განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
120100118002680908
ინსტანცია
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002680908

საქმე №1/ბ-1092-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ოთარ ჯუგაშვილის მდივნობით,პროკურორ - კ---------–---–---–ის,მსჯავრდებულ - ხ-------------------ის მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ხ-------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფ----------------–----------------------------------------–---------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

ხ-------------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 26 დეკემბერს ქ-----––---–--------------–----------ში მდებარე სასტუმრო შპს „პ-------––-“ ხ-------------------ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ-----------------------ს კუთვნილი ხელჩანთიდან ფულად თანხას 2000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შედეგადაც დაზარალებულ მარგარიტა ოგანესიანს მიადგა 4800 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენით:

ხ-------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:

2015 წლის 26 დეკემბერს ქ------––---–--------------–---------ში მდებარე სასტუმრო შპს „პრესტიჟში“ ხ-------------------ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ-----------------------ს კუთვნილი ხელჩანთიდან ფულად თანხას 600 აშშ დოლარის ოდენობით, რის შედეგადაც დაზარალებულ მარგარიტა ოგანესიანს მიადგა 1440 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება, მსჯავრდებულ ხ-------------------ის დამნაშავედ ცნობა დაზარალებულისაგან 2000 აშშ დოლარის ოდენობით თანხის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებაში და მის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

 

აპელანტის განმარტებით, აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვერ იქნება შემაკავებელი ხასიათის და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ-----------------------ა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ მას ხელჩანთაში შენახულ საფულეში ჰქონდა 3 600 (სამიათასექვსასი) აშშ დოლარის ოდენობით ფულადი თანხა, ხოლო 2015 წლის 26 დეკემბერს, როცა დათვალა, მის ხელჩანთაში არსებულ საფულეში იყო მხოლოდ 1500 (ათასხუთასი) აშშ დოლარი. დაზარალებულმა თანმიმდევრულად განმარტა მის საფულეში არსებული 3600 (სამიათას ექვსასი) აშშ დოლარის წარმომავლობაც. რაც შეეხება სასამართლოს პოზიციას, რომ დაზარალებული მ----------------------- იძლევა არათანმიმდევრულ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, პროკურორის განმარტებით, აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას. აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული ნოტარიუსის ლ-----------ს მიერ მიცემულ განმარტებაზე - მის სანოტარო ბიუროში ხ-------------------ესა და დაზარალებულ მარგარიტა ოგანესიანს შორის გაფორმებული ვალის - 2000 (ორიათას) აშშ დოლარის აღიარების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რა დროსაც არავის მხრიდან არ ჰქონია ადგილი ხ-------------------ის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და მან ნებაყოფლობით გააფორმა ვალის აღიარება. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ხ-------------------ე ნამდვილად დაეუფლა მ-----------------------ს კუთვნილ 2000 (ორიათას) აშშ დოლარს. ყოველივე აღნიშნულის და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით კი ხ-------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის უკანონო და ზედმეტად მსუბუქი.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა კ---------–---–---–მა მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივარს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ხ-------------------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კერძოდ კი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მ-----------------------ს კუთვნილი ხელჩანთიდან 600 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი თანხის დაუფლებით, დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ სრულყოფილად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ-----------------------ა განაცხადა, რომ ხ-------------------ესთან ერთად მუშაობს ახალციხეში მდებარე სასტუმრო ,,პ-------––-“ ადმინისტრატორად. 2015 წლის 18 დეკემბერს, როდესაც შეამოწმა თავისი კუთვნილი საფულე, მასში აღმოჩნდა 2100 აშშ დოლარი. ორი დღის შემდეგ მისმა დამ გამოუგზავნა 500 დოლარი და ეს თანხაც მოათავსა ხსენებულ საფულეში. 25 დეკემბერს, დაახლოებით 12 საათზე დაურეკა ხ-------------------ემ და უთხრა, სწრაფად მისულიყო სამსახურში. ცოტა შეაგვიანდა, რა დროსაც ხ-------მ კვლავ არაერთხელ დაურეკა და სთხოვდა დროულად მისვლას. საბოლოოდ დაახლოებით 2 საათზე მივიდა სასტუმროში, რა დროსაც ხ-------მ უთხრა, რომ საფულე უჯრაში შეენახა და მესამე სართულზე ასულიყო ფარდების დასაკიდებლად. დაემორჩილა მის მითითებას, რის შემდეგაც ხ-------მ გასაღებით დაკეტა უჯრა. ამ დროისათვის საფულეში უკვე ქონდა 3600 აშშ დოლარი, ვინაიდან გარდა ზემოთხსენებული 2100 აშშ დოლარის და 500 აშშ დოლარისა, მას 22 დეკემბერს შვილმაც გამოუგზავნა 1000 აშშ დოლარი. მოგვიანებით, სამუშაოს შესრულების შემდეგ დათვალა თავის საფულეში არსებული თანხა და აღმოჩნდა მხოლოდ 1500 დოლარი, რის შემდეგაც უფროსის მეუღლეს უთხრა თანხის დაკარგვის შესახებ და დარეკეს პოლიციაში. მ-----------------------ს განმარტებით, ეჭვი თავდაპირველადვე ხ-------------------ეზე მიიტანა, ვინაიდან უჯრის გასაღები ჰქონდა მხოლოდ თავად და ხ-------ს. დაზარალებულის განმარტებით, ხ-------------------ე ოჯახის წევრებთან ერთად არაერთხელ მივიდა მასთან და დაპირდა, რომ თანხას დაუბრუნებდა, ასევე ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ნოტარიუსთანაც დაწერა ვალის აღიარება, თუმცა უშედეგოდ, უკვე სამი წელი გავიდა და ხ-------ს მისთვის ფული არ დაუბრუნებია. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ თანხა დაკარგა 2015 წლის 26 დეკემბერს. ზუსტად იცის, რომ 19 დეკემბერს მისი თანხა შეადგენდა 2100 დოლარს. ამის შემდეგ საფულეში შეინახა ასევე დის მიერ გამოგზავნილი 500 აშშ დოლარი და შვილის მიერ გამოგზავნილი 1000 დოლარი. დაზარალებულმა მ-----------------------ა ასევე განმარტა, რომ მართალია მის მიერ გაკეთებულ განცხადებებში სხვადასხვა ოდენობის თანხებია დაფიქსირებული, თუმცა ეს გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ იყო შოკში და დასჭირდა დრო შოკიდან გამოსასვლელად. თუმცა ახსნა ისიც, რომ თანხა მოპარეს ორ ეტაპად, პირველად - 2015 წლის 18 დეკემბერს და მეორედ, - 26 დეკემბერს. კერძოდ, 19 დეკემბერს აღმოაჩინა, რომ მისი საფულედან ამოღებული იყო 500 დოლარი, 26 დეკემბერს კი საფულეში ედო 3100 აშშ დოლარი, საიდანაც მოპარულია 1500 აშშ დოლარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ----------------–---–მა განაცხადა რომ 2----–-–----------------------––---------–---------ს ტერიტორიაზე შეხვდა ხ-------------------ეს. ვინაიდან ადრე ახორციელებდა ვალუტის გადაცვლას, ხ-------------------ემ მიმართა მას, გაუწოდა 100 დოლარიანი კუპიურა და სთხოვა მისი ლარში გადაყვანა. ხ-------ს გამოართვა 100 დოლარიანი კუპიურა და დაუბრუნა 235 ლარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-----------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 22 თებერვალს მასთან, როგორც ნოტარიუსთან, გამოცხადდნენ მ----------------------- და ხ-------------------ე. მათ სურდათ ვალის აღიარების ხელშეკრულების დამოწმება. სანამ ვალის აღიარების ხელშეკრულება შედგებოდა, მანამდე ხ-------------------ემ წარადგინა ხელით ნაწერი ხელწერილი, რომელზეც მოითხოვა მისი ხელმოწერის დადასტურება. წარმოდგენილ ხელწერილზე ნოტარიუსი პასუხს არ აგებს, უმარტავს მოქალაქეს, რომ ნოტარიუსი არაა პასუხისმგებელი და ადასტურებს მხოლოდ ხელმოწერის არსებობას. ხელწერილში ხ-------------------ემ დაწერა, რომ ნებაყოფლობით აღიარა ვალი. ხელშეკრულებებშიც მითითებულია, რომ მხარეებზე არ მომხდარა არანაირი ფსიქიკური ან ფიზიკური ზემოქმედება, მათ მშვიდ გარემოში, ერთმანეთთან კამათის გარეშე მოაწერეს ხელი აღნიშნულ ხელშეკრულებას, გაეცნენ და დაეთანხმნენ. როდესაც ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, მ----------------------- ისევ მივიდა მასთან (ლ-----------სთან), რომელსაც უკვე გაცემული ჰქონდა სააღსრულებო ფურცელი, რადგან ხ-------------------ის მიერ არ მოხდა ვალდებულების შესრულება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ა-–-------------------–---–----------------------------------------მ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სასტუმრო „პრესტიჟის“ თანამშრომლებმა გ-------–----------------------------------------------------------------------–----ა მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადეს, რომ როგორც მათთვის მ-----------------------საგან გახდა ცნობილი, 2015 წლის 26 დეკემბერს დაკარგა ფულადი თანხა. გ-------–------------ს და გ----------------ს თქმით, მოპარული იყო 600 აშშ დოლარი; ჰ------------–---ის განმარტებით - 600 ან 400, ლარი თუ დოლარი არ იცის, მაგრამ იყო მცირე თანხა; რაც შეეხება, ს---------------, მას დაზარალებულმა უთხრა, რომ დაკარგა 2000 აშშ დოლარი, ხოლო თანამშრომლებისგან შეიტყო მხოლოდ 1000 აშშ დოლარის დაკარგვის თაობაზე. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მ----------------------- და ხ-------------------ე იყვნენ მენეჯერები, მათ ჰქონდათ მაგიდის საერთო უჯრა, სადაც ინახავენ პირად ნივთებს; გასაღებიც ერთი ჰქონდათ და შესაბამისად, ცვლების მიხედვით, ერთი იბარებდა მეორისგან. შემთხვევის დროს გასაღები ჰქონდა ხ-------------------ეს.

 

2015 წლის 26 დეკემებრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-----––---–--------------–---------ში და წარმოადგენს ს---------------ს კუთვნილ სასტუმროს, რომელიც არის 4 სართულიანი კაპიტალური შენობა, სასტუმროს აქვს აბრა, რომელზეც ქართული და ინგლისური ასოებით აწერია სასტუმრო ,,პრესტიჟი“ და შპს „პროგრესი“. სასტუმროში შევდივართ ერთ ფრთიანი კარით ფოიეში, საიდანაც დერეფნის საშუალებით გავდივართ ადმინისტრატორების ოთახში, აღნიშნულ ოთახს გააჩნია ღია გასასვლელი სხვა ოთახებთან. აღნიშნულ ოთახში განთავსებულია ერთი ცალი მაგიდა, 2 ცალი სკამი, ერთი ცალი სავარძელი. აღნიშნულ მაგიდას აქვს სამი უჯრა, პირველი უჯრა იკეტება გასაღებით, ხოლო დანარჩენი 2 არ იკეტება. პირველ უჯრაში ნანახი იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, რომელიც ოგანესიანის განმარტებით, არის მისი საფულე და აღნიშნული საფულედან მოპარეს მას ფულადი თანხა 1500 დოლარი. საფულე შედგება განყოფილებისაგან, აქედან ერთ განყოფილებას გაკეთებული აქვს ელვა შესაკრავი, ხოლო ერთი არის რკინის შესაკრავით, რომელშიც დევს როგორც დოლარის კუპიურები ასევე ლარის კუპიურები. აქედან 16 ცალი არის 100 დოლარიანი, 2 ცალი ერთ დოლარიანი, 1 ცალი 2 დოლარიანი, ერთი ცალი 100 ლარიანი და 1 ცალი 20 ლარიანი კუპიურა.

 

2015 წლის 26 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ხ-------------------ისაგან ამოღებული იქნა 3 (სამი) ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურა.

 

შპს „პრესტიჟის“ მიერ გაცემული ცნობების თანახმად, ხ-------------------ე შპს „პ-------––-“ მუშაობდა მენეჯერის თანამდებობაზე 2015 წლის 1 მარტიდან, 26 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მ----------------------- ამავე თანამდებობაზე მუშაობდა 2015 წლის 1 დეკემბრიდან, 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

 

მ-----------------------ს მიერ 2016 წლის 11 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წევრის - ვ-–-------–---–ს სახელზე შედგენილი განცხადების თანახმად, 2015 წელს განმცხადებელი მუშაობდა სასტუმრო „პ-------––-“ ადმინისტრატორად, აპირებდა ბანკში ანგარიშის გახსნას და ფულის ანაბარზე შეტანას, რის გამოც თანხა 3600 აშშ დოლარი დაჰქონდა ჩანთით. 2015 წლის 19 დეკემბერს ნახა, რომ მისი ჩანთიდან ამოღებული იყო 500 დოლარი, მაგრამ არაფერი არ უთქვამს, ვინაიდან ეჭვი ჰქონდა, რომ არასწორად დაითვალა. თუმცა, როგორც 28 დეკემბერს 15 საათზე აღმოაჩინა, მისი ჩანთიდან აღებული იყო 1500 დოლარი. პოლიციის თანამშრომლებმა ანაბეჭდების აღების მიზნით მისგან ამოიღეს საფულე, 1600 აშშ დოლარი და ლარის კუპიურები, რაც აღარ დაუბრუნებიათ და ითხოვს გამოძიების დაჩქარებას; ანალოგიური შინაარსის განცხადებებით, რომ ფულადი თანხა 2 ეტაპად მოპარეს მარგარიტა ოგანესიანს, მიმართული აქვს სახალხო დამცველისათვის.

 

2018 წლის 24 ოქტომბრის ახალციხის რაიონული პროკურორის სახელზე შედგენილი საჩივრის თანახმად, ხ-------------------ე განმარტავს, რომ ის ნამდვილად დაეუფლა მ-----------------------ს კუთვნილი საფულედან თანხას 600 აშშ დოლარის ოდენობით, რაც აღიარა გამოძიების დაწყებისთანავე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

2017 წლის 22 თებერვლის განცხადების თანახმად, ხ-------------------ე განმარტავს, რომ ის ნამდვილად დაეუფლა მ-----------------------ს კუთვნილ 2000 აშშ დოლარს, საიდანაც 300 აშშ დოლარი და 100 ლარი არის საგამოძიებო ორგანოში, რაც შეეხება დარჩენილ 1700 აშშ დოლარს, იღებს ვალდებულებას, რომ მარგარიტა ოგანესიანს დაუბრუნებს 8 თვის ვადაში. ასევე განმარტავს, რომ ზემოთაღნიშნული დაწერილია მისი ნება სურვილით და არანაირ მუქარას, იძულებას, ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამავე თარიღის ვალის აღიარების შესახებ სანოტარო აქტის თანახმად, ხ-------------------ემ ნებაყოფლობით, საკუთარი ნების შესაბამისად, ყოველგვარი იძულების გარეშე აღიარა, რომ მას ნამდვილად აქვს მ-----------------------ს ვალი, რაც მთლიანობაში შეადგენს 2000 აშშ დოლარს, ეროვნულ ვალუტაში კი შეადგენს 5265 ლარს. ხ-------------------ემ მარგარიტა ოგანესიანს ვალის მთლიანი თანხა - 2000 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს 2017 წლის 01 ნოემბრამდე.

 

2015 წლის 28 დეკემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, 1 ცალ 100 დოლარიან კუპიურაზე და 1 ცალ დოლარიან კუპიურაზე გამოვლენილი იქნა თითის კვლები, რომლებიც პიროვნების შემდგომი ინედტიფიკაციისათვის ვარგისია; 100 დოლარიან კუპიურაზე გამოვლენილი თითის კვალი იდენტურია 04.08.1978 წელს დაბადებული ხ-------------------ის მარცხენა ხელის საჩვენებელი ხელის თითის ანაბეჭდის ნიმუშის, ხოლო 1 დოლარიან კუპიურაზე გამოვლენილი თითის კვალი იდენტურია 21.01.1967 წელს დაბადებული მ-----------------------ს მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის ნიმუშის. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე-–-------------–---–--.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ მსჯავრდებულ ხ-------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობის განსაზღვრის და მისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების ნაწილში, ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ხ-------------------ის მიერ მ-----------------------ს კუთვნილი ხელჩანთიდან ფულადი თანხის დაუფლებასთან დაკავშირებით, არის კანონიერი და დასაბუთებული. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები არც მსჯავრდებულს გაუხდია სადავოდ. იგი აპელირებს მხოლოდ დაუფლებული თანხის ოდენობაზე და როგორც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, აღიარებს დაზარალებულის კუთვნილი საფულიდან მხოლოდ 600 აშშ დოლარის ქურდობის ფაქტს.

 

განსახილველ შემთხვევაში ხ-------------------ის ქმედების შეფასებისას პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს თავად დაზარალებულ მ-----------------------ს მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე და ხაზს უსვამს იმ არაერთ შეუსაბამო გარემოებას, რომლებიც გამოვლინდა დაზარალებულის მიერ მიცემულ ჩვენებებსა და საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს შორის. კერძოდ, დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა ეჭვის ქვეშ დადგა იმის გამო, რომ იგი როგორც გამოძიების ეტაპზე სხვადასხვა დროს, ასევე საქმის არსებითი განხილვის სხდომაზეც განსხვავებული ინტერპრეტაციით გადმოსცემს მის კუთვნილ საფულეში არსებული თანხის ოდენობას და დაკარგვის ვითარებას. მ-----------------------ა დანაშაულის შეტყობინების შესახებ განცხადებაში აღნიშნა, რომ საფულეში ჰქონდა სულ 3200 აშშ დოლარი, საიდანაც დაკარგა 1600 აშშ დოლარი. შემთხვევის ადგილის დათავლიერების ოქმის თანახმად, დაზარალებულმა მიუთითა მის კუთვნილ საფულეზე და განაცხადა, რომ აღნიშნული საფულიდან მას მოპარეს ფულადი თანხა - 1500 აშშ დოლარი. ანალოგიურად, 1500 აშშ დოლარის დაკარგვაზე აპელირებს იგი 2015 წლის 26 დეკემბრის გამოკითხვის ოქმში, თუმცა უთითებს, რომ საფულეში სულ ჰქონდა 3100 აშშ დოლარი. რაც შეეხება მოგვიანებით - 2016 წლის 21 იანვარს მის გამოკითხვას, ამჯერად მ-----------------------ა განაცხადა, რომ მან ორ ეტაპად დაკარგა თანხა. კერძოდ, ჯერ 19 დეკემბერს მოპარეს 500 აშშ დოლარი, ხოლო 26 დეკემბერს - 1500 აშშ დოლარი. თანხის ორ ეტაპად მოპარვის ფაქტს აფიქსირებს დაზარალებული საქართველოს პარლამენტის წევრის - ვ-–-------–---–ის და სახალხო დამცველისათვის მიმართულ განცხადებებშიც. რაც შეეხება საქმის არსებითი განხილვისას მ-----------------------ს მიერ მიცემულ ჩვენებას, მან ერთ შემთხვევაში განაცხადა, რომ თანხა დაკარგა 2015 წლის 26 დეკემბერს, ამ დროისთვის საფულეში სულ ჰქონდა 3600 აშშ დოლარი, საიდანაც მხოლდო 1500 აშშ დოლარი დახვდა; ხოლო ამავე ჩვენებაში უთითებს, რომ თავდაპირველად თანხის დაკარგვის ფაქტი 19 დეკემბერს აღმოაჩინა, როდესაც მისი საფულიდან ამოღებული იყო 500 აშშ დოლარი, 26 დეკემბრისთვის კი საფულეში ჰქონდა 3100 აშშ დოლარი და იქიდან მოპარეს 1500 აშშ დოლარი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ თითქოს დაზარალებულმა სასამართლოს სხდომაზე ნათლად განმარტა, თუ რა ოდენობის თანხა ჰქონდა სულ საფულეში და რამდენი დაკარგა ხ-------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. ბუნებრივია, მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და სააპელაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობს მ-----------------------ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით. თუმცა, იმ გარემოებების გათვალისწინებთ, რომ მან როგორც საქმის არსებითი განხილვისას, ასევე გამოძიების ეტაპზე მიუთითა სრულიად შეუსაბამო გარემოებებზე თანხის ოდენობისა და მისი დაკარგვის ვითარების შესახებ, ეჭვის ქვეშ დგება მისი ჩვენების სარწმუნოობა იმასთან დაკავშირებით, რომ ხ-------------------ე დაეუფლა მის კუთვნილ 2000 აშშ დოლარს. ამასთან, მ-----------------------ს აპელირებას თანხის ორ ეტაპად - 2015 წლის 19 დეკემბერს და 26 დეკემბერს დაკავგვასთან დაკავშირებით არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ თვალსაზრისითაც, რომ ბრალდების მხარე ხ-------------------ეს ედავება 2015 წლის 26 დეკემბერს, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მ-----------------------ს კუთვნილი ხელჩანთიდან ფულად თანხის - 2000 აშშ დოლარის დაუფლებას. დაზარალებულის განმარტებით კი, თავდაპირველად - 19 დეკმბერს დაკარგა 500 აშშ დოლარი, რაც ვერ იქნება მიჩნეული იმ თანხის ნაწილად, რომლის მოპარვაც ბრალად შეერაცხა ხ-------------------ეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ხ-------------------ემ გამოიყენა მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება და არ მისცა ჩვენება სასამართლოს ჩადენილი ქმედების დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა დაეთანხმა 600 დოლარის ქურდობის ფაქტს; ასევე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე და გამოძიების ეტაპზეც არაერთხელ მიუთითა, რომ აღიარებს დაზარალებულის საფულიდან 600 აშშ დოლარის დაუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულს თან ჰქონდა დაზარალებულის კუთვნილი თანხიდან მხოლოდ 300 აშშ დოლარი, რომელიც შემდგომში ამოღებული იქნა მისგან, აღსანიშნავია, რომ ხ-------------------ემ გამოძიების დაწყებისთანავე, მოწმის სახით გამოკითხვისას აღიარა დაზარალებულის კუთვნილი 600 აშშ დოლარის ქურდობის ფაქტი. მსჯავრდებულ ხ-------------------ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მ-----------------------ს საფულიდან 600 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების შესახებ, გამყარებულია მათი თანამშრომლების: გ-------–------------ს, გ----------------ს და ჰ------------–---ის ჩვენებებითაც. არსანიშნავია, რომ პირები, რომლებიც მუშაობენ შემთხვევის ადგილზე და რომლებსაც უშუალო კომუნიკაცია ჰქონდათ დაზარალებულთან, არ ადასტურებენ ამ უკანასკნელის ჩვენებას საფულიდან 2000 აშშ დოლარის დაკარგვის შესახებ. მოწმეებმა გ-------–-----------მა და გაიანე არონიანმა განაცხადეს, რომ როგორც მათთვის მ-----------------------საგან გახდა ცნობილი, 2015 წლის 26 დეკემბერს დაკარგა 600 აშშ დოლარი. ანალოგიურად ჰ------------–---მა შეიტყო, რომ დაზარალებულს დაკარგული ჰქონდა 600 ან 400 ლარი თუ დოლარი, ზუსტად არ იცის, მაგრამ განმარტავს, რომ იყო მცირე თანხა. რაც შეეხება სასტუმროს დირექტორს - ს---------------, იგი კონკრეტულად ვერ აფიქსირებს თანხის ოდენობას, ვინაიდან დაზარალებულმა უთხრა, რომ დაკარგა 2000 აშშ დოლარი, ხოლო თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ იყო მხოლოდ 1000 აშშ დოლარი.

 

როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში კი ხ-------------------ის მიერ 2000 აშშ დოლარის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების დასადასტურებლად, პირდაპირი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ მ-----------------------ს ცვალებადი და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება. ამდენად, მსგავსი სახის მტკიცებულებებიდან შექმნილი ეჭვი ხ-------------------ის მიერ ქურდობის ჩადენასთან დაკავშირებით, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არსებული ფორმულირებით, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება და იგი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულების სასარგებლოდ.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის აპელირებაზე მოწმე ლ-----------ს მიერ მიცემული ჩვენებასა და სანოტარო აქტთან დაკავშირებითაც, საიდანაც დგინდება, რომ სანოტარო ბიუროში ხ-------------------ემ გააფორმა ვალის - 2000 (ორიათას) აშშ დოლარის აღიარების ხელშეკრულება, რა დროსაც არავის მხრიდან არ ჰქონია ადგილი რაიმე სახის ძალადობას და აღიარება იყო ნებაყოფლობითი. მსჯავრდებული ხ-------------------ე არ უარყოფს ხსენებული სანოტარო აქტის გაფორმებას და განმარტავს, რომ აღნიშნული განპირობებული იყო დაზარალებულის მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლით. კერძოდ მ----------------------- დაემუქრა მას, რომ მომხდარის შესახებ შეატყობინებდა ჟურნალისტებს და ქურდობაში ამხელდა ტელევიზიის საშუალებით, რის გამოც იძულებული გახდა დათანხმებოდა მის პირობებს და დაეწერა ვალის აღიარება. იმ პირობებში, როდესაც ხ-------------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ 2000 აშშ დოლარის დაუფლებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდეგნილი უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შიტანოს თავად მსჯავრდებულის განმარტებაში 2000 აშშ დოლარის ოდენობით ვალის აღიარების მიზეზებთან დაკავშირებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს და განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს.

 

განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ხ-------------------ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა, მხოლოდ 600 აშშ დოლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფარგლებში. ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით კი სახეზეა არაერთი საეჭვო და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოება, რომელთა გაბათილებაც ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო მოპოვებული და სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით; შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა ხ-------------------ის მიერ 2000 აშშ დოლარის მისაკუთრების ფაქტი.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ხ-------------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ არც აღნიშნულ ნაწილში არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენის შეცვლის და შესაბამისად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს პალატა ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ითვლისწინებს ზემოაღნიშნულ შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ხასიათს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულის პიროვნებას, მისი წარსულს, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას, მონანიებას, იმ ფაქტს, რომ ხ------- კურტანძის მიმართ არ არის გამოვლენილი რაიმე სახის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, პირობითი მსჯავრის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის დაწესებული გამოსაცდელი ვადა არის ის პირობა, რომელიც იქნება შემაკავებელი ხასიათის, უზრუნველყოფს ხ-------------------ის სათანადო ქცევას და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენი ხ-------------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენი;

 

ხ-------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.

 

ხ-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

ყადაღა მოეხსნას ხ-------------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ თ--------------–---ს (პირადი №4----------) და რ--------------–---ს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ 2 500 ლარის ღირებულების უძრავ ქონებაზე, მდებარე: ახ--––----------–----–----------------–--------------------------------------------, 2000 (ორი ათასი) ლარის ფარგლებში;

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: სამი ცალი 100 აშშ დოლარიანი და ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურები, 1 ცალი 100 აშშ დოლარიანი და ერთი ცალი 1 დოლარიანი კუპიურები დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. კაპანაძე