგა ყველა. მიკროავტობუსიდან ამანათის აღება არ დაუნახავს, დაინახა, როცა ფ--------- ე--------ი გააჩერეს შ----- ხ--–-–---–-ა და გ------- მ---------ემ, რის შემდეგაც მასთან თვითონაც მივიდა. მის მიმართ ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ხელთ ჰქონდა ვარდისფერი ხელჩანთა, გახსნილ მდგომარეობაში, რომელშიც მოთავსებული იყო ქაღალდის ფურცლები, ინგლისურენოვანი წარწერით, ასევე, იყო პაკეტი T---ს წარწერით, რომელიც იყო გახსნილი, წებვადი შესაკრავი იყო, რითაც იყო დამაგრებული. პარკში მოთავსებული იყო კედლის ათი ცალი დეკორი, კუთხეებში ხის ჩარჩოებით, რაშიც პლასტელინისმაგვარი მასები აღინიშნებოდა.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირ #25/5-ში მდებარე, T---ს ფოსტის ცენტრალურ ფილიალში 2018 წლის 11 ივლისს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შედეგად, ამოღებულ იქნა საამანათე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, 10 ცალი კედლის დეკორაცია, სხვადასხვა სახის ორნამენტებით, სათითაოდ მოთავსებული პოლიეთილენის პარკებში. აღებულ იქნა ერთი კედლის დეკორაცია, რომლის თვლებით მორთული ჩარჩოს გახსნისას მასში აღმოჩნდა პლასტელინის მსგავსი მასა. ასევე, ამოღებულ იქნა ამანათის თანდართული დოკუმენტაცია, 4 ფურცლად, რომელიც მოთავსებული იყო პაკეტზე არსებულ სპეციალურ ჯიბეში.
გზავნილის იგივე აღწერილობაა იმავე დღით დათარიღებულ, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმში, რომელშიც, ასევე, მითითებულია გამომგზავნის და მიმღების შესახებ ინფორმაცია, სადაც ლათინური ასოებით იკითხება ა-–---------- ჩ-----–--ე, გამომგზავნი ქვეყანა - ნეპალი; მეორე ფურცელი არის იგივეს დუბლიკატი; მესამე ფურცელზე ა-–---------- ჩ-----–--ესთან ერთად იკითხება ყიფშიძის ქ.#6; მეოთხე ფურცელზე იკითხება წარწერები - თ----–-, ბათუმი, საქართველო, ტელეფონის ნომერი 9-----------. ათიდან ერთ კედლის დეკორაციას მორთული ჩარჩო აქვს გახსნილ მდგომარეობაში, სადაც მოთავსებულია პლასტელინის მსგავსი მასა, რომელიც მოთავსებულია პოლიმერული მასალის ნაჭერში. პლასტელინის მსგავსი მასა აღებულ იქნა ნიმუშის სახით და დაილუქა ცკპდ-ს ლუქით FCD736454, ასევე, მოხდა ფოტოგადაღება (მონაწილეები - ა.--------იძე და ლ.კ-----ი).
იგივე ინფორმაციის შემცველია 2014 წლის 14 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ კედლის 10 ცალი დეკორაცია დაილუქა T---ს საამანათე პაკეტში, რომელსაც სპეც.პაკეტივით აქვს დასალუქი. ზედა მხარე გადაწებებულ იქნა და საფოსტო ამანათს მიეცა პირვანდელი სახე, როგორც იყო ამოღებამდე ფოსტაში. ამასთან, როგორც თავდაპირველად იყო მოთავსებული, 4 თაბახის ფურცელი მოთავსდა T---ს საამანათე პაკეტის უბეში გარეთა მხრიდან.
ქიმიური ექსპერტიზის #1674/სქ-#1985/ქრ დასკვნით, სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი გრძელი ფორმის პლასტიკური მასა, წონით 7,7526 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს‘‘, 0,7752 გრამის ოდენობით. ექსპერტებმა - ნანა ლომსაძემ და პეტრე წინწკალაძემ დაადასტურეს აღნიშნული დასკვნის სისწორე, ამასთან, პეტრე წინწკალაძემ განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტის დასალუქად განკუთვნილ პოლიეთილენის პაკეტს, ნომრით FCD736454, აღენიშნებოდა წარწერები, ნივთიერება ბისერებიან ჩარჩოში არ ყოფილა, იყო პოლიეთილენის პარკში შეფუთული და მეორე იყო უკვე ბისერებიან ჩარჩოში.
2018 წლის 18 ივლისის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ,,კონტროლირებადი მიწოდების‘‘ მიმდინარეობის ოქმით ირკვევა, რომ გამომძიებლებმა T---ს საფარქვეშ მიიტანეს ამანათი ბათუმში, სასტუმრო ,,ს--–----------ში‘‘, და შესანახად გადასცეს ადმინისტრატორ თ----–- ლ----ას. იმ დღეს თ----–- ლ----ას დაუკავშირდა მობილური აპლიკაციით პირი, ვისაც, თითქოს, უნდა მიეღო ამანათი, და უთხრა, რომ ვინაიდან ვერ ახერხებდა საქართველოში ჩასვლას, ამანათი მიკროავტობუსით გაეგზავნა თბილისში, სადაც ჩაიბარებდა მისი ახლობელი ფ--------- ე--------ი, რომლის ტელეფონის ნომერია 5--------. ზ------ ტ------–---–მა აიღო ,,ჯეოსელის‘‘ ნომერი 5--------, რაც აცნობა მას, როგორც მძღოლის ნომერი. იმავე დღეს, 16 საათზე, ოპერატიული თანამშრომლების მიერ დაიწყო ამანათის კონტროლირებადი გადაადგილება თბილისის მიმართულებით. გადაადგილების დროს ზემოაღნიშნულ ნომერზე უკავშირდებოდათ მამაკაცი, რომელიც ამბობდა, რომ იყო ფ--------- ე--------ი და ელოდებოდა ამანათს, ინტერესდებოდა, რამდენ ხანში იქნებოდა თბილისში. დაახლოებით 22:20 საათზე, თბილისში, რობაქაძის გამზირზე, შეთანხმებისამებრ, შეჩერდა მიკროავტობუსი, რომელშიც ისხდნენ საფარქვეშ მყოფი პოლიციელები, მათთან მივიდა ფ--------- ე--------ი, პოლიციელებმა გადასცეს T--- ს პოლიეთილენის პაკეტში შეფუთული ამანათი, რომლის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ფ--------- ე--------მა პოლიციელების თვალწინ გადახსნა ხელჩანთა, რაშიც მოთავსებული იყო გზავნილი, დაათვალიერა და მოშორდა მიკროავტობუსს, რის შემდგომ, იქვე, ახლოს, გახსნა საფოსტო გზავნილი და დარწმუნდა მიღებული ნივთების შესაბამისობაში.
თბილისში, დ-------------ს 1-ელ კვარტალში, მე-3ა კორპუსის მიმდებარედ, 2018 წლის 18 ივლისს ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმით, ფ--------- ე--------ის შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა ,,სამსუნგის‘‘ ფირმის მობილური ტელეფონი, ,,ჯეოსელის‘‘ სიმბარათით; ,,ნოკიას‘‘ ფირმის მობილური ტელეფონი, ,,მაგთიკომის‘‘ სიმბარათით; ფულადი თანხა, 100 ლარის ოდენობით, და პირადობის მოწმობა. ასევე, ამოღებულ იქნა მის ხელთარსებული ვარდისფერი ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო 4 ფურცელი, ამავე ხელჩანთაში აღმოჩნდა გახსნილი წარწერებიანი პოლიეთილენის პაკეტი, წარწერით T-- - THE PEOPLE NETWORK. აღნიშნულ პაკეტში აღმოჩნდა პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში მოთავსებული, 10 ცალი ორნამენტებიანი კედლის დეკორაცია, კუთხეებზე ხის ჩარჩოებით, რომლებიც თვლებითაა გაწყობილი, ჩარჩოებს შიგნით აღენიშნება პლასტელინისმაგვარი მასები.
ნარკოლოგიური ექსპერტიზის #7021289 დასკვნით, ფ--------- ე--------ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო ლაბორატორიულად დაუდგინდა ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის‘‘ მოხმარება. აღნიშნული დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა ელენე ფილფანმა.
ქიმიური ექსპერტიზის #1721/სქ-2032/ქრ დასკვნით, 2018 წლის 18 ივლისს ფ--------- ე--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ, 10 ცალ ნახატზე არსებულ ხის ბისერებიან ჩარჩოებში მოთავსებული, სხვადასხვა ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში შეფუთული მოგრძო ფორმის, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო- მომწვანო პლასტიკური მასა, საერთო წონით 989,46 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს‘‘, საერთო წონით 98,8470 გრამს; 10 ცალ ნახატზე არსებულ ხის ბისერებიან ჩარჩოებში მოთავსებული, სხვადასხვა ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში შეფუთული, მოგრძო ფორმის, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო-მომწვანო პლასტიკური მასა და ნიმუშის სახით 2018 წლის 11 ივლისს (იხ. ექსპერტის დასკვნა #1674/სქ-1985/ქრ) აღებული პლასტიკური მასა ერთანირი ქიმიური შემადგენლობისაა. ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე და შინაარსი სასამართლოში დაადასტურეს თამარ ოსიყმაშვილმა და პეტრე წინწკალაძემ.
ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 28 ივლისის ოქმით, თ----–- ლ----ას მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონიდან, ნომრით 5--------, მოხდა ინტერნეტპროგრამა ,,WhatsApp-ში‘‘ ნომერთან +977 9--------- უცხოურ ენაზე მიმდინარე მიმოწერის ფოტოგრაფირება და დისკზე გადატანა.
ექსპერტ-კრიმინალისტმა, მოწმე მ------ მ-------ემ დაადასტურა, გამომძიებლის შეტყობინების საფუძველზე, სასტუმროს ტიპის ადმინისტრაციულ შენობაში მოწმე თ----–- ლ----ას ტელეფონის დათვალიერების დროს მიმდინარე უცხოურენოვანი მიმოწერის ფოტოგრაფირება და დისკზე გადატანა.
თ----–- ლ----ას მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინგლისურენოვანი მოკლე ტექსტური შეტყობინებების (თარგმნილი ქართულ ენაზე) თანახმად, დგინდება ივლისის დასაწყისიდან მასთან აქტიური კომუნიკაცია პირის მიერ, რომელიც ეცნობა სახელით ს--------------------- და სთხოვს ნომრის დაჯავშნას, ასევე, ეუბნება, რომ ბარგი გამოგზავნა და სთხოვს შენახვას, შემდეგ ამბობს, რომ ვიზა ვერ მიიღო და ითხოვს ბარგის თბილისში ავტობუსით გადაგზავნაში დახმარებას. იგი აძლევს ფ--------- ე--------ის მობილური ტელეფონის ნომერს +591-5-------- და სთხოვს ბარგის გაგზავნამდე მას დაუკავშირდეს.
შპს ,,ჯეოსელიდან‘‘ გამოთხოვილი ინფორმაციით, ზ------ ტ------–---–ის ტელეფონის ნომერზე 5-------- 2018 წლის 18 ივლისს ფ--------- ე--------ს დარეკილი აქვს ნომერიდან 577366033 15:45 საათიდან 21:34 საათამდე პერიოდში ოთხჯერ.
ფ--------- ე--------მა სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა შემდეგი: 2018 წლის 17 ივლისს დაურეკა სანდრო (ა-–----------) ჩ-----–--ემ, რომელთანაც მეგობრობდა, თუმცა ახლო მეგობრები არ იყვნენ და სთხოვა შეხვედრა. შეთანხმდნენ, რომ საღამოს 7 საათისთვის უბანში შეხვდებოდნენ ერთმანეთს. მასთან შეხვედრისას იყო მეგობრებთან ერთად. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ სანდრომ უთხრა, რომ პროდუქტებს უგზავნიდნენ სოფლიდან და თუ შეეძლო, მის მაგივრად დახვედროდა, რადგან თვითონ მიდიოდა, ამასთან, გზავნილს ორ დღეში გამოართმევდა. დათანხმდა, შემდეგ სანდრომ ნომერი მისცა, ვისაც ამანათი უნდა გაეგზავნა და მისცა მძღოლისთვის გადასაცემი 20 ლარი. მეორე დღეს, დილით, დაურეკა უცხო ქალმა და უთხრა, რომ დაახლოებით შუადღის საათებისკენ გამოგზავნიდა ამანთს, რის შემდეგ თვითონ დაერეკა. მართლაც, დაუკავშირდა და ჰკითხა, რა დროს გამოგზავნიდა და სად დახვედროდა. პასუხი იყო, რომ წუთი- წუთზე ჩადებდა სამარშრუტო ტაქსში. მართლაც, ცოტახანში აცნობა, რომ მოათავსა სამარშრუტო ტაქსში, გამოართვა მძღოლის ნომერი, რის შემდეგაც იმ ქალთან კონტაქტი არ ჰქონია. მძღოლს დაუკავშირდა, ჰკითხა, რომელ საათზე იქნებოდა თბილისში და შეთანხმდნენ, რომ 8-9 საათისთვის დახვედროდა დიღმის მასივში, ,,წითელქუდას‘‘ კორპუსის მოპირდაპირე მხარეს. კიდევ რამდენჯერმე ესაუბრა მას. ორი ტელეფონი ჰქონდა და ხან ერთით რეკავდა, ხან - მეორეთი. ადგილზე მისულ სამარშრუტო ტაქსის მძღოლს უთხრა, რომ მის სახლზე რაღაც იყო გამოგზავნილი, მძღოლის გვერდით მჯდომმა ჰკითხა ვინაობა და რომ გაიგო სახელი და გვარი, უთხრა 20 ლარი იყო გადასახდელი. თანხა მიაწოდა, მძღოლმა თავის გვერდით კარი გახსნა, ამოიღო და მიაწოდა მოწითალო პარკი, რომელიც გამოართვა და წამოვიდა ისე, რომ არც ჩაუხედავს, მაქსიმუმ 5 მეტრში დააკავეს. პოლიციელები ნელ-ნელა ემატებოდნენ, მათ შორის ის თანამშრომლებიც იყვნენ, რომლებმაც მას ამანათი გადმოსცეს. ამანათი იქვე გაიხსნა და იქვე მოხდა დათვალიერება.
დაცვის მოწმის ა-–---------- ჩ-----–--ის ჩვენების მიხედვით, 2018 წლის მაისში დასასვენებლად იყო ნეპალში, სადაც ერთი ნეპალელი კაცისგან ყიდულობდა ჰაშიშს. შემდეგ გაირკვა, რომ ამ პიროვნებას შეეძლო მისთვის თბილისში, ფოსტის საშუალებით, გადმოეგზავნა ეს ნივთიერება. მარიხუანას მომხმარებელია და რადგან თბილისში ძვირი ღირს, გადაწყვიტა მარაგი გამოეწერა. 10 000 დოლარის სანაცვლოდ იმ ადამიანმა გამოუგზავნა ჰაშიში. ჰაშიშის ჩამოსვლამდე შეიტყო, რომ ფოსტაში ნარკოტიკების გამოწერის გამო ადამიანი დააკავეს, რამაც შეაშინა და გადაწყვიტა, არ მისულიყო იქ და ამანათი ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში გადაეგზავნა. ნეპალში შეძენილი სიმბარათით WhatsApp-ში დაუკავშირდა სასტუმროს მენეჯერ თ----–- ლ----ას და გაეცნო, რომ იყო ნეპალელი და აპირებდა ოჯახით ჩამოსვლას და დასვენებას, რის გამოც წინასწარ გზავნიდა ბარგს. შემდეგ უთხრა, რომ ვეღარ ახერხებდა სასტუმროში ჩასვლას და სთხოვა, ამანათი თბილისში გაეგზავნა. შეეშინდა თვითონ ამანათის ასაღებად მისვლა, თავი დაიზღვია და, უსაფრთხოების მიზნით, დაუკავშირდა ნაცნობ ფ--------- ე--------ს, რომელიც იქვე, დიღომში ცხოვრობდა და მისთვის მარტივი იქნებოდა სამარშრუტო ტაქსის დახვედრა. ფ---------ს უთხრა, რომ სოფლიდან პროდუქტებს უგზავნიდნენ, თვითონ მთელი დღე დაკავებული იყო და სთხოვა მისულიყო ასაღებად, თან 20 ლარი დაუტოვა ჩამოტანის სანაცვლოდ სამარშრუტო ტაქსის მძღოლისთვის გადასაცემად. მანვე ფ---------ს მისცა თ----–- ლ----ას ტელეფონის ნომერიც იმ მიზნით, რომ დაკავშირებოდა მეორე დღეს, როცა ბათუმიდან ამანათს გამოაგზავნიდა და ის ეტყოდა სამარშრუტო ტაქსის ნომერს, იგივე უთხრა ლ----ასაც. პირადად თვითონაც დაუკავშირდა სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, რომლმაც უთხრა, რომ გზაში იყო. გამოგზავნილი ჰაშიში პირადად მისი იყო. ფ--------- ე--------თან ერთად ნარკოტიკი არ მოუხმარია, ისიც არ იცის, მომხმარებელია თუ არა. ფ---------ი დაახლოებით 2 წლის წინ გაიცნო დაბადების დღეზე, ხშირი ურთიერთობა არ ჰქონიათ, მაგრამ ისე იცნობდა, რომ თავს მისცა იმის უფლება, ეთხოვა, მის ნაცვლად დახვედროდა ამანათს. აღნიშნულის შესახებ მას მხოლოდ წინა დღით უთხრა, მას შემდეგ, რაც თ----–- ლ----ას შეუთანხმდა. თუ რა იდებოდა პარკში, კონკრეტულად არავისთვის უთქვამს, მხოლოდ თვითონ იცოდა. ფ---------ისთვის არც ის უთქვამს, ბარგი შეემოწმებინა, ის უბრალოდ უნდა დახვედროდა, პარკი გამოერვა და მეორე დღეს მისთვის გადაეცა. არც უსაფრთხოება უთხოვია, თუნდაც იმ სახით, რომ სხვადასხვა სიმბარათები აეღო. ფ---------მა არ იცოდა, რა იყო გზავნილში და შესაბამისად, უსაფრთხოებაც არ დასჭირდებოდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ არანაირი შეტყობინება სასამართლოდან არ მიუღია, არც პოლიციიდან გამოუძახიათ. ერთხელ მისცა ადვოკატს ჩვენება ზესტაფონის ერთ- ერთ სოფელში, რადგან თბილისში ვერ ჩამოდიოდა და დაახლოებით 2 საათში გადავიდა საზღვარზე. საქართველო დატოვა, რადგან ციხეში ჩაჯდომა არ უნდა. ძალიან მარტივად დატოვა საქართველო, საზღვარზე არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
დაცვის მოწმის - თ----- გ--------–---–ის ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 17 ივლისს, საღამოს, ფ--------- ე--------თან ერთად იყო უბანში, რა დროსაც მივიდა ა-–---------- ჩ-----–--ე და ფარნას უთხრა, რომ სოფლიდან ჩამოსდიოდა რაღაცა ამანათი, სოფლის პროდუქტები, თვითონ იმ დროისთვის თბილისში არ იქნებოდა და რადგან ის დიღომში ცხოვრობდა, თუ შეძლებდა სამარშრუტო ტაქსს დახვედროდა. ფარნა დათანხმდა და რაღაც ნომერიც ჩაიწერა. საუბარს მათი მეგობარი ნ---- ჟ------იც ესწრებოდა.
