განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 08-100119003052187
საქმე №1/ბ-782-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნ--------ი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- დ------ის ძე ქ-----–--ის მიმართ დაბადებული: 198- წლის 16 ნ--------ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. ქუთაისი, ს----------ის ქუჩა №------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, რ. თ------–---–ის ქუჩა №-----, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
დ----- ქ-----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 მაისს, დაახლოებით 00:05 საათზე, ქუთაისში, რ. თ------–---–ის ქუჩა №------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში დ----- ქ-----–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ფ------ ა-–-----ეს, კერძოდ, აგინებდა დედისა და ახლო ნათესავების მისამართით, შემდგომ ხელი დაარტყა სახის არეში, ძლიერად მოქაჩა თმები და მკლავებზე უჭერდა ხელს. აღნიშნული ქმედებებით ფ------ ა-–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის განაჩენით დ----- ქ-----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
დ----- ქ-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გამართლებულ დ----- ქ-----–--ეს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და დ----- ქ-----–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდენილ მტკიცებულებებს და არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადენილ მოთხოვნებს. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში საპროცესო კანონმდებლობით დადენილი წესით და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ დ----- ქ-----–--ის ბრალდებას გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დ----- ქ-----–--ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს. კერძოდ: შეტყობინებები, მოწმეების - ლ---- მ-----–--ის, შ----- ც---–---ის, ლ---- ც----ს, ზ---- ტ------ის, ს---–--- კ----------–---–ის, გ------- ჩ-----------–---–ის, დ------ გ------ის, მ----- გ------ის, ა---------– გ------ის და შ----- ც---–---ის ჩვენებები, ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენება, სსიპ 112ის შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება-გაანალიზებით და გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეჯერებით უტყუარად დადგენილია, ის გარემოება, რომ ფ------ ა-–-----ის მიმართ მოცემულ დღეს დ----- ქ-----–--ემ განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც ფ------მ მიიღო სხვადასხვა დაზიანება, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ფ------ ა-–-----ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა, ასევე, კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება.
მოწმის სახით დაკითხული ლ---- მ-----–--ის ჩვენების თანახმად, იგი 2019 წლის 25 მაისს იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში, მეწყვილესთან ს---–--- კ----------–---–თან ერთად ახორციელებდა ღამის შემოვლას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება თ------–---–ის 118-ში ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. ისინი მალევე გამოცხადდნენ აღნიშნულ მისამართზე, სადაც დახვდათ ქალბატონი ფ------ ა-–-----ე, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ მასზე ფიზიკურად იძალადა. ქალბატონ ფ------ს ვიზუალურად, სახის არეში ეტყობოდა სიწითლეები. მოწმის განმარტებით მან დარეკა ხელმძღვანელთან და მიიღო ბრალდებულის ადგილზე დაკავების ბრძანება, რის შემდეგაც მოხდა დ----- ქ-----–--ის ადგილზე დაკავება, განემარტა მისი უფლება-მოვალეობები, ხოლო ს---–--- კ----------–---–ის მიერ შედგენილ იქნა დაკავების ოქმი. დაკავების ოქმს მოწმემაც მოაწერა ხელი, ამის შემდეგ ბრალდებული გადაყვანილ იქნა ქუთაისის პოლიციის მე-4 განყოფილებაში. მოწმის ლ---- მ-----–--ის განმარტებით, არ ახსოვს ხელი მოაწერა თუ არა ბრალდებულმა დაკავების ოქმს. ბრალდებულისთვის არ გადაუცია დაკავების ოქმის ასლი. დაკავებისას ბრალდებული საცხოვრებელი სახლის შესასვლელ ოთახში იმყოფებოდა და მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაზარალებულიც იმავე სახლში იყო. მოწმის განმარტებით, ის თავად დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს არ შესწრებია.
მოწმის სახით დაკითხული შ----- ც---–---ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ქუთაისის პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 25 მაისს, დილის საათებში დაახლოებით 11:00-12:00 საათზე, ამავე განყოფილების გამომძიებელთან ერთად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე თ------–---–ის ქუჩა 113-ში და საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე და მოახდინეს დათვალიერება. სახლი დაათვალიერეს იქ მცხოვრები ქალბატონის თანხმობის საფუძველზე. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები არ ყოფილან, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ზ---- ტ------ემ მობილურის საშუალებით გადაიღო სურათები. ქალბატონმა მათ მიუთითა ადგილი, როგორც ახსოვს სამზარეულო ოთახი, სადაც მის მიმართ განხორცილდა ძალადობის ფაქტი. მოწმის განმარტებით, დაზარალებულმა მათ თანხმობა წერილობით განუცხადათ, რის შემდეგაც მოახდინეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ოქმებზე ყველამ მოაწერა ხელი. დაზარალებულმა მიუთითა რომ მას ბრალდებულმა შეურაცხყოფა მიაყენა სამზარეულოს ოთახში და ზუსტად არ ახსოვს, თუ რა განმარტა დაზარალებულმა, რა სახის შეურაცყოფა მიაყენა ბრალდებულმა. თუმცა მისი თქმით დაზარალებულს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანება, დაზიანებას ეტყობოდა, რომ ბუნებრივი არ იყო, აშკარად ჩანდა რაიმე ნივთის ზემოქმედების შედეგად მიყენებული გამოკვეთილი კვალი, რომელიც იყო მოწითალო ფერის. ადგილზე დათვალიერებისას მათ რაიმე სახის ნივთმტკიცება არ ამოუღიათ. მოწმის განმარტებით, მას არ ახსოვს გადაეცა თუ არა დაზარალებულ ფ------ ა-–-----ეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თუმცა მას გამომძიებლის მიერ განემარტა მის უფლება-მოვალეობები.
მოწმის სახით დაკითხული ლ---- ც----ს ჩვენების თანახმად, ის პოლიციაში მუშაობს 2006 წლიდან. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობდა პოლიციის მე-4 განყოფილებაში, მაისის თვიდან. გამომძიებელი იყო ზ---- ტ------ე. 2019 წლის 17 ივლისს მან დაზუსტებული ბრალი გააცნო ბრალდებულს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, ასევე გაუცვალა მათ მტკიცებულებების ნუსხა. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმის სახით დაკითხული ზ---- ტ------ის ჩვენების თანახმად, მიმდინარე წლის 25 მაისს ღამის საათებში, ქუთაისის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საიდანაც იკვეთებოდა ოჯახური ძალადობის ფაქტი, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე ზ---- ტ------ის მიერ გამოკითხულ იქნა მოწმეები: ფ------ ა-–-----ე, რომელიც შემდგომში ცნობილ იქნა დაზარალებულად და განემარტა მისი უფლებები, ს---–--- კ----------–---–ი - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, გ------- ჩ-----------–---–ი - პატრულის თანამშრომელი, დ------ი გ------აძე, რომელიც არის ბრალდებულის მამა, მ----- გ------აძე და ა---------– გ------ე - პატრულ-ინსპექტორი. მოწმის განმარტებით, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ შ----- ც---–---ის მონაწილეობით. გამოძიება დაწყებული იქნა ლ-–- ლ-------ის მიერ, რომელიც არის დეტექტივ - გამომძიებელი მეოთხე განყოფილებაში. უშუალოდ ზ---- ტ------ის მიერ გამოკითხულ იქნა ქალბატონი ფ------ ა-–-----ე, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე განხორციელდა ძალადობის ფაქტი ღამის საათებში მეუღლის მიერ. კერძოდ, მეუღლემ ჩაარტყა სახის არეში, ძლიერად მოქაჩა თმებში, მკლავზე ძლიერად მოუჭირა ხელი. დაზარალებული გამოიქცა სახლიდან რადგან ფიქრობდა, რომ მისი მეუღლე მასზე ძალადობას ისევ გააგრძელებდა და მისი სახლის ეზოდან დაუკავშირდა საინფორმაციო სამსახურს 112-ს და ითხოვა პოლიციის დახმარება. ამის შემდეგ, როგორც ფ------ ა-–-----ემ განმარტა ადგილზე გამოცხადდნენ მეოთხე განყოფილების პოლიციის თანამშრომლები და პატრულ ინსპექტორები. რაც შეეხება ბრალდებულს ის იმ დროისათვის სახლში იმყოფებოდა და ფ------ ა-–-----ემ პირდაპირ მიუთითა ბრალდებულზე, მის მეუღლეზე დ----- ქ-----–--ეზე, რომ მან მიაყენა რამდენიმე წუთის წინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, დაკავებულ იქნა დ----- ქ-----–--ე, ასევე პატრულ-ინსპექტორების მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი შემაკავებელი ორდერი. ფ------ ა-–-----ეს, როგორც სახეზე, ასევე, ხელების მიდამოში, მკლავებზე, ეტყობოდა ჩალურჯებები და მიუთითებდა, რომ ეს ჩალურჯებები მიაყენა მისმა მეუღლემ. დაზარალებულის თანხმობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში მდებარეობდა . საცხოვრებელი მისამართი იყო თ------–---–ის ქუჩა 113 ოთახი 2, რომელიც კორპუსის მეორე სართულზე მდებარეობდა. სახლში მისვლისას დაზარალებულმა მიუთითა სამზარეულო ოთახზე, სადაც მისმა მეუღლემ მასზე განახორციელა ძალადობა. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი შ----- ც---–---ე. შედგა დათვალიერების ოქმი, რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ტექნიკურ საშუალებად იქნა გამოყენებული მოწმის კუთვნილი მობილური ტელეფონი. ეს სურათები შემდგომში დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. ასევე მის მიერ დანიშნულ იქნა ფ------ ა-–-----ის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზა. საპატრულო პოლიციაში გაგზავნილ იქნა მიმართვა, რის შემდგომაც მიღებული იქნა საინფორმაციო სამსახური 112-ის ჩანაწერი, მოთავსებული CD დისკზე, რომელიც დათვალიერებულ იქნა მათ მიერ. აღნიშნულ ჩანაწერზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა, რადგან აშკარად იკვეთებოდა, რომ ჩანაწერზე არსებული ხმა ფ------ ა-–-----ეს ეკუთვნოდა. მოთხოვნის გამგზავნი იყო ბატონი ზ----, რომელმაც მოთხოვნაში მიუთითა შეტყობინების ნომერი. მოთხოვნა საინფორმაციო სამსახურიდან ჩანაწერის გამოთხოვის თაობაზე გაგზავნილ იქნა თავად მოწმის მიერ, სადაც მითითებული იქნა დანაშაულის შეტყობინების ნომერი, რომელსაც აგზავნის საინფორმაციო სამსახური 112. ამ შეტყობინებას პოლიციის შესაბამის განყოფილებაში აკეთებს, როგორც საინფორმაციო სამსახური 112, შემდგომში, ასევე, საპატრულო პოლიციაც. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სისხლის კვალი არ აღმოუჩენიათ, ასევე არ ყოფილა რაიმე გატეხილი. ბრალდებულის დაკავებისას შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა დღის საათებში 25 მაისს 12:20 საათზე. გამოძახება და ბრალდებულის დაკავება მოხდა ღამის საათებში, ხოლო დათვალიერება დღის საათებში. მოწმის ზ---- ტ------ის განმარტებით, მან დაზარალებული პირველად ნახა დაკითხვისასა, ფაქტიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2019 წლის 25 მაისს, ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ზ---- ტ------ის მომართვის საფუძველზე შემოწმებულ იქნა მოქალაქე ფ------ ა-–-----ე. პირადი შემოწმებისასა ფ------ ა-–-----ეს აღენიშნებოდა, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, დაზიანებები სისხლნაჟღენთის, სწორკიდეებიანი ჭრილობისა და ნაკაწრების სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. რაც შეეხება თარიღს, საქმის გარემოება 2019 წლის 25 მაისს ქუთაისში თ------–---–ის ქ. №------ში ფ------ ა-–-----ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ქმარმა დ----- ქ-----–--ემ. დაზარალებულის განცხადებით 2019 წლის 25 მაისს დაახლოებით 00:05 სთ-ზე ქუთაისში, თ------–---–ის ქ. №------ში თავის საცხოვრებელ ბინაში მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება მეუღლესთან დ----- ქ-----–--ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს. დაზარალებულის შემოწმება, ექსპერტის მიერ დაიწყო 06:53 საათზე. შესამოწმებელი პირი უჩიოდა ტკივილებს დაზიანებათა მიდამოებში. მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი. მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა და შუა მესამედები დონეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დასწვრივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაკაწრები. მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა დასწვრივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის ისეთივე ხასიათის ნაკაწრი. მარჯვენა მტევნის I თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის სწორკიდეებიანი ჭრილობა. დასკვნაში წერია, რომ დაზარალებული უჩიოდა ტკივილებს, რაც ექსპერტმა დაადგინა გამოსაკვლევი პირის გადმოცემით. შესამოწმებელ ოთახში იყო მხოლოდ ექსპერტი გ------- გ-------–-–---–ი, მას არ ახსოვს შემოწმებას ესწრებოდა თუ არა პოლიციელი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის - ფორმა №1 თანახმად, გამოძიება დაიწყო 2019 წლის 25 მაისს. ქუთაისში, თ------–---–ის ქუჩა №------ში, ფ------ ა-–-----ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარმა დ----- ქ-----–--ემ. (ს.ფ 1).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული №------------------------ შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, ინციდენტის თარიღი არის 25 მაისი 2019 წელი 00:09:11 საათი, ინციდენტის ტიპი ოჯახური ძალადობა, ფ------ ა-–-----ემ (მობილურის ნომერი: 5--------), რომლის საცხოვრებელი მისამართი არის ქ. ქუთაისი, რევაზ თ------–---–ის ქუჩა №-----, განაცხადა, რომ მეუღლემ სცემა, ითხოვა პატრული, ხოლო სასწრაფოს გამოძახებაზე უარი განაცხადა, იმყოფება ეზოში და ჩუმად რეკავს. (ს.ფ.2).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული №------------------------ შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) ,,114’’ საპატრულო ეკიპაჟიდან ა. გ------ემ ტელ: 5-------- - ით აცნობა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ინსპექტორს შ--–-- გ-------ს, რომ ქუთაისში თ------–---–ის ქუჩა №------ში დ----- ქ-----–--ემ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (მეუღლე) ფ------ ა-–-----ეს. შედგება შემაკავებელი ორდერი. (ს.ფ.3).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნის №--------- თანახმად, ბრალდებულ დ----- ქ-----–--ეს არ დაუდგინდა ალკოჰოლური თრობის ფაქტი. (ს.ფ.23-24).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში რ. თ------–---–ის ქუჩა №------ში განთავსებულ ფ------ ა-–-----ის საცხოვრებელ ბინაში, მითითებული ბინა არის ორსართულიანი მრავალბინიანი. ფ------ ა-–-----ის ბინაში, კერძოდ პირველი სადარბაზოს მეორე სართულზე ავდივართ ბეტონის საფეხურებით. ფ------ ა-–-----ემ თანხმობა განაცხადა ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარებაზე, რის შემდეგაც ერთფრთიანი რკინის კარით შევდივართ ბინის მისაღებ ოთახში. მისაღებიდან მარცხნივ შევდივართ სამზარეულოში, სადაც განთავსებულია მაგიდა, სკამები, ტელევიზორი, მაცივარი, სამზარეულოს ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ფ------ ა-–-----ემ მიუთითა სამზარეულო ოთახის შუა ადგილზე და განმარტა, რომ 2019 წლის 25 მაისს ღამის საათებში, მისმა მეუღლემ დ----- ქ-----–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სწრაფად ჩავიდა ბინის ეზოში და მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ითხოვა პოლიციის დახმარება. დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ სახლში ნივთები დამსხვრეული არ არის, სამზარეულო ოთახიდან გავდივართ სასტუმრო ოთახში, სადაც რბილი ავეჯია განთავსებული, ხოლო სამზარეულოდან მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს დიდი ზომის საძინებელი ოთახი, ასევე მცირე ზომის საძინებელი ოთახი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დასურათდა ფ------ ა-–-----ის საცხოვრებელი სახლი, სადარბაზო და ბინის ეზოს მიმდებარე ტერიტორია. გადაღებული ფოტოსურათები ფოტოცხრილის სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. (ს.ფ 28-38)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემაკავებელი ორდერით №------ ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2019 წლის 25 მაისს, 00:55 სთ-ზე, ქ. ქუთაისში, თ------–---–ის ქუჩა №------ში, დაზარალებულ ფ------ ა-–-----ის განმარტებით, ქმარმა დ----- ქ-----–--ემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, სწვდა თმებში, დაარტყა ხელი სახეში და აგინა მას. შემაკავებელი ორდერის თანახმად, დ----- ქ-----–--ეს აეკრძალა ფ------ ა-–-----ესთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. (ს.ფ 54-60).
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით დ----- ქ-----–--ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა ფ------ ა-–-----ემ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ოლეგ ქუთათელაძის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის. რაც შეეხება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში მითითებულ საკითხს, რომ ფ------ ა-–-----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ფ------ ა-–-----ეს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, დ----- ქ-----–--ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად, სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია, კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით დ----- ქ-----–--ის მსჯავრდება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
დ-----ი ქ-----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
დ-----ი ქ-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. დ----- ქ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული ო-–--- გ------აძის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში, საკადასტრო კოდი: 3----------- (უძრავი ქონების მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა თ--------–----, სექტორი ქ---------------- 05-----------–------------------------------------–------------–---------------------------–-------------------------) გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში.
დ-----ი ქ-----–--ეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
შსს საინფორმაციო ცენტრ 112-დან გადმოგზავნილი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მაკა გორგოძე