განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.12.2019
საქმის ნომერი
330310019002937041
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3ბ/2370-19 06 დეკემბერი, 2019 წელი

№330310019002937041 ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ------- ღ----–----

წარმომადგენელი - ლ-------------–--

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ქ------- ღ----–----ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 მარტის №--------- ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. დაევალა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ------- ღ----–----ს ქ. ბათუმში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. ქ------- ღ----–---- არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის სახელზეც 2013 წლის 29 დეკემბერს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობით მას მინიჭებული აქვს 0-------- სარეგისტრაციო ნომერი და მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს აჭარა, ქობულეთი.

 

2.2. 2018 წლის 26 მარტს, ქ------- ღ----–----მ გააკეთა №4 განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე (დევნილის ს/ნ - 0--------), განცხადებაში მითითებულია ოჯახის წევრების შემადგენლობა: ქ------- ღ----–----. ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი - ქ. თბილისი, გ-–-------------------------------------.

 

2.3. საქმეში წარმოდგენილია ქ------- ღ----–----ს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმა, განსახლების ადგილია აჭარა, ბათუმი. განცხადებაში წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით, მოსარჩელეს მითითებული აქვს, რომ ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.50 ქულა, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან 1.00 ქულა. ქულათა რაოდენობა ჯამში შეადგენს 2.50 ქულას. მითითებულია, რომ სარეგისტრაციო ნომერზე არის მარტო. განაცხადს აკეთებს მარტო. შვილს - ა----- ღ----–----ს (კერძო 0--------------------------) საკუთრებაში გააჩნია ორი ბინა, ასევე გააჩნია არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა- ნაგებობით თანასაკუთრებაში.

 

2.4. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის თანახმად, განსახლების ადგილად მოსარჩელემ აირჩია ქ. ბათუმი. მითითებულია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია არც უძრავი ქონება და არც მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად, 1992 წლიდან 1997 წლამდე ცხოვრობდა ქობულეთში, 1997-2002 წლებში რუსეთში, ხოლო 2002 წლიდან ცხოვრობს შვილის - ა----- ღ----–----ს ბინაში ქირის გარეშე.

 

2.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 30 იანვრის №2 ოქმით დგინდება, რომ მოსარჩელეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი რადგან ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს მოსარჩელის შვილის სახლში ცხოვრების გამო (დააკლდა ქულა: მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან).

 

2.6. დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 მარტის №--------- ბრძანების თანახმად, ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ მე-3 მუხლის მე-14 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №2), ქ------- ღ----–----ს ამ ეტაპზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ქ. ბათუმში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 მარტის №--------- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა, დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ------- ღ----–----ს ქ. ბათუმში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

 

2.8. სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად-დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილია - სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია - დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.

 

აღნიშნული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.

 

ამავე წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში.

 

აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.

 

სასამართლომ მიუთითა ამავე წესის მე-6 მუხლზე, რომლითაც დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა.

 

2.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის ძირითად ამოცანებში და უფლებამოსილებებში შედის: დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება, განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ორგანიზება მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე; დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში დაცული მონაცემების ფორმირება, დახვეწა და დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად; დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; ობიექტების მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების განხილვა და რეაგირება.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017–2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე. აღნიშნული გეგმის 1.1. და 1.2. პუნქტების თანახმად, 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით ძალაში შევიდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“ (შემდგომში - სახელმწიფო სტრატეგია). სახელმწიფოს სტრატეგიის დამატებამ, რომელიც მიღებული იქნა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 დეკემბრის №854 განკარგულებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები მოაქცია სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში. სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია - დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა (სახელმწიფო სტრატეგიის მე-2 მიზანი).

 

ამავე გეგმის 1.3. პუნქტის თანახმად, 1.2. პუნქტში აღნიშნული სტრატეგიის მიზნის მისაღწევად, კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ, განახლებულ და განხორციელებულ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა, ხოლო 1.9. პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე - ქ------- ღ----–---- იძულებით გადაადგილებული პირია, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისთვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, მათთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს შვილის სახლში ცხოვრების გამო. აღსანიშნავია, რომ ქ------- ღ----–---- ცხოვრობს შვილის - ა----- ღ----–----ს საკუთრებაში არსებულ სახლში (ქ. თბილისი, გ-–--------------–-------------------------------------------------–-), დანარჩენ შვილებთან - მ-----–- ღ----–----სთან, მ------ ღ----–----სთან და შვილიშვილ - ა-------- ღ----–----სთან ერთად. ამ გარემოებიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ ჩათვალა საჭიროდ მოსარჩლის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და მიუთითა, რომ იგი შეუზღუდავად, ყოველგვარი სამართლებრივი ან ფაქტობრივი დამაბრკოლებელი გარემოების გარეშე სარგებლობს შვილის საკუთრებაში არსებული საცხოვრებლით, ამასთან აპელირებს, რომ ა----- ღ----–----ს გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართიც, შესაბამისად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელის ბინით დაკმაყოფილების საკითხის მომდევნო ეტაპზე განხილვა.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის ასაკზე და განმარტა, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქ------- ღ----–---- არის 87 წლის, აქვს დევნილის სტატუსი, რეგისტრირებულია შვილებისგან ცალკე ოჯახად - სარეგისტრაციო ნომრით 0--------, ამასთან არ მიუღია კომპენსაცია და ჯერ კიდევ არ არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ რა გონივრულ ვადას შეიძლება მოიცავდეს მომდევნო ეტაპი და რა ვადაში შეიძლება ხელახლა განხილულ იქნას მოსარჩელის ბინით უზრუნველყოფის საკითხი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე დაბადებულია 1932 წელს და მისი ასაკი შეადგენს 87 წელს. ამასთან, მოსარჩელეს განსახლების ადგილად მითითებული აქვს ქ. ბათუმი, თუმცა აჭარის რეგიონში უახლოეს პერიოდში დევნილთა განსახლება არ იგეგმება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტიურად უარი განაცხადა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

 

2.11. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 მარტის №--------- ბრძანება, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

 

2.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება. ამავე ბრძანების მე-4 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად სააგენტოს დირექტორი სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ერთეულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 მარტის №--------- ბრძანება, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას მიჩნეული იქნა უკანონოდ და ბათილად იქნა ცნობილი, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ------- ღ----–----ს ქ. ბათუმში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, დევნილთა ხანგრძლივვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა არ არის გაწერილი კონკრეტული თარიღებით. შესაბამისად, სააგენტო დამოუკიდებლად ვერ აიღებს ვალდებულებას, ამა თუ იმ კონკრეტული თარიღების მითითებით იკისროს საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახების დაკმაყოფილების ვალდებულება, ოჯახების კატეგორიების მიხედვით. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა პირდაპირ არის დამოკიდებული სახელმწიფოს ფინანსურ შესაძლებლობაზე და აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ამ მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, მოსარჩელისათვის საცხოვრებლის გამოყოფაზე უარის თქმა განპირობებულია შესაბამის სამართლებრივ აქტებში არსებული ნორმებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება არის კანონიერი და დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

აპელანტი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს "იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის" დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N240 განკარგულების 2.1.11 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება განიხილება ბოლო ეტაპზე და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. მოქმედი ნორმა, გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას და აღნიშნულით სურს, პირველ რიგში მოახდინოს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ - რათა უწინარესად მოხდეს ყველაზე უფროს შეჭირვებული დევნილების თავშესაფრით დაკმაყოფილება. ცხადია, ეს ნორმა არაფრით არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ეს ვალდებულება ცხადია ძალაში რჩება მათთან მიმართებითაც, ვისაც რაიმე ალტერნატიული საცხოვრებელი და თავშესაფარი გააჩნია.

 

აპელანტი განმარტავს, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირმა ქ------- ღ----–----მ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. მის მიერ შევსებული განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 2,5 ქულით (1,5 ქულა - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე, 1 ქულა - მატროხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან. შემდგომში მას ეს ერთი ქულა დააკლდა, ვინაიდან მისივე განმარტებით დადგინდა, რომ ცხოვრობს არა მარტო, არამედ შვილთან და შვილიშვილებთან ერთად). ზემოხსენებული აქტებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, განხორციელდა აპლიკანტის მიერ სააპლიკაციო განაცხადში მითითებული სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შემოწმება. აღნიშნული შემოწმების შედეგად სააგენტოს (სამინისტროს) მიერ მიჩნეულ იქნა, რომ აპლიკანტის ოჯახს ხელი მიუწვდებოდა ალტერნატიულ საცხოვრებელზე, რომელიც ფაქტიურად ოჯახის საკუთრებაა და შეუზღუდავად შეუძლიათ ამ საცხოვრებლით სარგებლობა, რის გამოც მიჩნეულ იქნა, რომ მას ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ გააჩნია.

 

"იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის" დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 ელის 13 თებერვლის N240 განკარგულების 2.1.11 პუნქტის თანახმად, იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება განიხილება ბოლო ეტაპზე, ხოლო დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას.

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმაში შეტანილი ინფორმაციის თანახმად, სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე (თბილისი, გ-–----------–------------------------------------------------------------–-). ვიზიტის დროს. მოსარჩელესთან გასაუბრებით და საჯარო რეესტრის ამონაწერით (თან ერთვის შესაგებელს) დადგინდა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ეკუთვნის მოსარჩელის ქალიშვილს ა----- ღ----–----ს. აღნიშნულ ფართში მოსარჩელე ცხოვრობს 2002 წლიდან დღემდე. ბინის მესაკუთრეა ა----- ღ----–----, რომელსაც აღნიშნული საცხოვრებელი საკუთრებაში გადაეცა როგორც დევნილს. თვითონ ა----- ღ----–---- ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ სხვა საცხოვრებელ სახლში (თბილისი, ც-------–------------------------–----------). მოსარჩელე ზემოხსენებულ საცხოვრებელში (თბილისი, გ-–----------–------------------------------------------------------------–-) ცხოვრობს მეორე ქალიშვილთან მ-----–- ღ----–----სთან (რომელიც, როგორც დევნილი საცხოვრებლით დაკმაყოფილებულია ქობულეთში), მესამე ქალიშვილთან მ------ ღ----–----სთან და შვილიშვილთან ა-------- ღ----–----სთან ერთად. ფაქტიური მდგომარეობით, უახლოესი ნათესაური კავშირით (დედა, 3 შვილი და შვილიშვილი) დაკავშირებული 5 წევრისგან შემდგარი ოჯახის 2 წევრი ვალ-ცალკე საცხოვრებლით დაკმაყოფილებული არიან სახელმწიფოს მიერ და ამას გარდა საკუთრებაში კიდევ გააჩნიათ მესამე საცხოვრებელი. მონიტორინგის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი არის კორპუსის ტიპის კაპიტალური ნაგებობა, საცხოვრებლად სრულიად ვარგისი და გამართული. შესაბამისად, ფაქტიური მდგომარებით, მოსარჩელის ოჯახი შეუზღუდავად, ყოველგვარი სამართლებრივი ან ფაქტობრივი დამაბრკოლებელი გარემოების გარეშე სარგებლობს აღნიშნული საცხოვრებლით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რამდენადაც უძრავი ქონება წარმოადგენს მოსარჩელის შვილის საკუთრებას, რომელსაც ასევე გაააჩნია სხვა საკუთარი საცხოვრებელი, არსებობს რეალური სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რომ მოსარჩელე ამ ეტაპზე არ საჭიროებს მასთან მიმართებით გადაუდებელი განსახლების საჭიროებას და მიზანშეწონილი და გამართლებულია მისი საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი განხილულ იქნას მომდევნო ეტაპზე.

 

ამასთან, დასაბუთებულია დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის (2019 წლის 30 იანვრის N2 ოქმი) გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის ოჯახს დააკლდა 1 ქულა - მატროხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან. აღნიშნული კრიტერიუმი გულისხმობს აპლიკანტი ოჯახისათვის ქულის მინიჭებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი შედგება ერთი მარტოხელა პენსიონერი წევრისაგან, ან ოჯახის ყველა წევრი არის ხანდაზმული. მოცემულ შემთხვევაში, მონიტორინგის მასალებით და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დევნილი ოჯახის წევრების ანკეტებით (თან ერთვის შესაგებელს) დადასტურებული და დადგენილია, რომ მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობს და ერთიან, საერთო საოჯახო მეურნეობას ეწევა მისი ორი ქალიშვილი (რეგისტრირებულები არიან ამავე მისამართზე) და ერთი შვილიშვილი (დევნილის სტატუსის არმქონე), რომელთაგან არცერთი არ არის ხანდაზმული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ კრიტერიუმში მისთვის ქულის დაკლება არის კანონიერი და დასაბუთებული.

 

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, აპელანტის მოსაზრებით, სააგენტოს გადაწყვეტილება, ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო მოსარჩელეებისათვის ამ ეტაპზე საცხოვრებლის გამოყოფის თაობაზე უარის თქმის თაობაზე, არის კანონიერი და დასაბუთებული.

 

აპელანტის განმარტებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N240 განკარგულებით დამტკიცებული "იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის" და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული "დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის" შესაბამისად. „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.

 

გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" მე-3 მუხლის მიხედვით, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.

 

სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების ადმინისტრირების დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ა) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, სააგენტოს ვებგვერდზე (www.ssa.gov.ge/) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სააგენტოში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებული ქულებზე; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველო, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ახდენს მინიჭებული ქულების კორექტირებას. მინიჭებული ქულების კორექტირების შემდეგ, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსი სამსახურებრივი ბარათით დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განაცხადების შეფასების შედეგების თაობაზე; ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ; ვ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №9) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. აღნიშნული ნორმების ანალიზით მივდივართ დასკვნამდე, რომ სააგენტოს აქტი კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკანონო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დანაწესებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, "1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. 2. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. 4. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს". საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალით დასტურდება, რომ სამინისტრომ/სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია (მათ შორის, მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ინფორმაცია და ასევე ოჯახის იმ წევრთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც სხვა მისამართაბზე ცხორობენ) და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. შესაბამისად, სამინისტროს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ მოსარჩელის პოზიცია. დამატებით, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში იგულისხმება, ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 13.02.2017წ. №240 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017–2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“. აღნიშნული გეგმის 1.2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია - დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა, ხოლო 1.9. პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.

 

დადგენილია, რომ ქ------- ღ----–---- არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის სახელზეც 29.12.2013წ. გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული პირის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს აჭარა, ქობულეთი. 26.03.2018წ. ქ------- ღ----–----მ განცხადებით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და ქ. ბათუმში მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.03.2019წ. №--------- ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო. სააგენტომ მიუთითა, რომ ქ------- ღ----–---- შეუზღუდავად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სარგებლობს შვილის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლით. ამასთან, მის შვილს - ა----- ღ----–----ს გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართიც, შესაბამისად, მიზანშეუწონელია მოსარჩელის ბინით დაკმაყოფილების საკითხის მომდევნო ეტაპზე განხილვა.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ------- ღ----–---- იძულებით გადაადგილებული პირის საანკეტო მონაცემების თანახმად, დარეგისტრირებულია მხოლოდ თვითონ, მასთან არ არიან სხვა პირები დარეგისტრირებულები. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ------- ღ----–----სთან ერთად ცხოვრობენ თუ არა განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირები, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ამგვარად, საანკეტო მონაცემების თანახმად, ქ------- ღ----–----ს ოჯახი არის ერთსულიანი.

 

ზემოთ მითითებული „წესის“ 6.6 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე, კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“ - №8 დანართის შესაბამისად. ამავე „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, სადავო შემთხვევაში ჰქონდა სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომ მინიჭებული პრიორიტეტის საფუძველზე, მოეხდინა მოსარჩელის დაკმაყოფილება, რაც არ განახორციელა. პალატა ასევე სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, საყურადღებოდ უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის ასაკი. დადგენილია, რომ ქ------- ღ----–---- არის 87 წლის და რეგისტრირებულია შვილებისაგან ცალკე ოჯახად, მას არ მიუღია კომპენსაცია და ჯერ კიდევ არ არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. ამ პირობებში კი, გაურკვეველია, მოექცევა თუ არა მომდევნო ეტაპზე მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის ხელახლა განხილვა გონივრული ვადის ფარგლებში. ამასთან იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს განსახლების ადგილად მითითებული აქვს ქ. ბათუმი, ხოლო ვინაიდან აჭარის რეგიონში უახლოეს პერიოდში დევნილთა განსახლება არ იგეგმება, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტიურად უარი განაცხადა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.03.2019წ. №--------- ბრძანება, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, ეწინააღმდეგება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქ------- ღ----–----ს ქ. ბათუმში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ- გამოცემის დავალებაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი