განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002027841
გა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/1082-18 28 ივნისი 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე - ნინო ქადაგიძე
აპელანტი: საქართველოს გენერალური პროკურატურა;
მოწინააღმდეგე მხარე: ზ------- ა----–---–ი;
თავდაპირველი მოპასუხეები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
საქმის განხილვის ფორმა : ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ------- ა----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა ზ------- ა----–---–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ არ დაკმაყოფილდა; საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა ზ------- ა----–---–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით და პენიტენციურ დაწესებულებაში გაწეული ხარჯის ანაზღაურება 4575 (ოთხი ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით; მოსარჩელეს უარი ეთქვა მატერიალური ზიანის სახით ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით და საბანკო კრედიტისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე 2025 (ორი ათას ოცდახუთი) ლარის ოდენობით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2015 წლის 4 ოქტომბერს, შსს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებლის მიერ, ზ------- ა----–---–ი დაკავებულ იქნა და ამავე წლის 6 ოქტომბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2015 წლის 6 ოქტომბერს გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა შუამდგომლობით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ზ------- ა----–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, რაც გორის რაიონული სასამართლოს 7 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით ზ------- ა----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ზ------- ა----–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 იანვრის განაჩენით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 2 ნოემბრის N------------------ ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მ-----------------------------------–--------------–---------–-----------------------–--------------–----------–-------------------------------–----–-----–-----------------, უფროს სერჟანტ ზ------- პ---–----- ა----–---–ს შეუჩერდა სამსახურეობრივი ურთიერთობა 2015 წლის 5 ოქტომბრიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 ივლისის N-------------------- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 2 ნოემბრის N5--- ბრძანება მისი ძალაში შესვლის დღიდან თანმდევი შედეგებით და უფროს სერჟანტ ზ------- პ---–----- ა----–---–ს აღუდგა სამსახურებრივი ურთიერთობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღ-------–-------------–------------------------------------------------–--------------–---------–-----------------------–--------------–-----------–-------------------------------–----–-----–----------------ის თანამდებობაზე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ა---------–-----------–------------------------------------------------–----------------–------ სამხედრო მოსამსახურის ზ------- ა----–---–ის დარიცხული ხელფასი 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა: თანამდებობრივ სარგოს - 1025 ლარის და პროცენტულ დანამატს ნამსახურობისთვის - 358,75 ლარის ოდენობით.
2015 წლის 5 თებერვალს სს ,,ვ------------------------ასა“ და ზ------- ა----–---–ს შორის გაფორმდა N------------------- გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურებაზე. ამავე დღეს მხარებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება 18 000 ლარის ფარგლებში, 13,50% წლიური საპროცენტო განაკვეთით (15,28% ეფექტური საპროცენტო განაკვეთით). ზ------- ა----–---–ს წარმოეშვა ვალდებულება, განეხორციელებინა ყოველთვიური შენატანი 276 ლარის ოდენობით, 05.02.2020 წლამდე. ამავე დღეს სს ,,ვ-----------სა“ და ა-------–---–ს შორის, N------------------- გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკით დაიტვირთა ა-------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრქავი ქონება მდებარე: ქ. გორი, თ-----------------------------–-----–-----------------.
სს ,,ვ-----------ის“ განცხადების საფუძველზე, შპს ,,ემ--------–-----მა“ გამოაცხადა აუქციონი ა-------–---–ის საკუთრებაში არსებულ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. გორი, თ-----------------------------–-----–-----------------.
საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2016 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე N01-25/2016) მოსარჩელე სს ,,ვ-----------ი ჯორჯიასა“ და მოპასუხეებს ზ------- ა----–---–სა და ა-------–---–ს შორის დამტკიცდა მორიგება; ზ------- ა----–---–მა აღიარა მოსარჩელის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება 17175,47 ლარის ოდენობით. დავალიანების დაფარვის მიზნით შედგა ახალი გრაფიკი, რომლის შესრულების ვალდებულებაც იკისრა ზ------- ა----–---–მა.
2015 წლის 13 ნოემბერს ზ------- ა----–---–სა და ლ--–-------–--ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ზ------- ა----–---–მა გაყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გორი, ძ------------–-–---–------------------–--------------.
2015 წლის 4 ოქტომბერს ა--------–---–სა და ადვოკატ ნ---------–--–--ეს შორის დაიდო N-- იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება. ადვოკატს დაეკისრა ბრალდებულ ზ------- ა----–---–ის ინტერესების დაცვა გამოძიებასა და გორის რაიონულ სასამართლოში საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. ა-------–---–ს დაეკისრა იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა 4000 ლარის ოდენობით.
2016 წლის 10 ივნისს ზ------- ა----–---–სა და ადვოკატ ნ--------–--–--ეს შორის დაიდო N-- იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება. ადვოკატს დაეკისრა გამართლებულ ზ------- ა----–---–ის ინტერესების დაცვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. ზ------- ა----–---–ს დაეკისრა იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა 3000 ლარის ოდენობით, გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
2017 წლის 9 ივლისს ზ------- ა----–---–სა და ადვოკატ ნ--------–--–--ეს შორის დაიდო N-- იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება. ადვოკატს დაეკისრა ზ------- ა----–---–ის ინტერესების დაცვა თბილისის საქალაქო სასამართლოში უკანონო დაკავების, უკანონო ბრალდების და უკანონო პატიმრობის გამო გამოწვეული მორალური და ფაქტობრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ წარდგენილ ადმინისტრაციულ საქმეზე. ზ------- ა----–---–ს დაეკისრა იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა 1000 ლარის ოდენობით.
2015 წლის 4 ოქტომბერს ნ--------–--–--ესა და ა-------–---–ს შორის შედგა საადვოკატო მომსახურების თანხის მიღება-ჩაბარების ოქმი, სადაც აღინიშნა, რომ ზ------- ა----–---–ის მეუღლემ ა-------–---–მა გადაიხადა საადვოკატო მომსახურების თანხა 4000 ლარის ოდენობით.
სს ,,ლიბერთი ბანკის“ 2017 წლის 24 ივლისის N---------- შემოსავლის ორდერის თანახმად, ა-------–---–მა ნ--------–--–--ეს გადაუხადა ზ------- ა----–---–ისათვის გაწეული საადვოკატო მომსახურების ღირებულება 3000 ლარის ოდენობით. სს ,,ლიბერთი ბანკის“ 2017 წლის 24 ივლისის N---------- შემოსავლის ორდერის თანახმად, ა-------–---–მა ნ--------–--–--ეს გადაუხადა ზ------- ა----–---–ისათვის გაწეული საადვოკატო მომსახურების ღირებულება 1000 ლარის ოდენობით.
2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით პატიმარ ზ------- ა----–---–ის საბანკო ანგარიშზე ა-------–---–მა ჩარიცხა ჯამში 1375 ლარი.
N8 დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, ზ------- ა----–---–მა ხანმოკლე პაემნით ისარგებლა სამჯერ, ხოლო ამანათი გადაეცა 28-ჯერ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტების (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
მითითებული ნორმა ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ ზ------- ა----–---–ი დააკავეს 2015 წლის 4 ოქტომბერს. გორის რაიონული პროკურატურის 2015 წლის 6 ოქტომბრის დადგენილებით ზ------- ა----–---–ი ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით ზ------- ა----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, გამართლდა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ამდენად, მოსარჩელე პატიმრობაში იმყოფებოდა დანაშაულისათვის, რომლის ჩადენაშიც ბრალეული არ აღმოჩნდა.
სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან პირი, რომლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა და რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლომ მიიჩნია, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.
მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, ამავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის პატიმრობაში ყოფნის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილა ნაწილობრივ; მოპასუხე - საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დააკისრა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან პროკურატურა წარმოადგენდა სახელმწიფო ბრალმდებელს სისხლის სამართლის საქმეში, მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს მთავარ პროკურატურას.
სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სასარჩელო მოთხოვნა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია, როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე მოპასუხეთათვის მატერიალური ზიანის სახით 14 600 ლარის დაკისრება, მათ შორის: 8 000 ლარი საადვოკატო მომსახურებისათვის, 4 575 ლარი პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას გაწეული ხარჯებისათვის და 2 025 ლარი საბანკო კრედიტის დარღვევისათვის ჯარიმის და სხვა დანიშნულებით გადახდილი თანხებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლომ განმარტა, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებისას მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ხარჯების გაწევის ნამდვილობის დადასტურება, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გაწევის აუცილებლობა.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის აეყვანა ადვოკატი და ესარგებლა მისი მომსახურებით საგამოძიებო ორგანოებსა თუ სასამართლოში, სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამრიგად, აღნიშნული ხარჯების გაწევა ცალსახად გამოწვეულია პირის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით. მოსარჩელის ოჯახის წევრსა და ადვოკატ ნ---------–--–--ეს შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებით და წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული აქვს ხარჯი 4000 ლარის ოდენობით. შესაბამისად მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს 4000 ლარის ანაზღაურება. სასარჩელო მოთხოვნა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული დარჩენილი 4000 ლარის ფარგლებში არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2015 წლის 4 ოქტომბრის მიღება - ჩაბარების შესახებ ოქმი, 4000 ლარის გადახდის შესახებ, ვერ გახდება სარწმუნი მტკიცებულება მასზედ, რომ მოსარჩელემ მართლაც გასწია აღნიშნული ოდენობით ხარჯი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - საბანკო გადარიცხვებით დასტურდება მხოლოდ 4000 ლარის ოდენობით (3000 ლარი + 1000 ლარი) ხარჯის გაწევა. შესაბამისად, მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის სახით ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ 4000 ლარის ფარგლებში.
დადგენილია, რომ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე, პენიტენციალურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, მის მეუღლეს ჩარიცხული აქვს ჯამში 1375 ლარი. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, მოსარჩელემ ისარგებლა სამი ხანმოკლე პაემნით, და 28-ჯერ მიიღო ამანათი. შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსარჩელის ოჯახის მიერ გაწეული ხარჯი დასტურდება. ამასთან, მოსარჩელის მიერ მითითებული ხარჯის ოდენობა არ სცილდება გონივრულ ფარგლებს. აღნიშნული ხარჯის გაწევას ადგილი არ ექნებოდა უკანონო ბრალდების არარსებობის პირობებში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა 4 575 ლარის ოდენობით პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას გაწეული ხარჯების საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის სახით საბანკო კრედიტის დარღვევისათვის ჯარიმის და სხვა დანიშნულებით გადახდილი თანხების მოპასუხისათვის დაკისრებას 2025 ლარის ოდენობით, სასამართლომ განმარტა, რომ მოთხოვნილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ თანხის კავშირი სისხლისსამართლებრივ დევნასთან. საბანკო კრედიტის გადახდა მხარის მიერ ისეთი სახის გაწეული ხარჯია, რომელიც არ არის კავშირში ბრალდებულის სახით პასუხისგებასა თუ აღკვეთის სახით წინასწარ პატიმრობასთან. პირის მიმართ პატიმრობა იქნებოდა გამოყენებული, თუ პირი საერთოდ არ იქნებოდა პასუხისგებაში მიცემული, აღნიშნული თანხის გაწევა ისედაც წარმოადგენს მხარის სამოქალაქო-სამართლებრივ ვალდებულებას, ასეთი საკრედიტო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში. კრედიტის მიღების შემთხვევაში პირს ეკისრება ვალდებულება, უკან დაუბრუნოს საბანკო დაწესებულებას მიღებული თანხა შესაბამისი პროცენტების გათვალისწინებით. ხელშეკრულების შესრულების რისკის მატარებელია თავად კრედიტის მიმღები. ამასთან, ბანკსა და ზ------- ა----–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა უზრუნველყოფის ღონისძიებას და აღნიშნული მიზნით იპოთეკით იყო დატვირთული მოსარჩელის მეუღლის უძრავი ქონება. აღნიშნული კი ითვალისწინებდა თანხის გადაუხდელობის შემთვევებში იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციას. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულების წარმოშობის კავშირში სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უშუალო და პირდაპირი საფუძველი ამ ხარჯის გაწევისა. შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ დაკმაყოფილდა.
ზ------- ა----–---–ის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს 2015 წლის 4 ოქტომბრიდან 2016 წლის 17 ივლისამდე პერიოდში მიუღებელი განაცდური ხელფასის 12 453 ლარის დაკისრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის.
დადგენილია, რომ ზ------- ა----–---–ს დაკავებული ქონდა საქართველოს შეიარაღებული ძლების სახმელეთო ჯარების მე-5 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მე-3 კლასის ქონებით მომარაგების ოცეულის საწყობის უფროსის თანამდებობა.
2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი“ ვრცელდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა (გარდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა) და სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეებზე (1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი). ამავე წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება.
ზ------- ა----–---–ი დააკავეს 2015 წლის 4 ოქტომბერს, ბრალდება წარედგინა 6 ოქტომბერს, ხოლო 7 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს განჩინებით შეეფარდა პატიმრობა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 2 ნოემბრის ბრძანებით ზ------- ა----–---–ს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2015 წლის 5 ოქტომბრიდან. იგი სამსახურში აღდგენილ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 ივლისის ბრძანებით გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ. მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს მიერ მოსარჩელისთვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ წარმოადგენს პირს, რომლის უშუალო ქმედების გამო მოსარჩელე იძულებული გახდა აეტანა უკანონო პატიმრობიდან გამომდინარე უარყოფითი შედეგები, მათ შორის სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა და ხელფასის მიუღებლობა. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზიანის დაკისრებისათვის აუცილებელი კომპონენტი, კერძოდ სახეზეა ზიანი, თუმცა იგი არ არის გამოწვეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და შესაბამისად - არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და თავდაცვის სამინისტროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ წარმოადგენს პირს, რომელსაც შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისთვის, იძულებით განაცდური ხელფასის სახით, მიყენებული მატერიალური ზიანი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე.
ამ კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
სასამართლომ განმარტა, რომ იძულებითი მოცდენა ყოველთვის გულისხმობს დამსაქმებელი ორგანიზაციის ბრალით პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან ჩამოშორებას (იძულებითი მოცდენის განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტება საქმეზე №ას-1429-1444-2011, 01.03.2012წ.), რომლის დროსაც მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება ეკისრება საჯარო დაწესებულებას. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია თავდაცვის სამინისტროს ბრალით ზ------- ა----–---–ის სამსახურიდან უკანონო დათხოვნას, რის გამოც მას არ ეკისრება განაცდური გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, ამ ნაწილში სასარჩელო არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას გასაჩივრებულ ნაწილში.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-42 მუხლის მე-9 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, სსკ-ის 413-ე, 992-ე , 1005-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს სახელმწიფოს მხრიდან, ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ადგილი უნდა ჰქონდეს სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან უკანონო მოქმედების ფაქტს, აპელანტს ნათლად მიანია ის ფაქტი, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან არ ჰქონია ადგილი უკანონო მოქმედების ფაქტს.
აპელანტი ასევე განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად სასამართლოს გონივრული განჯისათვის არის მინდობილი. აპელანტი მიუთითებს, რომ სადავო გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მატერიალური ზიანის სახით 4000 ლარი და 4 575 ლარი პენიტენციური დაწესებულებაშო ყოფნისას გაწეული ხარჯის სახით დააკისრა, თუმცა აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს უნდა გამოეკვლია, რეალურად მიიღო თუ არა მოსარჩელის ადვოკატმა ეს თანხმა და ჩაითვალა თუ არა შემოსავალში აღნიშნული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიზნებისათვის. რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებაში გაწეულ ხარჯს, აპელანტისთვის ბუნდოვანია რა მტკიცებულებას დაეყრდნო სასამართლო აღნიშნული თანხის დადგენისას. საქმეში წარმოდგენილია ინფორმაცია ზ.ა----–---–ის სახელზე ამანათების შეგზავნის თაობაზე, მაგრამ არაა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდება გაწეული ხარჯის ოდენობა. აპელანტი აღნიშნავს, რომ ამანათების მიღება და პირად ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა გამომდინარეობს პირადი სურვილებიდან და არ წარმოადგენს აუცილებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო დავის განხილვის პროცესში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ზ------- ა----–---–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, რაც დავის განხილვის ფარგლებიდან გამომდინარე, ქმნის მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში გადამოწმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს: მიყენებული ზიანის კომპენსირების უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ უფლებათა კატეგორიას, საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს: ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ” ევროპული კონვენცია, რომლის მე- 7 ოქმზე მიერთებით საქართველოს სახელმწიფომ დაადასტურა საკუთარი ნება მოქმედი კანონმდებლობის ან დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად უზრუნველყოს ყველა იმ პირის კომპენსირება, რომელიც მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, თუმცა შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან პირი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, რამდენადაც ახალმა და ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მართლმსაჯულება განხორციელდა არაჯეროვნად.
სახელმწიფოს ასევე სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრის განსაკუთრებულ წესს ადგენენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულია კერძო სამართალში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის საფუძვლების გავრცელების შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს: რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის ნორმატიული დანაწესი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას არ უკავშირებს ბრალის არსებობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზიანის ანაზღაურების იურიდიულ საფუძველს ქმნის არა ცალკეული მოხელის ბრალეულობა, არამედ გამამართლებელი განაჩენი, რომელიც ადასტურებს, რომ პირმა გაუმართლებლად განიცადა ის ზემოქმედება, რაც უკავშირდება სისხლისსამართლებრივ დევნას. მითითებული მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც დაკავშირებულია რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უკანონოდ მიცემისათვის, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა;
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზ------- ა----–---–ის მარეაბილიტირებელი გარემოება დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროს პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება; მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და გამოსახულება.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა, პირის პასუხისმგებლობაში მიცემა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება ყოველთვის იწვევს ნეგატიურ განცდებს, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, სტრესს, რაც ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოშობს შესაძლებლობას ხელყოფილი უფლებების რესტიტუციის მიზნით მოთხოვნილი იყოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიციას კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან მორალური ზიანის მოცულობის განსაზღვრა ხდება გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას, ობიექტურ გარემოებებს, როგორიცაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შეფასების პროცესში სასამართლოს არათანაზომად მიდგომას.
სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს საქართველოს გენერალური პროკურატურის მითითებას ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების უსაფუძვლოვის თაობაზე და აღნიშნული მიზნით მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2012 წლის 9 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-1330-1315(კ-11),სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.“
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადვოკატისთვის გადახდილი ჰონორარის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია და მისი დაკმაყოფილება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით.
რაც შეეხება აპელანტის არგუმენტაციას, რომ სასამართლოს უნდა გამოეკვლია რეალურად მიიღო და ჩაითვალა თუ არა შემოსავლაში ადვოკატმა საადვოკატო მომსახურების საფასური, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გავლენას ვერ იქონიებს ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტაზე, ვინაიდან მარეაბილიტირებელი გარემოებების დადასტურების, საადვოკატო მომსახურების გაწევისა და ანაზღაურების პირობებში, კანონმდებლის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს - სახელმწიფოს ვალდებულება აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უკანონოდ მიცემისათვის, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. საკითხი განხორციელდა თუ არა გადახდა და მიიღო თუ არა რეალურად ადვოკატმა შემოსავალი, წარმოადგენს პირთა სამოქალაქო ვალდებულებით ურთიერთობას, რაც სცდება არათუ მოცემული დავის საგანს, არამედ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში გამოსაკვლევ ფაქტობრივ გარემოებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას გაწეული ხარჯების 4 575 ლარის საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის დაკისრების თაობაზე და თვლის, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, პენიტენციალურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე დარიცხული თანხები, სამი ხანმოკლე პაემანი და მოსარჩელის მიერ 28-ჯერ მიღებული ამანათი იძლევა საფუძველს დადასტურდეს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას გაწეული ხარჯების ოდენობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაკისრებული თანხა წარმოადგენს უკანონო ბრალდების გამო მოსარჩელისათვის გამოწვეულ ზიანს, რომლის გაწევასაც ადგილი არ ექნებოდა უკანონო ბრალდების არარსებობის პირობებში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობს ამ მიმართებით სააპელაციო საჩვრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საპროცესო ხარჯები:
მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე