განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2019
საქმის ნომერი
330100119003188016
ინსტანცია
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003188016

საქმე № 1ბ/1861-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

მსჯავრდებული - რ----- ა-----------ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ------–---------------–---------------------------------------------------.

წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სასჯელი: 1(ერთი) წლით და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი)თვის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------------–--ემ. სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა რ----- ა-----------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, როდესაც რ----- ა-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე. ბრალდების მხარე არ ეთანხმება განაჩენში განვითარებულ მოსაზრებას, რომ დაზარალებული ა--- მ----------- ფაქტის შემსწრე პირების ჩამოთვლისას ე-–--- ა-----------ს მოიხსენიებს, როგორც „მისი (რ----- ა-----------ის) 5 წლის შვილს“ (და არა როგორც მის „გერს“), ხოლო თავის მხრივ, ე-–--- ა-----------ი ა--- მ-----------ს უწოდებს - მამის, რ----- ა-----------ის „შეყვარებულს“, რადგან აღნიშნული არ იძლევა საფუძველს, რომ ვივარაუდოთ ისინი ერთმანეთს ოჯახის წევრებად არ აღიქვამდნენ თავს, ანუ სახეზე არ გვქონდეს, ასე ვთქვათ ,,სუბიექტური“ ელემენტი, ობიექტურად ისინი ოჯახის წევრები არიან საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის პირველი შენიშვნის თანახმად. სასამართლომ რ----- ა-----------ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის, სასამართლომ აღიარა, რომ ა--- მ----------- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება რ----- ა-----------თან, ეი. არის რ----- ა-----------ის ოჯახის წევრი, ხოლო არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი რ----- ა-----------ის შვილი -ე-–--- ა-----------ი გამოდის ა--- მ-----------ს გერი. იმისათვის კი, რომ ე-–--- ა-----------ა ჩაითვალოს ა--- მ-----------ს ოჯახის წევრად, არ არის სავალდებულო, რომ ისინი მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, რადაგნ ერთიანი საოჯახო მეურნეობის განხორციელება უკავშირდება ,,ნებისმიერ სხვა პირს“ და არა 111 მუხლის პირველ შენიშვნაში ჩამოთვლილ პირებს. აპელანტი ასევე არ ეთანხმება, სასამართლოს მოსაზრებას, რომ ე-–--- ა-----------ას არ გამოუხატავს რაიმე უარყოფითი ემოცია, როდესაც ა--- მ-----------ს მიმართ განხორციელდა ძალადობა და თითქოს ამის გამო ე-–--- ა-----------ა არ აღიქვამს ა--- მ-----------ს დედად, ან ოჯახის წევრად. აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ყველა სხვგავარად აღიქვამს ნებისმიერ ფაქტს და ამის მიზეზი შესაძლოა ე-–--- ა-----------ას ინდივიდუალურობა იყოს. ბრალდების მხარე ითხოვს რ----- ა-----------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა რ----- ა-----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-------------–--ემ, წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

წარდგენილი ბრალდება:

 

რ----- ა-----------ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისთვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----- ა-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ-------–--–--------–--–-------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, “ფიატის“ ფირმის ავტომობილში, რ----- ა-----------მა, არასრულწლოვანი შვილის - ე-–--- ა-----------ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა---

მ-----------ს, კერძოდ, ხელი გაარტყა მარცხენა თვალის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----- ა-----------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით რ----- ა-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რ----- ა-----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რ----- ა-----------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ა--- მ-----------ს, მოწმეების: ჟ------------------------------–--------–---–ის, არასრულწლოვანი -ა---------, ე-–---, ლ---- ა-----------ების გამოკითხვის ოქმებით, №0----- შემაკავებელ ორდერით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმის სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ რ----- ა-----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა პროკურორ თ---------------–--ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ რ----- ა-----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაულის შემადგენლობისთვის, ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის, სავალდებულოა, რომ დანაშაული ჩადენილი იყოს ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. აღნიშნული ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, კანონმდებელი ერთმანეთისგან გამიჯნავს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის და მისი ოჯახის წევრს სტატუსს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეებისგან და მისი შვილებისგან (გერისგან). კანონის ანალოგია გულისხმობს კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი სამართლებრივი საკითხის მოსაწესრიგებლად ყველაზე მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმის გამოყენებას, ოჯახის წევრის დეფინიცია სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, კანონმდებლის მიერ მოწესრიგდა 111 მუხლის შენიშვნაში და მკაფიოდ გაიწერა არეალი იმ პირებისა თუ ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ოჯახის წევრად. ამდენად, არ არსებობს საფუძველი მოწესრიგებული ნორმის სხვაგვარად ინტერპრეტირების და მსჯავრდებულის საზიანოდ გამოყენების.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას არასრულწლოვნის ოჯახის წევრის მიმართ მისი თანდასწრებით განხორციელებულ ძალადობასთან მიმართებით და ოჯახში ძალადობა „არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ“ მაშინ იქნება სახეზე, როცა არასრულწლოვანი იქნება მსხვერპლის ოჯახის წევრი და არა მოძალადის ოჯახის წევრი. კანონმდებელმა აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებით მომეტებულად დაიცვა იმ არასრულწლოვნების ფსიქიკური ჯანმრთელობა, რომლებიც შეესწრებიან მათი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და ამის შედეგად განიცდიან განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ სტრესს. ზოგადად, არასრულწლოვანი ნებისმიერი ძალადობის ხილვით განიცდის გარკვეულ სტრესს (რის გამოც იგი სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას), თუმცა, როცა არასრულწლოვანი შემსწრე ხდება მისი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იგი უფრო მეტი ხარისხის უარყოფით გავლენას ახდენს მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში წარმოადგენს არა სასჯელის, არამედ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესწრებით, რომელთანაც არასრულწლოვანს აქვს ახლო ემოციური კავშირი და განიცდის მასთან პოზიტიურ მიჯაჭვულობას, განსაკუთრებული ზიანი ადგება არასრულწლოვანს და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ. სწორედ ამის გამო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა“. ამდენად, ოჯახში ძალადობის შემსწრე ამავე ოჯახის წევრი ბავშვის არაპირდაპირ მსხვერპლად მიჩნევით კანონმდებელი ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ მდგომარეობას, განსხვავებით ოჯახის არაწევრი არასრულწლოვნისაგან, სწორედ ამით არის განპირობებული კანონმდებლის პოზიცია, დაამძიმოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს, ხოლო ოჯახის არაწევრი პირის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით დანაშაულის ჩადენას სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილი - „არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით“). ეს უკანასკნელი ნორმა იცავს ნებისმიერი არასრულწლოვნის ფსიქიკურ ჯანმრთელობას დანაშაულებრივი ფაქტის შესწრებით გამოწვეული უარყოფითი გავლენისაგან.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს, რომ რ----- ა-----------ის მიერ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ა--- მ-----------ს მიმართ ჩადენილია ოჯახში ძალადობა (დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით), თუმცა არასწორია აპელანტის სამართლებრივი შეფასება და ამ ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ოჯახში ძალადობა „არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ“, რამდენადაც ე-–--- ა-----------ი არის მოძალადის რ----- ა-----------ის პირველი ქორწინებიდან შეძენილი შვილი, რომლისთვისაც მსხვერპლი - ა--- მ----------- ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე არ წარმოადგენს ოჯახის წევრს. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სუბიექტი (რ----- ა-----------ი) და მსხვერპლი (ა--- მ-----------) ერთმანეთისათვის წარმოადგენენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს (რის გამოც ისინი ითვლებიან ოჯახის წევრებად), ხოლო ე-–--- ა-----------ი არის რ----- ა-----------ის ოჯახის წევრი (შვილი), რომელიც მას შეძენილი ჰყავს პირველი ქორწინების შედეგად. ამდენად, ე-–--- ა-----------ი არ არის ა--- მ-----------ს ბიოლოგიური შვილი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე-–--- ა-----------ი იზრდება ბებიასთან და მას ა--- მ-----------სთან არავითარი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, ე-–--- ა-----------ი არ არის ა--- მ-----------ს გერი, ნაშვილები ან მინდობით აღსაზრდელი. ე-–--- ა-----------ისა და ა--- მ-----------ს ურთიერთდამოკიდებულების გარკვევისას პალატა ასევე მხედველობაში იღებს მათი თანაცხოვრების ფაქტს, ურთიერთობის ხანგრძლივობასა და ინტენსივობას, არასრულწლოვნის ასაკს, მის რეაქციას ძალადობის ფაქტის ხილვისას და სხვა ობიექტურ გარემოებებს, რაც დგინდება მხარეთა განმარტებებითა და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე რ----- ა-----------ის განმარტებით ირკვევა, რომ მის არასრულწლოვან შვილს - ე-–--- ა-----------სა და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ა--- მ-----------ს ერთად არასდროს უცხოვრიათ. თანაცხოვრების ფაქტი არ დგინდება ასევე არც დაზარალებულის და არც ოთხი წლის ე-–--- ა-----------ის გამოკითხვის ოქმებით. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული ა--- მ----------- ფაქტის შემსწრე პირების ჩამოთვლისას ე-–--- ა-----------ს მოიხსენიებს, როგორც „მისი (რ----- ა-----------ის) 5 წლის შვილს“ (და არა როგორც მის „გერს“), ხოლო თავის მხრივ, ე-–--- ა-----------ი ა--- მ-----------ს უწოდებს - მამის, რ----- ა-----------ის „შეყვარებულს“. აღნიშნულით დგინდება სწორედ ის ფაქტი, რომ არც ერთი მათგანი ერთმანეთს არ აღიქვამს ოჯახის წევრად. მათ დროის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაშიც კი არ უცხოვრიათ ერთად, რაც მათ შორის წარმოშობდა ოჯახის წევრობის განცდასა და მშობლისა და შვილისათვის (გერისათვის) დამახასითებელ კავშირს, რაც 4 წლის ე-–--- ა-----------ს გაუჩენდა მის მიმართ იმგვარ ემოციურ დამოკიდებულებას, რომლის გამოც ა--- მ-----------ს მიმართ განხორციელებული ძალადობისას იგი განიცდიდა მომეტებული ხასიათის ფსიქოლოგიურ სტრესს. აღნიშნულს ადასტურებს არასრულწლოვნის რეაქცია ძალადობის ხილვისას, კერძოდ, მას ისეთივე რეაქცია ჰქონდა, როგორიც დანაშაულის თვითმხილველ დანარჩენ ორ არასრულწლოვანს (გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ აღნიშნულ ფაქტს ასევე შეესწრნენ რ----- ა-----------ის არასრულწლოვანი ძმისშვილები - 6 წლის ა--------- და 5 წლის ლ---- ა-----------ები). ე-–--- ა-----------ი იმყოფებოდა თავისი მამის მანქანაში, რა დროსაც შეესწრო მამის მხრიდან ა--- მ-----------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის დროს და არა კვალიფიკაციისას, რამდენადაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოჯახში ძალადობა „არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ“ მაშინ იქნება სახეზე, როცა არასრულწლოვანი იქნება მსხვერპლის ოჯახის წევრი და არა მოძალადის ოჯახის წევრი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული შემთხვევა არ წარმოშობს მსჯავრდებულ რ----- ა-----------ის პასუხისმგებლობის დამძიმების საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით და აღნიშნული გარემოება მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასჯელის განსაზღვრისას.

 

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს რ----- ა-----------ის ბრალეულობას, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული შეიცავს ოჯახური ძალადობის ნიშნებს არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის, რომ მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

რ----- ა-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი დღეის მდგომარეობით ითვლება ნასამართლობის არმქონედ (გაქარწყლებული აქვს ნასამართლობა) და მეზობლებისაგან ხასიათდება დადებითად.

 

რ----- ა-----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ა--- მ-----------ს მიმართ ძალადობის განხორციელება სამი არასრულწლოვანი ბავშვის - 6 წლის ა---------, 5 წლის ლ---- და 4 წლის ე-–--- ა-----------ების თანდასწრებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი რ----- ა-----------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

პალატა მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ რ----- ა-----------ის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, აფასებს მის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, რ----- ა-----------ი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ამასთან, მის მიერ განხორციელებული ძალადობა არ გამოირჩეოდა ისეთი დაუნდობელი ხასიათითა და მომეტებული საშიშროებით, რაც აუცილებელს გახდიდა მის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან საპატიმრო სასჯელის გამოყენებით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა რ----- ა-----------მა ჩაიდინა დანაშაული არასრულწლოვნების თანდასწრებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ რ----- ა-----------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2,3 ნაწილების მოთხოვნები.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს რ----- ა-----------ის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, რ----- ა-----------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას მიაჩნია, რომ რ----- ა-----------ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულებისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ----- ა-----------ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და რ----- ა-----------ის სათანადო ქცევას.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ----- ა-----------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ისანი-სამაგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი, მსჯავრდებულ რ----- ა-----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამაგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

რ----- ა-----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და რ----- ა-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი) წლით და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ რ----- ა-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 13 აგვისტოდან - 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით.

მსჯავრდებულ რ----- ა-----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რ----- ა-----------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი