განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100119002833935
საქმე №1ბ/1188-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ--------------–---–ის
ადვოკატის: ლ-------------ის
მსჯავრდებულის: ვ--–-----–-----–---ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ვ--–-----–-----–---ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ვ--–-----–-----–---ს, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #1----------), არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: ზ----------------------------–------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: გ-----------------------------–------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--–-----–-----–---მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ვ--–-----–-----–---მ, გ-----------------------------–------------ში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა მეუღლეს, ა-–--–--------ეს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21ივნისის განაჩენით:
ვ--–-----–-----–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინებით ვ--–-----–-----–---ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გაგრძელებული გამოსაცდელი ვადა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, ვ--–-----–-----–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა და ვ--–-----–-----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 დეკემბრის 02:25 საათიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ--–-----–-----–---მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ--–-----–-----–---ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21ივნისის განაჩენი ვ--–-----–-----–---ს მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა ვ--–-----–-----–--ს მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ--–-----–-----–--ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში, საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად ვერ დასტურდება მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა არ ეთანხმება რა აპელანტის პოზიციას, აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ--–-----–-----–---ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ა-–--–--------ემ განმარტა, რომ ექვსი თვეა, რაც ვ--–-----–-----–---სთან ერთად ცხოვრობს, ხოლო ორი თვეა, რაც გ-----------------------------–------------ში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. 2018 წლის 30 დეკემბერს, ვ--–-----–-----–---მ დალია არაყი, შემდეგ - ლუდი. იმ საღამოს, ვ--–---მა მას (დაზარალებულს) სულ ოთხჯერ დაარტყა, ჯერ - ნიკაპზე, მერე - ცხვირზე, ლოყასა და სახეზე. ოთხივე დარტყმის დროს ეტკინა. ცხვირზე ხელი რომ დაარტყა, ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. შემდეგ ლოყაზე დაარტყა ხელი და თან ეუბნებოდა, რომ მას (ლ-----–---ს) პოლიციის არ ეშინოდა. მან (დაზარალებულმა) ვ--–---ს სთხოვა - არ ეცემა, მაგრამ ვ--–---მა ხელი ჩაარტყა თავში და მას (დაზარალებულს) გული წაუვიდა, გრძნობა დაკარგა. შემდეგ იგი (ა-–--–--------ე) ჩუმად გამოვიდა გარეთ და წავიდა მეზობელ - ლ-----------–-----–---–თან, რომელსაც უთხრა, რომ ვ--–---ი ნასვამი იყო და იწვა. მეზობელს ტელეფონი სთხოვა, გარეთ გავიდა და პოლიციაში დარეკა. პოლიციაში დარეკვამდე მეზობელთან იყო დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში. მეზობლისთვის არ უთქვამს, პოლიციაში რომ რეკავდა. ვ--–-----–-----–--- ხშირად სვამს ალკოჰოლურ სასმელს და ყოველთვის სცემს მას (დაზარალებულს), ურტყამს სახეზე, თავში. მიზეზი არის ეჭვიანობა, მეზობელთანაც არ უშვებდა, ჩაკეტილი ჰყავდა სახლში. შემთხვევის დღეს, საღამოს, როდესაც მეზობელთან იყო გასული, ვ--–---იმ მათი შეძენილი ყველა ნივთი დაამტვრია. იგი (დაზარალებული) არ პატიობს ვ--–-----–-----–---ს ჩადენილს და სურს მისი დასჯა.
მოწმე ლ-----------–-----–---–ის განმარტებით, ცხოვრობს გ-----------------------------–------------ში. ორი თვეა, ნაქირავებ ბინაში, მეზობლად ცხოვრობენ ვ--–-----–-----–--- და მისი ცოლი ა-–--–--------ე. 2018 წლის 30 დეკემბერს, საახალწლოდ ემზადებოდა. საღამოს, მასთან მივიდა ა-–--–--------ე, რომელიც იყო ნამტირალევი. ა-–--–-მ უთხრა, რომ ვ--–---მა სცემა. ა-–--–-ს სახეზე რაიმე ცემის კვალი არ ეტყობოდა, მხოლოდ ნამტირალევი იყო. მან (მოწმემ) დაამშვიდა ა-–--–- და მოთმინება ურჩია. ის (მოწმე) და ა-–--–- ოთახში ისხდნენ და არ საუბრობდნენ, რადგან იქვე ეძინა მის (მოწმის) მეუღლეს. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ ა-–--–-მ სთხოვა ტელეფონი და გარეთ გავიდა, უთხრა - დავრეკავ, ვ--–---ი თუ დამშვიდდაო. ა-–--–- დარეკვიდან ათ წუთში წავიდა. მესამე დღეს უთხრა ა-–--–-მ, რომ ვ--–---ი დაიჭირეს. სწორედ მაშინ გაიგო, რომ ა-–--–-ს მისი (მოწმის) ტელეფონით დაურეკავს პოლიციაში. არ იცის, სხვა დროს სცემდა თუ არა ვ--–---ი ა-–--–-ს.
მოწმე მ-------–---------–---–ის განმარტებით, ცხოვრობს გ-----------------------------–------------ში. ვ--–-----–-----–--- და ა-–--–--------ე ორი თვეა მის მეზობლად ცხოვრობენ. გაიგონა ყვირილის ხმა და მივიდა მეზობლებთან. იქ დახვდა ვ--–-----–-----–---, რომელიც იყო ნასვამი, ოთახში საოჯახო ნივთები - მაგიდა, სკამები, ტელევიზორი დამტვრეული იყო. ვ--–-----–-----–---ს ხელიდან სდიოდა სისხლი. მან (მოწმემ) შეუხვია ვ--–---ს ხელი და სთხოვა დამშვიდებულიყო. ა-–--–- არ უნახავს. როდესაც ვ--–---ის და ა-–--–-ს სახლში მივიდა, პოლიცია უკვე მისული იყო, რომლებიც გარეთ იდგნენ და ელოდნენ დამხმარე ძალას. ცემის ფაქტი არ დაუნახავს, მხოლოდ გაიგო, რომ ვ--–---ს ა-–--–- უცემია, ა-–--–- სახლიდან წასულა და პოლიცია გამოუძახებია. მას (მოწმეს) არ დაუნახავს, როდის დააკავეს ვ--–-----–-----–---, ასევე არ დაუნახავს, რომ ეს უკანასკნელი ვინმეს ეცემოს.
შს სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის, მოწმედ დაკითხული დ-----------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 31 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაზარალებულ ა-–--–--------ის შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ოპერატიული მუშაკები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, გ-----------------------------–------------ში, სადაც ცხოვრობს დაზარალებული ა-–--–--------ე მეუღლესთან, ვ--–-----–-----–---სთან ერთად. მან (მოწმემ), როგორც ამ საქმის გამომძიებელმა, ჩაატარა ყველა ძირითადი საგამოძიებო მოქმედება: გამოკითხა მოწმეები, დაზარალებული. დაზარალებული აცხადებდა, რომ სცემა მეუღლემ ვ--–-----–-----–---მ. ვ--–-----–-----–---მ დაამტვრია საოჯახო ნივთები. ვ--–---ს დაზიანებული ჰქონდა ხელი და სდიოდა სისხლი. მეზობელმა ქალმა, რომელიც მივიდა იმ დროს ვ--–-----–-----–---ს სახლში, მას ხელი შეუხვია და ცდილობდა, დაემშვიდებინა ვ--–-----–-----–---, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და აღელვებული. მის (მოწმის) მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწვეული იყვნენ ექსპერტები, სახლის პატრონი. დაზარალებულს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მოწმე ა-–---------------–ის განმარტებით, არის ექსპერტი და 2018 წლის 31 დეკემბერს, პირადი გასინჯვით ჩაატარა ა-–--–--------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდა, რომ ა-–--–--------ეს ნაცნობ პიროვნებასთან კონფლიქტი ჰქონდა და მიიღო დაზიანებები, კერძოდ: ნაჭდევები მარცხენა ლოყის არეში, ზომით 0,6X0,4 სმ და 0,3 X0,1 სმ. რომლებიც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 30.12. 2018 წელს. დაზარალებულს სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
მოწმე ვ--–-------------–---–ის განმარტებით, მუშაობს შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში. 2018 წლის 30 დეკემბერს, პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვით, ა-–--–--------ე ითხოვდა დახმარებას მეუღლის მიერ ცემის გამო. როდესაც შემთხვევის ადგილას, გ-----------------------------–------------ში მივიდა თავის მეწყვილესთან ერთად, იქ დახვდათ ა-–--–--------ე. დაზარალებულთან ერთად მივიდნენ მათ ნაქირავებ ბინაში, სადაც დახვდათ ვ--–-----–-----–---, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში. ნივთები იყო დამტვრეული და ვ--–---ის ხელიდან მოსდიოდა სისხლი. ამ დროს მოვიდა მეზობელი ქალი, ვ--–---ს ხელი შეუხვია და მის დამშვიდებას ცდილობდა. დაზარალებული იყო გარეთ და შემდეგ წაიყვანეს გამოძახებულმა პოლიციელებმა განყოფილებაში. იგი (მოწმე) დარჩა შემთხვევის ადგილზე. ვ--–-----–-----–--- ამტვრევდა ნივთებს და იყო აგრესიული. დაკავებისას პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა. ვ--–-----–-----–--- არავის უცემია და მისთვის პოლიციელებს შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. დაზარალებულს გარეგნულად დაზიანების კვალი არ ეტყობოდა, მაგრამ ამბობდა, რომ ვ--–---მა სცემა და მან განიცადა ტკივილი.
ვ--–-----–-----–---მ სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას ა-–--–-სათვის არასოდეს დაურტყამს და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია. მხოლოდ ზოგჯერ სიტყვიერად კამათობდნენ. მან (ვ--–-----–-----–---მ) შეიტყო, რომ ა-–--–-ს ადრე ინტიმური ურთიერთობა ჰქონია მის ძმასთან. ა-–--–-მ თავიდან უარყო ეს ფაქტი, მაგრამ შემდეგ დაადასტურა. იგი (ბრალდებული) ფიქრობს, რომ ა-–--–-მ ნახა ვიღაც სხვა მამაკაცი და მოცილების მიზნით აბრალებს, რომ თითქოს, ვ--–---ი სცემდა, გამოჰყავს მოძალადედ და სადისტად.
ზემოაღნიშნული და საქმეში არსებული წერილობით მტკიცებულებების, კერძოდ, - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ბრალდებულის დაკავების ოქმის, ექსპერტიზის დასკვნების - სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ--–-----–-----–---მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ვ--–-----–-----–---ს ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ვ--–-----–-----–---ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ვ--–-----–-----–--- აღნიშნავს - დაზარალებულ ა-–--–--------ეს მის მიმართ აქვს ინტერესი, იგი მიზანმიმართულად ცდილობდა სასამართლოს გამოეტანა გამატყუნებელი განაჩენი და რომ დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს სიცრუეს. სააპელაციო პალატა დეტალურად გაეცნო დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ინფორმაციას და მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ა-–--–--------ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულის ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს, ვინაიდან დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებული არის მიუკერძოებელი, ამასთან, სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის დროს, იგი იყო გულწრფელი. ამდენად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ მსჯავრდებულის აპელირება, რომ დაზარალებული ცრუობს და უსაფუძვლოდ ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში, მოგონილია და ემსახურება მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზანს. რაც შეეხება მსჯავრდებულის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულს მეზობელ ლ-----------–-----–---–ისათვის არ მიუწოდებია არანაირი ინფორმაცია კონფლიქტის შესახებ, აღნიშნულს პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოწმე ლ-----------–-----–---–ის განმარტებით, როდესაც მასთან ა-–--–--------ე მივიდა, იგი იყო ნამტირალევი. მასვე ა-–--–-მ უთხრა, რომ ვ--–---მა სცემა. მან (მოწმემ) დაამშვიდა ა-–--–- და მოთმინება ურჩია. რაც შეეხება აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, დაზარალებულსა და მოწმე ვ--–-------------–---–ის ჩვენებებს შორის არის წინააღმდეგობა, კერძოდ, დაზარალებული განმარტავს, რომ პოლიციის მისვლის დროს ვ--–-----–-----–--- იწვა, ხოლო ვ--–-------------–---–ი განმარტავს, რომ ვ--–-----–-----–--- ნივთებს ამტვრევდა. სააპელაციო პალატა აპელანტის მითითებულ არგუმენტს ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, - დაზარალებულმა დაკითხვის დროს განმარტა, რომ, როდესაც შემთხვევის საღამოს მეზობელთან იყო გასული, ვ--–---მა მათი შეძენილი ნივთები დაამტვრია, მეზობელთან წასვლამდე ნივთები დამტვრეული არ იყო. რაც შეეხება ვ--–-------------–---–ს, მისი განმარტებით, დაზარალებულთან ერთად მივიდნენ მათ ნაქირავებ ბინაში, სადაც დახვდათ ვ--–--- ლ-----–---, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში. ნივთები იყო დამტვრეული და ვ--–---ს ხელიდან მოსდიოდა სისხლი. ამ დროს მოვიდა მეზობელი ქალი, ვ--–---ს ხელი შეუხვია და მის დამშვიდებას ცდილობდა. ვ--–-----–-----–--- ამტვრევდა ნივთებს და იყო აგრესიული, დაკავებისას პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ განმარტებას მოწმე ვ--–------------–--ლის ჩვენება უფრო ადასტურებს და მათ ჩვენებებს შორის არანაირი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა არ არსებობს. ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს შემთხვევეის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათებით დადგენილ გარემოებებს. კერძოდ, შემთხვევის ადგილის (საცხოვრებელი სახლის) დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ სახლის პირველ სართულზე საცხოვრებლად მოწყობილ ოთახში ნივთები გადმოყრილი და დამტვრეულია, მაგიდა წაქცეული და ტელევიზორი გადმოგდებულია, წაქცეულია საწოლი და დამტვრეულია ჭურჭელი. ბრალდებულის დაკავების ოქმით კი დგინდება რომ ვ--–-----–-----–---მ დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისთვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ვ--–-----–-----–---ს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ვ--–-----–-----–---სათვის რეციდივის წესით და შემდგომ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ვ--–-----–-----–---სათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ვ--–-----–-----–---ს მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ--–-----–-----–---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ--–-----–-----–---ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ--–-----–-----–---ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ვ--–-----–-----–---ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ვ--–-----–-----–--- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინებით ვ--–-----–-----–---ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გაგრძელებული გამოსაცდელი ვადა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ--–-----–-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ ვ--–-----–-----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 31 დეკემბრიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ვ--–-----–-----–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე