განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
330100119003185858
ინსტანცია
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100119003185858-1ბ/1829-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

26 ნოემბერი 2019 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ა--------------ი, დაბადებული 1----–-–----------, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ა------------------------–---–-------------------------------–-, ამჟამად ძებნილი;

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

დისპოზიცია: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა;

 

სასჯელი: ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტერორისტულ ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა გი-------------მ და მოითხოვა ა--------------ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სასამართლომ დაადგინა :

 

2019 წლის ივლისში, ზუსტი დრო დაუდგენელია, აზერბაიჯანის მოქალაქე ა--------------მა უკანონოდ გადაკვეთა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და აზერბაიჯანიდან გადმოვიდა საქართველოში.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა--------------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: მსჯავრდებულ ა--------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე გ---–------------–---–---------------------–------ გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დათვალიერების ოქმი, საზღვრის კვეთის მონაცემები და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთანშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ა--------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ჩვენს ქვეყანაში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის ხელშეუხებლობა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში ნებისმიერი ხერხით, მაგრამ ძალადობის ან მისი გამოყენების მუქარის გარეშე. ამასთან საზღვრის უკანონო გადაკვეთა გულისხმობს როგორც საქართველოდან გასვლას, ისე საქართველოში შემოსვლას სათანადო დოკუმენტებისა და ნებართვის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება დამნაშავის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან.დანაშაული პირდაპირ განზრახვას გულისხმობს. სუბიექტურ მხრივ ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არ ენიჭება, მაგრამ სასჯელის შეფარდებისას იგი გათვალისწინებული იქნება.აღნიშნული დანაშაულის სუბიექტია ყველა შერაცხადი ფიზიკური პირი,რომელმაც თოთხმეტი წლის ასაკს მიაღწია;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა--------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა--------------მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი მიემალა გამოძიებას და არ ცხადდებოდა სასამართლოში;

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ,,ზ’’ ქ/პ თანახმად სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ საჩივარი წარადგინა სასჯელის ნაწილში და მიუთითა რომ ა--------------ს უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ა--------------ის მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში;

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (მიემალა გამოძიებას, არ ცხადდებოდა სასამართლოში), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

ამასთან პალატა, მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით ამგვარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი, ა--------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტერორისტულ ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ გიორგი ხაჩიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. ა--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4.ა--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით. მსჯავრდებულს, ვინაიდან განაჩენი გამოტანილია მის დაუსწრებლად, უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან ან განაჩენის გამოცხადებიდან თუ მოითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი