განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119002925168
საქმე №1/ბ-1496-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - მ--------------–--ის,ადვოკატ - ვ-----------–-----ს,მსჯავრდებულ - მ------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ------------–---–ის ადვოკატი ვ-----------–-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მ---------------–-----------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------–ს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით:
მ------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ------------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 4 (ოთხი) წლის ვადით, შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 4 (ოთხი) თვის და 28 (ოცდარვა) დღის ვადით და საბოლოოდ მ------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მ------------–---–ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 26 მარტიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მ------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით, მ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ქურდობისათვის ნასამართლევი მ------------–---–ი, 2019 წლის 24 მარტს, დაახლოებით 07:30 საათზე, მ--------–--------------------–--------–------–--–--------------–----------------------ის მშენებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 1500 ლიტრის მოცულობის ლითონის წყლის ავზს, რითაც დაზარალებულ ე-–---------------------ვს მიადგა 250 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ-----------–-----მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ არის დასაბუთებული, არ ეფუძნება კანონის მოთხოვნებს და სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს. 2019 წლის 24 მარტს, მ------------–---–ის მიერ მართლაც იქნა აღებული ლითონის წყლის ავზი. მან აღნიშნული ნივთი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ქესალოში ნახა ისეთ ტერირორიაზე, რომელიც არ შედიოდა არავის კუთვნილებაში, იგი იყო საკმაოდ ძველი, ჟანგმოკიდებული და მიწაში ჩაფლული. დამცველის განმარტებით, მსჯავრდებულმა ავზი აიღო სწორედ იმ ვარაუდით, რომ ის არავის ეკუთვნოდა და იყო ჩვეულებრივი მიტოვებული ნივთი. საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ იმ ტერიტორიას, სადაც ნაპოვნი იქნა წყლის ავზი, არ აქვს საკუთრების მაიდენტიფიცირებელი რაიმე ნიშანი, არ აქვს ღობე, ხოლო წყლის ავზი ფაქტობრივად იყო მიწაში დაფლული საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, რასაც ადასტურებს დაზარალებულ ე-–---------------------ვის მიერ 2019 წლის 27 მარტს მიცემული ჩვენება და მისი მშენებარე სახლის დათვალიერების დროს გადაღებული სურათებიც. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ავზის კუთვნილების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი დაზარალებულის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით აშკარაა, რომ მსჯავრდებულის განზრახვა არ მოიცავდა სხვისი ნივთის მისაკუთრებას, რაც თავისთავად გამორიცხავს ქმედების შეფასებას, როგორც დანაშაული.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა მ------------–---–მა და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
ბრალდების მხარემ მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
პალატა არ იზიარებს ადვოკატის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დადასტურდებოდა მ------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რადგან აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მასალებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა, ვინაიდან დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ისინი. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა.
საქმის მასალებში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებული ე-–---------------------ვის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების: გიორგი რაზმაძის და მალხაზ ჩიჩუას გამოკითხვის ოქმები; 2019 წლის 26 მარტის დათვალიერების ოქმი; 2019 წლის 26 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; 2019 წლის 26 მარტის ამოღების ოქმები; ამოღებული ნივთმტკიცება; 2019 წლის 27 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი მ------------–---–ი, 2019 წლის 24 მარტს მ--------–--------------------–--------–------–--–--------------–----------------------ის მშენებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაეუფლა 1500 ლიტრის მოცულობის, 250 ლარის ღირებულების მქონე ლითონის წყლის ავზს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არც მსჯავრდებულს გაუხდია სადავოდ.
რაც შეეხება მ------------–---–ის მიერ ქმედების ჩადენას ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოხატება. დამნაშავე ფარულად ეუფლება სხვის მოძრავ ნივთს და გააჩნია კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ქურდობის ჩადენა მხოლოდ პირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს/მფლობელს და სურს მიაყენოს მას ეს ზიანი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სადავო გარემოებას წარმოადგენს სწორედ დანაშაულის შემადგენლობის სუბიექტური მხარე - მ------------–---–ის განზრახვა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა ე-–---------------------ვის კუთვნილ ნივთს.
პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ სადავოდ მიჩნეულ იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულ ე-–---------------------ვს არ წარმოუდგენია მ------------–---–ის მიერ დაუფლებული ლითონის წყლის ავზის მისდამი კუთვნილების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია დაზარალებულ ე-–---------------------ვის ჩვენება, რომელმაც ნათლად განმარტა, რომ მან კუთვნილი მშენებარე საცხოვრებელ სახლის გვერდით მოათავსა ლითონის ავზი, რომელშიც აგროვებდა წყალს და იყენებდა მშენებლობის დროს. დაზარალებულმა არაერთხელ მიუთითა, რომ ავზი წარმოადგენდა მის საკუთრებას, სრულყოფილად აღწერა მისი მოცულობა, გარეგნული მახასიათებლები და მისი განლაგების ადგილი. დაზარალებულ ე-–---------------------ვის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან ერთობლიობაში პალატა აანალიზებს რა საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ის გარემოება, რომ პირს არ გააჩნია მოძრავი ნივთის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ვერ გახდება მისი ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
რაც შეეხება უშუალოდ დაზარალებულის კუთვნილი ლითონის ავზის განთავსების ადგილს, დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს დაზარალებულის ჩვენებებს და წარმოაჩენს, რომ თითქოს ამ უკანასკნელს მ------------–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთი განთავსებული ჰქონდა მისი სახლისგან მოშირებით, მინდორში. დაზარალებულმა ე-–---------------------ვმა პირველ ჯერზე მოწმის სახით გამოკითხვისას მიუთითა, რომ მან ლითონის წყლის ავზი მოათავსა მშენებარე სახლის ეზოში, უშუალოდ სახლის მარცხენა გვერდით. მან ამავე ჩვენების მიცემის დროს დაადასტურა, რომ მის სახლს ღობე არ გააჩნია და იგი დგას ტრიალ მინდორში. მოგვიანებით, დაზარალებულად ცნობის შემდეგ გამოკითხვისას, ე-–---------------------ვმა განმარტა, რომ იგი სრულად ეთანხმება მის მიერ მოწმის სახით გამოკითხვისას მიცემულ ჩვენებას. მას არ განუცხადებია, რომ წინა ჩვენებაში ავზის განთავსების ადგილად მიუთითა სხვა ტერიტორია, თუმცა ახლა განმარტავს, რომ სხვა ადგილას ედო ავზი. დაზარალებულმა დააზუსტა, რომ ავზი ნამდვილად ედო სახლის გვერდით, თუმცა ეს არაა სახლის ეზო, არამედ მინდორი, ვინაიდან სახლს არ გააჩნია ღობე და მისი სახლის მიმდებარე ტერიტორია - ეზო არ არის გამიჯნული სხვა სახლების ტერიტორიებისგან.
ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, სადაც მითითებულია, რომ მშენებარე საცხოვრებელი სახლის მარცხენა მხარეს - 3 მეტრში, მინდორზე ე-–---------------------ვმა მიუთითა ხელის მოძრაობით და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე იდგა მისი ლითონის ავზი. გარდა ამისა, საქმის მასალებში წარმოდგენილია მ------------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც არა ამ უკანასკნელის მიერ მიცემული ჩვენების, არამედ შემთხვევის ვითარების აღდგენის ნაწილში, წარმოადგენს მტკიცებულებას. ამ კუთხით კი პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მ------------–---–მა ლითონის ავზის განთავსების ადგილად მიუთითა სწორედ ის ტერიტორია, რომელიც სამართალდამცავებს უჩვენა თავად დაზარალებულმა ე-–---------------------ვმა. ხოლო როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე თანდართული ფოტოსურათებიდან ნათლად ჩანს, რომ ავზის განთავსების ტერიტორია არის მშენებარე სახლთან ძალიან ახლოს, მის გვერდით, რამდენიმე მეტრში.
რაც შეეხება ადვოკატის პოზიციას, რომ მ------------–---–ი მოქმედებდა შეცდომის მდგომარეობაში, რადგან არ იცოდა, რომ ავზი, რომელიც გზის პირას მინდორში იყო განთავსებული, კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 36-ე მუხლის თანახმად, ის, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც ჩადის, აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია. ამავე მუხლის თანახმად, შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. ხოლო როცა შეცდომა მისატევებელი არ არის, პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ გაუფრთხილებლობისათის, თუ ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება ამ კოდექსით.
სააპელაციო პალატის შეფასებით, საერთოდ შეუძლებელია მივიჩნიოთ, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შეცდომას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება, რომ მ------------–---–მა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. ფაქტია, რომ დაზარალებულის სახლს არ აქვს ღობე და ის განთავსებულია შემოუსაზღვრელ მიწის ნაკვეთზე. ასევე, მართალია აღნიშნული სახლი არ არის დასრულებული და არ გამოიყენება საცხოვრებლად, თუმცა იგი ნამდვილად არ ჰგავს ძველ და მიტოვებულ შენობას, არის მშენებარე სახლი და სავსებით ლოგიკურია, რომ ჰყავს მესაკუთრე. მ------------–---–ის მიერ დაუფლებული ლითონის ავზი კი, როგორც უკვე აღინიშნა, განთავსებული იყო სახლის ერთ-ერთი კედლის გვერდით და არავინ არ არის ვალდებული, მსგავს ვითარებაში განლაგებულ მოძრავ ქონებას გაუკეთოს რაიმე სახის აღნიშვნა მასზე საკუთრების უფლების არსებობის თაობაზე. კონკრეტული საცხოვრებელი სახლის გარშემო განთავსებული საგნები ნამდვილად არ ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ მათ მესაკუთრე არ ჰყავთ. ადვოკატის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მ------------–---–ი არ ცხოვრობდა აღნიშნულ სოფელში და ამის გამო არ შეიძლება სცოდნოდა, რომ დაუფლებულ ავზს ჰყავდა მესაკუთრე, ვერ იქნება შეფასებული მსჯავრდებულის სასიკეთოდ. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მ------------–---–ი შემთხვევით მოხვდა სხენებულ ადგილზე და არ იყო დარწმუნებული, რომ როგორც მშენებარე სახლი, ასევე მის გვერდით არსებული ლითონის ავზი იყო მიტოვებული, მას არც უცდია გაერკვია - წარმოადგენდა თუ არა ლითონის ავზი ვინმეს კერძო საკუთრებას; არ მოუკითხავს გარშემომყოფებთან აღნიშნულის თაობაზე. შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნორმალური განვითარების ადამიანს შეუძლებელია არ გასჩენოდა კითხვა - ეკუთვნოდა თუ არა ავზი ვინმეს. ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ მ------------–---–ი მოქმედებდა შეცდომის პირობებში (მისატევებელი ან თუნდაც მიუტევებელი) და შეუძლებელია მას არ ცოდნოდა, რომ მართლსაწინააღმდეგო, აკრძალულ ქმედებას ჩადიოდა.
ამასთან, თუდნაც მესაკუთრის მიერ ქონების უყურადღებოდ და უმეთვალყურეოდ დატოვება არ ნიშნავს იმას, რომ მასზე ავტომატურად ნებისმიერ პირს შესაძლოა წარმოეშვას საკუთრების უფლება. მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობას არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 190-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მოძრავი ნივთი უპატრონოდ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით, ნივთის მფლობელობას მიატოვებს“. განსახილველ საქმეზე ე-–---------------------ვის მხრიდან ქონების მიტოვებას ადგილი არ ჰქონია და არც რაიმე ისეთი გარემოება არსებობდა, რაც მ------------–---–ს აფიქრებინებდა, რომ სახლიდან სამ მეტრში განთავსებულ ავზს ნადვილად არ გააჩნდა მესაკუთრე. მხოლოდ ის გარემოება, რომ ავზი იყო ძველი და ჟანგისფერი, არ უკანრგავს მას კუთვნილების სტატუსს. ნივთი განთავსებული იყო მშენებლობის ობიექტზე და მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა იმ გარემოებას, რომ მ------------–---–ს არანაირი ფაქტობრივი დაბრკოლება არ გააჩნდა - დაუფლებოდა სახლის გვერდით განთავსებულ ძველ ლითონის ავზს, არამედ იმას, რომ მან გადალახა სამართლებრივი ნორმებით დადგენილი ბარიერი, არ დაინტერესდა შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ავზსს ჰყავდა თუ არა მესაკუთრე, რაც ობიექტური შეფასების პირობებში, აუცილებლად უნდა ევარაუდა.
ამდენად, პალატა თვლის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც მ------------–---–ს დაედო მსჯავრი. პალატამ მიმოიხილა და გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეაფასა სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მ------------–---–ის მიმართ სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. შესაბამისად, მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ მ------------–---–ის მიმართ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელი და განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არც ამ კუთხით არსებობს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი.
მ------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მ------------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 4 (ოთხი) წლის ვადით, შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 4 (ოთხი) თვის და 28 (ოცდარვა) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 26 მარტიდან.
მ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკევთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება: წყლის ავზი დაუბრუნდეს დაზარალებულს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე