განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003065414
№1ბ/1773-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
გამართლებული: ს-------- ჭ------ე, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–--------------, პირადი N0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–---------------–------------------------–----------------–-------------–- .
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ს-------- ჭ------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დასაბუთების ნაწილში მიუთითა, რომ რადგან საქმეზე დაკითხულმა ძირითადმა მოწმემ, დაზარალებულმა გამოიყენა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლება და სასამართლო პროცესზე არ მისცა ჩვენება, ამდენად საქმეზე დარჩენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ასაბუთებს ს-------- ჭ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. აპელანტის განმარტებით ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა ოჯახური ძალადობა უფრო სიფრთხილით უნდა შეფასდეს, რადგან ზოგადად მსგავსი კატეგორიის დანაშაულები ხასიათდება ლატენტურობის მაღალი ხარისხით და დაზარალებულები მხოლოდ მაშინ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, როდესაც სიტუაცია უკიდურესად იძაბება და შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. საყურადღებოა ოჯახური დანაშაულის საზოგადოებრივად საშიში ხასიათი და სიმძიმე. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ ოჯახური დანაშაული მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა მისი ოჯახის წევრისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულებათა დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ს-------- ჭ------ემ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და იძულება მისი მეუღლის მიმართ, რის გამოც აპელანტს მიმაჩნია რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ ს-------- ჭ------ის მიმართ გამოტანილი იქნას გამამტყუნებელი განაჩენი. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი ითხოვს ს-------- ჭ------ის დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და მის მიმართ შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
წარდგენილი ბრალდება:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს-------- ჭ------ეს, წარედგინა ბრალდება, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა.
ს-------- ჭ------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თ----- ნ------- და ს-------- ჭ------ე 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში ს-------- ჭ------ე ეჭვიანობდა და თ----- ნ-------ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც თ----- ნ------- დაშორდა მას. აღნიშნულით გაღიზიანებული ს-------- ჭ------ე აგრძელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაზედაც გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის ვადის გასვლის შემდეგ ს-------- ჭ------ე, 2019 წლის 14-15 მაისს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა თ----- ნ-------ს და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით და მუქარით აიძულებდა მასთან შერიგებას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ქმედებებით, დაზარალებული განიცდიდა თავის ნება–სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედებას.
2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თ---–--–-------------–--------------------------------ის პირველ სართულზე, თ----- ნ-------ს ლიფტში შესვლის დროს ჩუმად მიუახლოვდა ს-------- ჭ------ე, ხელი ძლიერად მოჰკიდა მკლავში და ლიფტში შესვლის უფლება არ მისცა. თ----- ნ-------მ მოახერხა თავის დაღწევა და ლიფტში შესვლა, რა დროსაც ს-------- ჭ------ემ ძლიერად ესროლა მისი კუთვნილი ZTE–ის მარკის მობილური ტელეფონი. აღნიშული თ----- ნ-------ს მოხვდა მარჯვენა მკლავში. ს-------- ჭ------ის ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე ს-------- ჭ------ე თ----- ნ-------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს-------- ჭ------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულმა თ----- ნ-------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (ყოფილი მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
მოწმე გ-----ი ნ-------მ განმარტა, რომ მისი შვილი თ----- ნ------- გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქორწინებაში იმყოფებოდა ს-------- ჭ------ესთან. 2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე სახლში დაბრუნებული თ----- ნ------- იყო აღელვებული, როგორც თ----- ნ-------სგან მისთვის გახდა ცნობილი, სადარბაზოსთან დახვედრია ყოფილი მეუღლე - ს-------- ჭ------ე, რომელმაც შერიგებაზე უარის მიღების შემდგომ, ლიფტში შესვლისას მობილური ტელეფონი ესროლა თ----- ნ-------ს, რაც მოხვდა ხელზე. მოწმის განმარტებით, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის ფაქტს არასდროს შესწრებია.
მოწმე ი----- ჯ---–---–მა განმარტა, რომ თ----- ნ------- არის მისი შვილი, რომელიც ქორწინებაში იმყოფებოდა ს-------- ჭ------ესთან. 2019 წლის 15 მაისს საღამოს საათებში სახლში დაბრუნებული თ----- ნ------- იყო განერვიულებული, რისი მიზეზიც იყო ს-------- ჭ------ის მხრიდან თ----- ნ-------სთვის მობილური ტელეფონის სროლის ფაქტი.
მოწმე ი-----–- ჯ------ის ჩვენებით, 2019 წლის 16 მაისს თ----- ნაჭყების განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო მის მიმართ განხორციელებული იძულების და ძალადობის ფაქტზე. გამოკითხა დაზარალებული თ----- ნ-------, რომლისგანაც ამოიღო ს-------- ჭ------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი დაშლილ მდგომარეობაში. ასევე დანიშნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და შეადგინა ს-------- ჭ------ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი.
ბრალდების მხარის მტკიცებულებები შემაკავებელი ორდერები N0-----, N0-----, ამოღების ოქმი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განაჩენი, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ს-------- ჭ------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს, მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).
სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ უდავო და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ს-------- ჭ------ე 2019 წლის 14-15 მაისს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით და მუქარით აიძულებდა თ----- ნ-------ს მასთან შერიგებას, ან 2019 წლის 15 მაისს ხელი ძლიერად მოკიდა და ესროლა ტელეფონი, რა დროსაც თ----- ნ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ს-------- ჭ------ის მიერ, თ----- ნ-------ზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის და იძულების ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ, სასამართლოს წარუდგინა დაზარალებული თ----- ნ-------, რომელმაც უარი განაცხადა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე და შესაბამისად, არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიწოდებული და შემაკავებელ ორდერებში არსებული ინფორმაცია. ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები, მოწმეების გ-----ი ნ-------ს, ი----- ჯ---–---–ის და ი-----–- ჯ------ის ჩვენებები კი ირიბი მტკიცებულებებია, ისინი წარდგენილ ბრალდებაში აღწერილ ფაქტებს და ძალადობასთან დაკავშირებული ინფორმაცის წყაროდ მიუთითებენ თ----- ნ-------ს, რომელმაც სასამართლოში არ დაადასტურა მის მიმართ ძალადობის და იძულების არსებობის ფაქტები. პალატა განმარტავს, საქმეში არ არსებობს პირდაპირი ჩვენებები ან სხვა სახის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა გ-----ი ნ-------ს, ი----- ჯ---–---–ის და ი-----–- ჯ------ის ირიბი ჩვენებების სანდოობის შეფასება, შესაბამისად, მათი სამართლებრივი ღირებულება არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ გადაწყვეტილების მიღებისას.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მოწმეების, გ-----ი ნ-------ს და ი----- ჯ---–---–ის ირიბ ჩვენებებს, რომ ს-------- ჭ------ემ ტელეფონი ესროლა თ----- ნ-------ს მიიჩნევს სანდოდ, აღნიშნული მოწმეების ჩვენებით არ დასტურდება დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტი, როგორიცაა დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ-----ი ნ-------ს საერთოდ არ განუმარტია, დაზარალებულმა განიცადა თუ არა ტკივილი, მოწმე ი----- ჯ---–---–მა კი კითხვებზე გასცა სავარაუდო და შეფასებითი პასუხები - ,,არ უკითხია, ალბათ ეტკინა“, ,,პატარა ტელეფონი იყო და დაიშალა“, „არასასიამოვნო იყო“.
რაც შეეხება, წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში, რომ ს-------- ჭ------ემ ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, სააპელაციო პალატა განმარტავს, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის თუნდაც ირიბი ჩვენებები ან დოკუმენტები, რაც დაადასტურებდა, რომ ს-------- ჭ------ის მხრიდან, ადგილი ჰქონდა თ----- ნ-------ს თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, მის იძულებას რაიმე მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის ან შესრულების თაობაზე. მაშინ როდესაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე, მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).
პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ს-------- ჭ------ის ბრალეულობას ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ს-------- ჭ------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს-------- ჭ------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი ს-------- ჭ------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ, ლევან ვეფხვაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი ს-------- ჭ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ს-------- ჭ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს-------- ჭ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს-------- ჭ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ს-------- ჭ------ეს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თ----- ნ-------საგან ამოღებული მობილური ტელეფონი – დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ს-------- ჭ------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე