განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119002965451
საქმე #1ბ/1190-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ----------------–---–ის
მსჯავრდებულის: ა-------------–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ა-------------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ--–----------------------–-–--------–ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-------------–-–---–მა ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 მარტს, საღამოს დაახლოებით 18:00 საათზე, თ--–----------------------–-–--------–ში, ა-–-------------------ის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, ა-------------–-–---–მა ცემა თ-------–---–---ე სახისა და ტანის არეში. კერძოდ, ხელისა და ფეხის გამოყენებით, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა თ-------–---–---ეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ასევე მიიღო მსუბუქი ხარისხსის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენით:
ა-------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას ა-------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, მსჯავრდებულს განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ა-------------–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეების - თ--------–---–---ის, თ----------------ის, ო-------–---–---ის, თ------------–---–ის, ჯ------------–---–ის, დ-----------–----ის გამოკითხვის ოქმების, ა-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმების და მის მიერ დანაშაულის აღიარების, სტაციონარული პაციენტის თ--------–---–---ის სამედიცინო დოკუმენტაციის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-------------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უსამართლო, ვინაიდან ა-------------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ არ გაითვალისწინა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება. ასევე, ის გარემოება, რომ ა-------------–-–---–ის მიერ ჩადენილია განზრახი, ძალადობრივი ხასიათის ქმედება. აგრეთვე, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ ა-------------–-–---–ი წარსულში ნასამართლევია განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ხულიგნობისათვის (იხ. სააპელაციო საჩივარი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ა-------------–-–---–ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. პალატა განმარტავს, რომ განზრახვა და ძალადობრივი ხასიათი, ზოგადად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის აუცილებელი მახასიათებელი ნიშნებია, რომლის გარეშეც მოცემული კვალიფიკაციით დანაშაული სახეზე არ გვექნებოდა. ამდენად, სასჯელის დანიშვნისას აღნიშნულ გარემოებებზე მითითება საფუძველს მოკლებულია და სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
რაც შეეხება მსჯავრდებულის წარსულში ნასამართლობას, რაზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში სასჯელის გასამკაცრებლად, როგორც ირკვევა, საქმეში არსებული, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 25 ოქტომბრის №2------- განკარგულებით მსჯავრდებული ა-------------–-–---–ი შეწყალებულ იქნა, გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და მოეხსნა ნასამართლობა. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა არ მიიღება მხედველობაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ა-------------–-–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. ა-------------–-–---–მა გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, იგი ნასამართლობის არმქონეა, ხოლო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, მსჯავრდებულს კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, აგრეთვე, ა-------------–-–---–მა სადავოდ არ გახადა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა-------------–-–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ა-------------–-–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული და პირობითად ჩათვლილი სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-------------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ა-------------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ა-------------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
პირობით მსჯავრდებულ ა-------------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით; მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
ა-------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე