განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.05.2019
საქმის ნომერი
140310118002607848
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310118002607848

საქმე №3ბ/670-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი

მოსამართლეები - თამარ ონიანი

გიორგი ტყავაძე

 

აპელანტები - ნ--- ც-–--–---, თ----- ც-–--–---

 

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტების მოთხოვნა:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. მოწინააღმდეგე მხარეების პოზიცია:

 

მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენელმა წარმოადგინა შესაგებელი, სადაც არ დაეთანხმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ--- ც-–--–----- და თ----- ც-–--–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდა

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

თ----- ც-–--–---მ 2018 წლის 18 ივნისს №---------------- განცხადებით მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა, რაზეც უარი ეთქვა.

 

ნ--- ც-–--–---მ 2018 წლის 18 ივნისის №------------- განცხადებით მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა, რაზეც უარი ეთქვა.

 

თ----- ც-–--–---მ 2018 წლის 05 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით №------ მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს"; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის

03 აგვისტოს №----------- გადაწყვეტილებით თ----- ც-–--–---- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სააგენტოს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის 5---------- გადაწყვეტილება;

 

ნ--- ც-–--–---მ 2018 წლის 05 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით №------ მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს"; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 03 აგვისტოს №----------- გადაწყვეტილებით ნ--- ც-–--–---- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სააგენტოს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის 5------- გადაწყვეტილება;

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლი,რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება; ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო - უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

ამავე კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.

 

ამავე კანონის მე-13 და მე-14 მუხლების 1-ლი ნაწილების, მე-14 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას; საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე; სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან, გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა სწორედ ამ კანონით განისაზღვრა;

 

მოსარჩელეების მითითებით, კანონი მათ აძლევთ საშუალებას, მიიღონ როგორც ელექტრონული, ასევე არაელექტრონული პირადობის მოწმობები მაშინ, როდესაც კანონქვემდებარე აქტი - იუსტიციის მინისტრის ბრძანება მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ვალდებულებას შეიცავს;

 

მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ, კანონის მოქმედების პირობებში, მათზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება, რამდენადაც სახელმწიფოს მიერ კანონში ასახული ალტერნატიული შეთავაზება იძლევა შესაძლებლობას, გააკეთონ არჩევანი არაელექტრონულ და ელექტრონულ პირადობის მოწმობას შორის.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ, მითითებული საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო - იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელეების პოზიცია, რომ ამ კანონით მათ ენიჭებათ არაელექტრონული პირადობის მოწმობების აღების უფლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა განსაზღვრულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

ამავე დროს, მოცემული კანონით არ არის გათვალისწინებული, პირის სუბიექტური სურვილის პირობებში, არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამდენადაც სახელმწიფო, გარკვეული სახის რეგულაციების დაწესებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ.

 

მითითებული კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირადობისა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმებისა და გაცემის, უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

როგორც აღინიშნა, არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა ზემოთ მითითებული კანონით გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა, თუმცა ამგვარი ობიექტური გარემოებები ამ კანონით განსაზღვრული არ არის.

 

ამგვარი გარემოებების ჩამონათვალს შეიცავს ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ (დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის № 98 ბრძანებით), რომლის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. დადგენილია და სადავო არაა, რომ მოსარჩელეებთან მიმართებაში ამ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან არ არსებობს არც ერთი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია სწორედ სრულად 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი, მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა; ესაა ისეთი შემთხვევები, როდესაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის აუცილებლობა არსებობს, მაგრამ ობიექტურად არსებულ მიზეზთა გამო, შეუძლებელია ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადება ან/და პირისათვის მიწოდება; ეს ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეუძლებელია იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც უნდა აისახოს პირადობის ელექტრონულ მოწმობაში; ასევე შესაძლებელია, არსებობდეს ვითარება, როდესაც შეუძლებელია დროის გარკვეულ პერიოდში დამზადებული პირადობის მოწმობის ადრესატისათვის მიწოდება; თუ არსებობს პირადობის მოწმობის გადაუდებელი საჭიროება და ობიექტურად არსებულ მიზეზთა გამო შეუძლებელია მისი შესაბამისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიწოდება, ,,წესის" 25-ე მუხლი იძლევა შესაძლებლობას, არ დარჩეს მოქალაქე ვინაობის დადასტურების შესაძლებლობის გარეშე, თუმცა ასეთ შემთხვევებში პირადობის მოწმობა გაიცემა შეზღუდული ვადით (არაუმეტეს 6 თვით).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტური გარემოება არ მოიცავდა პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე.

 

ამასთან, იმავე სრულად 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით განმარტებულია, რომ, ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირადობის მოწმობა, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გაიცემა არა უმეტეს 6 თვის ვადით.

 

ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა, გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო.

 

როგორც აღინიშნა, მოსარჩელეები ითხოვდნენ არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემას, 10 წლის ვადით, თუმცა მათთან მიმართებაში არც მოთხოვნის დროისათვის და არც დღეის მდგომარეობით სახეზე არ იყო 25-ე მუხლით დადგენილი რომელიმე ობიექტური გარემოება(ები), რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას, მათზე გაეცა პირადობის მოწმობები, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს.

 

ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

 

იმავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება.

 

ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

როგორც აღინიშნა, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ (ანუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) მიღებულია საკანონმდებლო აქტის -

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონქვემდებარე აქტი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება - წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებდა მოსარჩელეების პოზიციებს ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიაჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, ბრძანება ავსებს და აკონკრეტებს კანონის ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობაც განხილულია მითითებულ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია, შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებთან მიმართებაში სახეზე არ იყო არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევები, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-14 მუხლის მე-10 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს შესასრულებლად სავალდებულოდ განესაზღვრათ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობების აღება.

 

მოსარჩელეები არაელექტრონული პირადობის მოწმობების აღებას უკავშირებდნენ მათ სუბიექტურ ნებას, სურვლის არსებობას და ითხოვენ კანონის ნორმების მათი ნების შესაბამისად განმარტებას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონის განმარტებისას, სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელეების მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მათი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს; მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელების მოთხოვნები არ გამომდინარეობდა კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერ იქნებოდა გაზიარებული არგუმენტაცია მათი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე.

 

დავის გადაწყვეტის მიზნით გამოყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო, მოსარჩელეებზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობები.

 

აღნიშნული ქმედების განხრციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ წარმოადგინეს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზეც ისინი ამყარებდნენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებს; შესაბამისად, არ არსებობს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები.

 

მოსარჩელეების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი უარი მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს და ამასთანავე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდეს მოსარჩელეების კანონიერ უფლებას ან ინტერესებს.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორების აზრით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით, მაშინ როცა კანონით ძირითადია პირადობის მოწმობა, ხოლო პირადობის ელექტრონული მოწმობა „შეიძლებას“ სახით და არა იმპერატიული მოთხოვნის სახით არის დაშვებული.

 

მხარე აღნიშნავს, რომ კანონი ცალსახად ადგენს პირადობის მოწმობას არაელექტრონულს, რომელსაც გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება მიანიჭა იმ სამსახურებს, რომელთაც ეს უფლება განესაზღვრათ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ეს ბრძანება კი არის 13.07.2012 წლის 118-ბრძანება, რომელმაც სწორადაც, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ყველა ტერიტორიული სამსახურისათვის ელექტრონული პირადობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებით გაურკვეველი გახადა კანონით სააგენტოსათვის მინიჭებული უფლების: გასცეს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 10 წლის ვადით, ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით აღსრულება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, სასამართლომ გააკეთა არასწორი განმარტება - თითქოს იმ პირების მიმართ, ვისაც 2011 წლისთვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. თუმცა ამ არგუმენტის დამადასტურებელი ნორმა ვერ მიუთითა, უფრო მეტიც გადაწყვეტილებაში კანონის მე-11 და მე-12 მუხლებზე და 98-ე ბრძანების 24-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, მაშინ საიდან ჩანს ივლისიდან შემოსული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხის მიერ ადგილი აქვს მოსარჩელის იძულებას, აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც იმის გამო, რომ თავისი ნებით უარს აცხადებს კანონმდებლის მიერ „შეიძლება“ - ს სახით დაშვებული ელექტრონული მოწმობის მიღებაზე, თავისთავად იძულებულია უარი თქვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე: იმუშაოს, ისარგებლოს ჯანდაცვით, მიიღოს განათლება, შეიძინოს და განკარგოს ქონება და ა. შ. მხოლოდ იმის გამო, რომ შესრულდეს ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში ბიომეტრიული მონაცემების შეტანას და არა ქვეყანაში პირადობის მოწმობის ელექტრონული სახით სავალდებულოობას.

 

აპელანტების აზრით, სასამართლოც ცდილობს საკითხი მოაქციოს კანონის მუხ.14-ის მე-10 პუნქტის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული N98-ე ბრძანების 25-ის მუხლის პირობებში, რაც უკანონოა, რადგან მითითებული ნორმა ეხება მათ, ვისაც სურს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება, მაგრამ 25-ე მუხლით გათვალისწინებული ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი ნების დაფიქსირებას სააგენტოში.

აპელანტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ იმსჯელა სერვისების განვითარების საააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ქმედებაზე, როდესაც ამ უკანასკნელმა არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლი და არ გადაუგზავნა დოკუმენტები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის განსახილველად.

 

ასევე, სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა, თუ რატომ ჩაწერა კანონმდებელმა სიტყვა „შეიძლება“ ელექტრონულ პირადობასთან მიმართებაში და არც საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება გაითვალისწინა სიტყვა „შეიძლება“-სთან დაკავშირებით. კერძოდ, მათი განმარტებით „შეიძლება“ თავისთავად, არ უნდა იქნეს გაგებული, სახელმწიფოსთვის მინიჭებულ უპირობო თავისუფლებად. კანონმდებლისთვის რაიმე შესაძლებლობის მინიჭება არ ნიშნავს მისი ქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას, (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვალს გადაწყვეტილება N3/1/659 საქმე, საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.) მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მას არ აძლევს შესაძლებლობას, თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი დაუშავებს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი წესებიდან გამონაკლისს და დაადგენს პირისათვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მას მოეთხოვება ასეთი გადაწყვეტის აუცილებლობის დასაბუთება.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის `გ~ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით არსებითად სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის მოსარჩელეების სახელზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის დავალება.

 

მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმ საკითხის გადაწყვეტა - ადმინისტარციული ორგანოს უარი ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობის გაცემაზე, შეესაბამება თუ არა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებს და ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს თუ არა მხარის მიერ მითითებული საფუძვლებით ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას.

 

საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესს ადგენს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, . სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული ნორმის ბოლო წინადადებას და განმარტავს, რომ კანონით განსაზღვრული მიზეზების კონკრეტული ჩამონათვალი ასახულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესში“.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში. ამავე წესის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია - პირადობის მოწმობა. მითითებული წესის 25-ე მუხლი ადგენს: სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

ზემოაღნიშნული ნორმების ერთობლივი ანალიზი, სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ წესში ასახული დებულებები ახდენენ კანონში მითითებული ნორმების კონკრეტიზაციას, რის გამოც აპელანტების მითითება იმის თაობაზე, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულობა განსაზღვრულია მხოლოდ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ კონკრეტულად განსაზღვრულ მიზეზთა ჩამონათვალი, რომელიც იძლევა დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას, არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობასა და სურვილს, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობას კი განაპირობებს სახელმწიფოს ვალდებულება, მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა, მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულობას იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებშია მითითებული.

 

აპელანტები სააპელაციო საჩივარში ვერ მიუთითებენ იმ ღირებული კანონიერი უფლებისა თუ ინტერესისასთვის ზიანის მიყენებას ან ასეთი ზიანის მიდგომის მომეტებულ რისკს, რომელიც მათ ელექტრონული მატარებლით პირადობის მოწმობის აღების შემთხვევაში მოელის. პალატა განმარტავს, რომ უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა.

 

საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების სამართლებრივი ანალიზი სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე არ ემყარება ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ობიექტურ საფუძვლებს, რაც გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას.

 

აპელანტები, არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს უკავშირებენ მათი, როგორც მოქალაქის თავისუფალი არჩევანის უფლებას, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში განმსაზღვრელია საკანონმდებლო დანაწესი და იმ პირობებში, როდესაც მხარე ვერ უთითებს ხელშესახებ საფუძველს, მარტოოდენ მითითება მისი ნების თავისუფლებაზე, ვერ გახდება საფუძველი დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედების განხრციელების დავალება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ ქმნის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მოცემულ საქმეზე მოსარჩელეებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გადაუვადდათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დასრულებამდე, შესაბამისად, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დაეკისროს ნ--- ც-–--–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის, ხოლო აპელანტ თ----- ც-–--–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდა.

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-391-ე,397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. აპელანტების ნ--- ც-–--–----- და თ----- ც-–--–---- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტ ნ--- ც-–--–---ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. აპელანტ თ----- ც-–--–---ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: მანანა ჩოხელი

 

მოსამართლეები: თამარ ონიანი

 

გიორგი ტყავაძე