მოწმე ნ---- ჟ------ის ჩვენების თანახმად, 17 ივლისს, საღამოს, სამსახურიდან მიმავალმა ნახა მეგობრები - ფარნა და თაზო, ლაპარაკობდნენ, რა დროსაც გამოიარა ვიღაც სანდრომ და რაღაცები ილაპარაკეს. სანდრომ ფ---------ს სთხოვა, თუ შეეძლო, მეორე დღეს დასავლეთიდან მომავალ სამარშრუტო ტაქსს დახვედროდა, პროდუქტს უგზავნიდნენ, თან უთხრა, რომ თვითონ ვერ ახერხებდა დახვედრას, რადგან ქალაქში არ იქნებოდა, რაზეც ფარნამ უპასუხა, რომ არ ექნებოდა პრობლემა, დახვდებოდა. სავარაუდოდ, მერე ნომრებიც გაცვალეს და დაემშვიდობნენ ერთმანეთს. რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო, რომ ფარნა დააკავეს.
სააპელაციო პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფ--------- ე--------ის გამართლების თაობაზე, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება ფ--------- ე--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისას პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის არგუმენტაციას, იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, ფ--------- ე--------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, დათვალიერების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ნარკოტიკული საშუალება, (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) შენიღბული სახით იყო დატანილი დეკორატიული სურათების ჩარჩოების ქვეშ. სააპელაციო პალატა აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, დადასტურებულად ვერ ადგენს ფ--------- ე--------ის კავშირს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებასთან, გარდა მის მიერ გამოვლენილი უერთიერთდახმარების ჟესტისა, ნაცნობის ნაცვლად, რომელმაც სთხოვა დახმარება, ჩაიბაროს ამანათი. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება იმ გარემოების უტყუარად დასადასტურებლად, რომ ფ--------- ე--------ი ინფორმირებულია ამანათში არსებული კანონსაწინააღმდეგო ტვირთის არსებობის თაობზე. ა-–---------- ჩ-----–--ის და ფ--------- ე--------ის შეხვედრას ესწრება ორი პიროვნება - ნ---- ჟ------ი და თ----- გ--------–---–ი, თოთოეული მოწმის ჩვენება თანხვედრაშია ერთმანეთის ჩვენებებთან, რომელთა განმარტებით შეხვედრის დროს საუბარი იყო სოფლიდან გამოგზავნილი პროდუქტების მიღებაზე. ა-–---------- ჩ-----–--ის განმარტებით მან ფ---------ი დაახლოებით 2 წლის წინ გაიცნო დაბადების დღეზე, ხშირი ურთიერთობა არ ჰქონიათ, მითუმეტეს შეხვედრას ესწრება ჩ-----–--ისთვის საერთოდ უცნობი ნ---- ჟ------ი და თ----- გ--------–---–ი, რომელიც ა-–---------- ჩ-----–--ეს იცნობს ფ--------- ე--------ისგან. საქმის მასალებით არ იკვეთება ა-–---------- ჩ-----–--ის და ფ--------- ე--------ის სხვა კავშირი ამანათთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული მსჯელობის საპირისპიროდ ის, რომ ფ--------- ე--------ისთვის ცნობილი იყო ამანათში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების არსებობა, სასამართლოში არცერთ პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება არ წარმოდგენილა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის იმ პოზიციაზეც, რომელზეც პროკურორი უთითებს, რომ ვინაიდან ფ--------- ე--------მა ამანათის მიღებისას განახორციელა მისი შემოწმება, გახსნა და გადაამოწმა შიგთავსი, მეტყველებს შიგთავსზე მისი ინფორმირებულობის შესახებ, ამასთან დაკავებისას ბრალდებულმა არ განაცხადა ვისი იყო ამანათი და ასახელებდა არარსებულ პირებს.
აღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას ამახვილებს როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლ---- კ-----ის, ისე სასამართლოში დაკითხული ექსპერტ-კრიმინალისტების - ვ----– ვ-–----ის და შ--–-- გ-------ის ჩვენებებზე, რომელთა განმარტებით ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება მოთავსებული იყო ხეებს (ჩარჩოებს) შორის და ჩარჩოს გახსნის გარეშე, გაუხსნელ მდგომარეობაში, შიგნით, ეს ნივთიერება არ ჩანდა. შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვებთ, რომ ფ--------- ე--------მა გახსნა საფოსტო გზავნილის დალუქული პაკეტი, სასამართლო ფ--------- ე--------ის მიერ ამანათში თუნდაც ერთჯერად ჩახედვას ვერ განიხილავს, როგორც მისი ინფორმირების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ, რომ ნარკოტიკული საშუალება იყო შენიღბულად მოთავსებული სურათის ჩარჩოებში და იგი ჩარჩოს დაუშლელად არ ჩანდა.
სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს ა-–---------- ჩ-----–--ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ჩვენებაზე, რომელიც საკმაოდ ინფორმაციული, თანმიმდევრულია და საქმეში არსებულ ყველა საკვანძო კითხვაზე სცემს პასუხს. ა-–---------- ჩ-----–--ის ჩვენება შესაბამისობაში მოდის როგორც თავად ფ--------- ე--------ის ჩვენებასთან, ისე სასამართლოში დაკითხული ა-–---------- ჩ-----–--ისა და ფ--------- ე--------ის შეხვედრის შემსწრე ორი პირის, ნ---- ჟ------ის და თ----- გ--------–---–ის ჩვენებებთან, ორივე მათგანმა კი თავიანთ ჩვენებებში მიუთითეს, რომ სწორედ ა-–---------- ჩ-----–--ემ სთხოვა ფ--------- ე--------ს დახვედროდა სოფლიდან მისთვის გამოგზავნილ ამანათს და ა-–---------- ჩ-----–--ეს ნარკოტიკული ნივთიერება არ უხსენებია.
პალატა ასევე ვერ გაიზირებს ბრალდების მხარის პოზიციას, თითქოსდა ფ--------- ე--------ი უსაფრთხოებიდან გამომდინარე სხვადასხვა მობილურის ნომრებს იყენებდა და ამით იცავდა თავს. ფ--------- ე--------ის მიერ გამოყენებული ნომრები, როგორც საქმის მასალებით ჩანს, წარმოადგენს მის პირად ნომრებს, რასაც ვერ განვიხილავთ რაღაც მართლსაწინააღმდეგოს დაფარვის საშუალებად, შესაბამისად ვერ ადასტურებს ფ--------- ე--------ისთვის წარდგენილ ბრალდებას.
სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაული შეიძლება იყოს განზრახი და გაუფრთხილებელი. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება განზრახ დანაშაულთა კატეგორიას. ამდენად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახვით, ისიც მხოლოდ პირდაპირით, ანუ პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ იძენს და ინახავს. ფ--------- ე--------ის სახელი უკავშირდება მხოლოდ ამანათის მიღების მომენტს, მისი სხვა რაიმე კავშირი დანაშაულებრივ ქმედებასთნ არ არის დადგენილი, ხოლო იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ამანათში არსებული ტვირთის-ნარკოტიკული ნივთიერების შესახებ ინფორმირებული იყო ფ--------- ე--------ი და რომ ფ--------- ე--------მა ნამდვილად იცოდა პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებულ ამანათში ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის თაობაზე და ფ--------- ე--------მა განზრახ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, აღნიშნულის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არცერთი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. შესაბამისად პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად და რომ შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის გამო ფ--------- ე--------ი სწორად გაამართლა პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდენილ ბრალდებაში.
ამდენად, ფ--------- ე--------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ფ--------- ე--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის თ-- გ--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი ფ--------- ე--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით.
ამასთან, რამდენადაც მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილია საქმე დაუდგენელი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება და რომლისთვისაც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს ამ საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, ნარკოტიკული საშუალების, შესაფუთი მასალისა და ნიმუშების სახით, მათი ბედი უნდა გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
რაც შეეხება ფ--------- ე--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ პირად ნივთებს, უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, ხოლო საქმეზე დართული დისკები, რომლებზეც ასახულია საგამოძიებო მოქმედებები, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ თ-- გ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი ფ--------- ე--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ფ--------- ე--------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ფ--------- ე--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები - ფ--------- ე--------ის პირადი ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო ნარკოტიკული საშუალების, შესაფუთი მასალისა და ნიმუშების ბედი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
გამართლებულ ფ--------- ე--------ს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლეები:
ხვიჩა კიკილაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი
ვახტანგ მრელაშვილი