განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115001091848
დ ა უ ს წ რ ე ბ ე ლ ი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7588-17 11 ოქტომბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები - მიხეილ გოგიშვილი, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე
აპელანტი (ძირითად სარჩელში - მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში - მოსარჩელე - შპს „ტ-------------- კ--------–ი“
წარმომადგენელი - მ-------------------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა----------------–“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ა----------------–მა“ შპს „ტ-------------- კ--------–ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, მოპასუხისთვის 17 732 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით, 2012 წლის 14 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიურად 17.7 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი წარადგინა, რომლითაც შპს „ა----------------–ისთვის“, 3674 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით, 2013 წლის 22 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიურად 7.7 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 17 732 ლარისა და პირგასამტეხლოს (დავალიანებული თანხის 0,02%) გადახდის ვალდებულება დაეკისრა. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ტ-------------- კ--------–მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა განხილვა სააპელაციო სასამართლოებში წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში წარმოების მარეგულირებელი სპეციალური ნორმები არ განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებებს, ამიტომ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი.
2019 წლის 11 ოქტომბერს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის, შედეგად აპელანტმა მხარემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე იშუამდგომლა, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამავე სხდომაზე აპელანტმა მხარემ, პირგასამტეხლოს ნაწილში, დააზუსტა მოთხოვნა და მოწინააღმდეგე მხარისთვის მხოლოდ 3 674 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ. მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დაადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე შპს „ა----------------–ის“ დირექტორ ბ------------ 2019 წლის 01 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 11 ოქტომბერს მთავარი სხდომის გამართვის შესახებ ეცნობა (ტომი II, ს.ფ. 48).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. შესაბამისად, სასამართლოს უფლებამოსილი მოხელის მიერ, პროცესის მონაწილე მხარისთვის სასამართლო უწყების ტელეფონით ჩაბარება საპროცესო კოდექსით განმტკიცებულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს.
მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე და 230-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დამტკიცებულად უნდა იქნეს მიჩნეული აპელანტის მიერ შეგებებულ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პალატას დამტკიცებულად მიაჩნია, რომ 2012 წლის 13 იანვარს შპს „ა----------------–სა“ და შპს „ტ-------------- კ--------–ს შორის“ ნარდობის ხელშეკრულება გაფორმდა. შპს „ა----------------–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოები ხარვეზიანი იყო და ხელშეკრულებით შეთანხმებულ ხარისხს არ შეესაბამებოდა. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვადაგადაცილებით შესრულდა. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად შპს „ტ-------------- კ--------–ი“ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------- N 5--------- ექსპერტიზის დასკვნაზე მიუთითებდა, რომლის მიხედვითაც, ქ. ბათუმში, ჟ------------------–- საკადასტრო კოდით N------------ რეგისტრირებულ ფართში წვიმის წყლის ჩამოსვლა, როგორც სახურავიდან, ასევე საწვიმარი სისტემიდან დაფიქსირდა (ტომი I, ს.ფ. 211-217, 232-240). მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად, დამატებით, 21 406 ლარის ღირებულების სამუშაოების ჩატარება იყო აუცილებელი, რაც საქმის მასალებში შპს „ბ-----–------------------“ დადებული ხელშეკრულებით დასტურდებოდა (ტომი I, ს.ფ. 295-300). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ტ-------------- კ--------–ს“ შპს „ა----------------–ისთვის“ შესრულებელი სამუშაოების ღირებულება - 17 732.00 ლარი, არ აუნაზღაურებია, ხოლო შპს „ტ-------------- კ--------–ს“ შპს „ა----------------–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარვეზის აღმოსაფხვრელად 21 406 ლარი სჭირდებოდა, შპს ,,ტ-------------- კ--------–ი“ შეგებებული სარჩელით 3 674 ლარის დაკისრებას მოითხოვდა (21 406-17 732=3674). ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია მოდავე მხარეთა შორის წერილობითი მიმოწერა, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის მიერ არაჯეროვან შესრულებას ადასტურებს (ტომი I, ს.ფ. 241-300)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებს აპელანტის მოთხოვნას, რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, კერძოდ, შპს „ტ-------------- კ--------–ი“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და შპს „ტ-------------- კ--------–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა შპს „ა----------------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1604 ლარის, ხოლო, შპს „ტ-------------- კ--------–ის“ სასარგებლოდ 147 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე, 234-ე, 236-237-ე, 372-ე, 385-ე, 387-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ტ-------------- კ--------–ის“ სააპელაციო საჩივარი შპს „ა----------------–ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ტ-------------- კ--------–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
4. მიღებული იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შპს „ა----------------–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. შპს „ტ-------------- კ--------–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;
6. შპს „ა----------------–ს“ შპს „ტ-------------- კ--------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3674 ლარის გადახდა;
7. შპს „ა----------------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის სახით 1604 ლარის, ხოლო, შპს „ტ-------------- კ--------–ის“ სასარგებლოდ 147 ლარის გადახდა;
8. გაუქმდეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 სექტემბერს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და საქართველოში მოქმედ (ლიცენზირებულ) ყველა საბანკო დაწესებულებაში ყადაღა მოეხსნას შპს „ტ-------------- კ--------–ის“ (ს/კ 2--------) კუთვნილ საბანკო ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებს 17 732 ლარის ფარგლებში;
9. მოწინააღმდეგე მხარეს განემარტოს, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანა შეუძლია ამავე სასამართლოში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და აღარ გასაჩივრდება;
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები მიხეილ გოგიშვილი
თამარ ზამბახიძე