განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
160100119002869267
ინსტანცია
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119002869267

საქმე N1ბ/1165-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27.11.2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

მოსამართლეები: ვახტანგ მრელაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სვანიძე, მერი ლაბარტყავა, ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: ზ---- ც--------ია

 

დაცვის მხარე: თ---------- მ---------–--ე

 

თარჯიმანი: ზ------- გ-------, ა---- ს---–---------

 

მსჯავრდებული: რ---–-- ს--------ი, დაბადებული - 1--- წლის 26 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გარდაბანი, გ-------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენით:

 

რ---–-- ს--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ---–-- ს--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ---–-- ს--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 19 იანვრიდან.

 

მსჯავრდებულ რ---–-- ს--------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

მხარეთა პოზიცია:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ---–-- ს--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ---------- მ---------–--ემ და ითხოვა მსჯავრდებულ რ---–-- ს--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. აპელანტის პოზიციით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ისინი გაყალბებულია და შესაბამისად საგამოძიებო მოქმედბები „დადგმული“. გამომძიებელი თითქმის ერთდროულად ახდენს რამდენიმე პირის ჩხრეკას, ოქმის შედგენას და იმავე დღეს კითხვას რამდენიმე მოწმეს, ასევე საეჭვოა ამ პროცესში თარჯიმანმა როგორ მოახერხა ერთდროულად დასწრებოდა ორი მოწმის დაკითხვას. დაცვის მხარისთვის გაუგებარია რაში გამოიხატებოდა გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული პირადი ჩხრეკა, რა საფრთხე არსებობდა ნივთიერი მტკიცებულების განადგურების იმ ვითარებაში, როდესაც რ---–-- ს--------ი იმყოფებოდა ოთხი გამომძიებლის გარემოცვაში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რ---–-- ს--------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ საერთო წონით 3,66 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 19 იანვარს 16.25 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ შულავერი-არაფლოს დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს.

 

რ---–-- ს--------ი გასამართლებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების (ოპიუმის ჯგუფი) განმეორებით მოხმარების ფაქტზე. იყო რა ნასამართლევი კვლავ მოიხმარა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, რაც გამოვლენილი იქნა 2019 წლის 19 იანვარს მისი ნარკოლოგიური შემოწმებისას, რა დროსაც დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ---–-- ს--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ---------- მ---------–--ის

სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს რ---–-- ს--------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე:

 

დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა.

 

საქართველოს კანონის ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის "რ " ქ/პუნქტის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვაა – ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შექმნა, წარმოება, მომზადება, დამზადება-გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა (გადატანა), რეალიზაცია (საცალო და საბითუმო), განაწილება, შეძენა, გასაღება, ჩაბარება, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი; ხოლო "წ" ქ/პუნქტით გასაღებაა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.

 

,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი” შეტანილია ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია I, №181 რეგისტრაციით. ამავე კანონის დანართის შენიშვნის შესაბამისად ”უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში”, 189-ე ნომრად რეგისტრირებულია -“ჰეროინი“ და 1 გრამის ზემოთ ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

დადგენილია, რომ რ---–-- ს--------ს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობის ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შეძენა, შენახვის არ გააჩნია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი ან/და ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა.

 

ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იყოს უკანონო, კერძოდ, იგი მოხმარებული უნდა იყოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე და ბ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - აღნიშნული ქმედებისათვის პირს ერთხელ უკვე დაკისრებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი ან/და იგი ამ დანაშაულისთვის უნდა იყოს ნასამართლევი. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით რ---–-- ს--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1200 ლარი, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით სასჯელი შეუმცირდა 200 ლარით და საბოლოოდ რ---–-- ს--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1000 ლარი. 2019 წლის 19 იანვრის ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - ოპიუმის ჯგუფის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტი, შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ უტყუარად დასტურდება რ---–-- ს--------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. ასევე ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

მოწმე ს---- ი----ი გამოკითხვის ოქმში მიუთითებს, რომ 2019 წლის 19 იანვარს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც დაურეკა მისმა ნაცნობმა და მეგობარმა რ---–-- ს--------მა და უთხრა, რომ მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში წაყოლოდა თავისი მეგობრის სანახავად. რადგან იმ დღეს არავითარი საქმე არ ქონდა, დათანხმდა წაყოლოდა სოფელ შულავერში. რამდენიმე საათის შემდეგ მასთან სახლში მივიდნენ მისი მეგობარი რ---–-- ს--------ი და მისი ნაცნობი ტაქსის მძღოლი რ----- ა-–---ი, იგი გავიდა გარეთ, ჩაჯდა ავტომანქანაში და სამივე წავიდნენ მარნეულის მიმართულებით. სოფელ კასუმლოს ტერიტორიაზე ხიდთან რ---–-- ს--------მა უთხრა მძღოლს-რ----- ა-–---ს გაეჩერებინა მანქანა. მძღოლმა გააჩერა ავტომანქანა, რ---–-- ს--------ი გადმოვიდა მანქანიდან, წავიდა მინდვრისკენ და მოეფარა ბუჩქებს. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ რ---–-- ს--------ი დაბრუნდა მანქანაში, თქვა, რომ მის მეგობარს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა არ ეცალა და უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ გარდაბანში. ამის შედეგ გამობრუნდნენ უკან, რამოდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ მათ წინ გაუჩერა ავტომანქანამ, საიდანაც გადმოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მათთან მივიდნენ. გამომძიებლებმა განუმარტეს მათი უფლებები და მოვალეობები და უთხრეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ მათი პირადი და ატომანქანის ჩხრეკა. პოლიციელებმა აწარმოეს მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოუღიათ. კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოუღიათ რ----- ა-–---ის პირადი და მისი ავტოვამანქანის ჩხეკისას. მათ ასევე გაჩხრიკეს რ---–-- ს--------ი, რომლსაც ქურთუკის შიგნითა ჯიბიდან ამოუღეს სიგარეტის კოლოფი, მაგრამ შიგნით რა იყო მან არ იცის. გამომძიებლის მიერ შედგენილი დოკუმენტები უთარგმნა თარჯიმანმა და მოაწერა ხელი. მას პოლიციის თანამშროლების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

ანალოგიურ ჩვენებას იძლევა ასევე გამოკითხვის ოქმის მიხედვით მოწმე რ----- ა-–---ი.

 

მოწმე ს----- ი-----–---ი გამოკითხვის ოქმში მიუთითებს, რომ 2015 წლიდან მუშაობს მარნეულის რაიონის შსს სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 19 იანვარს მარნეულის შსს სამმართველოს თანამშროლების მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფომაცია, რომ მარნეულის რაიონის სოფელ შულავერისა და არაფლოს ცენტრალურ დამაკავშირებელ გზაზე ავტომანქანა ოპელ ვექტრა სახ. ნომრით V---------თი, გადაადგილდებოდა გარდაბანში მცხოვრები რ---–-- ს--------ი, რომელსაც თან უნდა ქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. აღნიშნულთან დაკავშირებით იგი გავიდა გამომძიებელთან ერთად, რა დროსაც სოფელ შულავერისა და არაფლოს დამაკავშირებელ ტრასაზე შეჩერებული იქნა აღნიშნული ავტომანქანა, რომელშიც იჯდა რ---–-- ს--------ი, რომელსაც გამომძიებელმა განუმარტა თავისი უფლება მოვალეობები და ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ქურთუკის მარცხენა შიდა ჯიბიდან ამოუღო სიგარეტის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო 10 ცალი თეთრი ფერის ცელოფანში გახვეული მოყავისფრო ნივთიერება. აღნიშნული ნივთიერება მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა მარნეულის რაიონული სამმართველოს N30/9 ლუქით.

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 19 იანვრის ნარკოლოგიური გამოკვლევის #702197 დასკვნით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 19 იანვარს რ---–-- ს--------ი ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაყვანილ იქნა საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც ჩაუტარდა ნარკოლოგიური ექსპერტიზა, შემოწმდა მისი ბიოლოგიური მასალა - შარდი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ რ---–-- ს--------ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, ხოლო ლაბორატორიულად დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის შემცველობის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

2019 წლის 19 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ მარნეულის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა ელდარ ბოლქვაძემ, გამომძიებელ ს----- ი-----–---ის და თარჯიმან ნ-----–---------ის მონაწილეობით დღის საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, მზიან ამინდში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე 16:25- 16:45 საათების შუალედში ჩაატარა ბრალდებულ რ---–-- ს--------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რ.ს--------ის ტანთჩაცმული შავი ფერის ნაჭრის ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,ვინსტონის" ფირმის სიგარეტის კოლოფი, რომლის შიგნითაც მოთავსებული იყო 10 წონაკად დაფასოებული, თეთრი ფერის ცელოფნის მონახევში გახვეული მოყავისფრო ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 20 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის #210/სქ-225/ქრ დასკვნის თანახნად, ექსპერტიზაზე წარდგენილი პოლიეთილენის თეთრი ძაფით თავმოკრული ნაჭრებში ათ ცალად დაფასოებული ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, საერთო წონით ნოტიო მდგომარეობაში 15,53 გრამი და საერთო წონით მუდმივ წონამდე გამოშრობის შემდეგ 9,40 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობაა 3,66 გრამი.

 

2019 წლის 19 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ მარნეულის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა დავით ბოჭოიძემ, გამომძიებელ მამუკა მატიაშვილის და თარჯიმან ვა---- პ------–---ის მონაწილეობით დღის საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, წყნარ მშვიდ ვითარებაში წინააღმდეგობის გაწევის გარეშე 16:30- 16:40 საათების შუალედში ჩაატარა ს---- ი----ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.

 

2019 წლის 19 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ მარნეულის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა დავით ბოჭოიძემ, გამომძიებელ მამუკა მატიაშვილის და თარჯიმან ვა---- პ------–---ის მონაწილეობით დღის საათებში, წყნარ მშვიდ ვითარებაში წინააღმდეგობის გაწევის გარეშე 16:50- 17:00 საათების შუალედში ჩაატარა რ----- ა-–---ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.

 

2019 წლის 19 იანვრის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ მარნეულის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა დავით ბოჭოიძემ, გამომძიებელ მამუკა მატიაშვილის და თარჯიმან ვა---- პ------–---ის მონაწილეობით დღის საათებში, წყნარ მშვიდ ვითარებაში წინააღმდეგობის გაწევის გარეშე 17:05 - 17:15 საათების შუალედში ჩაატარა რ----- ა-–---ის ა/მანქანის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.

 

2019 წლის 19 იანვრის ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ მარნეულის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა ელდარ ბოლქვაძემ, გამომძიებელ ს----- ი-----–---ის და თარჯიმან ნ-----–---------ის მონაწილეობით მშვიდ და წყნარ ვითარებაში წინააღმდეგობის გაწევის გარეშე 16:47 საათზე დააკავა რ---–-- ს--------ი.

 

სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტებიდან სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81.).

 

პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ასევე განმარტოს, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების მიზანს წარმოადგენს უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებული იქნეს მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანს წარმოადგენს დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება, რა დროსაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ კანონმდებელი მხარეებს აკისრებს ვალდებულებას, რომ გამოძიების დროს მტკიცებულებათა მოპოვებისას დაიცვას კანონის გათვალისწინებული მოთხოვნები. გარდა აღნიშნულისა იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე მტკიცებულებათა მოპოვებასთან (მათ შორის საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების პროცედურულ საკითხთან მიმართებით) ეჭვის წარმოშობს, ანუ კონკრეტულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დროს მოვლენები/მოქმედებების განსხვავებულ ვერსიაზე უთითებს, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება სამკარისად ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გააქარწყლოს აღნიშნული ეჭვი, რა დროსაც მან მკაფიო ფორმით უნდა დაადასტუროს ის კონკრეტული გარემოება თუ რა თანმიმდევრობით, ვის მიერ, დროის რა პერიოდში, რა საფუძვლით და ა.შ. განხორციელდა კონკრეტული საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებები და რა მტკიცებულებებით ახდენს მოცემულ გარემოებათა უტყუარად დადასტურებას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების ჭეშმარიტად არსებობის მიჩნევაში.

 

მოცემულ საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების მიუკერძოებლობასა და რაიმე პირადი ინტერესის თაობაზე მისცენ მსჯავრდებულ რ---–-- ს--------ის მამხილებელი ჩვენებები, რადგან მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. გარდა ამისა, მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ არსებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, რის გამოც პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის; შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულ რ---–-- ს--------ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია, რის გამოც აღნიშნულ პოზიციას პალატა ვერ გაიზიარებს.

 

პალატას საქმის მასალების შესწავლის და გაანალიზების საფუძველზე, მიაჩნია, რომ რ---–-- ს--------ის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ფარგლებში ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ნარკოტიკული საშუალება დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. აპელანტისთვის გაუგებარია თუ როგორ მოხერხდა პარალელურად რამდენიმე მოწმის დაკითხვა, პირადი ჩხრეკის წარმოება და ამ პროცესში თარჯიმნის მომსახურების უზრუნველყოფა, პალატა ვერ გაიზიარებს მოცემულ არგუმენტს, რადგან რ---–-- ს--------ის, ს---- ი----ის და რ----- ა-–---ის პირადი ჩხრეკა, არ ჩაუტარებია ერთიდაიგივე პირს, ჩხრეკის ოქმს და ა/მანქანის ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი, პირადი ჩხრეკის და ა/მანქანის ჩხრეკის ოქმების თანახმად ოქმზე შენიშვნები არ გამოთქმულა, შესაბამისად სააპელაციო პალატისათვის აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არის სახეზე და აპელანტის პოზიცია დაუსაბუთებელია და მოკლებულია როგორც ფაქტობრივ ისე სამართლებრივ საფუძველს.

 

რ---–-- ს--------ის სსკ-ს 260- ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა"ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას ადასტურებს - მოწმე რ----- ა-–---ის, მოწმე ს----- ისმილოვის, მოწმე ს---- ი----ის გამოკითხვის ოქმებით, რ.ს--------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით N210/სქ-225/ქრ და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები. რაც შეეხება რ---–-- ს--------ის სსკ-ს 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას ადასტურებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 19 იანვრის ნარკოლოგიური გამოკვლევის #702197 დასკვნა.

 

პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის პოზიციას, რომ არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი რ---–-- ს--------ის ქმედების განხორციელების არცერთ კომპონენტში, რომ მან უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ საერთო წონით 3,66 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 19 იანვარს 16.25 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ შულავერი-არაფლოს დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს. ასევე რ---–-- ს--------ი გასამართლებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების (ოპიუმის ჯგუფი) განმეორებით მოხმარების ფაქტზე. იყო რა ნასამართლევი კვლავ მოიხმარა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, რაც გამოვლენილი იქნა 2019 წლის 19 იანვარს მისი ნარკოლოგიური შემოწმებისას, რა დროსაც დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

პალატა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემობას, რომ მსჯავრდებულმა წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები უდაოდ გახადა გაუცნობიერებლად და მან ადვოკატის მითითებით აღიარა დანაშაული იმ მიზნით, რომ გაუფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას და საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი არის ფალსიფიცირებული, ვერ გაიზიარებას და ზემოაღნიშნული მოსაზრებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე რ---–-- ს--------ის ბრალდების ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია დაცვის მხარის პოზიციის გასაბათილებლად. კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარობის მაღალი ხარისხით გამოირიცხება აპელანტის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული ვერსია და საქმეზე წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხასიათდებიან დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით. აპლანტის შეფასება მოცემულია ზოგადად, არ დასტურდება რაიმე სახის მტკიცებულებით, პალატამ ვერ მოისმინა საპირწონე არგუმენტი იმის, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს მტკიცებულების ფალსიფიცირებაში, მოწმეთა მიერ გადმოცემული ინფორმაცია ერთმანეთთან შესაბამისობაშია, თანმიმდევრულია და არ იკვეთება მათი მხრიდან საქმის მიმართ რამე სახის სუბიექტური დაინტერესება. ამასთან პირადი ჩხრეკის ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები, შედგენილია სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, რაც შეამოწმა როგორც პირველი ინტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო ინსტანციამ.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ---–-- ს--------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი და დანიშნული სასჯელი სამართლიანია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება რ---–-- ს--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

რ---–-- ს--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

რ---–-- ს--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა ზემოაღნიშნულ ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სწორედაც რომ გაითვალისწინა რ---–-- ს--------ის მიერ ჩადენილი დანაშაულების მოტივი და მიზანი, ნარკოტიკული საშუალების სახე და ოდენობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და წარსულ ცხოვრება. ასევე პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათს, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების სახეობის, მსჯავრდებულის პიროვნებას და მის ოჯახური მდგომარეობას, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას მის ქცევას. პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ რ---–-- ს--------ი წარსულში ნასამართლევია და სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულის შესაბამისად რ---–-- ს--------ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, რომელიც დანიშნულია დანაშაულთა ერთობლიობით მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენი რ---–-- ს--------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: რ---–-- ს--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ---–-- ს--------ის ინტერესების დამცველი თ---------- მ---------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენი რ---–-- ს--------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი:

 

რ---–-- ს--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ---–-- ს--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ---–-- ს--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ რ---–-- ს--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 19 იანვრიდან.

 

მსჯავრდებულ რ---–-- ს--------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და მ წარმომადგენლობის უფლება.

 

უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

მსჯავრდებულ რ---–-- ს--------ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: რ---–-- ს--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლეები:

 

ხვიჩა კიკილაშვილი

 

ვახტანგ მრელაშვილი

 

გოჩა ჯეირანაშვილი