განაჩენი

სისხლის სამართლის 28.11.2019
საქმის ნომერი
080100119002936178
ინსტანცია
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002936178

საქმე №1/ბ-736-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------–- გ-------–-ს ძე კ------ის მიმართ, დაბადებული: 195- წლის 10 ა--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თერჯოლის რაიონი სოფელი გ---------ი.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა---------– კ------ემ ჩაიდინა მიწის გაუვარგისება სამეწარმეო და სხვაგვარი საქმიანობისას. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ტყიბულის რაიონის სოფელ მ--–------ში მდებარე შპს ,,გ-------–- 2---’’-ის ბენზინ გასამართი სადგურის მფლობელმა ა---------– კ------ემ 2018 წლის დეკემბრის თვეში განახორციელა ბენზინ გასამართი სადგურის მიმდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ტერიტორიის 1548,54 კვ. ფართობზე 774,27 კუბ.მ სამშენებლო და ინერტული ნარჩენების დაყრა, რითაც ჩაიდინა მიწის გაუვარგისება და გარემოს მიაყენა 11 614,05 ლარის ზიანი. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გარემოს მიადგა 11 614,05 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ა---------–- კ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 297-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

ა---------–- კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

აპელანტი - მსჯავრდებული ა---------– კ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და ისეთი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დააზიანებს მის ინტერესებს და ამავდროულად უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას. შემდეგ გარემოებებზე მითითებით: თავს ცნობს დამნაშავედ და ითხოვს პატიებას. მის განზრახვაში ნამდვილად არ შედიოდა გარემოსათვის 11614,05 ლარის ზიანის მიყენება, პირიქით სურდა ნიადაგის გამაგრება, რომ რაიმე მძიმე შედეგი არ დამგარიყო მისთვის და ობიექტზე დასაქმებული ადამიანებისათვის. ფაქტის შემდეგ აქტიურად ცდილობს სახელმწიფოსა და გარემოსათვის მიმდგარი ზიანის გამოსწორებას, რის გამოც შესაბამისი სტრუქტურებიდან ითხოვა გასამაგრებელი სამუშაოების დაგეგმვას და საკუთარი ძალებით წარმართვის ნებართვას. გადასახდელი აქვს ზიანი 11614,05 ლარის ფარგლებში, მაშინ როდესაც ოჯახი შეიძლება დარჩეს საარსებო წყაროს გარეშე, რადგან მეწყერული მოვლენები კვლავ აქტიურად ვითარდება მისგან დამოუკიდებლად და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შეიძლება დარჩეს გადახდისუუნარო. ამდენად, მიაჩნია რომ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება განაჩენში მითითებულ სისხლის სამართლის კანონის ნორმებს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა---------– კ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 297-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლის გ----------------- გამოკითხვის ოქმით, მოწმეების თ------------------------------------–--------------–----–--------------------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, გარემოსდაცვითი სამსახურიდან შემოსულ მასალებით და ზიანის შესახებ ინფორმაციით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად,მსჯავრდებულ ა---------– კ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 297-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემცირებას.

 

მსჯავრდებულ ა---------– კ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა---------– კ------ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა---------– კ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა---------–- კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 297-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ა---------–- კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

ჯარიმის აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს ა---------–- კ------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე