განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003163477
საქმე #1/ბ-1658-19 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვა--------------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ან----------------–--------–ია, დაბადებული 1--- წლის 1------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- ნასამართლობის არმქონე, სტუდენტი, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ქ.ს-------- ნ------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს---------------------- კორპუსი N-- ბინა N--
ქმედების კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ან--------–ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ან--------–იას საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ან--------–იასთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და საზოგადოებრივ საშიშროებას. ან--------–იას მსჯავრი დაედო დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახით განსაზღვრულია ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
მსჯავრდებულმა ან--------–იამ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული აქვს.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 5 მაისს, თბილისში, კოსტავას ქუჩა N75-ში მდებარე შპს ,,ლაქი კრედიტიდან“, მოლარე-ოპერატორმა ან--------–იამ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა აღნიშნული კომპანიის კუთვნილი თანხა 900 ლარის ოდენობით, რაც მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა. აღნიშნული ქმედებით შპს „ლაქი კრედიტს“ მიადგა 900 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ან--------–იას მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ან--------–იას ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალ---------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
სააპელაციო პალატა სასჯელის განსაზღვრის დროს ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, პალატა მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ასევე ან--------–იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ: აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და მას მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ამასთან, ან--------–ია პირველადაა სამართალში, არის სტუდენტი, დასაქმებულია და ეხმარება ოჯახს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნები მიღწეული იქნება არასაპატიმრო სანქციის გამოყენებითაც. პირველი ინსტანციის სასამართლომ ან--------–იას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში განუსაზღვრა სამართლიანი, პროპორციული და ადეკვატური სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ბრალდების მხარეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა სასჯელის დამძიმებაზე, დამატებით არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალ---------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი ან--------–იას მიმართ დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალ---------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი ან--------–იას მიმართ დარჩეს უცვლელი.
ან--------–ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ან--------–იას, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 აგვისტოს განჩინებით, ან--------–იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე