განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.11.2019
საქმის ნომერი
330310018002665653
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
25.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002665653

საქმე №3ბ/2659-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

წარმომადგენელი - ს----- ბ-------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ----–--- ღ-------–--

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მ----–--- ღ-------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ვ---------------–--ს განყოფილების გადაწყვეტილება, 2013 წლის 1 ნოემბრიდან სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვ---------------–--ს განყოფილების 2016 წლის 16 ნოემბრის №------ გადაწყვეტილება, პენსიის შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე მ----–--- ღ-------–--სთვის 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე განაცდური პენსიის ანაზღაურების თაობაზე.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. მ----–--- ღ-------–-- ვ---------------–--ს სერვის ცენტრში აღრიცხვაზე იმყოფება 2004 წლის 29 ოქტომბრიდან, როგორც ასაკით სახელმწიფო პენსიის მიმღები ბენეფიციარი (ს.ფ. 93-94).

 

1.2.2. საქმეში წარმოდგენილია სს ,,-–---------------’’ ამონაწერი მ----–--- ღ-------–--ს ანგარიშიდან (G---------------------), რომლის თანახმად, მისთვის პენსიის შეჩერებამდე, კერძოდ 2013 წლის 1 ნოემბრამდე 6 თვის განმავლობაში აქტიური ოპერაცია არ განხორციელებულა (ს.ფ. 23-25).

 

1.2.3. სოციალური სუბსიდიის სააგენტოს ვ---------------–--ს განყოფილების ,,პენსიის/სუბსიდიის ცვლილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებიდან (სამმართველო ინფორმაცია) დგინდება, რომ მოსარჩელეს 2013 წლის 1 ნოემბერს ბანკის ინფორმაციის საფუძველზე შეუჩერდა პენსია.

 

სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვ---------------–--ს განყოფილების/მომსახურების ცენტრის 2016 წლის 16 ნოემბრის №------ გადაწყვეტილებით მოსარჩელეს შეუწყდა საპენსიო პაკეტის ჩარიცხვა, შეჩერებული სამ წლიანი ვადის გასვლის გამო (ს.ფ. 98).

 

1.2.4. მოსარჩელის წარმომადგენელმა - ვ-–-------- გ--–-----ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს და მოითხოვა 2016 წლის 16 ნოემბრის №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მისი ძალაში შესვლის დღიდან.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებული იქნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის’’ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სს, ,,ლ-------- ბ---იდან, 2013 წლის 25 ოქტომბერს მიღებული №--- წერილის საფუძველზე, 2013 წლის 1 ნოემბრიდან მ----–--- ღ-------–--ს შეუჩერდა პენსიის დანიშვნა, ვინაიდან ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მომხდარა მის მიერ საბანკო ანგარიშიდან პენსიის თანხის გატანა, ხოლო ზემოხსენებული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 1 ნოემბრიდან განხორცილდა მოსარჩლის პენსიის შეწყვეტა, მისი შეჩერებიდან სამწლიანი ვადის გასვლის გამო (ს.ფ. 18-22).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეებზე; ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე; გ) პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

 

აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის, ანუ - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

 

სასამართლომ მიუთითა ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი (დანართი №1).

 

მითითებული წესის მე-2 მუხლის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----–--- ღ-------–-- (პ/ნ: 6----------), ვ---------------–--ს სერვის ცენტრში აღრიცხვაზე იმყოფება 2004 წლის 29 ოქტომბრიდან, როგორც ასაკით სახელმწიფო პენსიის მიმღები ბენეფიციარი და მას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვ---------------–--ს რაიონულმა განყოფილებამ, 2013 წლის 1 ნოემბრიდან შეუჩერა სახელმწიფო პენსიის დარიცხვა, ხოლო 2016 წლის 16 ნოემბრიდან პენსია ჩაეთვალა შეწყვეტილად, შეჩერებიდან სამ წლიანი ვადის გასვლის გამო. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შესაფასებელია, რამდენად კანონიერად მოხდა მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება, ხოლო მოგვიანებით მისი შეწყვეტა. ასევე, შესაფასებელია უნდა აუნაზღაურდეს თუ არა მოსარჩელე მხარეს მისთვის შეჩერებიდან მიუღებელი პენსია.

 

1.3.2. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულია პენსიის შეჩერებისა და განახლების საფუძვლები. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია შეჩერდება მითითებული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის გამო, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში.

 

ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი: პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ. სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძვლები კი გათვალისწინებულია მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით. კერძოდ, მითითებული პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ზ) თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვ---------------–--ს რაიონულმა განყოფილებამ 2013 წლის 1 ნოემბრიდან შეუჩერა პენსიის ჩარიცხვა სს „ლ-------- ბ------ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, მ----–--- ღ-------–--ს ანგარიშზე პენსიის შეჩერებამდე, კერძოდ 2013 წლის 1 ნოემბრამდე 6 თვის განმავლობაში აქტიური ოპერაცია არ განხორციელებულა. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მას აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვ---------------–--ს განყოფილებიდან არ მისვლია. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 ნოემბრის №------ გადაწყვეტილებით ისე განხორციელდა მოსარჩელის მიმართ ასაკობრივი პენსიის შეწყვეტა, რომ მის შესახებაც მოპასუხე მხარეს ასევე არ უცნობებია მოსარჩელე მხარისთვის.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება. ამდენად, სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის №ბს-575-572(კ-17) გადაწყვეტილება). განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მიღებული აქტები და მათი მოსარჩელისათვის გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლებზე და მიიჩნია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროულად ჩატარებისა და მოსარჩელე მხარის მოწვევის შემთხვევაში, მისთვის შესაძლოა ცნობილი გამხდარიყო იმ მიზეზების თაობაზე, თუ რატომ არ გამოჰქონდა მას თანხა სს ,,-–---------------’’ კუთვნილი ანგარიშიდან, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, პენსიის შეჩერების პერიოდში რომ მომხდარიყო მოსარჩელის ინფორმირება პენსიის გაცემის შეჩერებასთან და შეჩერების მიზეზთან დაკავშირებით, ადგილი არ ექნებოდა იმ გარემოებას, რამაც განაპირობა მოგვიანებით პენსიის გაცემის შეწყვეტა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარისათვის არ იყო ცნობილი სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე, კანონსაწინააღმდეგოა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ვ---------------–--ს განყოფილების გადაწყვეტილება 2013 წლის 1 ნოემბრიდან სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ, გამომდინარე აქედან ასევე უკანონოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვ---------------–--ს განყოფილების 2016 წლის 16 ნოემბრის №------ გადაწყვეტილება პენსიის შეწყვეტის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

1.3.3. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელე მ----–--- ღ-------–--ს 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე აუნაზღაურდება განაცდური პენსია.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულია პენსიის ოდენობა. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.

 

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტის თანახმად, 2013 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 1 სექტემბრამდე ყველა ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრა - 125 ლარით, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, 2013 წლის 1 სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრა - 150 ლარით. „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრა - 150 ლარის ოდენობით. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრა: ა.) 2015 წლის 1 სექტემბრამდე - 150 ლარით; ბ.) 2015 წლის 1 სექტემბრიდან - 160 ლარით. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრა: ა.) 2016 წლის 1 ივლისამდე - 160 ლარით; ბ.) 2016 წლის 1 ივლისიდან - 180 ლარით. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის პუნქტის თანახმად, ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრა - 180 ლარით. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრა - 180 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 2013 წლის 1 ნოემბრიდან შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა, ხოლო დარიცხვა განუახლდა 2018 წლის 1 მაისიდან და აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელეს არ ჩარიცხვია სახელმწიფო პენსია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შეჩერებული კომპენსაცია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის შეჩერების დღიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - კომპენსაციის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, სასამართლოს მოსაზრებით, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის განაცდური სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების თაობაზე.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სს „ლ-------- ბ---იდან“ 2013 წლის 25 ოქტომბერს მიღებული N--- წერილის საფუძველზე, 2013 წლის 1 ნოემბრიდან მ----–--- ღ-------–--ს შეუჩერდა პენსიის დარიცხვა, ვინაიდან, ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მომხდარა ბენეფიციარის მიერ საბანკო ანგარიშიდან პენსიის თანხის გატანა, ხოლო აღნიშნული „წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 1 ნოემბრიდან განხორციელდა მ----–--- ღ-------–--ს პენსიის შეწყვეტა, მისი შეჩერებიდან სამი წლის ვადის გასვლის გამო. 2018 წლის 18 აპრილს მ----–--- ღ-------–--ს წარმომადგენელმა ვ-–-------- გ--–-----ემ განცხადებით მიმართა სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს, შეწყვეტილი პენსიის აღდგენის მიზნით, ხოლო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მ----–--- ღ-------–--ს ხელახლა დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი, განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2018 წლის 1 მაისიდან. სააგენტო ვერ გაიზიარებდა მ----–--- ღ-------–--ს წარმომადგენლის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სააგენტოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ბენეფიციარის უფლებების დარღვევას. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-6 მუხლი კონკრეტულად ადგენს გასაცემლის დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღების პირობებსა და ვადებს: პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნა/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და პირი აკმაყოფილებს პენსიის დანიშვნის პირობებს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში, მიიღება გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნაზე უარის თაობაზე. განსხვავებით ამ ნორმებისაგან, მითითებული კანონის მე-16-17 მუხლები და „წესის“ მე-8, მე-9 მუხლები იმპერატიულად მიუთითებენ პენსიის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლებზე, პენსიის შეჩერება-შეწყვეტის წყაროსა და ვადებზე. შესაბამისად, ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებამდე, ვერ განხორციელდება ადმინისტრაციული წარმოების ისეთი პირობების დაცვა, როგორიცაა დაინტერესებული პირის წინასწარი ინფორმირება, მისი ჩართვა ასეთ წარმოებაში და ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი ვადების დაცვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში წერილობით გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დაინტერესებული მხარის მოთხოვნა, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე, კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მ----–--- ღ-------–--ს მოთხოვნა პენსიის შეჩერების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებების წერილობითი სახით გამოცემის თაობაზე, სააგენტოში არ ფიქსირდება, მისთვის პენსიის შეჩერება და შეწყვეტა კანონისმიერი საფუძვლებით არ წარმოადგენს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 და მე-17 მუხლებით განსაზღვრულ პირობებში, როდესაც კანონმდებელი ცალსახად არ ადგენს ასეთი გადაწყვეტილებების თაობაზე ბენეფიციართა წინასწარი ინფორმირების ვალდებულებას და ბოლოს, პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების წერილობითი ფორმით მიღებას არ ითვალისწინებს საპენსიო კანონმდებლობა. აღნიშნულის საფუძველზე, სააგენტო პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების ასახვას, თვალსაჩინოებისათვის, ახორციელებდა ე.წ. „სამმართველო ინფორმაციაში“ ინდივიდუალურად, თითოეული პენსიონერის მიმართ. „სამმართველო ინფორმაცია“ შიდა გამოყენების დოკუმენტია, სადაც ხდებოდა თითოეული პირის მიმართ მიღებული, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი გადაწყვეტილებების მოკლე შინაარსის ასახვა, თუმცა ბენეფიციარის დაინტერესების შემთხვევაში (წერილობითი მომართვა), სააგენტო უზრუნველყოფდა მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცემას „სამმართველო ინფორმაციის“ შესაბამისად. პენსიის დანიშვნის თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება გულისხმობს ყოველთვიური ფულადი სარგებლის მიღებას, ხოლო შეჩერება/შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბუნებრივია ჩერდება/წყდება ყოველთვიური სარგებლის გაცემის დარიცხვა, რის თაობაზეც მხარისათვის ცნობილი ხდება პირადი საპენსიო ანგარიშიდან. შესაბამისად, მ----–--- ღ-------–--ს ნებისმიერ დროს შეეძლო გადაემოწმებინა პირადი საპენსიო ანგარიში და შემდგომ შეეძლო მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსათვის შეჩერებული ან შეწყვეტილი პენსიის აღდგენაზე, რაც 5 წლის განმავლობაში (2018 წლამდე) არ განუხორციელებია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ არ ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე–58-ე მუხლების მოთხოვნები, მათ შორის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის პირობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამ შემთხვევაში, ვინაიდან ადგილი ჰქონდა პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის ფაქტს, ადმინისტრაციულ ორგანოს უპირობოდ წარმოეშვა ვალდებულება, შეეჩერებინა მ----–--- ღ-------–--სთვის პენსიის გაცემა, ხოლო პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, შეეწყვიტა მისი გაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული საფუძვლებით, მ----–--- ღ-------–--ს პენსიის შეწყვეტაზე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს ზაკ-ის 177.2 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ 2016 წლის 16 ნოემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია, რომელიც სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ არ იღებდა სახელმწიფო გასაცემელს, ჰქონდა შეწყვეტილი და მხოლოდ 2018 წლის აპრილის თვეში მოითხოვა გასაცემლის ანაზღაურება. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, სადავო გახადოს არამხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება - ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ადამინის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათაგანსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისიხლისასამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქ გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო გახილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი მიუკერძოებული სასამართლოს მიერ. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით ასვე მესამე ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში - უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ----–--- ღ-------–--ს სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

3.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. კანონის 5.1 მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის 13.1 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს, ხოლო 14.2 მუხლის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.

 

მითითებული კანონის 16.1 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობა, წარმოადგენს პენსიის გაცემის შეჩერების საფუძველს, შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამავე რედაქციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 8.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეჩერდება პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის, ანუ მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში გაუტანლობის შემთხვევაში, აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

 

ამავე კანონის 17.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ (იგივე შინაარსისაა სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი).

 

დადგენილია, რომ მ----–--- ღ-------–-- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვ---------------–--ს სერვის ცენტრში აღრიცხვაზე იმყოფება 2004 წლის 29 ოქტომბრიდან, როგორც ასაკით სახელმწიფო პენსიის მიმღები ბენეფიციარი. აღნიშნულ პირს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვ---------------–--ს რაიონულმა განყოფილებამ, სს „ლ-------- ბ------ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2013 წლის 1 ნოემბრიდან შეუჩერა სახელმწიფო პენსიის დარიცხვა, ხოლო 2016 წლის 16 ნოემბრიდან პენსია ჩაუთვალა შეწყვეტილად, შეჩერებიდან სამწლიანი ვადის გასვლის გამო. დადგენილია, რომ დანიშნული პენსიის შეჩერების და შემდგომში შეწყვეტის შესახებ გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვ---------------–--ს განყოფილებას მ----–--- ღ-------–--სთვის არ გაუგზავნია.

 

საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოშობს კონკრეტული პირის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წინაპირობას. ამდენად, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში არსებული მითითება იმის შესახებ, რომ პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ გულისხმობს დანიშნული პენსიის ავტომატურად შეჩერებას და აღნიშნული არ გამორიცხავს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროებას. ამდენად, სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებული ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება აქტის გამოცემით. ამასთანავე, სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, მათ შორის, მოთხოვნა, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფის აუცილებლობისა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და მოსარჩელე მხარის მიწვევის პირობებში, გამოკვლეული იქნებოდა სს ,,-–---------------’’ კუთვნილი ანგარიშიდან მის მიერ თანხის გაუტანლობის მიზეზი. ამასთან, პენსიის შეჩერების პერიოდში, პენსიის გაცემის შეჩერების მიზეზთან დაკავშირებით მოსარჩელის ინფორმირების შემთხვევაში, ადგილი აღარ ექნებოდა იმ გარემოებას, რამაც განაპირობა მოგვიანებით პენსიის გაცემის შეწყვეტა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ვინაიდან მოსარჩელისათვის არ იყო ცნობილი სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე, კანონსაწინააღმდეგოა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ვ---------------–--ს განყოფილების გადაწყვეტილება, 2013 წლის 1 ნოემბრიდან სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ, შესაბამისად, უკანონოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვ---------------–--ს განყოფილების 2016 წლის 16 ნოემბრის №------ გადაწყვეტილება პენსიის შეწყვეტის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

3.3. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მ----–--- ღ-------–--ს 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე აუნაზღაურდება განაცდური პენსია.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2013 წლის 1 ნოემბრიდან შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა, ხოლო დარიცხვა განუახლდა 2018 წლის 1 მაისიდან. მითითებულ პერიოდში მოსარჩელეს არ ჩარიცხვია სახელმწიფო პენსია. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, საფუძვლიანია მოთხოვნა მოპასუხისათვის განაცდური სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალების თაობაზე.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ნანა ჭიჭილეიშვილი