განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
330100119003164949
ინსტანცია
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003164949

საქმე №1ბ/1783-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

რ----–----------ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 17 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ქ------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით რ----–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

რ----–---------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, თბილისში, ქ------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში რ----–---------მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ლ-----------ს, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა დამძიმების კუთხით და რ----–----------სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს, არსებულ მტკიცებულებებს და რ----–----------ს მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, სასამართლომ გამოიყენა მსუბუქი სახის სასჯელი და ამ ნაწილში განაჩენი უნდა შეიცვალოს და რ----–----------ს მიმართ უნდა მოხდეს სასჯელის დამძიმება. აპელანტის აზრით, გასათვალისწინებელია, რომ რ----–---------- დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლოს მიერ სასჯელის შეფარდებისას არ იქნა გათვალისწინებული რ----–----------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ინტენსივობა. აპელანტის განმარტებით, რ----–----------ს მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათთან და მოცემულ შემთხვევაში არ არის უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, უპირველესად კი, პრევენციული მიზანი.

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ რ----–----------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნინო გელაშვილმა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: რ----–----------ს აღიარებით, დაზარალებულ ლ-----------ის, მოწმეების: ო----------------ას, ნ----------–---–-ს და ჯ---------------ას გამოკითხვის ოქმებით მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო შემოწმების ბარათით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ რ----–---------მა ნამდვილად ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა რ----–----------სათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე არ ემყარება არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ საფუძველს, საჩივარში მითითებული არ არის, თუ რის გამო უნდა მოხდეს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ რ----–---------მა ჩაიდინა ძალადობრივი განზრახი დანაშაული, არ შეიძლება გახდეს მისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გახდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და შემდგომში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. სასჯელის მიზნებზე საუბრისას, აპელანტი არ აკონკრეტებს, რატომ შეიძლება ვერ იქნეს მიღწეული სასჯელის მიზნები, მაშინ, როდესაც რ----–---------ს შეფარდებული აქვს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მის მიმართ მსჯავრად შერაცხული მუხლის სანქცია ალტერნატივის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასაც. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ცხოვრების პირობები, მისი ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნები, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, კერძოდ, ის, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და რ----–---------ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, რ----–----------ს მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი რ----–----------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასანართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

რ----–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ რ----–----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა, გაუქმებულია. რ----–---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 26 ივლისიდან - 2019 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ რ----–---------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ რ----–----------ს მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთ) დისკად, ლ-----------ის მიერ წარმოდგენილი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ლ-----------ის მობილური ტელეფონი, დალუქული სახით, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე