განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100119002870461
საქმე №1/ბ-696-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ------–-–--–--ე
გამართლებული: ზ---------------ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №3----------), დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ქ--------–-----------------–---------------------- (მონაწილეობის გარეშე);
ადვოკატი: დ----------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ---------------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 21 იანვარს, საღამოს საათებში, ქალაქ ქ------–---–-, რ---------–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ---------------ემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ თავის მეუღლე ნ------------–---–ს მინის ნატეხის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ნ------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნულის გამო, ზ---------------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის განაჩენით: ბრალდებული ზ---------------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა. გამართლებულ ზ---------------ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ. ზ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს ზ-------------ეს (პ/ნ 3----------) მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკში“ გადახდილი გირაოს თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (დოკუმენტის N1------ თარიღი: 29/01/2019წ)
სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, ზ---------------ემ ჩაიდინა ძალადობა. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ---------------ის მიმართ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მისი მხრიდან 2019 წლის 21 იანვარს ნ------------–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტს, რადგან ზ---------------ის მიერ ნ------------–---–ის მიმართ მუქარის თაობაზე ინფორმაციის მომცემია მხოლოდ ლ---------------ის და ზ---------------ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულის და ბრალდებულის ჩვენებები, რომლებიც არ წარმოადგენს ურთიერთშეთანხმებულს და არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობის მომცემი.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პ------–-–--–--ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ზ---------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით: სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ ზ---------------ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული, კერძოდ დაზარალებულ ნ------------–---–ის, მ--------------ის ჩვენებებით, ლ---------------ისა და ზ---------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, მ----------------ის, მ------------–--–---–ის, გ----------------ძის, მ-----------------ის, მ--------------–-–---–ის, ე-------–----ის ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, მეუღლესთან ოჯახური კონფლიქტი არ უარყო თავად ზ---------------ემაც.
დაცვის მხარეს წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულ ზ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ზ---------------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ---------------ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა ზ---------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ თურქეთში დადიოდა სამუშაოდ; გარკვეული თანხა დააგროვა და ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში შეიტანა; როცა დაბრუნდა თურქეთიდან, არ მოეწონა მათი საქმიანობა და მოისურვა თანხის დაბრუნება, რამაც გაანერვიულა მისი მეუღლე ნ------------–---–ი; არ ამხელდა და შემდეგ გაიგო, რომ თანხა მიუცია მისი დედისთვის, საზღვარგარეთ წასასვლელად; ამაზე მოუვიდათ უთანხმოება; არ სურდა მასთან კონტაქტი და ტელეფონის ნომერიც გამოცვალა; იმყოფებოდა აღმოსავლეთში მშობლების სახლში, როცა დაბრუნდა ქ------–---–- 2019 წლის 21 იანვარს საღამოს მივიდა ბინაში, სიტყვიერი შეურაცხყოფა ნამდვილად მიაყენა, ეკითხებოდა რატომ გამოიცვალა ნომერი; ამ დროს გაიქცა და ჩაიკეტა სააბაზანოში; რაც შეეხება სამზარეულოს კარს ის გასვლისას გაედო გვერდით, მიენარცხა კედელს და მინა ჩამოვარდა, მას მინა არ ჩაუმტვრევია; თავად დაიწყო ბავშვთან ერთად მისი აკრეფა და დასუფთავება, ამ დროს ნ------------–---–ი გამოვიდა სააბაზანოდან ბავშვს მოკიდა ხელი და გაიქცა სახლიდან; გინება ნამდვილად იყო, შეურაცხყოფა მიაყენა ნ------------–---–ს ის სიცოცხლის მოსპობით მეუღლეს არ დამუქრებია; იქვე იყო უფროსი ბავშვი, ის შეესწრო ამ ფაქტს; ფიქრობს, რომ ტელეფონის ნომერი გამოცვალა ალბათ იმიტომ, რომ არ მოეკითხა ეს თანხა; მას ნ------------–---–ი თვითონ ემუქრებოდა რომ პოლიციაში განაცხადებდა მას დააწერინებდა, წარმოდგენილი აქვს ამონაწერი; თვითონ ყოველთვის საქმიანობს, აქვს შემოსავალი და მისი მეუღლის ოჯახის დახმარება მას არ სჭირდებოდა; ის ოჯახს არჩენდა და არჩენს; თანხა მეუღლის სახელზე ჰქონდა შეტანილი, თუმცა მისი იყო, მის გარეშე ისე, რომ არ გააგებინეს, გამოიტანეს და გახარჯეს; ეს იყო მხოლოდ უთანხმოების მიზეზი და თავად ნ------------–---–ი არიდებდა თავს ამაზე საუბარს და ტელეფონის ნომერიც ამ მიზეზით გამოცვალა ალბათ; იმ დღეს ხმამაღალი საუბარიც არ ყოფილა ბავშვებს ხილი მიუტანა და ჰკითხა ტელეფონის ნომერი რატომ გამოცვალა; სამზარეულოს მინა კიდე განმარტავს, რომ ჩაიმტვრა, გვერდი გაარტყა, კარი მიენარცხა კედელს და მინა ნაჭრებად იყო ჩასმული, პატარა ლურსმნებით გამაგრებული და ჩამოვარდა ძირს; შემდეგ ის ლ----სთან ერთად აკრიბა, კარებზე ხელიც არ მიურტყამს; უფროსი შვილი იქ იყო იმ დღეს კომპიუტერს თამაშობდა, იქ იყო უმცროსიც; უთანხმოების დროს გვერდით ოთახში იყვნენ; კარიც ღია იყო ჩანდა ყველაფერი და ესმოდათ (იხ ოქმი 15.07.2019წ 12:17:17 სთ-12:24:19სთ);
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ------------–---–მა საქმის განხილვისას განაცხადა, რომ მეუღლესთან ზ---------------ესთან აქვს ბოლო პერიოდში უთანხმოება; ჰყავს ორი შვილი ლ---------------ე 14 წლის და ზ---------------ე 7 წლის; ზ---------------ეს აქვს პათოლოგიური სიმთვრალე, ძალიან ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას; 2014 წელს ზ---------------ემ იძალადა მასზე, მაგრამ იმ დროს პოლიციის განყოფილებაში არ განუცხადებია, შეურიგდა და კვლავ ერთად ცხოვრობდნენ; ბოლოს 2018 წლის დეკემბრის თვეში უთანხმოება მოუვიდათ და დაცილდნენ, იმ პერიოდში ბინა ქირით ვერ იშოვა და წავიდა კახეთში მშობლებთან; სწავლის დასაწყისისთვის ჩამოვიდა, 2019 წლის 21 იანვარს ზ---------------ე მივიდა მასთან სახლში, იყო ძალიან აგრესიული და ნასვამ მდგომარეობაში; შესვლისთანავე დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება, თუ რატომ გამოცვალა ტელეფონის ნომერი, რომ იყო არაქალი და თითქოს ჰყავდა სხვა მამაკაცი; სამზარეულოს კარი ჩაიმტვრა, აიღო მინისნატეხი და დაემუქრა, რომ მოკლავდა და დაჩეხავდა, შეშინებული შევარდა სააბაზანოში, ჩაკეტა კარი, ამ დროს მოვიდა მისი უფროსი შვილი და ჩადგა შუაში, ანუ დაუდგა მამამისს წინ და შეაჩერა; თავად გამოვიდა სააბაზანოდან, სწრაფად უმცროს შვილთან ერთად დატოვა ბინა და ღამით მივიდა ახლობლის მ--------------ის სახლში; იქ გაათია ღამე და მეორე დღეს განაცხადა პოლიციის განყოფილებაში; იმ დროს როცა ზ---------------ე მოვიდა, უმცროსი შვილი იჯდა კომპიუტერთან მეორე ოთახში და ის დაინახავდა და გაიგონებდა, რაც შეეხება უფროს შვილს, ის შემოვიდა იმ დროს, როცა მინის ნატეხით ხელში ზ---------------ე ემუქრებოდა, რომ მოკლავდა და დაჩეხავდა, ამ დროს დაუდგა მამას წინ და შეაჩერა; აქამდე არ აცხადებდა ზ---------------ის ქმედებების შესახებ, ამჟამადაც არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას, რადგან ის ბავშვების მამაა და მათ პატივს სცემს; უბრალოდ მასთან ურთიერთობა აღარ ჰქონდეს (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 13:44:16სთ-13:52:55სთ);
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--------------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 21 იანვარს ღამით მივიდნენ მასთან სახლში ნ------------–---–ი თავისი უმცროსი შვილით; მეორე დღეს დილით წავიდა სამსახურში, იმ ღამით მას უთხრა, რომ ზ---------------ესთან კონფლიქტი მოუხდა, უფროსი შვილი, ლ---------------ე გადაეფარა და ამის შემდეგ დაანება თავი; ზ---------------ე მთვრალი იყო და ცდილობდა მინის ნაჭერით დაეზიანებინა; მთელი ღამე ნერვიულობდა და მეორე დღეს სად წავიდა და რა განაცხადა არ იცის; მისთვის ცნობილია, რომ ადრეც ჰქონიათ კონფლიქტი; რა სიტყვებით დაემუქრა ნ------------–---–ს მისთვის არ უთქვამს და არ იცის (იხ ოქმი 04.07.2019წ 13:25:55სთ-13:32:19სთ);
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმე არ წარმოადგენს ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველ) პირს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მის მიერ მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეებმა საქმეში არსებული ყველა დანარჩენი მტკიცებულება უდავოდ მიიჩნიეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია, კერძოდ:
2019 წლის 22 იანვარს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ნ------------–---–ის განცხადება, მასზედ, რომ მას 2019 წლის 21 იანვარს მეუღლე ზ---------------ემ მასთან სახლში მისვლისას კარის მინა ჩაამტვრია და გატეხილი მინით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ არ წავიდოდა და იძულებული გახდა უმცროს შვილთან ზ---------------ესთან ერთად წასულიყო სახლიდან (იხ. ს.ფ. 1-2);
არასრულწლოვანი ლ---------------ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ სწავლობს მე-9 კლასში, სახლში ბრუნდება საღამოს; რადგან დადის ფეხბურთზე; იმ დღეს 2019 წლის 21 იანვარს, როცა სახლში დაბრუნდა იქნებოდა დაახლოებით 22:00 საათი დაწყებული, როცა შევიდა სახლში, დაინახა, რომ მისი მამა - ზ---------------ე იყო გაბრაზებული და ექაჩებოდა სამზარეულოს კარს, რომელიც გამოაღო, იქედან გამოვარდა მისი დედა, ის ჩადგა მათ შორის, ჰკითხა თუ რა ხდებოდა, მისმა დედამ ნ------------–---–მა კი ჩაკიდა მის უმცროს ძმას ხელი და ისე, რომ არაფერი არ უთქვამს მისთვის - წავიდა; მამას ჰკითხა და უპასუხა, რომ დედამისმა ტელეფონის ნომერი გამოცვალა, რომ არ დაერეკა მისთვის და მიეწერა, რის გამოც ის იყო გაბრაზებული და იგინებოდა დედის მისამართით; დედას და მის ძმას აღარ გაყოლია, მიწერა ტელეფონზე და იქედან შეიტყო, რომ იმყოფებოდა მისი ძმის ნათლიას სახლში, იმიტომ წავიდა, რომ მამამისი მოკვლით ემუქრებოდა; თვითონ იმ ღამით სახლში დარჩა; აზუსტებს, რომ როცა საღამოს სახლში მივიდა, მამამისი ზ---------------ე იგინებოდა დედის მისამართით, ამ დროს კიდევ სახლში იყო მისი უმცროსი ძმა ზ---------------ე; ამ დროს მის მამას დედისთვის არ მიუყენებია რაიმე სახით ფიზიკური შეურაცხყოფა; მხოლოდ აგინებდა, როცა მივიდა დედამისი გავიდა მის უმცროს ძმასთან ერთად სახლიდან და კონფლიქტიც დასრულდა; მას მამისთვის შუშის ნატეხი ხელში არ დაუნახავს; მშობლებს შორის კონფლიქტსაც პირველად შეესწრო; მის მიმართაც ორივენი არიან მზრუნველები და შვილების მიმართ არასდროს მიუყენებიათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (იხ ს.ფ.22-23);
არასრულწლოვანი ზ---------------ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 21 იანვარს საღამოს სახლში იყო დედასთან ერთად; მისი მამა ზ---------------ე იმყოფებოდა სამუშაოზე, ხოლო მისი ძმა ლ---------------ე წასული იყო ფეხბურთზე სავარჯიშოდ; თავად კომპიუტერზე მულტფილმებს უყურებდა, საღამოს მამა მოვიდა გაბრაზებული, მივიდა დედამისთან და უყვირა, თუ რატომ გამოცვალა ტელეფონის ნომერი, მოულოდნელად გატეხა კარის მინა ხელით, მისი დედა ამის გამო იყო შეშინებული, რის გამოც წაიყვანა სახლიდან მის ნათლიასთან; იმ საღამოს მამას -ზ---------------ეს დედამისი არც უცემია და არც ჩამტვრეული შუშით დაუზიანებია; ის მხოლოდ უყვიროდა მის დედას, ნ------------–---–ს და აგინებდა, როცა ხელი ჩაკიდა და მიყავდა სახლიდან, მაშინ მოვიდა ლ---- - მისი ძმა; მანამდე სახლში მხოლოდ სამნი იყვნენ, თვითონ და მისი დედა და მამა (იხ. ს.ფ. 17-18);
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 22 იანვარს, ქ.ქ------–---–-, რ---------–------------------------ში, ზ---------------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ იქნა ამოღებული.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ზ---------------ე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 2019 წლის 25 ინვარს 21:20 საათზე, ქ.ქ------–---–-, რ---------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე (იხ. დაკავების ოქმი, ს.ფ.53-57);
რაც შეეხება საქმეში განთავსებულ სხვა მტკიცებულებებს, ისინი არ შეიცავენ საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ---------------ე წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება როგორც მეუღლე, მათ შორის განქორწინებული, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.
მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი, თუ გარემოება.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ზ---------------ის ბრალდების დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ნ------------–---–ის ჩვენება, რომლითაც დაზარალებული ამხელს ზ---------------ეს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში და ასევე, არასრულწლოვანი მოწმეების: ზ---- და ლ---------------ეების გამოკითხვის ოქმები, რომელთა ანალიზით უტყუარად არ დადგინდა ზ---------------ის მიერ 2019 წლის 21 იანვარს მეუღლე ნ------------–---–ის მიმართ ბრალის შესახებ დადგენილებით აღწერილი გარემოებები, კერძოდ, ზ---------------ის მხრიდან ნ------------–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მით უფრო, როდესაც პირველ ინსტანციაში საქმის სასამართლო განხილვის დროს, თავად ზ---------------ემ არ დაადასტურა მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი და განმარტა, რომ დაზარალებულს მიაყენა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა. შესაბამისად, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ---------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხულ მუქარის ჩადენის ფაქტს, რომელიც გამოიხატებოდა დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობაში, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო, ზ---------------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში.
მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობისათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და ზ---------------ე სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, ზ---------------ის მიმართ, 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ------–-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის განაჩენი, ზ---------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.ზ---------------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
4.გამართლებულ ზ---------------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
5.ზ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია, შესაბამისად, გირაოს შემტან ზ-------------ეს (პ/ნ 3----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკში“ გადახდილი გირაოს თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (დოკუმენტის N1------, თარიღი 29/01/2019წ);
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/