განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002940918
საქმე №1ბ/1378-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-------------ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ე--------------ი, (დაბადებული 1----–-–--------------, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ------–---–---------–---------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------–-------------------------------------------ში);
ადვოკატი - ო-------------ი;
თარჯიმანი - ი----------------ე;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება/განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)
სასჯელი: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე--------------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება/განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 19 თებერვალს, ღამის 02:00 საათზე, ქ.------–--–-------------–--------------------------------------------------ში, ე--------------მა ყოფილ მეუღლეს - ვ---------------ეს, მის საცხოვრებელ ბინაში სიტყვიერი შელაპარაკების დროს გამოართვა მობილური ტელეფონი და ესროლა კედელს, რის შედეგადაც ტელეფონი განადგურდა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 500 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით:
ე--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით;
ე--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მარტის 11:40 საათიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე--------------მა და მისი ინტერესების დაცველმა ადვოკატმა, ო-------------მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ე--------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ ე--------------ისთვის დანიშნული სასჯელის შემცირების თვალსაზრისით.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა რა მსჯავრდებულ ე--------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო-------------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ე--------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე--------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ ვ---------------ის და მოწმეების: ალ----------------------------------–-------------------------ს ჩვენებების, 2019 წლის 12 თებერვლის ამოღების ოქმის, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 28 თებერვლის №----- საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნის და მოწმე მარინე ბურთიკაშვილის ჩვენების, 2019 წლის 13 თებერვლით დათარიღებული №------ შემაკავებელი ორდერის ოქმის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის №1ბ/1349-18 განაჩენის, ნივთიერი მტკიცებულების, „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ე--------------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება/განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ე--------------ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება, ე--------------ი გასამართლებული იქნა ოჯახური დანაშაულის გამო (ყოფილ მეუღლეზე ძალადობის გამო), ჩადენილი ქმედების ხასიათი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არ არსებობა, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ, გამოცდელ ვადაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ე--------------ის მიმართ გამოყენებულმა შეღავათებმა ვერ უზრუნველყო ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მსჯავრდებულ ე--------------ის რესოციალიზაცია ვერ განხორციელდა. ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი ე--------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ე--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე--------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო-------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი ე--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ე--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით;
ე--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მარტის 11:40 საათიდან.
ცნობად იქნას მიღებული, რომ ე--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ
ვ---------------ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი