განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 340100119003053825
საქმე № 1ბ/1820-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
9 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ს-------- გ-------–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული:
ი-----ი ბ----ე - დაბადებული 1----–-–-----------, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, არასრული საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–---------–----
ადვოკატი: ნ--–------ ქ--–----–---–ი
პირველი ინსტანციის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი და 2731-ე მუხლის მეორე ნაწილი.
სასჯელი: სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 თვის ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე და მეხუთე ნაწილების თანახმად, საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის სახე და ზომა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 თვის ვადით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო დაკარგვა გამოიწვია.
ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 13 მაისს, დაახლოებით 21 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–--ეში, ი-----ი ბ----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სცემა მ-----– გ---–----–---–ს, რა დროსაც კბენის შედეგად, ყურზე მიაყენა დაზიანება, რამაც საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო დაკარგვა გამოიწვია.
1.2. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა კულტივირება.
ქმედება გამოიხატა შემდეგში: ი-----ი ბ----ემ, 2018 წლის მაისში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------–--ეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონოდ დათესა, მოიყვანა და კულტივირებას უკეთებდა 5 ძირი, 163,21 გრამ ნარკოტიკისშემცველ კანაფის ნედლ მცენარეს, რაშიც მხილებულ იქნა შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
1.3. მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა.
ქმედება გამოიხატა შემდეგში: ი-----ი ბ----ემ, 2018 წლის ივლისის შუა რიცხვებში, უკანონოდ შეიძინა 36,83 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, რომელსაც უკანონოდ ინახავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------–--ეში, თავის საცხოვრებელ სახლში, რაშიც მხილებულ იქნა შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2019 წლის 13 მაისს, დაახლოებით 21 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–--ეში, ი-----ი ბ----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სცემა მ-----– გ---–----–---–ს, რა დროსაც კბენის შედეგად, ყურზე მიაყენა დაზიანება, რამაც საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო დაკარგვა გამოიწვია.
2.2. ი-----ი ბ----ემ, 2018 წლის ივლისის შუა რიცხვებში, უკანონოდ შეიძინა 36,83 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, რომელსაც უკანონოდ ინახავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------–--ეში, თავის საცხოვრებელ სახლში, რაშიც მხილებულ იქნა შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ.
2.3. ბრალდებამ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი-----ი ბ----ის ბრალეულობას ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა კულტივირების ეპიზოდში. შედეგად ი-----ი ბ----ეს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და იგი გამართლდა ბრალდების ამ ნაწილში.
3. მხარეთა პოზიცია
3.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ს-------- გ-------–---–მა. პროკურორი საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში უკანონოა. ბრალდების მხარის აზრით, ამ ნაწილში ბრალდება დასტურდება ჩხრეკის ოქმით, რომლითაც ამოღებულია ი-----ი ბ----ის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოყვანილი 5 ძირი ნარკოტიკის შემცველი მცენარე. ეს ჩხრეკა კანონიერად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ. პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ ჩხრეკის ოქმის თანახმად ამოღებულ მცენარეებს ეტყობოდა კულტივირების კვალი. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით ამოღებული მცენარე წარმოადგენს ნარკოტიკის შემცველ კანაფის მცენარეს. სახლი ეკუთვნის ი-----ი ბ----ეს და მის გარდა იქ რაიმეს დამუშავების უფლება არავის აქვს. ამავე დროს სადავო არაა, რომ ბ----ე მარიხუანას მომხმარებელია. ი-----ი ბ----ის მამის ჩვენებაც, რომლის თანახმადაც მას არ უნახავს ამოღებული მცენარეები, სწორედ ბრალდების პოზიციას ადასტურებს, რამდენადაც სახლში მხოლოდ მამა-შვილი ცხოვრობს. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
3.2. დაცვის მხარემ საჩივრის ირგვლივ წარმოადგინა შესაგებელი, არ დაეთანხმა საჩივარს და განმარტა შემდეგი: ი-----ი ბ----ე ფაქტიურად ცხოვრობს სხვაგან - მშობლების ბინისაგან მოშორებით და თუ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა უნდოდა იქ მოიყვანდა. იმ ადგილს, სადაც კანაფის შემცველი მცენარეები აღმოაჩინეს, არავინ არ უვლის, ხოლო ეზო კი დაუცველია და ნებისმიერს შეეძლო იქ მისვლა და მცენარის დათესვა თუ მოყვანა. შესაბამისად, ბრალდებას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ კონკრეტულად ი-----ი ბ----ე ახდენა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებას, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. იგივე მოსაზრება დააფიქსირა დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას და დამატებით განმარტა, რომ ნარკოტიკის შემცველი მცენარის აღმოჩენის ადგილი არის ეკალ-ბარდით დაფარული და ყველასათვის ხელმისაწვდომი. ბრალდებამ გამოძიება დაიწყო და დაასრულა ერთ დღეში, არ მოიპოვა მტკიცებულებები და მხოლოდ ზეპირსიტყვიერად დააფიქსირა, თითქოს ბ----ეების ეზო შემოსაზღვრული და დაცულია, მაშინ, როდესაც ამისი დამადასტურებელი აცერთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. საყურადღებოა, რომ პოლიცია ბ----ის ბინაში მისული იყო იარაღის თაობაზე ჩხრეკის ჩასატარებლად, ალბათ ამ დროს ვინმემ დაინახა ეზოში ამოსული კანაფის მცენარე და ჩაატარეს ჩხრეკა, თორემ ამ კანაფის არსებობის თაობაზე არანაირი ინფორმაცია საქმეში არ არის. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც პირადად დაინახა პოლიციელმა მცენარე და ამოიღო, რეალურად საქმე გვაქვს არა ჩხრეკასთან, არამედ ამოღებასთან.
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. ამ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეება წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.
4.2. ამავე დროს პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი. ბრალდების მხარის საჩივარი და მის ირგვლივ დაცვის მიერ შემოტანილი შესაგებელი კი შეეხება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდესის 265-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილს. შესაბამისად პალატამ საჩივარი განიხილა მხოლოდ ბრალდების ამ ეპიზოდის ფარგლებში.
4.3. სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-----ი ბ----ის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
5. ქმედების სამართლებრივი აღწერა
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 265-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში ბრალდების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლომ წარუდგინა: ი-----ი ბ----ის საცხოვრებელი ბინის ეზოს ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და ნივთიერი მტკიცებულება, თვითონ ი-----ი ბ----ის, ასევე ბრალდებულის მამის ნ-----–---- ბ----ის ჩვენებები, პოლიციელთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები.
5.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ნ-----–---- ბ----ემ აჩვენა, რომ არის ი-----ი ბ----ის მამა. მის შვილს აქვს სახლი, რომელიც დგას იმავე ეზოში სადაც მისი. 2018 წლის 27 ივლისს, სამუშაოდ იყო ვენახში. სახლში დაბრუნდა დილის 11-12 საათზე. ამ დროს მოვიდნენ პოლიციის თნამშრომლები - 12 კაცი და გაჩხრიკეს მისი შვილის ი-----ის სახლი და იპოვეს რაღაც. შემდეგ მისი სახლის ეზოში, სადაც თხილის ბუჩქი დგას, ნახეს, როგორც შემდეგ გაიგო, ნარკოტიკის შემცველი მცენარე. იმ ადგილას, სადაც ნარკოტიკის შემცველი მცენარეები ნახეს, საერთოდ არ მიდის, რადგან ჩაღრმავებული ადგილია, სარეველა იზრდება, არც უვლის და არც არაფერს თესავს. ყოველთვის ერიდება იმ ადგილს, რადგან უყვარს ალკოჰოლის დალევა და ეშინია ნასვამი არ ჩავარდეს იმ ღრმულში და არ დაშავდეს. არასოდეს დაუნახვს, რომ იმ ადგილას მისი შვილი მისულიყო. ადგილი არ არის დამუშავებული და მოვლილი. არც იცოდა იქ რაიმე თუ იყო. ამ ადგილას ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისვლა, რადგან ამ ადგილას ეზოს არ აქვს ღობე.
5.3. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ი-----ი ბ----ემ ნარკოტიკის შემცველი მცენარის კანაფის დათესვა, კულტივირება, მოყვანის ფაქტი არ დაადასტურა. მან აჩვენა, რომ იშვიათად მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას და შეიძლება ეზოში გადაყარა თესლი, რაც შემდეგ ამოვიდა. პირადად ნარკოტიკული საშუალება არ დაუთესია, კულტივირებას არ უკეთებდა და არც იცოდა, რომ ეს მცენარე იქ იყო გაზრდილი.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. აღნიშნული ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, კერძოდ განაჩენის გამოტანის დროს სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ ჩვენებით, რაც მიცემულია სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას.
5.5. გარდა დასახელებული ორი მტკიცებულების, მხარეებმა ყველა სხვა მტკიცებულებები მიიჩნიეს უდავოდ. სისხლის სამართლის კოდესის 265-ე მუხლთან მიმართებაში ესენია: ჩხრეკის ჩამტარებელ და საქმის გამომძიებელ პილიციელთა ჩვენებები, ი----- ბ----ის საცხვოვრებელი სახლის ეზოს ჩხრეკის ოქმი, ი----- ბ----ის საცხვოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ნივთმტკიცება - 161,21 გრამი კანაფის მცენარე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიიღება ყველა გარემოება და ფაქტი, რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ. კანონის დასახელებული ნორმისა და მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით, დასახელებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 27 ივნისს, ი----- ბ----ის საცხოვრებელი სახლის ეზოს ჩხრეკის დროს პოლიციამ აღმოაჩინა 5 ძირი მცენარე, მათგან ერთი იზრდებოდა ქოთანში, დანარჩენი მიწაზე. ჩხრეკის ოქმის თანახმად, ნერგების გარშემო დამუშავებული იყო ნიადაგი, მოცილებული იყო სარეველა ბალახები, იქვე მიყვანილი იყო სარწყავი რუ. აღმოჩენილი 5 ძირი ნერგი არის ნედლი და წარმოადგენს ნარკოტიკის შემცველ, 161,21 გრამ, კანაფის მცენარეს. ეს ფაქტობრივი გარემოებები, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივრის შესაგებელში, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია. ამავე დროს დაცვა ამტკიცებს, რომ კულტივირების ფაქტი კი აღმოჩენილია, მაგრამ მასთან ი-----ი ბ----ეს არავითარი შეხება არ აქვს. შესაბამისად, ბრალდების მხარის საჩივრის სწორად გადაწყვეტისათვის, პალატა ვალდებულია გაარკვიოს დასტურდება თუ არა უშუალოდ ბრალდებულის მიერ ამ ნარკოტიკული საშუალების კულტივირების ფაქტი.
5.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
5.8. თავის მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა დადგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
5.9. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.
5.10. პალატა განმარტავს, რომ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგადად მტკიცებულებათა რაოდენობრივი სიმცირე, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების სიმცირე ცალკე აღებული, არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ასეთ შემთხვევებში სასამართლო ვალდებულია ზემოთ დასახელებული უზენაესი სასამართლოს განაჩენში მითითებული გარემეობებიდან განსაკუთრებული ყურადღება შეაჩეროს მეორე პუნქტზე და გაარკვიოს ამყარებს თუ არა არსებული წერილობითი მტკიცებულება სხვა მტკიცებულებებს, ხომ არ არის მათ შორის სხვადასხვა წინააღმდეგობა. აღნიშნულის შედეგად კი სასამართლო ვალდებულია დაადგინოს სახეზეა თუ არა ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
5.11. თავის მხრივ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობას, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ.
5.12. კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა აფასებს რა სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა, აღნიშნავს შემდეგს: დაცვა ადასტურებს, რომ ეზო სადაც აღმოაჩინეს კულტივირებული ნარკოტიკილი საშუალება დაუცველია - შეუღობავია. შესაბამისად იქ შესვლა და 5 ძირი მცენარის დათესვა - კულტივირება შეუძლია ნებისმიერს. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულის მამის ჩვენების თანახმად ეზოს ამ ნაწილს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას არც თვითონ და არც ბრალდებული. ამ ფონზე ბრალდების მხარეს იმის დასადასტურებლად, რომ კულტივირებას ახდენდა სწორედ ი-----ი ბ----ე წარმოდგენილი არ აქვს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება. ის გარემოება, რომ აღმოჩენილია კულტივირებული ნარკოტიკული საშუალება თავისთავად ვერ მიუთითებს მისი მომყვანის ვინაობაზე. ამ უკანასკნელის ვინაობის დასადგენად საჭიროა ცალკე ღონისძიებების გატარება და ამით შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება. ამ ნაწილში ბრალდების პოზიცია აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე - ვინაიდან ი-----ი ბ----ე მოიხმარს მარიხუანას და ეზო ეკუთვნის მის ოჯახს, აქედან გამომდინარე სადავო მცენარეებიც მისი მოყვანილი იქნება. თუმცა ეს ვარაუდი გამყარებული არ არის არანაირი მტკიცებულებით. ელემენტარულად დათვალიერების ოქმით თუ სხვა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებით ისიც კი არაა გარკვეული, შემოსაზღვრულია თუ არა ბ----ეების ეზო და მართლაც ყველასათვის ხელმისაწვდომია თუ არა იქ დაუკითხავად შესვლა. ამ მოცემულობების ურთიერშეჯერების შედეგად პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ გამორიცხა დაცვის მხარის ვერსია. ბრალდების ვარაუდები ლოგიკურია, მაგრამ არაა საკმარისი უშუალოდ ი-----ი ბ----ის მიერ ნარკოტიკული საშუალების კულტივირების ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებისათვის.
5.13. ამრიგად, სააპელაციო პალატა, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, თვლის, რომ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. აღნიშნულის შედეგად კი პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში ი-----ი ბ----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. აღნიშნულის გამო გურჯაანის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენი, ი-----ი ბ----ის მიმართ უნდა დარჩეს ძალაში და ბრალდებული გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ს-------- გ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენი ი-----ი ბ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ი-----ი ბ----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ი-----ი ბ----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 თვის ვადით.
ი-----ი ბ----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი საჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი-----ი ბ----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს, 2014 წლის 13 ივნისის, N1/90-14 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ამ განაჩენმა შთანთქოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს, 2014 წლის 13 ივნისის, N1/90-14 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 6 თვე და ი-----ი ბ----ეს საბოლოოდ მოსახდელი ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 თვის ვადით.
ი-----ი ბ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 მაისის 18:00 საათიდან.
ნივთიერი მტკიცებულება
39.12 გრ. გამომშრალი მარიხუანა და 161,21 გრ. კანაფის მცენარე, რომელიც საქმის მასალების მიხედვით ინახება შსს გურჯაანის სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შედეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შედეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ი-----ი ბ----ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთმევას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, მასვე 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვნელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი