განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.11.2019
საქმის ნომერი
140210016001620958
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210016001620958

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2073-18 “ 05“ ნოემბერი, 2019წ.

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე მოსამართლე ოთარ სიჭინავა დიანა ბერეკაშვილი მიხეილ გოგიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი

 

აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი _ _ _ _ გორის მუნიციპალიტეტის მერია გ------- ბ---------–---–- შპს „-----–---“ თ------ ტ-–-–---

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ გორის რაიონული სასამართლოს 23.10.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს 2014 წლის 11 ნოემბრის შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი 6000 ლარის დაკავების თაობაზე და მოპასუხეს დაეკისროს 6000 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხეს დაეკისროს 2013 წლის 26 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამშენებლო პროექტის კორექტირებისათვის შპს "მ----–--ის" მიერ სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის გადახდილი 2000 (ორი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

1.3. მოპასუხეს დაეკისროს 2014 წლის 26 დეკემბრის №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ღირებულების, 12 125.46 ლარის გადახდა.

 

1.4. მოპასუხეს დაეკისროს 2014 წლის 26 დეკემბრის №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამშენებლო პროექტზე “ფიზიკური პირის მ--–-----------–---–-ს” მიერ ჩატარებული ექსპერტიზისათვის გადახდილი 500 ლარის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტისათვის გადახდილი 500 ლარის და "ფიზიკური პირის პროფესორ რ----- რ-----–-–---–-სგან" მიღებული კონსულტაციისათვის (ქ. გორის ნახმარი წყლების მიმღებ წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის პირობების შეფასება) გადახდილი 3750 ლარის გადახდა, სულ 4750 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლოს 23.10.2017წ. გადაწყვეტილებით:

1. მოსარჩელე შპს ”მ----–--ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. გაუქმდა ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „მ----–--ს“ შორის 2014 წლის 11 ნოემბრის შეთანხმება 6000 ლარის დაკავების თაობაზე და ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „-----–---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 6000 ლარის გადახდა.

3. ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „-----–---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 26 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამშენებლო პროექტის კორექტირებისათვის შპს „-----–---ს“ მიერ სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩატერებული ექსპერტიზისათვის გადახდილი 2000 ლარი (ექსპერტიზისათვის გაღებული ხარჯების გადახდა 2000 ლარის ოდენობით).

4. მოპასუხე ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „-----–---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 26 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადახდა 12 125.46 ლარის ოდენობით.

5. მოპასუხე ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „-----–---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 26 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამშენებლო პროექტზე ფიზიკური პირის, მ--–-----------–---–-ს მიერ ჩატარებული ექსპერტიზისათვის გაღებული ხარჯის გადახდა 500 ლარის ოდენობით, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზისათვის გადახდილი 500 ლარი და ასევე ფიზიკური პირის, პროფესორ რ----- რ-----–-–---–-საგან მიღებულ კონსულტაციაში გადახდილი 3000 ლარი.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

4. გორის რაიონული სასამართლოს 31.10.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

4.1. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა 6000 ლარის ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის გადახდის შემდეგ გადახდაზე მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას. სასამართლომ იგი არასწორად განიხილა როგორც ძირითადი ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელი ხელშეკრულება. აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ცვლილებას ძირითად ხელშეკრულებაში და შესაბამისად ურთიერთ ვალდებულების შესრულებას და უფლების რეალიზაციას ერთიან კონტექსტში უნდა მისცემოდა შეფასება.

 

4.2. მხარეთა შორის 26.12.2013წ. გაფორმებული ხელშეკრულების 3.3 მუხლის თანახმად, გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, ამ ნაწილში დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

 

4.3. მხარეთა შორის 26.12.2014წ. გაფორმებული N53 ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება (30.12.2015წ. ცვლილების შესაბამისად) უნდა შესრულებულიყო და შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნაც უნდა ჩაბარებულიყო 29.01.2016წ.-მდე. მოსარჩელემ ექსპერტიზა წარმოადგინა 02.02.2016წ. სასამართლომ ერთის მხრივ დადგენილად მიიჩნია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ხოლო მეორეს მხრივ, სრულად გააუქმა შემკვეთის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი არ იძლება მისი სრულად გაუქმების შესაძლებლობას.

 

4.4. მოსარჩელის მიერ პროფესორ რ----- რ-----–-–---–-სგან მიღებული კონსულტაციისთვის გადახდილი 3000 ლარი ემსახურებოდა შემსრულებლის ცოდნის შეძენას იმ საკითხში, რომელიც ევალებოდა შემსრულებელს. სასამართლო უსაფუძვლოდ უკავშირებს რეკომენდაციას მიწოდებული პროექტის ხარვეზებს და ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. მოპასუხეს ასევე უსაფუძვლოდ დაეკისრა მ--–---- ბ-----–---–სა და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსოერტიზის ეროვნული ბიუროსთვის გადახდილი თანხა, ვინაიდან შეთანხმებისამებრ გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

5. 26.12.2013წ. ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში „მოპასუხე“, შემსყიდველი“) და შპს „მ----–--ს“ (შემდგომში „მოსარჩელე, „მიმწოდებელი“) დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №---. ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა ქ. გორში, ყ--------------- საცხოვრებელი კორპუსის აღდგენა-გამაგრების სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენდა 127 999 ლარს. შესრულების ვადად განისაზღვრა 120 დღე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2014 წლის 30 ივლისამდე (ტ.1, ს.ფ. 23-34).

 

ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოთა მიღება-ჩაბარება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, მათი დამთავრების შემდეგ, ხოლო ანგარიშსწორება - ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში (იხ.: 6.2, 7.2.7.3 პუნქტები).

 

6. მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებებით სამუშაოთა შესრულების ვადა თავდაპირველად გაგრძელდა 31.12.2014. წლის ჩათვლით, ხოლო შემდეგ 2015 წლის 30 ივნისამდე. ვადის გაგრძელებაზე მხარეთა შეთანხმების წინაპირობას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ აუცილებელი იყო სამუშაოების ჩატარება (მჭიმების მოწყობა) პირველიდან მეხუთე სართულის ჩათვლით ყველა ბინაში, მათ შორის იმ ბინებშიც, სადაც მოსახლეობა ცხოვრობდა (იხ.: 09.10.2014წ. და 30.12.2014წ. შეთანხმებები, ტ.1, ს.ფ. 41,42). გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ არის, რომ მოპასუხემ ვერც ამ ვადაში უზრუნველყო მოსარჩელის დაშვება ამ ბინებში, ვინაიდან მესაკუთრეებთან მიმდინარეობს სასამართლო დავა სასამართლოში და ამჟამად საქმე შეჩერებულია.

 

7. 11.11.2014წ. მხარეთა შორის გაფორმდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2013 წლის 26 დეკემბრის №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქ.გორში, ყ-------ს ქ---- საცხოვრებელი კორპუსის აღდგენა-გამაგრების ეტაპობრივი სამუშაოები „მიმწოდებელმა“ მიაწოდა, ხოლო „შემსყიდველმა“ მიიღო და მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზიები არ გააჩნიათ. ფაქტიურად ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებაა 38 118.48 ლარი. ამასთან, აქტში აღინიშნა, რომ მხარეები ითვალისწინებენ რა ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შესყიდვების ხარისხის კონტროლის და განყოფილების რეკომენდაციას, მიზანშეწონილად მიაჩნიათ წარდგენილი ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ფორმა №2-ის მიხედვით, 38 118.48 ლარიდან დაკავდეს 6000 ლარი და ნაცვლად 38 118.48 ლარისა აუნაზღაურდეს 32 118.48 ლარი, ხოლო რაც შეეხება დაკავებულ 6000 ლარს, დაბრუნებული იქნეს სამხარაულის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის წარდგენის შემდეგ (ტ.1, ს.ფ. 44).

 

12.11.2015წ. ქ.გორის მუნიციპალიტეტის ს---------------------------------------------–-------------------–---------------ა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც მხარეებმა აღიარეს, რომ ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიას 2015 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 6000 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 48).

 

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მენარდე წინამდებარე სარჩელით ითხოვს 6000 ლარის ანაზღაურებას, რომელიც შემკვეთმა დააკავა 11.11.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე სადავო არ ხდის აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულებას, თუმცა მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხის გადახდა ვადამოსული არ არის, ვინაიდან როგორც ეს 11.11.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტშია აღნიშნული, დღეის მდგომარეობით წარდგენილი არ არის საბოლოო ექსპერტიზის დასკვნა.

 

ხელშეკრულების 6.6 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე საკუთარი ხარჯებით წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 25). ამდენად, მიმწოდებლის მხრიდან ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვალდებულება უკავშირდება სამუშაოების დასრულებას და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას. თავის მხრივ, შემსყიდველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან 6000 ლარის დაკავებას უკავშირებს სწორედ აღნიშნული დასკვნის წარუდგენლობას. საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ შემსყიდველს სამუშაოების წარმოების პროცესში შეექმნა დაბრკოლება საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლების მხრიდან ხელის შეშლის გამო, რის შესახებაც მან აცნობა შემსყიდველს და სთხოვა პრობლემის მოგვარება, თუმცა შემსყიდველის მიერ აღნიშნული პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. მხარეები არ დავობენ, რომ იმ ბინის მესაკუთრეებთან, სადაც უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, მიმდინარეობს სასამართლო დავა და ამჟამად საქმე შეჩერებულია. ამდენად, დგინდება, რომ მიმწოდებელმა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ დაასრულა საცხოვრებელი კორპუსის აღდგენითი სამუშაოები და შესაბამისად, ვერ გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რასაც თავის მხრივ, უკავშირდებოდა საბოლოო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვალდებულება. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შემსყიდველი ვერ მიუთითებს 26.12.2013წ. ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების რაიმე ხარვეზზე და თანხის დაკავების საფუძვლად მიუთითებს მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობას და 11.11.2014წ. მხარეთა შეთანხმებას აღნიშნულზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის სადავო არ არის სამუშაოების ფაქტობრივად შესრულების და შემსყიდველის მიერ მისი მიღების ფაქტი და სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად შესრულება და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა ვერ ხერხდება მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, პალატას არამართლზომიერად მიაჩნია შემსყიდველის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილის დაკავება საბოლოო ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობის მოტივით. თანხის ანაზღაურების დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ შეფასდება მიმწოდებლის მხრიდან 11.11.2014წ. აქტზე ხელმოწერის ფაქტი, რომელიც წარმოადგენს შესრულებული სამუშაოების მიღებაზე მხარეთა შორის გაფორმებულ დოკუმენტს, რომლითაც დგინდება შემსყიდველის მიერ სამუშაოების მიღება. რაც შეეხება თანხის დაკავებას, აქტში აღნიშნულია, რომ მითითებულ საკითხზე მხარეებმა გაითვალისწინეს შემსყიდველის ხარისხის კონტროლის განყოფილების რეკომენდაცია და სწორედ ამ წინაპირობის გამო თანხის სრულად ანაზღაურება დაუკავშირეს საბოლოო ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა ამ ნაწილში და მოპასუხეს დაეკისრა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების სახით 6000 ლარის გადახდა.

 

9. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 26.12.2013წ. №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამშენებლო პროექტის კორექტირებისათვის მოსარჩელის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის გადახდილი 2000 ლარის ანაზღაურება.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხემ 23.01.2014წ. №--- წერილით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და აცნობა, რომ ქ. გორში ყ----------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აღდგენა-გამაგრების სამუშაოების მიმდინარეობისას, ობიექტის დათვალიერების დროს, რომელსაც ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის, საპროექტო ორგანიზაციის და სამშენებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამშენებლო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გამოითქვა მოსაზრება პროექტით გათვალისწინებული ფასადის კედლები (დათბუნებული 18 სმ სისქის მონოლითური რკ/ბეტონი) შეიცვალოს 33 სმ. სისქის რკ/ბეტონის კედლით. ასევე გამოიკვეთა რიგი პრობლემები, კერძოდ: მონოლითური დიაფრაგმა დფ - 2 მოსაწყობი ადგილი არ არის განთავისუფლებული ძველი კონსტრუქციისგან. აივნის ფილების დემონტაჟი არ არის სრულად გაკეთებული. მონოლითური ფასადის კედელი მოწყობილია პროექტით გათვალისწინებული 18 სმ სისქის ნაცვლად 33 სმ. სისქის. ღერძი 3-ზე საჭირო იყო მონოლითური გადახურვის ფილის ნაწილობრივი შენარჩუნება, რაც ნიშნულზე +8,88 არ არის შენარჩუნებული და ვინაიდან აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებული იყო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, სთხოვდა კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის მისთვის გადაგზავნას (ტ.1, ს.ფ. 45). მოსარჩელემ 06.02.2014წ. №060214/1 წერილით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერიზის ეროვნული ბიუროს და აცნობებდა, რომ ობიექტზე უკვე ჩატარებული იყო ნაწილი სადემონტაჟო და გამაგრების სამუშაოები და ფაქტიური მდგომარეობის შესწავლის მიზნით დადგინდა, რომ სადემონტაჟო სამუშაოები არ იყო ჩატარებული სრულყოფილად და სთხოვა მოეხდინა პროექტის კორექტირება არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პროექტირების თანხის გადახდას კი თავად უზრუნველყოფდა (ტ.1, ს.ფ. 46).

 

2014 წლის 03 აპრილის №0------ ექსპერტიზის დასკვნით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერიზის ეროვნული ბიუროს მიერ კორექტირებული იქნა ქ. გორში, ყ-------ს ქ-----ში მდებარე გაზის აფეთქების შედეგად დაზიანებული და ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერების არსებული პროექტი, რაშიც შპს „მ----–--მა“ გადაიხადა 2000 ლარი (ტ.1, ს.ფ. 91, 92).

 

ამდენად, დგინდება, რომ მოპასუხე იზიარებდა მოსარჩელის პოზიციას მასზედ, რომ შემსყიდველის მიერ სადემონტაჟო სამუშაოები არ იყო ჩატარებული სრულყოფილად და პროექტი საჭიროებდა კორექტირებას, რის შემდგომაც პროექტის კორექტირების მოთხოვნით მიმართა კიდეც მოპასუხემ საექსპერტო დაწესებულებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოპასუხის მითითება ხელშეკრულების 3.3. მუხლზე, რომლის თანახმადაც გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ თავად შემკვეთმა მისცა მენარდეს ხარვეზიანი სამუშაო, კერძოდ, მენარდისათვის მიწოდებული პროექტი აღმოჩნდა ხარვეზიანი, პროექტი საჭიროებდა კორექტირებას, მასალების შეცვლას, რის შესახებაც მენარდემ აცნობა შემკვეთს, ე.ი. მან შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი ვალდებულება, რომელიც ასევე დარეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლით, რომლის თანახმად, მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ: ა. შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუსადეგარია; ბ. თუ შემკვეთის მითითება შესრულდება, ნამუშევარი არამტკიცე ან გამოუსადეგარი იქნება; გ. არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცესა და ვარგისიანობას. 2. თუ შემკვეთი, მენარდის დროული გაფრთხილების მიუხედავად, შესაბამის ვადაში არ გამოცვლის გამოუსადეგარ ან უხარისხო მასალას, არ შეცვლის მიცემულ მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ, ანდა არ აღმოფხვრის სხვა გარემოებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევრის ვარგისიანობას ან სიმტკიცეს, მენარდეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ამით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში მენარდემ კეთილსინდისიერად შეასრულა თავისი ვალდებულება, კერძოდ, შემკვეთს აცნობა არსებული ხარვეზების შესახებ და შემკვეთმაც გაიზიარა მისი პოზიცია ექსპერტის საჭიროებისა და პროექტის კორექტირების შესახებ, რისთვისაც მოსარჩელემ გაიღო ხარჯი, რომლის გაღებაც არ იყო გამოწვეული მისი მხრიდან არასწორი მოქმედებით. საფუძვლიანია სარჩელი მოპასუხისთვის სამშენებლო პროექტის კორექტირებისათვის მოსარჩელის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის გადახდილი 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

 

10. 26.12.2014წ. მოპასუხე (შემსყიდველი“) და მოსარჩელე (მიმწოდებელი) დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №--. ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა ქ. გორში, რ---------------------–---–- საკანალიზაციო ქსელის გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 516 738 ლარით, სამუშაოს შესრულების ვადად - 9 თვე (ტ.1, ს.ფ. 54-62).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამუშაოთა წარმოების პროცესში გამოვლინდა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი პროექტის მნიშვნელოვანი ხარვეზები, არსებული პროექტით ობიექტზე არ იყო გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო სათავსოები და ცენტრალური სადისპეტჩერო, რომელთა გარეშე შეუძლებელი იყო ობიექტის ფუნქციონირება, რის შესახებაც ეცნობა შემკვეთს. კერძოდ:

- საქმის მასალებით დგინდება, რომ 17.03.2015წ. №1------- წერილით აღნიშნული წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს აცნობა, რომ პროექტში არ იყო გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსოები მაშინ, როცა ობიექტის გამართული მუშაობისათვის საჭიროა მომსახურე პერსონალის ყოფნა, რისთვისაც საჭიროდ მიიჩნევდა საკვანძისა და გასახდელი ოთახების დამატებას. ამავე წერილით აცნობა, რომ პროექტში გათვალისწინებული იყო განაწილებული მართვის ავტომატური სისტემა, რომელიც ყველა სამართავი კვანძის მახლობლად არის განლაგებული და მიზანშეწონილად მიიჩნევდა ცენტრალური სამართავი პულტის დამატებას, რაც საშუალებას მისცემდა მორიგე ოპერატორს ერთი წერტილიდან ემართა და დაკვირვებოდა პროცესებს და მართვის პულტი განლაგდებოდა სადისპეჩეროში. მითითებული ცვლილებები მოემსახურებოდა ნაგებობის ფუნქციონალურ გაუმჯობესებას და არ გამოიწვევდა ხელშეკრულების ღირებულების ცვლილებებს (ტ.1, ს.ფ. 63).

- 20.05.2015წ. №2--------- წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს აცნობა, რომ მერიის მიერ მათთვის გადაცემული პროექტი იყო ესკიზური, არ შეიცავდა რკინის კონსტრუქციების სორტამენტს, საჭირო იყო პროექტის ანალიზი, იმის დასადგენად თუ რამდენად ხარისხიანი იყო იგი და შესაძლებელი იყო თუ არა ამ პროექტით სამუშაოთა წარმოება (ტ.1, ს.ფ. 65).

- ფიზიკური პირის „მ--–-----------–---–-ს“ მიერ 2015 წლის 26 მაისს ქ. გორში სადგურის დასახლებაში გამწმენდი ნაგებობის კორექტირებული პროექტით მშენებლობის საკითხებზე შედგენილი საექსპერტო დასკვნის თანახმად, განხილულია შპს „L----ის მიერ დამუშავებული პროექტის კონსტრუქციული ნაწილი და მითითებულია უზუსტობები, რაზედაც გაკეთდა გარკვეული შენიშვნები და მიუთითა, რომ ქ. გორში რ-----------------------------–---–ი გამწმენდი ნაგებობების კორექტირებული პროექტში შეტანილი უნდა იქნას შპს „-----–---სა და ექსპერტის შენიშვნები და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაეშვას წარმოებაში (ტ.1, ს.ფ. 107-109). აღნიშნული დასკვნის მომზადებაში გადაიხადა 500 ლარი (ტ.1, ს.ფ. 112).

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 23 ივნისის №0-------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „L----ის მიერ მომზადებული ქ. გორში რ-----------------------------–---–ი გამწმენდი ნაგებობების კორექტირებული პროექტის ტექნოლოგიური ნაწილი არ შეესაბამება საქართველოს კლიმატურ ზონური სარტყელის პირობებს. გარდა ამისა, საჭიროა კიდევ დამატებითი კომპლექსები. ამიტომ საჭიროა ამ პროექტის ძირეული გადაკეთება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ (ტ.1, ს.ფ. 99-101). საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნისათვის მოსარჩელემ გადაიხადა 500 ლარი (ტ.1, ს.ფ. 103).

- გარემოზე ზემოქმედების შემოწმების მიზნით, ქ. გორის ნახმარი წყლების მიმღებ წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის არინების პირობების შეფასების კუთხით მოსარჩელემ სპეციალისტ რ----- რ-----–-–---–-სგან მიიღო რეკომენდაცია, კონსულტაცია, რაშიც გადაიხადა 3000 ლარი (ტ.1, ს.ფ. 114, 115-119).

 

11. იმის გამო, რომ საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების შესრულება, 2015 წლის 25 სექტემბრის შეთანხმებით მხარეთა შეთანხმებით, სამუშაოთა შესრულების ვადა თავდაპირველად გაგრძელდა 2015 წლის 26 დეკემბრამდე, ხოლო შემდეგ 2016 წლის 29 იანვრამდე (იხ.:25.09.2015წ., 17.12.2015 წ. და 30.12.2015 შეთანხმებები, ტ.1, ს.ფ. 68-70).

 

12. 13.04.2016წ. მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი 26.12.2014წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიღებაზე (ტ.1, ს.ფ. 210). საქმის მასალებით დასტურდება და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ სათანადო ექსპერტიზის დასკვნა შემსყიდველს წარედგინა 2016 წლის 02 თებერვალს (ტ.1, ს.ფ. 211).

 

13. 28.06.2016წ. წერილით შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა, რომ ვინაიდან 26.12.2014წ. ხელშეკრულების შესაბამისად სამუშაოების შესრულების ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 29 იანვრამდე, ხოლო ფორმა N2 და ექსპერტიზის დასკვნა შემსყიდველს წარედგინა 02.02.2016წ., ხელშეკრულების 14.1 პუნქტის შესაბამისად ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის, 12 133.90 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 211). 22.07.2016წ. შემსყიდველმა მიმწოდებელს გადაუხადა სამუშაოს ღირებულების ნაწილი, 25 773.44 ლარი (ტ.1, ს.ფ. 212). მიმწოდებელი სარჩელით ითხოვს ვალდებულების დაგვიანებით შესრულების საფუძვლით დაკავებული დანარჩენი თანხის 12 125.46 ლარის ანაზღაურებას.

 

შემსყიდველის განმარტებით, სამუშაოების შესრულების ვადა ასევე მოიცავდა ექსპერტიზის წარდგენის ვადასაც და ამდენად, შემსყიდველის პოზიციით, 02.02.2016წ. დასკვნის წარდგენა მიუთითებს მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების დადგენილი ვადის გადაცილებით შესრულების ფაქტზე. შემსყიდველი მიუთითებს 30.12.2015წ. შეთანხმებით ხელშეკრულებაში განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების 5.3. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 29 იანვრამდე, აღნიშნული ვადა მოიცავს ექსპერტიზისთვის განკუთვნილ დროსაც (ტ.1, ს.ფ. 70).

 

საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის 02.02.2016წ. წერილი, რომლითაც შემსყიდველს წარედგინა ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ ობიექტზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების შემოწმდა ექსპერტიზის ბიუროს მიერ 29.01.2016წ. (ტ.1, ს.ფ. 83).

 

პირგასამტეხლოს საფუძვლიანობის კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების 7.5. პუნქტის მიხედვით, ანგარიშწორება უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, განსახილველ შემთხვევაში კი მენარდემ ექსპერტიზის დასკვნა ჩააბარა 2016 წლის 2 თებერვალს, ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2014 წლის 13 აპრილს, რომელშიც მხარეებმა დაადასტურეს, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ, თუმცა 2016 წლის 23 მაისის (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 40 დღის შემდეგ), ასევე 03, 13 და 29 ივნისის მდგომარეობითაც კი შესრულებული სამუშაოს ღირებულება შემკვეთის მიერ არ არის ანაზღაურებული (იხ. შპს „-----–---ს“ 23.05.2016წ. №2305/16-1, 03.06.2016წ. №0306/16-2, 13.06.2016წ. №1306/16-1 და 2016 წლის 29 ივნისის №2906/16-1 მიმართვები) და მხოლოდ 2016 წლის 28 ივნისს ეცნობა მენარდეს, რომ მას ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ვადის დარღვევის გამო. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შემკვეთმა მიღება-ჩაბარების აქტით ობიექტი მიიღო 2016 წლის 13 აპრილს თუმცა 2016 წლის 29 ივნისის მდგომარეობით ობიექტი არ იყო ექსპლუატაციაში შესული და მომსახურე პერსონალი დანიშნული.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია ექსპერტიზის დასკვნის მხოლოდ 4 დღის დაგვიანებით, 02.02.2016წ. წარდგენის ფაქტი, ხოლო მენარდე მიუთითებს სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2016 წლის 29 იანვრამდე შესრულების და ექსპერტიზის 29.01.2016წ. ჩატარების ფაქტზე (ტ.1, ს.ფ. 7), რაც მოპასუხე მხარის მხრიდან შედავებული არ ყოფილა და მოპასუხე მიუთითებს სახელშეკრულებო დანაწესზე, რომლის თანახმადაც შეთანხმებული ვადა მოიცავდა არამარტო სამუშაოს შესრულების, არამედ ექსპერტიზისთვის განკუთვნილ დროსაც, პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ არ არსებობდა მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკავების საფუძველი. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების ორივე მხარე ვალდებულია ვალდებულება შეასრულოს კეთილსინდისიერად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული შემკვეთის პასუხისმგებლობა მისი მხრიდან თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, რომლის გათვალისწინების რეკომენდაციას თავად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც იძლევა, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მენარდის მხრიდან სამუშაოები შესრულდა კეთილსინდისიერად, მან ყველა ღონისძიებას მიმართა, რომ სამუშაოები შეესრულებინა დროულად და ხარისხიანად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემკვეთს სათანადო კონტროლის განხორციელებით და გადაწყვეტილების მიღებით აქტიურად უნდა ემოქმედა სამუშაოს ხარისხსა და დროულად დასრულებაზე, ამასთანავე ზიანი არ განუცდია, მის მიერ ვალდებულებების დარღვევის ხარისხთან (სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება ვადის დარღვევით) შეფარდებით და მენარდის მხრიდან მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის 4 დღით დაგვიანებით წარდგენა არ შეიძლება გახდეს მისთვის პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკავების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მართებულად დაეკისრა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 12 125.46 ლარის ოდენობით.

 

14. სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს 26.12.2014წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამშენებლო პროექტზე გაწეული, კერძოდ, ექსპერტიზის ჩატარებისა და სპეციალისტის რეკომენდაციაში გადახდილი თანხების დაკისრება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა სამშენებლო პროექტზე მ--–-----------–---–-ს მიერ ჩატარებული ექსპერტიზისათვის გაღებული ხარჯის გადახდა 500 ლარის ოდენობით, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩატერებული ექსპერტიზისათვის გადახდილი 500 ლარი და ასევე პროფესორ რ----- რ-----–-–---–-საგან მიღებულ კონსულტაციაში გადახდილი 3000 ლარი. საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები და საჭირო გახდა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, ასევე დამატებითი სამუშაოების წარმოება და სწორედ ამიტომ გაგრძელდა სამუშაოს შესრულების ვადა რამდენჯერმე (იხ. 25.09.2015წ, 17.12.2015 წ. და 30.12.2015წ. შეთანხმებები) (იხ.: წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი). ამასთან, დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ რომ მოსარჩელემ მის მიერ მითითებული ექსპერტის დასკვნები გადაუგზავნა დამკვეთს. დამკვეთს დასამტკიცებლად გადაეგზავნა ასევე კორექტირებული პროექტიც (იხ.: საქმის მასალები, ტ.1, ს.ფ. 63-79).

დადგენილია, რომ „მ--–-----------–---–-ს“ მიერ 2015 წლის 26 მაისის დასკვნის მომზადებაში მოსარჩელის მიერ გადახდილია 500 ლარი (ტ.1, ს.ფ. 112). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 23 ივნისის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნისათვის მოსარჩელემ გადაიხადა 1000 ლარი (ტ.1, ს.ფ. 103). გარემოზე ზემოქმედების შემოწმების მიზნით, ქ. გორის ნახმარი წყლების მიმღებ წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის არინების პირობების შეფასების კუთხით რ----- რ-----–-–---–-სგან მიღებულ რეკომენდაციაში რეკომენდაცი გადახდილია 3000 ლარი (ტ.1, ს.ფ. 114, 115-119, ).

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხემ (შემკვეთმა) მოსარჩელეს (მენარდეს) მიაწოდა ხარვეზიანი პროექტი და ამ ხარვეზის გამოსწორების ვალდებულება სწორედ შემკვეთს ეკისრებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლის თანახმად, პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად. ამავე კოდექსის 971-ე მუხლის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობოს მეპატრონეს, რომ იკისრა საქმეთა შესრულება. შემსრულებელმა უნდა გააგრძელოს დაწყებული საქმეები, ვიდრე მეპატრონეს არ შეეძლება იმოქმედოს თვითონ. სამოქალაქო კოდექსის 972-ე მუხლის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს მეპატრონეს ანგარიში შესრულების შესახებ და გადასცეს მას ყველაფერი, რაც შესრულების შედეგად მიიღო. ამავე კოდექსის 973-ე მუხლის თანახმად, შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მენარდე თავის ვალდებულებას ასრულებდა კეთილსინდისიერად, სამუშაო პროცესში გამოვლენილი ხარვეზებისა მის მიერ განხორციელებული მოქმედებების შესახებ ატყობინებდა შემკვეთს, რომელსაც არ გამოუთქვამს პრეტენზია მენარდის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მის მიერ გაღებული ხარჯების დაკისრების შესახებ.

 

15. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

16. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1030 ლარის ოდენობით (ტ.2, ს.ფ. 23). აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, აპელანტს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 1030 ლარის ოდენობით, როგორც შეცდომით გადახდილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 23.10.2017წ. გადაწყვეტილება.

3. გორის მუნიციპალიტეტის მერიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1030 ლარის ოდენობით.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა

 

მოსამართლეეები: დიანა ბერეკაშვილი

 

მიხეილ გოგიშვილი