განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003052181
საქმე №1/ბ-730-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) კ------------- ხ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, არასრული საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების ქ---------–--------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი :
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ------------- ხ--------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ---------–-------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კ------------- ხ--------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას _ ლ------ ხ--------ას. კერძოდ, ლანძღავდა მას უშვერი სიტყვებით და ფეხი ჩაარტყა მარჯვენა ფეხის წვივში, რის შედეგადაც ლ------ ხ--------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზემოაღნიშნულის გამო კ------------- ხ--------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენით:
კ------------- ხ--------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
კ------------- ხ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით ლ------ ხ--------ას (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქალაქ ქუთაისში, ნ-------------–- (საკადასტრო კოდი 0------------------), 2000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
გამართლებულ კ------------- ხ--------ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტებრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---–- ტ-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კ------------- ხ--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ კ------------- ხ--------ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს.
სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი ინსპექტორ-გამომძიებელ შ----- ც---–---ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 25 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ----------------–-–------------ განყოფილების სამორიგეო ნაწილში გამოცხადდა ლ------ ხ--------ა, რომელმაც განცხადა, რომ მას შვილმა კ------------- ხ--------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაცვის მხარის მიერ ასევე უდავო მტკიცებულებად იქნა ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ლ------ ხ--------ას მიყენებული აქვს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და აღნიშნული დაზიანება ხანდაზმულობით შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ალკოჰოლური ექპერტიზის დასკვნის თანახმად კი, კ------------- ხ--------ი იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ კ------------- ხ--------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო და მას აეკრძალა დედასთან _ ლ------ ხ--------ასთან ყოველგვარი სახის კომუნიკაცია.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება-გაანალიზებით და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით უტყუარად არის დადგენილი ის გარემოება, რომ ლ------ ხ--------ას მიმართ განხოციელდა ძალადობა, რის შედეგადაც მან მიიღო დაზიანება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს კ------------- ხ--------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს კ------------- ხ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
დაზარალებულმა ლ------ ხ--------ამ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა შვილის, კ------------- ხ--------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე შ----- ც---–---ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლიდან მუშაობს შსს ქ---------------–-----------------–--------–-–-----------------------–---- უფროსი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 25 მაისს იმყოფებოდა პოლიციის მ------- განყოფილების მორიგე ჯგუფში. დაახლოებით 15:30 საათზე, პოლიციის მ------- განყოფილების სამორიგეო ნაწილში გამოცხადდა ქ---------–-------------------–- მცხოვრები ლ------ ხ--------ა, რომელმაც განაცხადა, რომ მან თავის შვილთან, კ------------- ხ--------თან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც შემდგომ გადაიზარდა უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინებაში, რა დროსაც კ------------- ხ--------მა მას ჩაარტყა ფეხი წვივში და მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. კ------------- ხ--------ი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა თავის საცხოვრებელ სახლში. ის იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და გასაუბრებისას განუმარტათ, რომ ნამდვილად მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დედამისს, ლ------ ხ--------ას.
თავად ბრალდებულმა კ------------- ხ--------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა გამართლება.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ლ------ ხ--------ას სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია 2019 წლის 25 მაისს, რა დროსაც დაესვა დიაგნოზი წვივის ღია ჭრილობა, ესენციური ჰიპერტენზია. 2019 წლის 25 მაისს, 19:36_19:45 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ლ------ ხ--------ას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით, რაც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ ხარისხს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს კ------------- ხ--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/ 13.12.2012).
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა კ------------- ხ--------ის მიერ თავისი დედის _ ლ------ ხ--------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კ------------- ხ--------ისათვის წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა დაზარალებულ ლ------ ხ--------ას მიერ გამოძიების სტადიაზე მიცემულ ჩვენებას, რომელშიც იგი ამხელდა თავის შვილს, კ------------- ხ--------ს ძალადობაში, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ლ------ ხ--------ამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა კ------------- ხ--------ის მიერ 2019 წლის 25 მაისს ლ------ ხ--------ას მიმართ ძალადობის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება მოწმე შ----- ც---–---ის ჩვენებას, ის ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, აღნიშნული მოწმე არ არის ძალადობის ფაქტის თვითმხილველი და გადმოსცემს მისთვის დაზარალებულ ლ------ ხ--------ას მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
საქმეზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა იძლევა ინფორმაციას მხოლოდ იმის შესახებ, რომ ლ------ ხ--------ას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით და ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს მისთვის ამ დაზიანების კ------------- ხ--------ის მიერ მიყენების ფაქტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არც სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ლ------ ხ--------ამ კ------------- ხ--------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მიიღო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება კ------------- ხ--------ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ კ------------- ხ--------ის მიმართ 2019 წლის 23 სექტემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი კ------------- ხ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.კ------------- ხ--------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ კ------------- ხ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, მოიხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით ლ------ ხ--------ას (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ.ქუთაისში, ნ-------------–- (საკადასტრო კოდი 0------------------), 2000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
5.გამართლებულ კ------------- ხ--------ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/