განაჩენი

სისხლის სამართლის 02.12.2019
საქმის ნომერი
330100119003175766
ინსტანცია
თარიღი
02.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003175766

საქმე #1ბ/1784-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მსჯავრდებულ გ-----------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), გ-----------------ის, დაბადებულის 1-----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პ.ნ №0----------), საშუალო განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---–-----–------------------------------------------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

გ-----------------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის ივნისში, ქ-------–--–----–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ-----------------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლის - ქ-----------------------ის მიმართ, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ხოლო ამავე წლის 20 ივლისს, ეჭვიანობის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, კი ყელის გამოჭრით დაემუქრა, რაც დაზარალებულ ქ---------------------ის მიერ აღქმული იქნა რეალურად და მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენით:

 

გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით სრულად შთანთქა თანაბარი სასჯელი და გ-----------------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 30 ივლისიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ-----------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ----------მ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტები ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას გ-----------------ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. აპელანტების მოსაზრებით, განაჩენი უსამართლოა და სასჯელის ზომის ნაწილში დაუსაბუთებელია. იმის გათვალისწინებით, რომ გ-----------------ემ აღიარა დანაშაული, პირველად არის სამართალში, ჰყავს მოხუცი მშობლები, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, მისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, აშკარად მკაცრია (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ გ-----------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----------ს სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ-----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-----------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეების - ქ---------------------ის, დ--------------------ის, ა---------------ის, ნ---------------–---–ისა და თ---------------ის გამოკითხვის ოქმების, №0-----, №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერების, გ-----------------ის მიერ დანაშაულის აღიარების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ-----------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ-----------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქების თაობაზე.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს. სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 28 დეკემბრიდან, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი) პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. მოცემულ შემთხვევაში გ-----------------ემ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2019 წლის 20 ივლისს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გ-----------------ეს სასჯელის ზომად კანონიერად განესაზღვრა სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმი - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისთვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, გ-----------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი კი სასამართლოს ასევე ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. ამას გარდა, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლი განსაზღვრავს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის მითითებულია, რომ დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მხრიდან ოჯახის მეორე წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამდენად, პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სრულიად სამართლიანად დანიშნა სასჯელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს გ-----------------ის მიერ ჩადენილი ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, დანაშაულის მოტივზე, მასშტაბზე, სიმრავლესა და ინტენსივობაზე, აგრეთვე, დანაშაულის განმეორებითობასა და განგრძობადობის მაღალ რისკებზე, კერძოდ, ზემოხსენებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გ-----------------ე ყოფილ მეუღლეს წლების განმავლობაში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა როგორც პირადად მას, ისე მისი ოჯახის წევრების მეშვეობით და მის მიმართ არაერთხელ იყო შემაკავებელი ორდერი გამოწერილი, მსჯავრდებულის ქმედებები ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული იყო ეჭვიანობის მოტივით, მსჯავრდებული სტერეოტიპული განწყობით, თავს აძლევდა უფლებას, მუდმივად ეკონტროლებინა ყოფილი მეუღლის ყოფა-ცხოვრება, მისი გადაადგილება, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის სტრესს, სულიერ ტანჯვას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, დანაშაულის მოტივი და რეციდივის საფრთხე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ-----------------ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. გ-----------------ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ გ-----------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენი გ-----------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ-----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ-----------------ის და მის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ-----------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ-----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

გ-----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და გ-----------------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 30 ივლისიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე