განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/2373-19, 330310019002846221
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი
მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - ნინო პაპინ-–---–ი
აპელანტი (მოსარჩელე) - მ--ა ინ-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით მ--ა ინ-–---–ის სარჩელი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მ--ა ინ-–---–ის სახელზე ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს მ--ა ინ-–---–მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისები განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა პირადობის მოწმობის დამზადება ელექტრონული მატარებლის გარეშე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 09 ნოემბრის N01/349653 წერილით მ--ა ინ-–---–ს განემარტა, თუ რა შემთხვევაში ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემას.
2018 წლის 27 ნოემბერს მ--ა ინ-–---–მა საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (არაელექტრონული) გაცემა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 04 დეკემბრის წერილით მ--ა ინ-–---–ს ეცნობა, რომ სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 09 ნოემბრის N01/349653 წერილი არის ინფორმაციული ხასიათის და სააგენტოს არ შეუძლია განიხილოს მისი 2018 წლის 27 ნოემბრის N254471 წერილობითი მიმართვა, როგოც საჩივარი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ მიუთითა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.
ამავე კანონის მე-7 მუხლის ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის - წესის 25-ე მუხლი წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიიჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობაც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.
,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი, განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, ეს კავშირი ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია და არის ორის სუბიექტის - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი სუვერენის, ძალაუფლების მპყრობელისა და მოქალაქის, როგორც ,,სახალხო სუვერენიტეტის“ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობა შედგება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივ უფლებებით და რაც მთავარია, ამ სუბიექტებს შორის, უფლებების გარდა, არსებობს ურთიერთვალდებულებები.
მოცემულ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, ამ ორი სუბიექტის - მოქალაქის (მოსარჩელე) და სახელმწიფოს (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) შორის წარმოქმნილი პრობლემის არსის გაანალიზება-გარკვევა და შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების დებულებების განმარტება უნდა მოხდეს თითოეული მხარის როგორც უფლებების, ისე ვალდებულებების ჭრილში.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
ამავე კანონის III თავით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (მე-12.1 მუხლი).
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
ადმინისტრაციული ორგანოს წერილით მ--ა ინ-–---–ს განემარტა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ გათვალისწინებით, მოქალაქეზე გაიცემოდა პირადობის მოწმობა მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა). ხოლო, გამონაკლისებს ადგენდა ასევე, მითითებული მუხლი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არ იზიარებს აღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს, რომ კანონი მას აძლევს საშუალებას მიიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა მაშინ, როდესაც კანონქვემდებარე აქტი ამის ვალდებულებას შეიცავს, რის გამოც მიიჩნევს, რომ კანონის მოქმედების პირობებში, მასზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება, რამეთუ მოსარჩელე მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს ნების გამოვლენას, ხოლო ,,ნებას“ უკავშირებს არა ქმედების განხორციელების სურვილს გამოცხადდეს შესაბამის ორგანოში პირადობის მოწმობის ასაღებად, არამედ ნების გამოვლენას სახელმწიფოს მიერ ალტერნატიული შემოთავაზებიდან პირადობის მოწმობისა და ელექტრონულ პირადობის მოწმობას შორის არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
წესის III თავით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: პირადობის მოწმობა.
ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები. მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარმოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. იმ დროს, როდესაც, მოსარჩელე მ--ა ინ-–---–ი ითხოვდა არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებლებზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. ასევე, კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვლის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციისა გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე, არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს, ერთის მხრივ უკავშირებს მის, როგორც მოქალაქის არჩევანის უფლების მქონე სუბიექტის უფლებას და მეორეს მხრივს, ელექტრონული პირადობის მოწმობის საფრთხის შემცველობას. მეორე არგუმენტთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხოლოდ საფრთხის არსებობაზე მსჯელობს, თუმცა არც სარჩელის წარდგენისას და არც საქმის განხილვის დროს, არ წარმოუდგენია დასაბუთებული არგუმენტაცია საფრთხის არსებობის თაობაზე. ხოლო იმ პირობებში, როდესაც, წარმოდგენილი არ ყოფილა მეტნაკლებად დასაბუთებული არგუმენტაცია, ან რეალური საფრთხის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამ ნაწილში იმსჯელოს მოთხოვნის დასაბუთებულობის თაობაზე. რაც შეეხება მოსარჩელის არგუმენტაციას მის სურვილთან დაკავშირებით, ის არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებენ სუბიექტური ნების, სურვლის არსებობას და ითხოვს კანონის ნორმების მისი ნების შესაბამისად განმარტებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონის განმარტებისას, მართლმსაჯულება ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული. ხოლო ინტერესი, რომელიც სცდილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის Nბს-389-389(კ-18) განჩინებაზე, სადაც, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა“. საკასაციო სასამართლომ ამავე განჩინებაში მიუთითა, რომ იგი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას კანონისა და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრძანების დებულებები ახდენენ კანონში მითითებული დანაწესების კონკრეტიზაციას, რაც ცხადია გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობის არსებობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს, ამავე კოდექსის 331-ე მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამოდენიმე პირობას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს და ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად 2011 წლიდან მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით, მაშინ როცა კანონით ძირითადია პირადობის მოწმობა, ხოლო პირადობის ელექტრონული მოწმობა "შეიძლებას" სახით და არა იმპერატიული მოთხოვნის სახით არის დაშვებული.
კანონის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" მუხ. 11-ის თანახმად სავალდებულოა მოქალაქეს თავისი ვინაობის, მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილის დასადასტურებლად ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტი - პირადობის მოწმობა, რომლის ფორმა და შემადგენელი ელემენტები განსაზღვრულია კანონის მუხ.14-ის პ.1; პ.3-ით. რაც შეეხება სასამართლოს მიერ სავალდებულოდ დადგენილად მიჩნეული ე.წ. პირადობის ელექტრონული მოწმობას კანონის მუხ.14-ის პ.4-ის საფუძველზე დაშვებულია "შეიძლება"-ს სახით, რაც მის სავალდებულოობას არცერთ შემთხვევაში არ ადგენს. კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნაა მოქალაქემ აიღოს პირადობის მოწმობა, მაგრამ რომელი სახის ეს მის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე იქნება განსაზღვრული და არა იძულებით, მოტყუებით, შეფარვით შედგენილი კანონქვემდებარე აქტების ძალმომრეობით გამოყენების გზით.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადაო ურთიერთობანიც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით (გადაწყვ. გვ.5)
სასამართლოს მითითება უსაფუძვლოა და კანონისა და მის შესასრულებლად იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული როგორც 118-ე, ასევე 98 ბრძანებების ურთიერთშეჯერების გარეშე, რამეთუ კანონი ცალსახად ადგენს პირადობის მოწმობას არაელექტრონულს, რომელსაც გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება მიანიჭა იმ სამსახურებს, რომელთაც ეს უფლება განესაზღვრათ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ეს ბრძანება კი არის 13.07.2012 წლის 118 - ბრძანება, რომელმაც სწორედაც, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ყველა ტერიტორიული სამსახურებისათვის ელექტრონული პირადობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებით გაურკვეველი გახადა კანონით სააგენტოსათვის მინიჭებული უფლების: გასცეს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტი - საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 10 წლის ვადით, ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით აღსრულება.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორად, ტენდენციურად განმარტა იგი. სასამართლომ გადაწყვეტილებაში ვრცლად ისაუბრა კანონის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტზე #98 ბრძანების 25-ე მუხლზე, მაგრამ კანონის არასწორი განმარტების შედეგად გააკეთა არაობიექტური, დაუსაბუთებელი და ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები, კერძოდ: სასამართლომ გააკეთა არასწორი განმარტება - თითქოს იმ პირების მიმართ, ვისაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა, თუმცა ამ არგუმენტის დამადასტურებელი ნორმა ვერ მიუთითა, უფრო მეტიც გადაწყვეტილებაში კანონის მე-11 და მე-12 მუხლებზე და 98-ე ბრძანების 24-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია - საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, მაშინ საიდან ჩანს ივლისიდან შემოსული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა. N98 ბრძანებაც გამოცემულია კანონის მუხ.20.2-ის შესასრულებლად, და შესაბამისად ის უნდა ითვალისწინებდეს არა მარტო პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის უზრუნველყოფას, არამედ არაუფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოების მიერ გასაცემი პირადობის (არაელექტრონული) მოწმობის გაცემის პირობებსაც, რასაც ბრძანების გარდამავალი დებულების დანაწესი ერთმნიშვნევლოვნად აღიარებს: ბრძანების მუხ.58-ის მე-2 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული "დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში", თუმცა არც დაინტერესებული პირის და არც მოქმედი კანონის მუხ.13-ს პ.1 და მუხ.14-ის პ.2-ის პირველი წინადადების დანაწესის შესაბამისად, პირადობის მოწმობის გაცემა, რომ უნდა უზრუნველყოს სააგენტომ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით 4-10 წლის მოქმედების ვადით, ამაზე კანონქვემდებარე #98-ე ბრძანება მიზანმიმართულად კატეგორიულად არაფერს ამბობს. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის 98-ე ბრძანებით მოპასუხეს მინიჭებული აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, თუმცა მას არ გამოურკვევია თუ სად არის ის ტერიტორიული ორგანო, რომელიც ვალდებულია გასცეს პირადობის მოწმობა 10 წლის ვადით. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახურებისათვის პირადობის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება, არ შეიძლება ჩაითვალოს სააგენტოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გაუქმების საფუძვლად.
სასამართლო გაუაზრებლად აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციებით სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა და მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ მათი აღების სავალდებულოობა, კანონმა არ გაითვალიწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ მოქალაქეთა ინტერესების დაცული იქნეს მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით. აღნიშნულიდან მსჯელობიდან ნათლად ჩანს, რომ კანონმა კი არა სასამართლომ არ გაითვალისწინა, და არავითარი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ათიათასობით მოქალაქეს აქვს უვადო პირადობის მოწმობა, რომლის გამოცვლის სავალდებულოობა არ დაადგინა კანონმა და არ "იზრუნა" მათთვის ესარგებლათ ტექნოლოგიური მიღწევებით, რათა დაცული ყოფილიყო მათი ინტერესები და უსაფრთხოება.
სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ მოპასუხე აიძულებს მოსარჩელეს აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა და იმის გამო, რომ მოსარჩელე თავისი ნებით უარს აცხადებს კანონმდებლის მიერ "შეიძლება"-ს სახით დაშვებული ელექტრონული მოწმობის მიღებაზე, თავისთავად იძულებულია უარი თქვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე: იმუშაოს, ისარგებლოს ჯანდაცვით, მიიღოს განათლება, შეიძინოს და განკარგოს ქონება და ა.შ. მხოლოდ იმის გამო, რომ შესრულდეს ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში ბიომეტრიული მონაცემების შეტანას და არა ქვეყანაში პირადობის მოწმობების ელექტრონული სახით სავალდებულოობას.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან. თუმცა არანაირ შეფასებას არ აძლევს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს და როგორც მოპასუხე, სასამართლოც ცდილობს საკითხი მოაქციოს კანონის მუხ.14-ის მე-10 პუნქტის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული No98-ე ბრძანების მუხ.25-ის პირობებში, რაც უკანონოა, რადგან მითითებული ნორმა ეხება მათ, ვისაც სურს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება, მაგრამ 25-ე მუხლით გათვალისწინებული ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი ნების დაფიქსირებას სააგენტოში.
ასევე სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა, თუ რატომ ჩაწერა კანონმდებელმა სიტყვა "შეიძლება" ელექტრონულ პირადობასთან მიმართებაში და არც საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება გაითვალისწინა სიტყვა „შეიძლება“-სთან დაკავშირებით, კერძოდ მათი განმარტებით "შეიძლება, თავისთავად, არ უნდა იქნეს გაგებული, სახელმწიფოსთვის მინიჭებულ უპირობო თავისუფლებად. კანონმდებლისთვის რაიმე შესაძლებლობის მინიჭება არ ნიშნავს მისი ქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას, (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვალს გადაწყვეტილება No3/1/659 საქმე, საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.) მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მას არ აძლევს შესაძლებლობას, თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი დაუშვებს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს და დაადგენს პირისათვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მას მოეთხოვება ასეთი გადაწყვეტის აუცილებლობის დასაბუთება. რაც არც ერთ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. ასევე უნდა გაეთვალისწინებია სასამართლოს #98-ე ბრძანების მუხ.58-ის მე-2 პუნქტში პირდაპირ მითითებული დათქმა „დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში".
სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია სააგენტომ, რომელიც საქმეში წარმოადგენს მხარეს და ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს პირადობის მოწმობის გაცემას 18 წლამდე - 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირებზე 10 წლის ვადით, რატომ არ მოახდინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხ.80-ით გავალისწინებული ქმედების განხორციელება.
სასამართლომ ასევე არანაირი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ #98-ე ბრძანების 28-ე მუხლში მითითებული არიან პირები, ვინც უფლებამოსილნი არიან მიმართონ სააგენტოს მოთხოვნით პირადობის მოწმობის და არა პირადობის ელექტრონულ მოწმობის მიღებაზე: ა.) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; ბ) 14-დან 18 წლამდე ასაკის პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობის გაცემის დავალება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობასა და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა, მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეს, რომლის პირადობის მოწმობას მოქმედების ვადა გაუვიდა, შესასრულებლად სავალდებულოდ განესაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციისა გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.
უდავოა, რომ იმ დროს, როდესაც, მოსარჩელე მ--ა ინ-–---–მა მოითხოვა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა, სახეზე არ იყო ზემოაღნიშნული „წესის“ 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაეცა განმცხადებელზე პირადობის მოწმობა. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევა იმის დაშვების უფლებას, რომ გაიცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებშია მითითებული.
მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ კანონის განმარტებისას, მართლმსაჯულება ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და უნდა იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი. მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული, ხოლო ინტერესი, რომელიც სცილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან. ამასთანავე, საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში სწორად მიუთითა სუს 05.07.2018წ. Nბს-389-389(კ-18) განჩინებაზე, სადაც, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრძანების დებულებები ახდენენ კანონში მითითებული დანაწესების კონკრეტიზაციას, რაც გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობის არსებობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს მისთვის ქმედების განხორციელების დავალებას და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებას.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--ა ინ-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი
მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი
მირანდა ერემაძე