განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2019
საქმის ნომერი
330210018002783593
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002783593

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/2932-19 28 ნოემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – თამარ ალანია

მოსამართლეები - ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - გრ-----–-------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ევ-------------- +“

 

წარმომადგენელი - თა------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შპს „ევ-------------- +“-ის წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე გრ-----–-------------ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოპასუხისთვის სესხის სახით გაცემული თანხის 2449.91 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1174 აშშ დოლარი, ხოლო, სარგებელი - 1275.91 აშშ დოლარი. მოსარჩელეს მოთხოვნას ასევე, მოპასუხისთვის ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი - 100 ლარის დაკისრება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა წარმოადგენდა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ევ-------------- +“-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გრ-----–-------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ 2189,91 აშშ დოლარისა და ავტომობილის შეფასებაზე გადახდილი 100 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა, ასევე, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება გრ-----–-------------მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2016 წლის 23 მაისს შპს „ევ-------------- +“-ს და გრ-----–-------------ს შორის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N136503T გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე სესხი 1200 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვით, გაიცა. მოპასუხეს სესხი 36 თვის განმავლობაში, სესხის შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად უნდა დაეფარა (ს.ფ. 17-22, 23, 24, 25).

 

6. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, სესხის დაბრუნებისა და სარგებლის გადახდის, აგრეთვე სხვა ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, გრ-----–-------------მა მოგირავნის სასარგებლოდ მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, მარკა მოდელი - მა------- გამოშვების წელი - 2004, სარეგისტრაციო მოწმობა - AL-------, გირავნობით დატვირთა (ს.ფ. 17-22, 23, 24, 25).

 

7. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად გრ-----–-------------ის დავალიანება 2018 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით - 2449.91 აშშ დოლარს და 100 ლარს შეადგენდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1174 აშშ დოლარი, სარგებელია - 1275.91 აშშ დოლარი, ხოლო, 100 ლარი ავტომობილის შეფასების მიზნით გადახდილ თანხას წარმოადგენდა (ს.ფ. 40).

 

8. შპს „ჯი ეი ჯგუფის“ მიერ 2018 წლის 11 ივნისს შედგენილი დასკვნის შესაბამისად, დაგირავებული ავტომობილის საბაზრო ღირებულება 1600 ლარით განისაზღვრა, ხოლო, ლიკვიდური ფასი 1200 ლარით. ამავე დასკვნის შედგენის მიზნით მოსარჩელის მიერ 100 ლარი იქნა გადახდილი (ს.ფ. 27-33, 34).

 

9. 2018 წლის 7 მარტს შედგენილი ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, გირავნობის საგნის (მარკა მოდელი - მა------- გამოშვების წელი - 2004, სარეგისტრაციო მოწმობა - AL-------) სარეალიზაციო ღირებულებამ 1300 ლარი შეადგინა (ს.ფ. 26).

 

10. 2018 წლის 07 მარტს კრედიტორმა გირავნობის საგნის რეალიზაცია 531,50 აშშ დოლარად მოახდინა. რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან კრედიტორმა სესხზე დარიცხული პირგასამტესლო - 290 აშშ დოლარი, ხოლო, დარიცხული სარგებელი ნაწილობრივ - 241,50 აშშ დოლარის ნაწილში გაქვითა (ს.ფ. 3).

 

11. სააპელაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას მასზედ, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული და შემდგომში მოვალისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, რომელიც 30 აშშ დოლარამდე მართებულად შემცირდა. შესაბამისად, კრედიტორის მიერ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით პირგასამტეხლო არა 290 აშშ დოლარით, არამედ 30 აშშ დოლარის ოდენობით უნდა გაქვითულიყო.

 

კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე, პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს. სასამართლოსთვის აღნიშნული უფლების მინიჭების მნიშვნელობაზე სააპელაციო სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს, მანამდე კი პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებასა და მისი მოვალისთვის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებზე გაამახვილებს ყურადღებას.

 

სააპელაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. გარდა აღნიშნულისა, კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას, სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და, ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. შესაბამისად, ნათელია, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიც, მხარეთა მიერ კეთილსინდისიერად უნდა იქნეს გამოყენებული.

 

პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ვინაიდან სადავო ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა -გამოსახული (ს.ფ. 17-24).

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა სადავოდ არ არის გამხდარი.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დგინდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება შეთანხმებული იყო. კერძოდ, სადავო ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნა, რომ გრაფიკით გაწერილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს პირგასამტეხლო ყოველდღიურად ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ის ოდენობით, დაეკისრებოდა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს და განმარტავს, რომ იგი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ..

 

პალატა განმეორებით განმარტავს, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს. ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატამ მხედველობაში მიიღო რა, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა და მოცულობა, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, ასევე მხედველობაში მიიღო აპელანტისთვის დაკისრებული ძირითად თანხასა და პირგასამტეხლოს ოდენობას შორის მცირედი სხვაობა, გაითვალისწინა ასევე, კრედიტორის ქმედების მართლზომიერება მაშინ, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით მხოლოდ პირგასამტეხლო და პროცენტი გაქვითა და სესხის ძირითადი ოდენობა არ შემცირებულა, მივიდა დასკვნამდე, რომ საკრედიტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და იგი 30 აშშ დოლარამდე უნდა შემცირდეს და შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან პირგასამტეხლოს ნაწილში - 290 აშშ დოლარის მაგივრად 30 აშშ დოლარი უნდა გაიქვუთოს.

 

12. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ გრ-----–-------------ს, სესხის ძირითადი თანხის - 1174 აშშ დოლარის გარდა, სარგებლის სახით მოსარჩელისთვის 212,85 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ კრედიტორის მიერ მოვალისთვის საგებლის გადახდის ვალდებულება არა გირავნობის საგნის რეალიზაციამდე (2018 წლის 07 მარტი), არამედ სარჩელის სასამართლოში აღძვრის დღემდე (2018 წლის 26 დეკემბერი) დაეკისრა, აღნიშნულ მიდგომას სააპელაციო პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ მოვალეს სარგებლის გადახის ვალდებულება გირავნობის საგნის რეალიზაციამდე უნდა დაეკისროს, შემდეგი დასაბუთების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება იქნას შეზღუდული. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე.

 

კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებში დაცული უნდა იქნეს ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი, სწორედ აღნიშნული სულისკვეთება დაედო საფუძვლად 2016 წელს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებებს, როდესაც მას მე-2 ნაწილი დაემატა და სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 100 % განისაზღვრა და შემდგომი ცვლილებების შესაბამისად აღნიშნული პროცენტის ზღვარი 50%-მდე შემცირდა.

 

ნიშანდობლივია განიმარტოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც წარმოადგენს იმ ზიანს, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. 403-ე მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი გადაიხადოს, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის გამოყენების წინაპირობებია - ფულადი ვალდებულების არსებობა, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება და მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე, განსახილველ შემთხვევაში თითოეული მათგანი სახეზეა (ს.ფ. 17-24). შესაბამისად, 403-ე მუხლის რეგულირების რეჟიმში ექცევა ის სამართლებრივი შედეგები, რაც მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებას თან სდევს. ნორმის მიზანი კრედიტორისათვის ფულადი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით მიყენებული მინიმალური ზიანის ანაზღაურებაა. ამასთან, მითითებული მინიმალური ზიანი პრეზუმირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვადაგადაცილება ზიანის დადგომის ვარაუდისათვის საკმარისი წინაპირობაა. ვადაგადაცილებით დამდგარი მინიმალური ზიანი მტკიცებას არ ექვემდებარება. იგი ანაზღაურდება, მიუხედავად იმისა, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებამ კრედიტორს ზიანი მიაყენა, თუ არა. პროცენტი ის მოგებაა, რასაც გამსესხებელი თანხის სხვა პირისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემით იღებს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, პროცენტი ის ეკონომიკური მოგებაა, რისთვისაც მისი მესაკუთრე აღნიშნულ ქონებაზე დროებით სარგებლობას თმობს. ამდენად, პროცენტი არსებობს იქამდე, სანამ არსებობს სესხი, შესაბამისად, პროცენტის გადახდის ვალდებულება არსებობს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად დაბრუნებამდე. ამდენად, როდესაც ვადაგადაცილებას ადგილი აქვს სესხის ხელშეკრულების ვადის (მოქმედების) ფარგლებში, ასეთ ვითარებაში ვადაგადაცილებისათვის მოვალე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს იხდის, ხოლო, თუ მოვალე ფულად ვალდებულებას არ ასრულებს ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ან თუ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა, ასეთ შემთხვევაში მოქმედებას იწყებს 403-ე მუხლი, რომლის როგორც სიტყვასიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი ახსნა-განმარტება იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ფულადი თანხის ვადის გადაცილებისას მოქმედებს მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტი, ანუ ის პროცენტი, რომელზეც მხარეები ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეთანხმდნენ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ვადაგადაცილების პროცენტის დარიცხვა მხოლოდ მხარეთა შორის არსებული სპეციალური შეთანხმების პირობებშია შესაძლებელი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1214-1143-201) განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის, გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სესხი პროცენტიანია და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით განისაზღვრება. სესხზე სარგებლის დარიცხვა თანხის მსესხებლისთვის გადაცემის დღიდან იწყება და თანხის სრულად დაბრუნებამდე გრძელდება, მათ შორის მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილი წესით, ავტომობილის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემიდან მის რეალიზაციამდე არსებულ პერიოდში, მიუხედავად იმისა თუ გადაცემიდან რამდენ ხანში უზრუნველყოფს მოგირავნე ავტომობილის რეალიზაციას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ამავე კოდექსის 345-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში პალატა ასკვნის, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში მითითებული ნორმა, რომელიც სარგებლის დარიცხვის წესს არეგულირებს ბუნდოვანია, კერძოდ, პირდაპირ არ არის გაწერილი სარგებლის დარიცხვა თანხის უკან დაბრუნებამდე რას გულისხმობს, კერძოდ, სარგებლის დარიცხვა გირავნობის საგნის რეალიზაციამდე გრძელდება თუ, ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში სარგებლის დარიცხვა თანხის სრულად დაბრუნებამდე უნდა გაგრძელდეს.

 

ამ მიმართებით, პალატა ადგენს, რომ მსესხებლის, როგორც სუსტი მხარის დაცვისა და ზოგადად მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის გასაგები ენით მიწოდების ვალდებულებიდან გამომდინარე, გაცემულ სესხზე სარგებლის დარიცხვა გირავნობის საგნის რეალიზაციამდე ანუ, 2018 წლის 07 მარტამდე, უნდა მოხდეს. აღნიშნული ნიშნავს, რომ მოვალეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი სარგებელი 714,35 აშშ დოლარიდან უნდა დაუანგარიშდეს (რეალიზაციამდე დარიცხული პროცენტი).

 

13. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისთვის სესხის ძირითადი თანხის სახით 1174 აშშ დოლარისა და სარგებლის სახით - 1275,91 აშშ დოლარის დაკისრება წარმოადგენდა. თავად მოსარჩელე სარჩელში უთითებდა, რომ სარგებლის 1275,91 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით, რომელიც 531,50 აშშ დოლარს შეადგენდა, კრედიტორმა პირგასამტეხლო - 290 აშშ დოლარი და სარგებელი 241,50 აშშ დოლარი გაქვითა. აღნიშნულ გაანგარიშებას პალატა არ დაეთანხმა და განმარტა, რომ კრედიტორმა პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება არაკეთილსინდისიერად გამოიყენა, რის გამოც მოვალისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო 30 აშშ დოლარამდე შეამცირა, ხოლო სარგებლის ჯამური ოდენობა 714,35 აშშ დოლარით განსაზღვრა. აღნიშნულის შედეგად, ცალსახა ხდება, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები 531,50 აშშ დოლარიდან პირგასამტეხლოს გამოკლების შემდეგ 501,50 აშშ დოლარი რჩება (531,50 – 30 = 501,50), რაც მოვალის მიერ გადასახდელ სარგებლის ოდენობაში უნდა ჩაითვალოს. ამასთან, ვინაიდან პალატამ დაადგინა, რომ სარგებლის გადახდის ვალდებულება მოვალეს გირავნობის საგნის რეალიზაციამდე - მხოლოდ 714,35 აშშ დოლარის ოდენობით უნდა დაკისრებოდა, აღნიშნულს გამოაკლდება გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან დარჩენილი 501,50 აშშ დოლარი და საბოლოო ჯამში მოვალეს კრედიტორისთვის სარგებლის 212,85 აშშ დოლარისა (714,35 - 501,50 = 212,85) და სესხის ძირი თანხის - 1174 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრება.

 

14. რაც შეეხება საკრედიტო ორგანიზაციის მიერ გირავნობის საგნის შეფასებისთვის გაღებული ხარჯის ანაზღაურებას, სააპელაციო პალატა ადგენს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება. აღნიშნულთან მიმართებით პალატა განმარტავს, რომ მტკიცებას არა მხოლოდ სარჩელის, არამედ შესაგებლის საფუძვლებიც ექვემდებარება. შესაბამისად, მხოლოდ ფორმალური შესაგებლის წარდგენა და წარმოდგენილი მტკიცებულებაზე ზეპირსიტყვიერად უარყოფითი დამოკიდებულების დაფიქსირება, საპირწონე დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, უფლების ქმედითი დაცვის საშუალებად და დასაბუთებული შედავების განხორციელებად მიჩნეული ვერ იქნება. შესაბამისად, ვინაიდან, როგორც გირავნობის საგნის შეფასების აქტით ასევე, მყიდველთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დადგინდა გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულება, პალატა მას საქმისთვის გაღებულ მნიშვნელოვან პროცესის გარეშე ხარჯად მიიჩნევს და ადგენს, რომ აღნიშნული საპროცესო დოკუმენტის შექმნაზე გადახდილი 100 ლარი გრ-----–-------------ს უნდა დაეკისროს.

 

15. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდ წილად სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება განაპირობებს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

რაც შეეხება მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სწორედ საკრედიტო კომპანიას უნდა ემტკიცებინა მსესხებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულობა, რაც არ განხორციელებულა. ასევე მასვე უნდა ემტკიცებინა სარგებლის სარჩელის აღვრის დღემდე დარიცხვის მართებულობა მაშინ, როდესაც სესხის გაცემიდან სარჩელის აღძვრამდე თითქმის ორი წელია გასული და მოპასუხეს ძირითადი ვალდებულება არცერთხელ არ შეუსრულებია. მასვე ეკისრებოდა სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებული ოდენობის მართებულობის მტკიცება იმ პირობებში, როდესაც დარიცხული სარგებელი ძირითადი თანხის ნახევარზე მეტს, ხოლო, დარიცხული პირგასამტეხლო თითქმის ძირითადი თანხის მესამედს შეადგენდა.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საკრედიტო დაწესებულებამ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისთვის 2449,91 აშშ დოლარის დაკისრებას მოითხოვდა, სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა 1386,85 აშშ დოლარის ნაწილში დააკმაყოფილა, ანუ მოსარჩელის მოთხოვნა საბოლოო ჯამში 56%-ით დაკმაყოფილდა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟიდან 111 ლარი გრ-----–-------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს, ხოლო, ბაჟი დარჩენილ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციაში გადახდილ ბაჟს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟიდან 108 ლარი აპელანტის სასარგებლოდ შპს „ევ-------------- +“-ს უნდა დაეკისროს, ხოლო, დარჩენილ ნაწილში გადახდილი ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს. საბოლოო ჯამში, ვალდებულებათა გაქვითვის შედეგად სახელმწიფო ბაჟის სახით გრ-----–-------------ს შპს „ევ-------------- +“-ის სასარგებლოდ 3 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გრ-----–-------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. შპს „ევ-------------- +“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. გრ-----–-------------ს შპს „ევ-------------- +“-ის სასარგებლოდ 1386,85 აშშ დოლარის (სესხის ძირი თანხა 1174 აშშ დოლარი, სარგებელი 212,85) გადახდის ვალდებულება დაეკისროს;

 

5. გრ-----–-------------ს, შპს „ევ-------------- +“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი 100 ლარი.

 

6. გრ-----–-------------ს შპს „ევ-------------- +“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 3 ლარის გადახდის ვალდებულება. სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე მხარეთა მიერ გადახდილი ბაჟი დარჩენილ ნაწილში ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

7. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

 

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი

 

თამარ ზამბახიძე