განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002414179, №1/ბ-248-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორები - დ----- მ---------–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ჰ--------- ს-----------ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, ს--------- რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს--------------------------–----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----------------–------------.
ადვოკატი - გ------- მ--------.
თარჯიმანი - თ------- ს----------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, 2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, 2018 წლის 9 მარტის ეპიზოდი).
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-6 და ამავე მუხლის მე-10 ნაწილებზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
▪ დაცვის მხარეს სადავოდ არ მიაჩნია ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერების შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტი, თუმცა, სადავოდ მიიჩნევენ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციას. ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი წარმოადგენს საერთო ნივთიერებას მცენარე კანაფისგან ნაწარმოები პროდუქტებისათვის, როგორიცაა მარიხუანა (როგორც ნედლი, ასევე გამომშრალი), კანაფის ზეთი, კანაფის ფისი. სასამართლომ უნდა იმსჯელოს თუ რა საერთო აქვს ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს (რომელიც მოცემულია ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია N1-ის 157-ე გრაფაში, ტეტრაჰიდროკანაბინოლები, შემდეგი იზომერები და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) იმავე კანონის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში მოცემულ ნივთიერებასთან - მარიხუანასთან, ვინაიდან, სწორედ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი წარმოადგენს ფსიქოაქტიურ კომპონენტს, მათრობელა ნივთიერებას, რომელიც მცენარე კანაფსა და მისგან ნაწარმოებ ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს აქცევს ასეთად.
▪ 2019 წლის 19 ნოემბრის დასკვნით ტეტრაჰიდროკანაბინოლი არის ფუძე, რომლიც მათ შორის მარიხუანასაც აქცევს ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებად. ტეტრაჰიდროკანაბინოლის გარეშე მარიხუანა და მცენარე კანაფისგან ნაწარმოები სხვა ნებისმიერი პროდუქტი არ იქნებოდა ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერება, რადგან ვერ გამოიწვევდა ნარკოტიკულ თრობას და არ ექნებოდა ფსიქოაქტიური ზემოქმედება. ორივე შემთხვევაში, ნივთიერება არის ერთი და იგივე. შესაბამისად, მიუხედავად მისი ფიზიკური ფორმისა, სახეზეა ორი იდენტური ქმედება.
§ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, იმავე მუხლის მე-6 ნაწილი კი - თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, მაშინ, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე, ხოლო მე-10 ნაწილი თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე.
▪ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე ბ----–------–---–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაში ნედლ მარიხუანასთან დაკავშირებით გადასაწყვეტი საკითხი იყო ვრცელდებოდა თუ არა ნედლი მარიხუანის შეძენა-შენახვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა გამომშრალ მარიხუანას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კი, N3/13/789 განჩინებით 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება მიიჩნია დამძლევ ნორმად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს ლოგიკას, იდენტურ ნივთიერებებთან მიმართებაში გავრცელდეს ის მიდგომა, რომელიც ამსუბუქებს პირის სასჯელსა და სამართლებრივ შედეგებს.
▪ პირველი ინსტანციის განაჩენში მითითებულია, რომ ექსპერტები ადასტურებენ, რომ ტეტრაჰიდროკანაბინოლი არის მცენარე კანაფისგან გამოყოფილი ნივთიერება. სასამართლომ უნდა განმარტოს ნორმა და არ დაუშვას სისხლის სამართლის ფუძემდებლური პრინციპის დარღვევა, როგორც ნორმათა კოლიზიის შესახებ, ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტირებული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);
ბრალდების მხარის მოთხოვნა - დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ჰ--------- ს-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა;
- დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი);
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2018 წლის 9 მარტის ეპიზოდი);
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
ჰ--------- ს-----------მა, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 239,9755 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.
ჰ--------- ს-----------მა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ნაწილი - 1,0411 გრამი 2018 წლის 8 მარტს, უკანონოდ გაასაღა კ------- დ----------ზე, რაც იმავე დღესვე ქ.თბილისში, კორნელი ჩალაძის ქუჩა N1-ში მდებარე ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში ამ უკანასკნელისაგან იქნა ამოღებული.
ჰ--------- ს-----------ი უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ნაწილს - 1,3324 გრამს 2018 წლის 9 მარტს ინახავდა თავის კუთვნილ ავტომანქანაში, ხოლო ნაწილი 237,602 გრამი უკანონოდ გაასაღა ზ------ ჭ--------ზე. საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისი, გ-----–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ზემოაღნიშნული ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მითითებული ნარკოტიკული საშუალება.
2018 წლის 9 მარტს, ქ.თბილისში, გ-----–-------------------ში მდებარე შპს „ლ------–-“ განთავსებულ ერთ-ერთ ოთახში ზ------ ჭ--------მა წარადგინა იმავე დღეს ჰ--------- ს-----------ისაგან საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რაც იმავე დანაყოფის თანამშრომლების მიერ ამ უკანასკნელისაგან იქნა ამოღებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით:
ჰ--------- ს-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შეძენისა და შენახვის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 9 მარტის ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 9 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 12 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ჰ--------- ს-----------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჰ--------- ს-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 მარტიდან.
ჰ--------- ს-----------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ე-–------ ც---–---ემ განმარტა, რომ 2018 წლის თებერვლის ბოლოს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ჰ--------- ს-----------ი ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას, შენახვას და გასაღებას. ასევე ირკვეოდა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა ჰქონოდა კიდევ ერთ პირს - კ------- დ----------ს. მან მიღებული ინფორმაციის შესახებ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას.
მოწმე კ------- დ----------ს ჩვენებით, მას ჰ--------- ს-----------თან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე. 2018 წლის იანვარში, ჰ--------- ს-----------მა უთხრა, რომ საქართველში შემოიტანა „ჰაშიშის ზეთი“, რომლის მოხმარება შეიძლებოდა ელექტროსიგარეტით და კითხა თუ შეძლებდნენ მის გაყიდვას, რაც მიიჩნია არასერიოზულად და დაემშვიდობა მას. 2018 წლის თებერვალში იგი გამომძიებელმა ო-–---- ქ------–--ემ დაიბარა განყოფილებაში. მისვლისას გამომძიებელმა ჰკითხა იცნობდა თუ არა ჰ--------- ს-----------ს და ფლობდა თუ არა ინფორმაციას მისი საქმიანობის შესახებ. მან გამომძიებელს უთხრა, რომ ჰ--------- ს-----------ი აპირებდა „ჰაშიშის ზეთის“ რეალიზაციას და თანხმობა გამოთქვა თანამშრომლობაზე. ამის შემდეგ მას გააცნეს ოპერატიული თანამშრომელი - ზ------ ჭ--------ი, რომელიც აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით და 2018 წლის 25 თებერვალს ჩაიხანაში შეხვდნენ ჰ--------- ს-----------ს, რომელიც ზ------ ჭ--------ს შეხვედრისას დაპირდა, რომ რამდენიმე დღეში მიაწვდიდა ნარკოტიკული საშუალების ნიმუშს. მოწმის განმარტებით, ორი დღის შემდეგ მას ჰ--------- ს-----------მა გადასცა ნარკოტიკული საშუალების ნიმუში, კერძოდ, ერთ მილიგრამიანი და ნახევარ მილიგრამიანი კონტეინერები, რომელიც თბილისის პოლიციის სამმართველოში მიუტანა ზ------ ჭ--------ს. ჰ--------- ს-----------ს ეჩქარებოდა ნარკოტიკული საშუალების გაყიდვა, ამიტომ უთხრა, რომ თუ ზ------ ჭ--------ი არ შეიძენდა დროულად, მაშინ მოძებნიდა სხვა კლიენტს. აღნიშნულ პირებს შორის მოლაპარაკება დასრულდა წარმატებით და დათქვეს შეხვედრა. იგი ჰ--------- ს-----------თან ერთად მივიდა ქ.თბილისში, ა---–------ის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, სადაც განხორციელდა ამ უკანასკნელისგან ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მას ჰ--------- ს-----------ისთვის არ უთქვამს, რომ მარიხუანას ზეთის შეძენა, შენახვა და რეალიზაცია არ იყო დასჯადი.
ჩვენების მიცემისას მოწმე ზ------ ჭ--------მა განმარტა, რომ კ------- დ----------სგან მიიღო ინფორმაცია, რომ სომხეთიდან ჩამოსულ მის ნაცნობს, ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ხსნადი ჰაშიში“ სარეალიზაციოდ ჰქონდა ჩამოტანილი საქართველოში. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიებები. იგი კ------- დ----------სთან ერთად კაფეში შეხვდა ნარკოტიკების რეალიზატორს - ჰ--------- ს-----------ს, რომელმაც უთხრა, რომ ჩამოტანილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება „ხსნადი ჰაშიში“, რომლის მოხმარება ელექტრო სიგარეტის მეშვეობით იყო შესაძლებელი. ნარკოტიკი მოთავსებული იყო კონტეინერებში და მისი მოხმარება იწვევდა ძლიერ თრობას, ერთი კონტეინერი კი გათვლილი იყო 40 ადამიანზე. შეხვედრაზე ასევე შეიტყო, რომ ჰ--------- ს-----------ს შემოტანილი ჰქონდა 1000 კონტეინერი ნარკოტიკული საშუალება და თითოეულ მათგანს ყიდდა 70 აშშ დოლარად და სურდა საქონლის მთლიანი პარტიის 70000 აშშ დოლარად გაყიდვა. იგი აღნიშნულ პირებს მეორედ შეხვდა ქ.თბილისში, ა---–------ის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში, რა დროსაც თავად აღჭურვილი იყო ჩამწერი მოწყობილობით. მან გადაითვალა ჰ--------- ს-----------ისთვის გადასაცემი ფულადი თანხა - 120 000 ლარი, კ--- დ---------- კი, ჰ--------- ს-----------ის თხოვნით გავიდა რესტორნიდან, ავტომანქანიდან აიღო ნარკოტიკული საშუალება და შეიტანა ბარში. შეხვედრაზე ჰ--------- ს-----------ს მიტანილი ჰქონდა 700 კონტეინერი ნარკოტიკული საშუალება. მათ დაითვალეს ფულადი თანხა და კონტეინერები, რაც გადასცეს ერთმანეთს და გავიდნენ კაფედან, რომლის გასასვლელშიც შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შეხვედრის ოთახი აღჭურვილი იყო ჩამწერი მოწყობილობით და მის მიერ განხორციელდა შეხვედრის ჩაწერა.
ამოღების ოქმით, 2018 წლის 9 მარტს, 19:40-23:25 საათზე საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამომძიებელ ო----- ჩ-----–ის მიერ, ზ------ ჭ--------ისგან ამოღებულ იქნა ჰ--------- ს-----------ისაგან საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი, ერთ ცალ მუყაოს ყუთში მოთავსებული შვიდი ცალი მოთეთრო ფერის მუყაოს პატარა ზომის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია 696 ცალი მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით. ასევე ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის პოლიეთილენის პარკი ლათინური წარწერით, რომელშიც მოთავსებულია ფულადი თანხა 51200 ლარის ოდენობით, რაც დაილუქა სათანადო წესით.
პირადი ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 9 მარტს, 19:10-22:45 საათზე, ჩატარდა ჰ--------- ს-----------ის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა წარწერებიანი თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი მასში მოთავსებული 120 050 ლარის ოდენობის ფულადი თანხით, ასევე ამოღებულ იქნა ერთი ცალი შავი ფერის მობილური ტელეფონი, ორი ცალი ბანკის შემოსავლის ორდერი, ერთი ცალი ყვითელი ქაღალდი წარწერებით, ერთი ცალი ჩეკი და ფულადი თანხა 55 ლარის ოდენობით.
ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 მარტს, 23:35-00:15 საათზე, ჩატარდა ჰ--------- ს-----------ის კუთვნილი „დ------“ მარკის ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ორი ცალი მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით, თითოეულში ცალ-ცალკე არსებული მოყვითალო ფერის თხევადი მასით.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე მ-----– ტ--------–--ემ დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 9 მარტს, გამომძიებლებთან ა-–---- კ--------ესთან და ო-–---- ქ------–--ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჰ--------- ს-----------ის პირად ჩხრეკაში, რომელსაც თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს უფლებები და უთხრეს, რომ პირადი ჩხრეკის გარდა ასევე უნდა ჩაეტარებინათ მისი ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას ექსპერტების მიერ ჰ--------- ს-----------ისგან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი, ბანკის ქვითრები. ჩხრეკის დასრულების შემდეგ შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც ჩხრეკაში მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა შავი ფერის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ორი ცალი „კაფსულა“ თხევადი მასით, რაც ჰ--------- ს-----------ის განმარტებით წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას. ამის შემდეგ ჩატარდა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დაკავებული იქნა ჰ--------- ს-----------ი.
ამოღების ოქმით, 2018 წლის 8 მარტს, 19:45-20:00 საათზე, კ------- დ----------სგან ამოღებულ იქნა 2018 წლის 8 მარტს, ჰ--------- ს-----------ისგან შეძენილი ორი ცალი ელექტრო სიგარეტის ზედა ე.წ. „თავი“, თითოეულში ცალ-ცალკე მოთავსებული მოყვითალო ფერის თხევადი მასით.
საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს გამომძიებლებმა: ო-–---- ქ------–--ემ, ო----- შ-------–---–მა, ა-–---- კ--------ემ, ო----- ჩ-----–მა და მ-------- მ------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურეს მათ მიერ (მათი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 9 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N-------------- დასკვნით, 2018 წლის 8 მარტს კ------- დ----------სგან ამოღებული ჰ--------- ს-----------ისგან შეძენილი:
▪ მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე წონით - 0,9 გრამი, შეიცავს: ნიკოტინს და ნარკოტიკის შემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ „კანაბინოიდურ“ კომპონენტებს: „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „კანაბინოლს“ და „კანაბიდიოლს“. აღნიშნულ მასაში ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ წონაა - 0,6941გრამი. ნიკოტინი, „კანაბინოლი“ და „კანაბიდიოლი“ არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას (ობ. N1).
▪ მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე წონით - 0,45 გრამი, შეიცავს: ნიკოტინს და ნარკოტიკის შემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ „კანაბინოიდურ“ კომპონენტებს: „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „კანაბინოლს“ და „კანაბიდიოლს“. აღნიშნულ მასაში ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ წონაა - 0,3470 გრამი. „კანაბინოლი“ და „კანაბიდიოლი“ არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას (ობ-2).
▪ ობიექტებში N1-2 ტეტრაჰიდროკანაბინოლის საერთო წონაა - 1,0411გრამი.
საქართველოს შინაგა საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 10 მარტის ექსპერტის N-------------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი:
▪ მინის კონტეინერი ლიმონის სამაგრებით, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე წონით - 0,9 გრამი, შეიცავს: ნარკოტიკის შემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ „კანაბინოიდურ“ კომპონენტებს: „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „კანაბინოლს“ და „კანაბიდიოლს“. აღნიშნულ სითხეში ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ წონაა 0,6572 გრამი. „კანაბინოლი“ და „კანაბიდიოლი“ არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას (ობ.1).
▪ მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე წონით - 0,9 გრამი, შეიცავს: ნარკოტიკის შემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ „კანაბინოიდურ“ კომპონენტებს: „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „კანაბინოლს“ და „კანაბიდიოლს“. აღნიშნულ სითხეში ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ წონაა - (0.6752 გრამი. „კანაბინოლი“ და „კანაბიდიოლი“ არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას (ობ. 2).
▪ თეთრი ფერის მუყაოს კოლოფში მოთავსებული 100 ცალი მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე თითოეულში წონით - 0,45გრამი, სულ - 45 გრამი, შეიცავს: ნარკოტიკის შემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ „კანაბინოიდურ“ კომპონენტებს: „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „კანაბინოლს“ და „კანაბიდიოლს“. აღნიშნულ სითხეში ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ წონაა - 33,75 გრამი. „კანაბინოლი“ და „კანაბიდიოლი“ არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას (ობ.3).
▪ საკვლევი ობიექტები N1-3 ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა.
დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა გ-------– ქ----–----ემ და დამატებით განმარტა, რომ „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ მიიღება მცენარე კანაფისგან, როგორც მშრალი, ისე ზეთოვანი ფორმით. მის მიერ ჩატარებული იქნა ინსტრუმენტალური გამოკვლევა, რაც გულისხმობს გამოსაკვლევ ობიექტში შემავალი ყველა ნივთიერების ანალიზს. მარიხუანა არის მცენარე კანაფისგან მიღებული პროდუქტი (მცენარე კანაფის ფოთლები არის მარიხუანა). „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ არის ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება ბუნებრივი წარმოშობის ნარკოტიკულ საშუალებას. გამოსაკვლევი ობიექტი ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა სითხის სახით. მოწმის განმარტებით „ტეტრაჰოდროკანაბინოლი“ მიიღება მცენარე კანაფის გადამუშავების შედეგად და იწვევს ნარკოტიკულ თრობას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალსტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 16 მარტის N-------------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი:
▪ 595 ცალი მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე თითოეულში წონით - 0,45 გრამი, სულ - 267,75 გრამი, შეიცავს: ნარკოტიკის შემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ ,,კანაბინოიდურ“ კომპონენტებს: „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „კანაბინოლს“ და „კანაბიდიოლს“. აღნიშნულ სითხეში ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ წონაა - 201,16 გრამი. „კანაბინოლი“ და „კანაბიდიოლი“ არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას (ობ.N1).
▪ 4 ცალი მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე თითოეულში წონით - 0,9 გრამი. სულ - 3,6 გრამი. შეიცავს: ნარკოტიკის შემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებულ „კანაბინოიდურ“ კომპონენტებს: „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“, „კანაბინოლს“ და „კანაბიდიოლს“. აღნიშნულ სითხეში ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ წონაა - 2,692 გრამი. „კანაბინოლი“ და „კანაბიდიოლი“ არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას (ობ.3);
▪ 1 კონტეინერი ცარიელ მდგომარეობაში, არ შეიცავს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას (ობ.2).
აღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა ა-–---------- დ--------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ექსპერტ ნ------–---–-----თან ერთად გამოიკვლია ექსპერტიზაზე წარდგენილი 595 ცალი მინის კონტეინერი ლითონის სამაგრებით, მასში მოთავსებული ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხით, რომელშიც აღმოჩნდა მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებული „კანაბინოიდური“ კომპონენტები: „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „კანაბიდიოლი“ და „კანაბინოლი“. მოწმის განმარტებით, გამოსაკვლევ მასალაში ტეტრაჰიდროკანაბინოლის აღმოჩენა არ ნიშნავს იმას, რომ იგი არის მარიხუანა, თუმცა აღნიშნული სითხე არის კანაფის მცენარის ნაწარმი. მანვე აღნიშნა, რომ კანაფისგან შეიძლება მარიხუანას, კანაფის ფისის და კანაფის ზეთის (ჰაშიში) დამზადება. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტი წარმოქმნილია მცენარე კანაფისგან, შეუძლებელია მისი ნაკლებად მძიმე ნარკოტიკული საშუალებისთვის მიკუთვნება. ტეტრაჰიდროკანაბინოლი ბუნებაში გვხვდება მხოლოდ მცენარე კანაფში. შესაბამისი პირობების არსებობისას, ქიმიურად ყველა ჩამოთვლილი ნივთიერების დამზადებაა შესაძლებელი. ასევე შესაძლებელია ლაბორატორიულად დამზადდეს კანაფის სუფთა ფხვნილი. სითხე, რომელიც ექსპერტიზაზე იქნა წარდგენილი, გამოყოფილია მცენარე კანაფისგან და უფრო მაღალი ხარისხით შეიცავს ტეტრაჰიდროკანაბინოლს, ვიდრე მარიხუანა.
აღნიშნული დასკვნების სისწორე ასევე დაადასტურა სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა ნ------–---–-----მა და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მინის კონტეინერებში მოთავსებულია სითხე შეიცავს „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 2 აგვისტოს N---------- დასკვნით:
▪ სს N090260218002 საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებს, სახელწოდებებით - „Rec1_0001.avi“ (ვიდეოგრამა N1), ,,Rec1_0001.avi“ (ვიდეოგრამა N2) და „Rec1_0001.avi“ (ვიდეოგრამა N3) არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები.
▪ გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ N1-N3 ვიდეოგრამებიდან, ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N7-8-9) დაფიქსირებული პირის გამოსახულება იდენტიფიკაციისთვის ვარგისია.
▪ გამოკვლევაზე წარმოდგენილ N4 ლაზერულ დისკზე არსებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N10 და N11) დაფიქსირებული პირის გამოსახულება იდენტიფიკაციისთვის ვარგისია.
▪ გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ N1-N3 ვიდეოგრამებიდან, ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N7-8-9) და N4 ლაზერულ დისკზე არსებულ ჰ--------- ს-----------ის ფოტოსურათებზე, სახელწოდებით „1.jpg“ და „იზოლატორი“ (ფოტო N10 და N11) გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნება. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ხ------–---–მა.
ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაშიფრული კრებსებით (რეგისტრაციის N1131, გაფორმების თარიღი 28.02.2018), კადრში ჩანს სამი მამაკაცი - მ, მ1 და მ2. მამაკაცები საუბრობენ შესაძენი ნარკოტიკული საშუალების შემადგენლობაზე, ფორმაზე, სიძლიერეზე, თუ რამდენმა ადამიანმა შეიძლება მოიხმაროს და ფასზე, მათი საუბარი არის შემდეგი შინაარსის: ,,მ - ასე რომ მე ძალიან დავინტერესდი, ჩვენმა მეგობარმა ამიხსნა სიტუაცია, მაგრამ თუ შესაძლებელია ერთი-ორი სიტყვით თქვენც ამიხსნათ რა და როგორ, რომ უკეთ გავერკვე ამ თემაში; მ2 - კ---, აუხსენი, შენ ხო იცი; მ1 - კი, ეს, ჰაშიშის ზეთია. მ - „რასტვორი“ რა; მ1 - ხო, „რასტვორია“. რა ქვია მაგას; მ2 -ელექტრო სიგარეტი; მ - იქ თავსდება, ხო?; მ1 - ხო; მ - და რამდენ კაცზე არის გათვლილი ერთი ცალი?; მ1- რამდენზეა? მ2- ...?; მ1- სადღაც 70 კაცზე; მ - 70?! კარგი რა; მ1- 70-80 კაცზე; მ2 - 40 კაცს ყოფნის ასე რა, ყელამდე; მ - ისა, ვოვიკ, შემთხვევით ერთი ცალი თან ხომ არ გაქვს?; მ2 - თან არ მაქვს; მ - იმიტომ რომ, ხო იცი, როგორც რუსები ამბობენ, „ტომარაში კატააო“. ანუ მაინც იყიდო, უნახავად, ცოტა ისეა ...; მ2 - არა იქნება. დღე-დღეზე იქნება; მ - მე, როგორც ჩვენმა მეგობრმა ამიხსნა, პარტიით რო გასაღდეს, ასე ხართ ხო დაინტერესებული? თუ როგორ? რამდენი შეიძლება რო ავიღოთ?; მ2 - არ ვიცი, იცი როგორ, მინდა რო ერთ კაცთან ვიმუშაო. იმიტომ რომ ეს ისეთი საქმეა, ამისი იქით-აქეთ მიდებ-მოდება არ შეიძლება; მ - რა თქმა უნდა. მაგრამ ერთი ცალი თუ შეიძლება მინდა მაინც საჩვენებლად, მე მყავს ხალხი, რომლებიც ექსპერტები არიან ამ საქმეში და ნახავენ. პირადად მე მომხმარებელი არ ვარ, უბრალოდ მჭირდება საქმისთვის. კ--- გეტყოდა, ჩვენ გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც ისეთი ხალხი იყრის თავს, რომლებიც ამით ერთობიან და შეიძლება ყველაფერი კარგად დავალაგოთ. სანამ ვიყიდი და თანაც ბევრს, აუცილებლად უნდა ვაჩვენო ერთი ცალი და იმ დღესვე გეტყვი პასუხს. ეს ის არის რაც ჩვენ გვინდა თუ არა. მ2 - კი, რა თქმა უნდა. ფასი, 70 დოლარია; მ- 70 დოლარი, ცალი ხო?; მ1 - კი“.
ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაშიფრული კრებსის თანახმად (კრებსის რეგისტრაციის N1360, გაფორმების თარიღი 10.03.2018), საუბრობს სამი მამაკაცი - მ და მ1 კ---სთან ერთად. საუბარი ძირითადად შეეხება შესაძენი ნარკოტიკული საშუალების რაოდენობას და გადასახდელ თანხას. ასევე ითვლიან თანხას და კონტეინერებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალებებია მოთავსებული. მათი საუბარი არის შემდეგი შინაარსის: ,,მ - როგორ არის ჩვენი საქმეები?; მ1 - არა უშავს. თქვენ რას შვრებით, რა გადაწყვიტეთ? უთხარი უკვე?; მ - ჩამოვყალიბდით (ქართულად მიმართავს მ2-ს). შენ არ გისაუბრია?; მ1- კი, კი, ყველაფერი მიამბო; მ - ნუ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ მოგვეწონა, დავიწყოთ მუშაობა და შემდეგ გამოჩნდება რა იქნება. თქვენ არ ხართ ჯერ მზად?; მ1- მზად ვარ. მ - ნუ, „ვსიო“, მეც მზად ვარ. უბრალოდ ერთი რამის თქმა მინდა კ---, კ - ჰო. - რომ ამ ყველას, ათასივე ცალს ხომ ვერ ... მ1- (აწყვეტინებს) არა, 700 ცალია; მ- 700? მ1- ჰო; კ - და სამასს დღეს გვიან (არ ასრულებს აზრს); მ - კი ბატონო, იყოს. მაგრამ ერთი მომენტია, კ---, რაც ვნახეთ ესეც ისეთივე უნდა იყოს, მე ათასს ... კ. (აწყვეტინებს) კი. - უბრალოდ დამაგვიანდა და ბანკში დოლარები არ ჰქონდათ, ლარები ავიღე. (იღებს ცელოფნის პარკს და დებს მაგიდაზე) ას სამოცდაათი რაღაც ათასი ლარი მაქვს აქ. ე.ი. ნაკლები დაგვჭირდება ჯერ, ჰო?; კ - ჰო, რა. დ-----ვალოთ; მ - დ-----ვალოთ, ჰო. საქონელი თან გაქვთ, რომ შევხედო?; მ1- (აწვდის მანქანის გასაღებს) კ---, მოიტან?; კ - მომე. (კ--- დგება და გადის ბარიდან.); მ - ეს ჩემმა ბიჭებმა გადაითვალეს (მიუთითებს ფულზე). 2.45-ია კურსი, რა; მ1 - 2.45-ზე. 700 ცალი იქნება, ჰო? ე.ი. ჩვენ უნდა (არ ასრულებს აზრს). ანგარიშობს ტელეფონში. გვიან იწყებენ მუშაობას და ჯერ არავინ არაა. მ1- ღამე მუშაობენ, ჰო?; მ - კი, დილამდე გუგუნებენ. ჩვენ გამოვედით მაგ ასაკიდან; მ1- ჰო; მ - ე.ი. (უჩვენებს ტელეფონში ნაანგარიშებს) 171.5 გამოდის. ეს უნდა გავამრავლოთ 700-ზე. აი, 120 ... (არ ასრულებს)“.
,,ბარში შედის კ---, რომელსაც შემოაქვს ყუთი და დებს მაგიდაზე. მამაკაცი ტელეფონს აწვდის მ1-ს; მ - აი, კალკულატორი, ძმაო, საქმე საქმეა, მიდი შენ თვითონაც იანგარიშე. მ1 ანგარიშობს; კ - რამდენი გამოდის? მ1- 120.50 მ- 120.50 სწორია? მ1- (თანხმობის ნიშნად უქნევს თავს.); მ - მოდი ჯერ ვნახავ. კ--- მ1-ს აწვდის ცელოფნის პარკს, რომელშიც ფულია და ეუბნება, რომ გადადოს დაბლა. მამაკაცი ყუთიდან იღებს შედარებით პატარა ყუთებს და ეკითხება მ1-ს რამდენი ცალია ერთ ყუთში. მ1 პასუხობს, რომ 100 ცალია. - ე.ი. 7 ესეთი ყუთი უნდა იყოს, ჰო? (ალაგებს პატარა ყუთებს დიდი ყუთიდან, ხსნის და ათვალიერებს თითოეულ ყუთს და დებს იატაკზე.) იგივე საქონელია, ჰო?; მ1- კი:- იგივეა. მ1- მანდ 4 ცალი დიდებია“.
ბრალდებულმა ჰ--------- ს-----------მა წარდგენილ ბრალდებებში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2013-2014 წლებში გაიცნო კ------- დ----------, რომელთანაც მეგობრობდა, ამიტომ ხშირად ხვდებოდა მას. 2018 წლის იანვარში ჩამოვიდა საქართველოში და კ------- დ----------ს ჩამოუტანა მარიხუანა. მისი ჩამოტანილი მარიხუანა კ------- დ----------ს მოეწონა. მან კ------- დ----------სგან იცოდა, რომ მარიხუანას მოწევა და გასაღება საქართველოში პრობლემას არ წარმოადგენდა და მხოლოდ ჯარიმით ისჯებოდა. კ------- დ----------მ შეთავაზა კლიენტის პოვნის შემთხვევაში საქართველოში მარიხუანის ჩამოტანა. მან იცოდა, რომ კ------- დ---------- ადრე მუშაობდა პოლიციაში, ამიტომ დაუჯერა, დაინტერესდა მისი შეთავაზებით და დაიწყო იმ ადამიანის მოძიება, ვინც დაეხმარებოდა ამ ნივთიერების საქართველოში შემოტანაში. იგი დაუკავშირდა ერთ პირს ამერიკაში, რომელიც ვაჭრობდა მარიხუანით. კ------- დ----------მ მას გააცნო ზ------ ჭ--------ი, რომელიც დაინტერესებული იყო ამ ნივთიერებით. ჰ--------- ს-----------მა ასევე დაადასტურა, რომ იგი შეხვდა კ------- დ----------ს და ზ------ ჭ--------ს, რა დროსაც გადასცა ნარკოტიკული საშუალებები, თუმცა მისთვის ცნობილი არ იყო, რომ მის მიერ ჩამოტანილ მარიხუანას ჰქონდა დანამატი, რადგან ეგონა, რომ შემოიტანა სუფთა მარიხუანა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ჰ--------- ს-----------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში (2018 წლის 9 მარტის ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ კვალიფიკაციის ნაწილში. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში, რომელთა თანახმად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე მოპოვებული იქნა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ ჰ--------- ს-----------ის ავტომანქანის ჩხრეკისას, კ------- დ----------ზე გადაცემული, ასევე ბრალდებულისგან საკონტროლო შესყიდვის შედეგად ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველ ზეთოვან სითხეს. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ განაჩენის გასაჩივრებულ დებულებებზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამავე მუხლით დასჯადია ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, რაც გულისხმობს სხვა პირისათვის ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი ხერხით გადაცემას (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა და ა.შ.) როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2017 წლის 26 ივლისის N1221-რს კანონით კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის. აღნიშნული მუხლით, ზემოთმითითებული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება გამოეყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ნორმად, შესაბამისად, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლით.
დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“ შეიცავენ „მარიხუანა“ და „კანაფი“, რის გამოც არასწორია ჰ--------- ს-----------ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით და წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-6 და მე-10 ნაწილებზე, რაც პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N1-ის თანახმად, „ტეტრაჰიდროკანაბინოლები“, შემდეგი „იზომერები“ და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები წარმოადგენს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას. ამავე კანონის დანართი N2-ის (ნუსხის) 164-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) 0,005 დან 0,5 გრამამდე წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას, 0,5-დან 5 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 5 გრამზე მეტი - განსაკუთრებით დიდ ოდენობად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჰ--------- ს-----------ის მიერ საკონტროლო შესყიდვისას კ------- დ----------სთვის გადაცემულია არა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, ან მცენარე კანაფი (რომლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლით), არამედ ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მიერ მითითებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება (2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე ბ----–------–---–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არ წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო.
საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა მარიხუანაზე და შესაბამისად, მისი ოდენობიდან გამომდინარე (მშრალი 70 გრამამდე და 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით ნედლი 100 გრამამდე) თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია მარიხუანის ან მცენარე კანაფის შემადგენელი ნივთიერების ოდენობაზე, არც მის საშიშროებაზე და არც ოდენობაზე, არც გარკვეულ ექსტრაქტებზე ან ნაყენებზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებაში აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკითხი - სადავო ნორმა შეიცავდა თუ არა იმავე შინაარსის ქცევის წესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად - უნდა შეფასებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ძირითადი სტანდარტების, კრიტერიუმების მიხედვით:
ა) ნორმა უნდა იწვევდეს იგივე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას;
ბ) უფლების შეზღუდვა უნდა ხდებოდეს მსგავსი სამართლებრივი საშუალებით;
გ) უნდა იწვევდეს იდენტურ ან არსებითად მსგავს სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, სასამართლო საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს დავის ფარგლებში გასაჩივრებული ნორმის შინაარსის გაანალიზებას, უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის არსთან მიმართებით.
ზემოთმითითებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციური წარდგინებებით გასაჩივრებული ნორმა, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, ითვალისწინებდა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენა/ შენახვის გამო პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით. სხვაობა სადავო და არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს შორის იყო მხოლოდ ამ ნარკოტიკული საშუალების ოდენობაში და, შესაბამისად, მისი შეძენა/შენახვისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეში. სადავო ნორმა ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას 50 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა/შენახვისათვის, 70 გრამზე ნაკლები ოდენობის გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ოდენობით ამ ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვისაც, ნებისმიერი ხანგრძლივობით და, მათ შორის, სადავო ნორმით გათვალისწინებული ვადით თავისუფლების აღკვეთა მიიჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დამძლევ და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურ ნორმად.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე ბ----–------–---–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დამძლევ ნორმად და ძალადაკარგულად იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის. 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებაში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ მომხდარა მითითება, გამომშრალ და ნედლ მდგომარებაში არსებული მარიხუანას განსხვავებული მახასიათებლების შესახებ და რომ სადავო ნორმით განსაზღვრული ნედლი მარიხუანის მოცულობა (100 გრამამდე), ნარკოტიკული თრობის ეფექტის თვალსაზრისით, არ არის 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის მოცულობაზე მეტი და ვერ მიიჩნევა ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობად, რომელიც თავისთავად ქმნის მისი გასაღების საფრთხეს.
მოცემულ შემთხვევაში, ჰ--------- ს-----------ს, მსჯავრი დაედო არა ნარკოტიკული საშუალება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი ან ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენა/ შენახვის გამო, არა მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღების გამო, არამედ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 164-ე გრაფაში მითითებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შეძენა-შენახვისთვის და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აღნიშნული ნივთიერების გასაღებისთვის.
მოწმე გ-------– ქ----–----ის განმარტებით „ტეტრაჰოდროკანაბინოლი“ მიიღება მცენარე კანაფის გადამუშავების შედეგად და იწვევს ნარკოტიკულ თრობას. მოწმე ა-–---------- დ--------ის განმარტებით კი, სითხე, რომელიც ექსპერტიზაზე იქნა წარდგენილი, გამოყოფილია მცენარე კანაფისგან და გაცილებით მაღალი ხარისხით შეიცავს ტეტრაჰიდროკანაბინოლს, ვიდრე მარიხუანა. პალატა არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ნარკოტიკული საშუალება კანაფის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება გაიგივებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლით დასჯად მცენარე კანაფთან ან მარიხუანასთან. მცენარე კანაფი ან მარიხუანა წარმოადგენენ ნარკოტიკული საშუალების შემცველ საშუალებებს და მათი ოდენობები განისაზღვრება არა მათში შემავალი კომპონენტების (მაგალითად ტეტრაჰიდროკანაბინოლის) წონით, არამედ თავად მცენარის მასით.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ჰ--------- ს-----------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი პალატას დადასტურებულად მიაჩნია, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით. ცხადია, რომ სითხე, რაც უკანონოდ შეძენილი ჰქონდა ჰ--------- ს-----------ს და ინახავდა, არ წარმოადგენდა მარიხუანას ან კანაფს, ხოლო მცენარეში შემავალი ნივთიერება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დასჯად ქმედებას.
საქმის მასალებიდან, ექსპერტიზის დასკვნებიდან და ექსპერტთა ჩვენებებიდან გამომდინარეობს, რომ ჰ--------- ს-----------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა არა მცენარე კანაფი, არა მარიხუანა, არამედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 239,9755 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაასაღა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და არ არებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია. განაჩენში დეტალურად არის გაცემული პასუხი დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, დასაბუთებულია თითოეული მსჯელობა, მათ შორის სასჯელის ნაწილშიც, რის გამოც განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ჰ--------- ს-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენი.
ჰ--------- ს-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შეძენისა და შენახვის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 9 მარტის ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ჰ--------- ს-----------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჰ--------- ს-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 მარტიდან.
ჰ--------- ს-----------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის თაობაზე ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
▪ დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
▪ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
▪ ფულადი თანხა - 51,200 ლარი და 120,050 ლარის ოდენობით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს;
▪ ჰ--------- ს-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა - 55 ლარი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
▪ პოლიეთილენის პარკი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
▪ ჰ--------- ს-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის მობილური ტელეფონი, 2 ცალი ბანკის შემოსავლის ორდერი, ერთი ყვითელი ქაღალდი წარწერებით, ერთი ჩეკი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
▪ შპს ,,ჯ-------------------გან“ ამოღებული გზავნილი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე